გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-117-კ-03 18 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: თვითნებურად აშენებული საცხოვრებელი სახლის რეგისტრაციის შესახებ ადმინისტრაციული აქციების ბათილად ცნობა, სახლის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, გამოსახლება, სადავო საცხოვრებელ სახლზე საკუთრების უფლების აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
ი. კ-მა 13.04.01წ. სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების ბ. კ-ის, გ. თ-ის, მესამე პირის _ ნოტარიუს ნ. გ-ის, გორის რაიონის გამგეობის, ახალუბნის თემის საკრებულოს მიმართ და მოითხოვა ახალუბნის თემის საკრებულოს 06.01.97წ. და გორის მერიის კოლეგიის 31.01.97წ. ¹9 გადაწყვეტიების ბათილად ცნობა, ბ. კ-ის და გ. თ-ის გამოსახლება სადავო საცხოვრებელი სახლიდან, ბ. კ-ისა და გ. თ-ს შორის 16.04.98წ. დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება და საკუთრების უფლების აღდგენა სადავო საცხოვრებელ სახლზე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ცხოვრობს გორის რაიონის სოფ. ...ში, ჰყავს ძმა _ ბ. კ-ი, რომელიც 1960 წლიდან საცხოვრებლად გადავიდა ქ. გორში, სადაც დაიწყო მუშაობა, დაქორწინდა და მიიღო ბინა მდებარე ... ქ. გორში. მოსარჩელე ი. კ-ი დედასთან _ ლ. კ-თან ერთად ცხოვრობდა მამაპაპისეულ სახლში. 1971 წელს ი. კ-ის სახელზე გაიცა საცხოვრებელი სახლის პროექტი და დედა-შვილმა ერთობლივად ააშენეს სახლი. ბ. კ-ი და მისი მეუღლე მხოლოდ სტუმრად ჩადიოდნენ სოფ.ში. 16.04.98წ. ბ. კ-მა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლი მიყიდა გ. თ-ს. მოსარჩელემ მიმართა ტექაღრიცხვის სამსახურს, საიდანაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ ახალუბნის თემის საკრებულოს 06.01.97წ. ¹1 და გორის მერიის კოლეგიის 31.01.97წ. ¹9 გადაწყვეტილებებით სოფ. ...ში მდებარე საცხოვრებელი სახლი აღირიცხა ბ. კ-ის სახელზე. მოსარჩელემ ხსენებული გადაწყვეტილებები უკანონოდ მიიჩნია და მიუთითა, რომ ახალუბნის თემის საკრებულომ ისე გამოიტანა გადაწყვეტიოლება და აღძრა შუამდგომლობა გორის რაიონის გამგეობის მიმართ, რომ არ გამოარკვია, თუ ვის სახელზე იყო აღრიცხული და ვის მიერ იქნა აშენებული სადავო საცხოვრებელი სახლი.
გორის რაიონული სასამართლოს 14.08.01წ. გადაწყვეტილებით ი. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი გორის რაიონის ახალუბნის თემის საკრებულოს 06.01.97წ. გადაწყვეტილება და გორის მერიის კოლეგიის 31.01.97წ. ¹9 გადაწყვეტილება ბ. კ-ზე სოფ. ...ში მდებარე ი. კ-ის ბინის გაფორნების შესახებ. აღნიშნული ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის იურდიული შედეგებიდან გამომდინარე ბათილად იქნა ცნობილი ბ. კ-ს და გ. თ-ს შორის 16.04.98წ. დადებული სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, სადავო ბინიდან გამოსახლებული იქნენ ბ. კ-ი და მისი მეუღლე გ. თ-ი.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ბ. კ-ის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, საქმის დაბრუნება გორის რაიონულ სასამართლოში ხელახალი განხილვისათვის. გორის რაიონული სასამართლოს 14.08.01წ. გადაწყვეტილება გაასაჩივრა აგრეთვე გ. თ-მა, გორის რაიონის გამგეობამ, რომლებმაც მოითხოვეს რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით ი. კ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 26.12.02წ. გადაწყვეტილებით ბ. კ-ის, გ. თ-ის, გორის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, გაუმქდა გორის რაიონული სასამართლოს 14.08.01წ. გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამრთოს მიერ ისე იქნა გაუქმებული ახალუბნის თემის საკრებულოს 06.01.97წ. და გორის მერიის კოლეგიის 31.01.97წ. ¹9 გადაწყვეტილებები, რომ საქმეში მოპასუხეებად არ ყოფილან ჩართული აქტების გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოები. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. კ-ი და ბ. კ-ი აღრიცხული იყვნენ ცალკე კომლებად. გორის მთავარი არქიტექტორის 04.06.01წ. ¹37 ცნობის და სადავო ადმინისტრაციული აქტების საფუძველზე სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ სოფ. ...ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე 1971 წელს ი. კ-ის სახელზე მშენებლობის პროექტი არ გაცემულა, სადავო საცხოვრებელი სახლი აშენებულია ბ. კ-ის და მისი მეუღლის _ გ. თ-ის პირადი შემოსავლებით და 1997 წელს წარმოადგენდა უკანონო ნაგებობას. ახალუბნის თემის საკრებულოს 06.01.97წ. ¹1 გადაწყვეტილებისა და შესაბამისი დოკუმენტების საფუძლზე გორის მერიის კოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება გორის რაიონის სოფ. ...ის თემის საკრებულოში შემავალი სოფ. ...ში მდებარე საცხოვრებელი სახლის, მინისტრთა კაბინეტის 16.03.94წ. ¹156 დადგენილების შესაბამისად, ბ. კ-ის სახელზე რეგისტრაციის თაობაზე, სადავო სახლი 1997 წლიდან ბ. კ-ის სახელზე აღირიცხა. უკანასკნელმა 16.04.98წ. გაყიდა, ხოლო გ. თ-მა იყოდა საცხოვრებელი სახლი. სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული აქტები მიიჩნია აღმჭურველ ადმინისტრაციულ აქტებად, რომელთა საფუძველზე ბ. კ-მა განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის ქმედება, კერძოდ, განკარგა (გაყიდა) სადავო სახლი, რის გამო სზაკ-ს 218-ე მუხლის მიხედვით დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა. პალატამ მიუთითა, რომ საქმეში არ მოიპოვება სადავო სახლზე ი. კ-ის საკუთრების უფლების დამადასტურებელი რაიმე წერილობითი მტკიცებულება. გარდა ამისა, სარჩელი ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის შესახებ სასამართლოში აღძრულია სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დარღვევით, პალატამ მიიჩნია, რომ ი. კ-ისათვის სადავო აქტების შესახებ იმთავითვე, ჯერ კიდევ 1997წ. იანვარში იყო ცნობილი, ხოლო სარჩელი სასამართლოში 03.04.01წ. ანუ 4 წლის შემდეგ აღიძრა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 26.12.02წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ი. კ-ის მიერ, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორი აღნიშნავს, რომ სსკ-ს 179-ე, 380-ე მუხლების დარღვევით, სააპელაციო სასამართლოსათვის წარდგენილი დოკუმენტები, ბ. კ-ის სააპელაციო საჩივრის გარდა, მას არ ჩაბარებია. სასამართლომ არ გამოიკვლია სრულად და ობიექტურად მტკიცებულებები, საქმეში არ მოიპოვება ბ. კ-ის ცალკე კომლად დაფუძნების დამადასტურებელი მტკიცებულება. კასატორის სახელზე სახლის პროექტის გაცემა დასტურდება ტექპასპორტით, რომლის ბოლო ფურცელზე აღნიშნულია, რომ სახლის მშენებლობა 1971 წელს დაიწყო, ხოლო ძველი ბინა საწყობად არის აღნიშნული. ბ. კ-ი 1960 წლიდან მუდმივად ცხოვრობდა და მუშაობდა ქ. გორში, ამ დროისათვის იგი ამოწერილი იყო საკომლო წიგნიდან. იმჟამად მოქმედი კანონმდებლობის თანახმად კომლის შრომისუნარიანი წევრი კარგავდა უფლებას კომლის ქონების წილზე კომლის საერთო მეურნეობის წარმოებაში მონაწილეობის მიუღებლობის შემთხვევაში. ახალი სახლი აიგო კომლის კუთვნილ 0,13 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთზე. კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოყვენილ მოსაზრებას მის მიერ ხანდაზმულობის ვადის გაცდენის შესახებ და აღნიშნავს, რომ სახლის გაყიდვის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა 2001წ. გაზაფხულზე, რის შემდეგ მიმართა სასამართლოს. სადავო სახლი საკომლო წიგნის ჩანაწერების მიხედვით კასატორზე ირიცხება, ¹17 წიგნზე მიწეპებული ფურცელი, რომელშიც არც სახლის და არც ნაკვეთის შესახებ რაიმე მონაცემი არ არსებობს, არ წარმოადგენს სახლის ჩამორთმევის საფუძველს. სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან ბ. კ-ი სახლის მესაკუთრედ ცნობილ იქნა უკანონო აქტების საფუძველზე, ხელშეკრულება არის თვალთმაქცური, გ. თ-ს სახლის საფასური არ გადაუხდია, სკ-ს 56-ე მუხლის თანახმად ხელშეკრულება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. ნოტარიუსი დაეყრდნო მხოლოდ ტექაღრიცხვის ბიუროს ცნობას, მას არ გამოუთხოვია ახალუბნის თემის საკრებულოდან ცნობა.
გორის რაიონის გამგეობის, გ. თ-ის, გ. თ-ის, ნოტარიუს ნ. გ-ის წარმომადგენელმა წარდგენილი შესაგებლით საკასაციო საჩივივრის მოტივები არ ცნო და აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად ცნობილი გარემოების თანახმად კასატორი და მისი აწ გარდაცვლილი ძმა _ ბ. კ-ი ცალ-ცალკე კომლებად იყვნენ აღრიცხულნი, სადავოდ გამხდარი სახლი ნებართვის და პროექტის გაცემის გარეშე აშენებულიყო ბ. კ-ის და მისი მეუღლის პირადი შემოსავლებით, რომელიც 1977 წლამდე წარმოადგენდა უკანონო ნაგებობას. აღნიშნული ნაგებობა “საქართველოს სს რესპუნლიკაში ინდივიდუალური საბინაო მშენებლობის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ” მინისტრთა საბჭოს 23.12.83წ. ¹806 დადგენილების (მინისტრთა კაბინეტის 16.03.94წ. დადგენილებით შეტანილი ცვლილებების) საფუძველზე გორის მერიის საქალაქო კოლეგიის 31.01.97წ. გადაწყვეტილებით გატარებული იქნა სამართლებრივ რეგისტრაციაში და საჯარო რეესტრში აღირიცხა ბ. კ-ის სახელზე, რომელმაც 16.04.98წ. სახლი მიჰყიდა გ. თ-ს, რის შედეგადაც უკანასკნელის სახელზე აღირიცხა სოფ. ...ში მდებარე სახლი. სახეზე არ არის სზაკ-ს მე-60.1 მუხლის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შესრულება არ გამოიწვევს დანაშაულს. ამასთანავე, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმით ნათლად დასტურდება, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტების შესახებ კასატორისათვის ჯერ კიდევ 1997 წელს იყო ცნობილი, რის გამო მას დარღვეული აქვს იმ დროისათვის მოქმედი სსკ-ს 361-ე მუხლით გათვალისწინებული სასარჩელო ხამდაზმულობის ვადა, რომლის გაცდენა წარმოადგენს სარჩელზე უარის თქმის საკმაო და აუცილებელ საფუძველს. გასაჩივბრებული ადმინისტრაციული აქტები წარმოადგენენ აღმჭურველ აქტებს, რომელთა საფუძველზე ბ. კ-მა განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის ქმედება – განკარგა მის სახელზე აღრიცხული სახლი, რის გამო სზაკ-ს 218.2 მუხლის თანახმად არ დაიშვება მათი ბათილად ცნობა.
საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორმა და მისმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება. გ. თ-მა, გ. თ-მა, გორის რაიონის გამგეობის, ნოტარიუს ნ. გ-ის წარმომადგენელმა საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნეს და ითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტლების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანიბის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 26.12.02წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ბ. კ-ის სააპელაციო საჩივარი, გორის რაიონული სასამართლოს 14.08.01წ. გადაწყვეტილების გაუქმებით და სააპელაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით ი. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამასთანავე, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ბ. კ-ი 02.10.01წ. გარდაიცვალა. სსკ-ს 279-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის მოთხოვნის მიუხედავად საქმის წარმოება არ შეჩერებულა. 28.05.02წ. განჩინებით ბ. კ-ის ნაცვლად საქმეში ჩაბმული იქნა მისი უფლებამონაცვლე გ. თ-ი. მიუხედავად აღნიშნულისა, სააპელაციო პალატის 26.12.02წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა არა ბ. კ-ის უფლებამონაცვლის, არამედ თვით ბ. კ-ის სააპელაციო საჩივარი, რომელიც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის გარდაცვლილი იყო. ბ. კ-ის გარდაცვალების მიუხედავად, გასაჩივრებული გადაწყვეტუილების სამოტივაციო ნაწილში სააპელაციო პალატა მსჯელობს ბ. კ-ის სოფ. ...ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლების დაუშვებლობაზე.
საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ სსკ-ს 184-ე მუხლის დარღვევით ი. კ-ს გადაეგზავნა მხოლოდ ბ. კ-ის სააპელაციო საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 14.08.01წ. გადაწყვეტიკლებაზე. საქმის მასალებში არ მოიპოვება გ. თ-ის და გორის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივრების ი. კ-ისათვის გადაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი _ გზავნილი. გ. თ-ისა და გორის რაიონის გამგეობის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს 14.08.01წ. გადაწყვეტილების გასაჩივრება სასკ-ს მე-12 მუხლის საფუძველზე არ ათავისუფლებდა სააპელაციო პალატას სსკ-ს 184-ე, 201-ე, 368-ე, 372-ე, 373-ე მუხლებით განსაზღვრული მოვალეობისაგან გადაეგზავნათ სააპელაციო საჩივრების ასლები მოწინააღმდეგე მხარისათვის. შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა უზრუნველყოფილი პირობები საქმის გარემოებათა სრული და ობიექტური გამოკვლევისათვის, დარღვეულ იქნა მხარეთა პროცესუალური თანასწორუფლებიანობის და შეჯიბრებითობის პრინციპი (სსკ-ს მე-4მუხ.), რომლის თანახმად მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მოსაზრება სადავო აქტების გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადის გაცდენის შესახებ, ხანდაზმულობის ვადის გაცდენა არ დასტურდება სააპელაციო პალატის მიერ მითითბული სხდომის ოქმით, ი. კ-ის ახსნა-განმარტებაში იმის აღნიშვნა, რომ მოსარჩელის რძალმა განუცხადა მას მერიაში საბუთების შეტანის შესახებ არ ადასტურებს მოსარჩელის მიერ სადავო აქტების შესახებ ცოდნას, მოსარჩელის განმარტებით მას ყველგან უმარტავდნენ, რომ სახლი მის სახელზე იყო აღრიცხული. ახალუბნის თემის საკრებულოს წარმომადგენლის ჩვენების მიხედვით 1997 წელს მან განუმარტა მოსარჩელეს, რომ ბინა მის სახელზე ირიცხებოდა. მეტიც, ახალუბნის თემის საკრებულოს 10.04.01წ. ¹19 გაცემული ცნობის თანახმად საკომლო წიგნის ჩანაწერის მიხედვით საცხოვრებელი ბინა ირიცხებოდა ი. კ-ის სახელზე. ასეთ პირობებში საფუძველს მოკლებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სადავო აქტების შესახებ ი. კ-მა შეიტყო სარჩელის სასამართლოში შეტანამდე 4 წლით ადრე, ანუ ჯერ კიდევ 1997წ. იანვარში.
საქმეზე გარკვეული არ არის სადავო ურთიერთობებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე გარემოება _ კერძოდ, ის, თუ ვის მიერ იქნა აშენებული სადავო სახლი. სააპელაციო სასამართლოს მიერ სადავო სახლის ბ. კ-ის მიერ აშენება დადგენილია მთავარი არქიტექტორის 04.06.01წ. ¹37 ცნობისა და სადავო ადმინისტრაციული აქტების, აგრეთვე ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე. მთავარი არქიტექტორის 04.06.01წ. ¹37 ცნობა იმის შესახებ, რომ ი. კ-ის სახელზე პროექტი არ გაცემულა, არ წარმოადგენს კასატორის – ი. კ-ის მიერ სახლის აშენების გამომრიცხავ გარემოებას, მით უფრო, რომ დავის საგანს წარმოადგენს მინისტრთა კაბინსტის 23.12.83წ. ¹806 დადგენილების საფუძველზე თვითნებურად აშენებული სახლის დაკანონება, სამართლებრივ რეგისტრაციაში გატარება. დაუსაბუთებელია აგრეთვე ბ. კ-ის მიერ სახლის აშენების დადგენა სადავო ადმინისტრაციული აქტების საფუძველზე, ვინაიდან სწორედ ეს აქტები იქნა გასაჩივრებული და სახელდობრ ამ აქტების ბათილად ცნობას ითხოვდა მოსარჩელე. დავის მართლზომიერი გადაწყვეტისათვის საქმეზე უნდა დადგინდეს თუ როდის დაიწყო და როდის დასრულდა სახლის მშენებობა, ვის მიერ, ვისი სახსრებით განხორციელდა სადავო სახლის მშენებლობა. საქმეზე დადგენას საჭიროებს აგრეთვე ის, თუU რა პერიოდიდან ცხოვრობდა ბ. კ-ი და გ. თ-ი სადავო საცხოვრებელ სახლში, სააპელაციო სასამართლომ არ იქონია მსჯელობა იმ გარემოებაზე, რომ საკომლო წიგნის ჩანაწერის მიხედვით ი. კ-ზე აღრიცხულია არა 1929 წელს, არამედ 1971 წელს აშენებული სახლი. სასამართლოს მსჯელობიდან გაურკვეველი რჩება თუ რა მოტივებით უარყო სააპელაციო სასამართლომ მოსაზრებები სადავო სახლის ი. კ-ის მიერ აშენების შესახებ და რატომ მიიჩნია დადგენილად სახლის ბ. კ-ის მიერ აშენება. დაუსაბუთებელია აგრეთვე სააპელაციო სასამართლოს მოსდაზრება იმის შესახებ, რომ ი. კ-ი და ბ. კ-ი ცალკე კომლებად იყვნენ აღრიცხული.
სასამართლომ საერთოდ არ იქონია მსჯელობა სადავო საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე. საქმის გარემოებებით დასტურდება, რომ ბ. კ-ის მეუღლის _ გ. თ-ის ნათესავს _ გ. თ-ს 06.02.98წ. ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა ქ. გორში მდებარე ბ. კ-ის და მისი მეუღლის საკუთრებაში მყოფი ბინა. მიუხედავად ამისა, ორი თვის შემდეგ, _ 16.04.98წ. გაფორმდა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება ბ. კ-სა და გ. თ-ს შორის. სააპელაციო სასამართლოს არ გაურკვევია შესაძლო დაფარული გარიგების ხასიათი, არ უმსჯელია პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებაზე იმის შესახებ, რომ ბ. კ-ს სურდა არა ბინის მიყიდვა გ. თ-ზე, არამედ მოსაჩვენებლად დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე სახლზე საკუთრების უფლების გადაცემა. აღნიშნულ გარემოებაზე სასამართლოს უნდა ემსჯელა მიუხედავად იმისა ცნობდა თუ არა ბათილად სადავო ადმინისტრაციულ აქტებს. ამასთანავე, სადავო ადმინისტრაციული აქტების. საფუძველზე თველთმაქცური გარიგების დადება წარმოადგენს სზაკ-ს 218-ე მუხლის გამოყენების გამომრიცხავ გარემოებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, სააპელაციო სასამრთლოს მიერ სრულად არ იქნა გამორკვეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა სამართლებრივი ანალიზის გარეშე შეუძლებელია საქმის მართლზომიერი გადაწყვეტა. საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმის გარემოებები, სათანადო შეფასება მისცეს შეკრებილ მტკიცებულებებს და გამოიტანოს კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, აგრეთვე სსკ-ს 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამრთლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 26.12.02წ. გადაწყვეტილება. საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. სახელმწიფო ბაჟის გადახდის საკითხი გადაწყდეს საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების მიღებისას.
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.