Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-118-კ-03 4 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: უკანონო მშენებლობის მოშლა, მიწის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა და მშენებლობისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ხელვაჩაურის რაიონის კახაბრის თემის საკრებულომ 2002წ. 9 ოქტომბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე რ. გ-ის მიმართ, რომელშიც მიუთითა, რომ ხელვაჩაურის რაიონში აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის 1999წ. 30 ივლისის ¹73-კ განკარგულებით კოოპერატივ ”მ-ს”, სოფ. ...ში, სტადიონის მიმდებარედ, დროებით სარგებლობაში გამოეყო 0,11 ჰა მიწის ფართობი.

კოოპერატივი ”მ-ი” ისე შეუდგა ავტოგასამართი სადგურის მშენებლობას, რომ რაიონის მიწის მართვის სამმართველოში არ გატარებულა მიწის მოსარგებლედ და არც საპროექტო დოკუმენტაცია შეუთანხმებია რაიონის არქიტექტურისა და მშენებლობის განყოფილებასთან.

აღნიშნულის გამო შეჩერებულ იქნა ავტოგასამართი სადგურის უკანონო მშენებლობა. მოპასუხე მხარეს მიეცა წინადადება უკანონოდ აშენებული ავტოგასამართი სადგურის დაშლაზე, რაზედაც იგი წინააღმდეგია.

იმ მოტივით, რომ უკანონოდ აშენებული ავტოგასამართი სადგური ხელს უშლის ავტომაგისტრალზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარებას, მოსარჩელე ითხოვდა, ავტოგასამართი სადგურის იძულებითი წესით დაშლასა და მიწის ფართობის თავისუფალ მდგომარეობაში კახაბრის თემის საკრებულოზე გადაცემას.

მოპასუხემ, კოოპერატივ ”მ-ის” დამფუძნებელმა რ. გ-ემ, სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მოითხოვა ავტოგასამართი სადგურის მშენებლობისა და ექსპლოატაციაში გაშვებისათვის გაწეული ხაჯების – 150000 ლარის კახაბრის თემის საკრებულოსა და ხელვაჩაურის რაიონის გამგეობისათვის დაკისრება იმ მოტივით, რომ სადავო ავტოგასამართი სადგურის მშენებლობა მიმდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.

შეგებებული სარჩელიდან გამომდინარე, ხელვაჩაურის რაიონის გამგეობამ მოითხოვა აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს ხელვაჩაურის რაიონში სრულუფლებიანი წარმომოადგენლის 1993წ. 30 ივლისის ¹73-კ განკარგულების ბათილად ცნობა იმ მოტივით, რომ მიწის ფართობი მოპასუხე კოოპერატივ ”მ-ს”, გამოეყო კანონის დარღვევით.

მოპასუხე რ. გ-ემ სარჩელი არ ცნო და ამასთან განმარტა, რომ თანახმაა, დაანგრიოს ავტოგასამართი სადგური, თუ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობა მის ღირებულებას აუნაზღაურებს.

მოსარჩელემ, კახაბრის თემის საკრებულომ, მოპასუხის შეგებებული სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ ავტოგასამართი სადგურის მშენებლობა მიმდინარეობდა კანონის დარღვევით.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით კახაბრის თემის საკრებულოს სარჩელი მოპასუხე რ. გ-ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გადაწყდა, მოპასუხე რ. გ-ის მიერ კანონის დარღვევით მშენებარე ავტოგასამართი სადგური, მდებარე ხელვაჩაურის რაიონის კახაბრის თემის საკრებულოს სოფ. ...ში, სტადიონის ბოლო ნაწილში, დაშლილიყო და ყოფილიყო აღებული.

მოსარჩელეს, კახაბრის თემის საკრებულოს, უარი ეთქვა კოოპერატივ ”მ-ზე” ხელვაჩაურის რაიონის აჭარის ა/რ სრულუფლებიანი წარმომადგენლის 1993წ. 30 ივლისის ¹73-კ განკარგულებით სოფ. ...ში, სტადიონის ბოლო ნაწილში, დროებით სარგებლობაში გამოყოფილი 0,11 ჰა მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლებაზე; ასევე უარი ეთქვა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის მოთხოვნას აღნიშნული სრულუფლებიანი წარმომადგენლის 1993წ. 30 ივლისის ¹73-კ განკარგულების ბათილად ცნობაზე.

რ. გ-ის შეგებებულ სარჩელს ხელვაჩაურის რაიონის გამგეობაზე აღნიშნული მშენებარე ავტოგასამართი სადგურის ღირებულების – 150000 ლარისა და ადვოკატის იურიდიული მომსახურებისათვის 300 ლარის დაკისრებაზე ეთქვა უარი უსაფუძვლობის მოტივით.

გადაწყვეტილება მშენებარე ავტოგასამართი სადგურის დაშლისა და მისი აღების ნაწილში დაექვემდებარა დაუყოვნებელ აღსრულებას.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწ-ყვეტილება რ. გ-ის მიერ სააპელაციო წესით გაასაჩივრებული იქნა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში.

აპელანტმა სააპელაციო საჩივრის საფუძველზე მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება, კოოპერატივ ,,მ-სათვის” 1993 წელს გამოყოფილი 0,11 ჰა მიწის ნაკვეთის მის საკუთრებად გამოცხადება და საამშენებლო დოკუმენტაციის კანონიერად ცნობა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით;

უცვლელად იქნა დატოვებული ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

აპელანტს განემარტა, რომ მიწის რეგისტრაციის თაობაზე მას უნდა მიემართა ხელვაჩაურის რაიონის შესაბამისი ორგანოსათვის.

აღნიშნული განჩინება რ. გ-ის მიერ საკასაციო წესით გასაჩივრებული იქნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

კასატორს მიაჩნდა, რომ განჩინება უკანონო იყო და მშენებლობის მოშლის ნაწილში დაექვემდებარებოდა შეცვლას, შემდეგ გარემოებათა გამო:

1993 წელს კოოპერატივ ”მ-ს” აჭარის ა/რ ხელისუფლებასთან შეთანხმებით ნება დაერთო ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობაზე, რისთვისაც კანონიერად გამოეყო 0,11 ჰა სრულიად უვარგისი და გამოუყენებელი მიწის ნაკვეთი. მიწის ნაკვეთის გამოყოფისა და მშენებლობის კანონიერებას ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულება.

სამშენებლო ობიექტის რუკა დამოწმებულია ხელვაჩაურის რაიონის მთ. არქიტექტორის თ. ჩ-ის მიერ.

ობიექტის ფასადის გეგმა 24.03.94წ დამოწმებულია არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის მ. მ-ის მიერ და ბეჭედდასმულია ხელვაჩაურის რაიონის მთ. არქიტექტორის თ. ჩ-ის მიერ.

საქმეში წარმოდგენილია 15.04.94 წლით დათარიღებული აჭარის ა/რ უზენაესი საბჭოს ¹147/2 წერილი შემდეგი რეზოლუციით: ”პროექტი შეთანხმებულია ყველა სამსახურთან, მშენებლობა გაგრძელდეს” და ა.შ.

ზემოთ ჩამოთვლილი მტკიცებულებებიდან, კასატორის განმარტებით, ნათელია, რომ მიწის ნაკვეთი იყო გამოყოფილი კომპეტენტური ორგანოს მიერ და მშენებლობაც შეთანხმებული იყო ყველა ინსტანციასთან, ხოლო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ობიექტი რეგისტრაციაში გატარებას ექვემდებარებოდა მშენებლობის დამთავრებისა და მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის შემდეგ.

იმის გათვალისწინებით, რომ არსებობდა ობიექტის აღების აუცილებლობა, კასატორი მიიჩნევდა, რომ მშენებლობაზე გაწეული ხარჯების კომპენსაციის შემდეგ შესაძლებელი გახდებოდა მისი ნაწილობრივი დანგრევა. რაც შეეხება ობიექტის სრულ მოშლას, კასატორის განმარტებით, მოთხოვნა უკანონო იყო, ვინაიდან ობიექტის ნაწილი გ.მ-ობისათვის არ წარმოედგანდა დაბრკოლებას. ამასთანავე მიიჩნევდა, რომ ჩასატარებელი იყო სათანადო ექსპერტიზა, რომელიც გამოიტანდა დასკვნას, ობიექტის რა ნაწილი ექვემდებარებოდა აღებას და დაადგენდა ობიექტის საბაზრო ღირებულებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებას და აქვე მიუთითებდა, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ის გარემოება, რომ რაიონული და სააპელაციო სასამართლოების მიერ გაუქმებული არ ყოფილა არცერთი ადმინისტრაციული აქტი, რაც ადასტურებდა მშენებლობის კანონიერებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, გააანალიზა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და შეისწავლა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილებული უნდა იქნეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან დასტურდება, სოფ. ...ში, სტადიონის ბოლო ნაწილში, მდებარე 0,11 ჰა მიწის ნაკვეთი გამოყოფილი იყო კოოპერატივ ”მ-ზე”, რომლის მიერაც წარმოებულია სადავოდ ქცეულ ავტოგასამართი სადგურის მშენებლობა.

სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ავტოგასამართი სადგურის იძულებითი წესით დაშლა და მიწის ფართობის თავისუფალ მდგომარეობაში კახაბრის თემის საკრებულოსათვის გადაცემა.

მიწა და ავტოგასამართი სადგური, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წარმოადგენს იურიდიული პირის-კოოპერატივ ,,მ-ისა”, და არა ფიზიკური პირის, რ. გ-ის, საკუთრებას, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია გადაწყვეტილება.

განსახილველ საქმეში რ. გ-ე წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს. შესაბამისად, სასამართლოს მიერ დარღვეულ იქნა სსკ-ს 85-ე მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც, სასამართლო ვალდებულია, მოსარჩელის თანხმობით თავდაპირველი მოპასუხე შეცვალოს სათანადო მოპასუხით.

მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა კოოპერატივი ,,მ-ის”, ამჟამად უკვე შპს ”მ-ის”, ერთადერთ დამფუძნებელ პარტნიორს წარმოადგენდეს რ. გ-ე, მაგრამ ფორმალური ნიშნით იმ საკითხს, თუ ვის მიმართ იქნება გამოტანილი გადაწყვეტილება, არსებითი მნიშენლობა ენიჭება გადაწყვეტილების აღსრულების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება წარმოადგენს საკმარის საფუძველს, რათა საქმე ხელახლა განხილვის მიზნით დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, მაგრამ აქვე საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილს და მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რაც შეუძლებელს ხდის მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმებას. კერძოდ, მშენებლობის უკანონოდ ცნობის ნაწილში სასამართლო მთლიანად ეყრდნობა და იზიარებს სპეციალისტ დ. მ-ის სიტყვიერ განმარტებას, ისე რომ არ მიუთითებს, რის საფუძველზე იქნა მშენებლობა მიჩნეული უკანონოდ, კერძოდ, რომელი კანონი თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი იქნა დარღვეული, მშენებლობის პროცესში რომელი აქტის საფუძველზე რა დოკუმენტაციისა თუ შეთანხმების წარმოდგენა ევალებოდა მოპასუხეს და რომელი არ იქნა მის მიერ წარმოდგენილი.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს განჩინებიდან საკასაციო სასამართლოსათვის ასევე გაუკრვეველია სადავო მშენებლობა მიმდინარეობდა პროექტის დარღვევით, თუ მშენებლობა ატარებდა უკანონო ხასიათს, ვინაიდან ორივე ზემოაღნიშნულ შემთხვევაში მხარეთათვის დგება სხვადასხვა სამართლებრივი შედეგი, რომელიც სასამართლოს მიერ გათვალისწინებული უნდა იქნეს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2003წ. 27 იანვრის განჩინება ექვემდებარება გაუქმებას და საქმე ხელახლა განხილვის მიზნით უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილით, სსკ-ს 390-ე, 399-ე, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განხილვის მიზნით დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. მხარეთათვის ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.