გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3გ-ად-119-კ-03 30 მაისი, 2003 წ. ქ. .თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
გ, ქაჯაია,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვა, ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება, კომლის სტატუსის აღდგენა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2002წ. 7 ივნისს რ. დ-ემ სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხეების თ. დ-ის, მ. ლ-ის, შ. დ-ისა და ბ. ა-ის გამოსახლება მისი კუთვნილი სახლიდან, რომელიც მდებარეობს ხელვაჩაურის რაიონის, ურეხის საკრებულოში, ... და მიწის ნაკვეთთან ერთად საცხოვრებელი სახლის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება. მოსარჩელე მოთხოვნებს აფუძნებდა შემდეგ გარემოებებს: 2001წ. 6 თებერვლის ნაჩუქრობის ხელშეკრულებით დედა შ. დ-ემ მას აჩუქა აღნიშნული საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი. ხელშეკრულება აღირიცხა ხელვაჩაურის რაიონის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში, მიწის მართვის სამმართველოში და გააჩნია ტექნკური პასპორტი, მაგრამ მისი ძმა თ. დ-ე და მისი ოჯახის წევრები უკანონოდ ფლობენ და სარგებლობენ სახლით, მიწის ნაკვეთით და არ აძლევენ საშუალებას, თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს ქონება. დედამისმა ასეთი არჩევანი თ. დ-ის უღირსი საქციელის გამო გააკეთა და არ სურს მოპასუხესთან ცხოვრება. მოსარჩელემ სკ-ს 170-ე და 172-ე მუხლების საფუძველზე მოითხოვა მოპასუხეების გამოსახლება სადავო საცხოვრებელი სახლიდან.
მოპასუხეებმა: თ. დ-ემ, მ. ლ-ემ, შ. დ-ემ და ზ. ა-ემ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს შეგებებული სასარჩელო განცხადებით მიმართეს და მოითხოვეს 2001წ. 6 თებერვალს შ. დ-ესა და რ. დ-ეს შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება და მათი სტატუსისა და უფლებების აღდგენა შ. დ-ის სახელზე რეგისტრირებულ კომლში 1995წ. 29 დეკემბრამდე არსებულ მდგომარეობით შემდეგი საფუძვლებით: თ. დ-ე სადავო სახლში ცხოვრობს 1963 წლიდან და ირიცხებოდა როგორც კომლის წევრი. 1971 წელს რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მ. ლ-სთან. სამი შვილი ჰყავთ, რომლებიც კანონისმიერი ფორმით გახდნენ კომლის წევრები.
1998 წელს გარდაიცვალა მამამისი ი. დ-ე და კომლის უფროსობა გადავიდა დედაზე შ. დ-ეზე. 2002წ. აგვისტოში, სასამართლოში გამოძახებისას მისთვის ცნობილი გახდა, რომ დედას საცხოვრებელი სახლი გაეჩუქებინა მის დაზე, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა, რადგან კომლის ქონების ერთპიროვნულად განკარგვა არაკანონიერია. მისთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ კომლიდან ამოწერილ იქნა 1995 წელს, რაც ასევე უკანონოა, ვინაიდან კომლი დარჩა მემკვიდრის გარეშე და დაირღვა კანონმდებლობა. თ. დ-ემ სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება ითხოვა სკ-ს მე-12, 117-ე, 126-ე (ძველი რედაქციით) და 170-ე, 173-ე (ახალი რედაქციით) მუხლების შესაბამისად.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით რ. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა: გაუქმდა 2001წ. 6 თებერვალს შ. დ-ისა და რ. დ-ეს შორის ხევაჩაურის რაიონის სანოტარო ბიუროს მიერ დამოწმებული ჩუქების ხელშეკრულება; თ. დ-ე და მ. ლ-ე აღდგენილ იქნენ კომლის წევრებად ურეხის თემის საკრებულოში შადიე დ-ის სახელზე რეგისტრირებულ კომლში 1995წ. 20 დეკემბრის მდგომარეობით.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება აპელაციის წესით გაასაჩივრა რ. დ-ემ და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება და თ. დ-ის შეგებებულ სარჩელზე უარის თქმა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 იანვრის განჩინებით რ. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 30 სექტემბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე თ. დ-ემ ფაქტობრივად არ იცოდა მისი ოჯახის კომლიდან გამოყოფის შესახებ. საქმეში არსებული ყველა განცხადება შესრულებული იყო ერთი პირის მიერ და არ შეესაბამება თ. დ-ის ხელნაწერს, რასაც არ უარყოფს თავად მოსარჩელე რ. დ-ე. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა რაიონული სასამართლოს მოსაზრებას, რომ თ. დ-ის ოჯახი არასწორად იქნა გამოყოფილი მამის, ი. დ-ის, კომლიდან. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 6 თებერვლის ¹128-ე დადგენილების მეორე პუნქტის თანახმად კომლის განაწილება დასაშვებია ორი ან მეტი სრულწლოვანი შვილის კომლის შემადგენლობაში ყოფნის შემთხვევაში, რადგან ერთ-ერთი შვილი უნდა დარჩეს კომლის მემკვიდრედ. ი. დ-ეს შვილები გათხოვილები არიან, ოჯახში კი ცხოვრობს მისი შვილი თ. დ-ე ცოლშვილთან ერთად და არ შეიძლება მისი ცალკე კომლად გამოყოფა. ამავე დროს თავად თ. დ-ესაც არ მოუთხოვია კომლიდან გამოყოფა. ხანდაზმულობის ვადასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ თ. დ-ეს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა არ გაუშვია, რადგან მისთვის ჩუქების ხელშეკრულების თაობაზე ცნობილი გახდა 2001წ. დეკემბერში, როცა წარმოიშვა უთანხმოება ოჯახის წევრებს შორის.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის შემდეგი მოსაზრება: თუ თ. დ-ის ოჯახის ცალკე კომლად გამოყოფის თაობაზე განცხადებები და ოჯახის წევრთა თანხმობები მამამ შეადგინა, მას შვილის კომლიდან გამოყოფის საკითხი შეთანხმებული ექნებოდა მოპასუხესთან. ჩათვალა, რომ აღნიშნული აპელანტის მოსაზრებებს წარმოადგენდა, მამასთან შეთანხმების ფაქტს თ. დ-ეც უარყოფს, ხოლო სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ამ მოსაზრებას, საქმეში არ მოიპოვება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. დ-ემ, რომელმაც საკასაციო საჩივარში მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი კომლიდან გამოყოფის შესახებ განცხადებებთან დაკავშირებით სასამართლო ვალდებული იყო, დაენიშნა კალიგრაფიული ექსპერტიზა. სასამართლოს არ ჰქონდა უფლება თ. დ-ე და მ. ლ-ე შვილებთან ერთად აღედგინა კომლში, რადგან შეგებებულ სარჩელს ხელს აწერს მათი სამი სრულწლოვანი შვილიდან მხოლოდ ერთი, ხოლო დანარჩენ ორს გააჩნია საკუთარი ოჯახები. სასამართლოს ჩუქების ხელშეკრულება არ უნდა გაეუქმებინა მთლიანად, რადგან დედას უფლება ჰქონდა, გამოეხატა თავისი ნება თავის ქონებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით რ. დ-ემ მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება, თავისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება და შეგებებულ სარჩელზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ რ. დ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს აჭარის ა/რ ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 იანვრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის განსჯადობით დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი იძლევა სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების რეგლამენტაციას. განსახილველი დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელია სამი პირობა:
1. სადავო სამართლებრივი ურთიერთობა, ზემოაღნიშნული მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
2. სადავო სამართალურთიერთობაში მონაწილე ერთ-ერთ მხარე მაინც უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო.
3. ადმინისტრაციული დავის საგანს უნდა წარმოადგენდეს:
ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან;
ბ) ადმინისტრაციული გარიგების დადება ან შესრულება:
გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ რ. დ-ის სარჩელი ბინიდან გამოსახლების თაობაზე და შეგებებული სარჩელის ერთ-ერთი მოთხოვნა – ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება წმინდა სამოქალაქო ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავებია, რომლებიც მიეკუთვნება კერძო სამართლებრივ სფეროს და სსკ-ს მე-11 მუხლის თანახმად სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად უნდა იქნეს განხილული.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შეგებებული სარჩელის მე-2 მოთხოვნა _ კომლის წევრებად აღდგენა _ ასევე სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად განსახილველ დავათა კატეგორიის განეკუთვნება, რადგან კომლში აღდგენა (ფაქტობრივად _ საკომლო წიგნში ჩანაწერის აღდგენა), თავისი იურიდიული ბუნებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ სფეროს სცილდება და ადმინისტრაციულ აქტს არ წარმოადგენს. კომლში წევრებად აღდგენის ჩანაწერს საკასაციო სასამართლო არ მიიჩნევს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტად, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლება-მოვალეობას. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო განცხადებითა და შეგებებული სარჩელით აღძრული მოთხოვნები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ დავებს არ მიეკუთვნება და სააპელაციო სასამართლომ რ. დ-ის სააპელაციო საჩივარი განიხილა განსჯადობის დარღვევით. შესაბამისად, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 იანვრის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს განსჯად სასამართლოს – აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი, მე-2, 26-ე მუხლებით, სსკ-ს მე-11, 390-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კასატორ რ. დ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 იანვრის განჩინება და საქმე განსახილველად განსჯადობით დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.