გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-120-კ-03 4 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: აივნის რეკონსტრუქციისათვის ხელის შეშლის აღკვეთა.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 30 სექტემბერს ნ. ბ-ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა, რომ ი. რ-სა და თ. ღ-ეს მის მიერ აივნის აღდგენისათვის ხელის შეშლის აღკვეთა დავალებოდათ. მოსარჩელის აზრით, მას საცხოვრებელი ბინის მთელ სიგრძეზე 1,40 მ-ით აივნის გაფართოების უფლება შესაბამისი ორგანოებისაგან მიღებული ჰქონდა, მაგრამ მას აღნიშნულის განხორციელებაში მოპასუხეები ხელს უშლიდნენ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს – ი. რ-სა და თ. ღ-ეს დაევალა ხელი არ შეეშალა ნ. ბ-ისათვის ბათუმში, ... მდებარე საცხოვრებელ ბინაზე მთელ სიგრძეზე 1,40 მ აივნის გაფართოება მოეხდინა.
ხსენებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ი. რ-მა და თ. ღ-ემ ცალ-ცალკე გაასაჩივრეს, 2002წ. 28 ნოემბერსა და იმავეწ. 4 დეკემბერს, მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და ნ. ბ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ი. რ-მა და თ. ღ-ემ 2002წ. 23 დეკემბერს შეგებებული სარჩელი წარადგინეს აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში და 2002წ. 11 სექტემბერს ბათუმის არქიტექტურის სამმართველოს მიერ გაცემულ ¹70-ე მშენებლობის წარმოების ნებართვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2002წ. 28 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმება და სასამართლო ხარჯების ნ. ბ-ისათვის დაკისრება მოითხოვეს.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 4 თებერვლის განჩინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ რაიონულ სასამართლოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები სრულყოფილად არ გამოუკვლევია, რის გამოც საქმე ხელახლა განსახილველად კვლავ რაიონულ სასამართლოს დაუქვემდებარა.
მითითებული განჩინება ნ. ბ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა და მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 4 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად იმავე სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 385-ე მუხლის I-ლი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ: ა)ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლებს; ბ)გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილებით არასწორად ეთქვა მხარეს უარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების თაობაზე შეტანილი საჩივრის დაშვებაზე; გ)გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ სარჩელის დასაშვებობას; დ)გასაჩივრებული გადაწყვეტილება არასწორად გამოტანილი განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებაა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია მიუხედავად მითითებული გარემოებებისა არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხსენებული მუხლის შესაბამისად, სასამართლომ თვითონ უნდა განიხილოს საქმე, თუ აღნიშნული საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების თანახმად შესაძლებელია და არ არსებობს რაიმე ისეთი გარემოება, რომლის მოპოვება ან შეფასება სააპელაციო სასამართლოს არ ძალუძს. საკასაციო სასამართლო აქვე დამატებით მოიხმობს სსკ-ს 377-ე მუხლის პირველ ნაწილს და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას ამოწმებს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სამართლებრივი და ფაქტობრივი თვალსაზრისით. ამდენად, საოლქო სასამართლოს კოლეგია თუ პალატა უფლებამოსილია თვითონ შეისწავლოს და სათანადო შეფასება მისცეს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს. ამავე კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილი კი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იქნეს გამონაკლისის სახით გამოყენებული, როდესაც დავის სპეციფიკიდან გამომდინარე საქმის არსებითად განხილვა და გადაწყვეტილების გამოტანა მხოლოდ რაიონულ სასამართლოშია შესაძლებელი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ზემოხსენებული განსაკუთრებული გარემოება, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს განჩინება საქმის განსახილველად რაიონულ სასამართლოში დაბრუნების თაობაზე უნდა გაუქმდეს და საქმე არსებითად განსახილველად აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას უნდა დაექვემდებაროს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და სსკ-ს 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 4 თებერვლის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდეს.
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.