Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-121-კ-03 9 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: საკრედიტო ხელშეკრულების თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

ფინანსთა სამინისტრომ სარჩელით მიმართა საოლქო სასამართლოს მოპასუხე შპს «გ.» მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 9578521 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1993 წელს თურქეთის ექსიმბანკის მიერ საქართველოს ექსიმბანკისათვის გამოყოფილი 50 მლნ აშშ დოლარის სასაქონლო კრედიტიდან საქართველოს ექსიმბანკსა და შპს «ფ. და კ.» (შემდომში შპს «გ.») შორის 1994წ. 28 იანვარს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება სასაქონლო კრედიტის 4750000 აშშ დოლარის თაობაზე.

ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ექსიმბანკის სამართალმემკვიდრე-გაერთიანებულ ქართულ ბანკს შორის 1996წ. 20 მაისს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, თურქეთის საექსპორტო დაკრედიტების ბანკსა და საქართველოს ექსიმბანკს შორის არსებული ხელშეკრულების უფლება-მოვალეობები გავიდა ფინანსთა სამინისტროზე, რის შემდეგაც 1996წ. 4 ივლისს ფინანსთა სამინისტროსა და შპს «გ.» შორის გაფორმდა დამატებითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად სესხად აღებული თანხა 4750000 აშშ დოლარი მასზე დარიცხულ პროცენტებთან ერთად შპს «გ.» ფინანსთა სამინისტროსათვის უნდა დაებრუნებინა 1997წ. დეკემბრამდე. მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, შპს «გ.» სესხი არ დაუბრუნებია. მას გადახდილი აქვს მხოლოდ ჯარიმა დარიცხული პროცენტების ვადაგადაცილებაზე 2353 აშშ დოლარის ოდენობით. რის გამოც, 2002წ. 30 მაისის მდგომარეობით შპს «გ.» დავალიანება ფინანსთა სამინისტროს მიმართ შეადგენს 9578521 აშშ დოლარს. საიდანაც ძირითადი ვალია 4750000 აშშ დოლარი, ჯარიმა ძირითადი ვალის გადაცილებაზე 3212021 აშშ დოლარი და დარიცხული პროცენტი 887462 აშშ დოლარი, ხოლო ჯარიმა პროცენტის გადაცილებაზე შეადგენდა 729037 აშშ დოლარს.

შპს «გ.» მ/წლის 4 მარტის ¹5 და 30 აპრილის ¹8 წერილებით აღიარა დავალიანების არსებობა და მოითხოვა მისი რესტრუქტურიზაცია.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 15 იანვრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ფინანსთა სამინისტროს სარჩელი და შპს «გ.» გადასახდელად დაეკისრა 9578521,68 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. აღნშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «გ.», რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელისათვის ახალი ხელშეკრულების გაფორმების დავალდებულება მოითხოვა.

კასატორი აღიარებს ვალს 9578521 აშშ დოლარის ოდენობით და ითხოვს: ვალის რესტრუქტურიზაციის და ახალი ხელშეკრულების გაფორმებას ფინანსთა სამინისტროსთან იმ საფუძვლით, რომ საქართველოს პარლამენტმა რეკომენდაცია მისცა ფინანსთა სამინისტროს მოეხდინა ვალის რესტრუქტურიზაცია, მაგრამ სამინისტრომ არ გაითვალისწინა რეკომენდაცია და არ გააფორმა ხელშეკრულება.

შპს «გ.” საკსაციო საჩივრის განხილვა რამდენჯერმე იყო დანიშნული საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რომელზედაც არ გამოცხადდა კასატორი. სასამართლომ საქმის გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 მაწილის საფუძველზე დაადგინა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «გ.” საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 404-ე მუხლის თანახმად საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. შპს «გ.” საკასაციო საჩივარში აღიარებს დავალიანებას ფინანსთა სამინისტროს მიმართ 957852168 აშშ დოლარის ოდენობით, მაგრამ გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს იმ მოტივით, რომ მოხდეს ვალის რესტრუქტურიზაცია და ფინანსთა სამინისტრომ გაუფორმოს ახალი ხელშეკრულება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახდო საქმეთა კოლეგიამ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განიხილა ფინანსთა სამინისტროს სარჩელი შპს «გ.”-სათვის 957852168 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე. ასეთ ვითარებაში, როდესაც კასატორის მიერ სადაოდ არ არის გამხდარი გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის ოდენობა, და საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ შპს «გ.” შეგებებული სარჩელით მიმართა პირველი ინსტანციის სასამართლოს ვალის რესტრუქტურიზაციის და ახალი ხელშეკრულების გაფორმების დავალდებულების თაობაზე, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოქსის 406-ე მუხლის შესაბამისად დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, შეგებებული სარჩელის შეტანა დაუშვებელია საკასაციო სასამართლოში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს «გ.” საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს «გ.” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 15 იანვრის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება