Facebook Twitter

3გ-ად-122-კ-02 17 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: იჯარა-გამოსყიდვის კონკურსის ბათილად ცნობა, ახალი კონკურსის ჩატარების დავალება, კონკურსის გარეშე ობიექტის იჯარა-გამოსყიდვით გადაცემა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის დადგენილების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 11.07.96წ. ¹11.46.732 დადგენილებით სს “ი-ს" ფლობისა და განკარგვის უფლებით დაუმაგრდა ...... ქ. ¹1-ში მშენებარე საცხოვრებელი სახლის სარდაფის ნაწილში განლაგებული კაფე-ბარი 262 კვ.მ, შენობის პირველ სართულზე განლაგებული მაღაზია 252 კვ.მ. საერთო ფართის დამხმარე სათავსებით და 160.7 კვ.მ სანაყინე. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 18.04.97წ., ¹08.32.441 დადგენილებით ცვლილება იქნა შეტანილი 11.07.96წ., ¹11.46.732 დადგენილებაში და “ი-ს" იჯარა-გამოსყიდვის უფლებით გადაეცა ...... ქ. ¹1-ში მშენებარე საცხოვრებელი სახლის სარდაფი 224 კვ.მ და შენობის პირვლ სართულზე 288 კვ.მ ფართი. ....... ქ. ¹1-ში მდებარე 512 კვ.მ არასაცხორებელი ფართის პრივატზიაციის მიზნით, თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის (სქმ) დეპარტამენტის მიერ 30.07.97წ. ჩატარდა კონკურსი, საკონკურსო კომისიის სხდომის ¹21/31 ოქმით კონკურსში გამარჯვებულად ცნობილ იქნა სს “ი-ი", რომელსაც ზემოაღნიშნული ფართი გადაეცა 10 წლის ვადით, იჯარა-გამოსყიდვის უფლებით. სს “ი-მა" არასაცხოვრებელი ფართის საპრივატიზებო ღირებულების _ 161280 აშშ დოლარისა და საიჯარო ქირის _´წელიწადში 16130 აშშ დოლარის დაფარვა ვადაზე ადრე მოახდინა ჩათვლებით. კერძოდ, თბილისის მუნიციპალიტეტის 17.04.98წ. ¹125 განკარგულებით სს “ი-ს" გადახდილად ჩაეთვალა 146250ლ., 25.12.98წ. ¹710 განკარგულებით საპრივატიზაციო თანხაში გადახდილად ჩაითვალა 106879ლ., ხოლო საიჯარო ქირა 8330ლ. სს “ი-მა" ჩათვლების გარეშე გადაიხადა 07.08.98წ., რის შედეგადაც 29.01.99წ. ....... ქ. ¹1-ში მშენებარე საცხოვრებელ სახლში განთავსებულ 512 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე სს “ი-ის" სახელზე გაიცა ¹23/561-ი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.

10.07.97წ. საიჯარო საწარმო “თ-სა" და “ს-ეს" კოლექტივებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს მთაწმინდის რაიონის სასამართლოს, რომლითაც მოითხოვეს თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 11.07.96წ. ¹11.46.732 დადგენილების ბათილად ცნობა. 16.03.98წ. მთაწმინდის რაიონის სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს “დ-ემ", რომელმაც ასევე მოითხოვა 11.07.96წ.¹11.46.732 დადგენილების ბათილად ცნობა, ფართის მისთვის მიკუთვნება. საიჯარო საწარმო “თ-სა" და შპს “დ-ეს" სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნებოდა იმას, რომ 1991-92წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენებამდე ორივე საწარმო ფუნქციონირებდა ....... ქ. ¹1-ში მდებარე შენობაში და შედიოდა მთაწმინდის რაიონის საზოგადოებრივი კვების ტრესტის შემადგენლობაში, რომელთანაც 30.04.92წ. ხელშეკრულებით არასაცხოვრებელი ფართი იჯარით ჰქონდათ აღებული 1991წ. 1 მაისიდან 2005წ. 1 მაისამდე ვადით, რასაც ასევე ადასტურებს მთაწმინდის რაიონის ¹67 საბინაო-საექსპლუატაციო უბნის უფროსთან 04.06.94წ. გაფორმებული ¹6 და ¹7 ხელშეკრულებები, რომლითაც საიჯარო საწარმო “თ-ას" გადაეცა 207კვ.მ, ხოლო შპს “დ-ეს" 116 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართობი. 1991-92წწ. ცნობილი მოვლენების დროს ....... ქ. ¹1-ში მდებარე სახლის დაწვით განადგურდა მოსარჩელეთა კოლექტივის ქონება, თანამშრომლები უმუშევარნი დარჩნენ, მშენებარე სახლში ფართობის გამოყოფის თაობაზე მიმართვაზე მიიღეს უარი, ვინაიდან მერიამ არასცხოვრებელი ფართი გადასცა “ი-ს". მათწმინდის რაიონის სასამართლოს 03.04.98წ. გადაწყვეტილებით შპს “დ-ეს" სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა მუნიციპალიტეტის კაბინეტის 11.07.96წ., ¹11.46.732 დადგენილება, ფართი, დამხმარე სათავსებით, დაუბრუნდა შპს “დ-ეს". თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 15.05.98წ. განჩინებით მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 03.04.98წ. გადაწყეტილება გაუქმდა, საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. კოლეგიამ მიუთითა, რომ სრულყოფილად არ გამორკვეულა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. მუნიციპალიტეტის კაბინეტის 11.07.96წ, დადგენილების შემდგომ, სადავო ობიექტი “ი-ს" კონკურსის საფუძველზე გადაეცა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის ახლად განმხილველმა სასამართლომ უნდა გაარკვიოს კონკურსის გამოცხადებისა და ჩატარების კანონიერება.

კრწანისი-მთაწმინის რაიონული სასამართლოს 10.09.99წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის სქმ დეპარტამენტის მიერ 30.07.97წ. ჩატარებული კონკურსის შედეგები. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 09.02.02წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა საიჯარო საწარმო “თ-სა" და შპს “დ-ეს" სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა რაიონული სასამართლოს 10.09.99წ. გადაწყვეტილება, დაკმაყოფილდა საიჯარო საწარმო “თ-ას" და შპს “დ-ეს" სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი 1997წ. ივლისში ჩატარებული კომერციული კონკურსის შედეგები: სქმ დეპარტამენტნსა და სს “ი-ს" შორის 30.07.97წ. დადებული საიჯარო ხელშეკრულება და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, გადაწყვეტილება საკასციო წესით გასაჩივრდა თბილისის სქმ სამმართველის მიერ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 19.06.2000წ. განჩინებით სქმ სამმართველოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა სააპელაციო პალატის 09.02.2000წ. გადაწყვეტილება, საქმე განსახილველად დაუბრუნდა საოლქო სასამართლოს სხვა შემადგენლობას.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელის თანხმობით, საქმის შეუწყვეტლად თავდაპირველი მოსარჩელე _ საიჯარო საწამო “თ-ა", შეიცვალა სათანადო მოსარჩელეებით, კერძოდ: ნ. ქ-ით, რ. ი-ით, ნ. ვ-ით, ბ. დ-ით და ა. ბ-ით. სააპელაციო პალატის 30.01.02წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 10.09.99წ. გადაწყვეტილება, სააპელაციო სასამართლოს მირ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს “დ-ეს", ნ. ქ-ის, რ. ი-ის, ნ. ვ-ის, ბ. დ-ის, ა. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სქმ დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო ქონების იჯარით გამოსყიდვის უფლებით გაცემაზე 10 წლის ვადით ქ. თბილისში, ....... ქ. ¹1-ში მდებარე 512კვ.მ ფართზე 30.07.97წ. კომერციული კონკურსის შედეგები: თბილისის სქმ დეპარტამენტსა და სს “ი-ს" შორის 30.07.97წ. დადებული საიჯარო ხელშეკრულება და საკუთრების დამადასტურებეული მოწმობა. სააპელაციო პალატა მთაწმინდის რაიონის ¹67 საბინიაო-საექსპლუატაციო უბანსა და საიჯარო საწარმო “თ-ას" შორის 04.06.91წ., ¹6 და საექსპლუატაციო უბანსა და შპს “დ-ეს" შორის 04.06.91წ., ¹7 ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ საიჯარო საწარმოს იჯარით გადაეცა ....... ქ. ¹1-ში მდებარე 207 კვ.მ, ხოლო შპს “დ-ეს" 116 კვ.მ არასაცხოვრებეილ ფართი. 1991-92წწ. მოვლენების გამო იჯარით აღებული ფართი განადგურდა, “იჯარის შესახებ" კანონის 12.4 მუხლის საფუძველზე პალატამ ¹6 და ¹7 იჯარის ხელშეკრულებები მიიჩნია შეწყვეტილად. “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" 3.6, 6 მუხლებზე მითითებითYპალატამ მიიჩნია, რომ ფართი სამართლებრივად დაუტვირთავი იყო, კონკურსი ჩატარდა ახალ არასაცხოვრებელ ფართზე, რომელიც არქიტექტურულად სრულიად განსხვავებულ შენობას წარმოადგენს, სადავო არასაცხოვრებელი ფართი ახალ საცხოვრებელ სახლში უფრო დიდი მოცულობისაა.

პალატამ დარღვეულად მიიჩნია “სახელმწიფო პრივატიზების შესახებ" კანონის მე-9 მუხლის მოთხოვნა ინფორმაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. პალატამ მიუთითა, რომ გაზეთ “კ-ის" რედაქტორის 25.03.01წ. წერილით დასტურდება, რომ რედაქციაში არ იძებნება 29.07.97წ. ¹113 გაზეთ “კ-ის" რეალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტები და თბილისის სქმ დეპარტამენტის მიერ მიცემული შეკვეთა სადავო ფართის პრივატიზების შესახებ. საქმეში წარმოდგენილია გაზეთ “კ-ის" 29.06.97წ. ¹113 (637) ორი ვარიანტი, რომელთაგან ერთ-ერთში დაბეჭდილია სადავო ფართის პრივატიზების შესახებ ინფორმაცია ¹3 ნომრად, ხოლო მეორე ვარიანტში საპრივატიზებო ფართის შესახებ ინფრომაცია აღნიშნული არ არის. გაზეთ “კ-ი" 1997 წელს კვირაში ხუთჯერ გამოდიოდა, 29.06.97წ. ¹113 (¹637) გაზეთი “კ-ი" გამოსულია კვირას, მაშინ, როდესაც კვირა დღეს გაზეთის გამოშვება არ ხდებობდა. გაზეთის რედაქტორის ჩვენებებზე დაყრდნობით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ძირითად გამავრცელებლებს _ “მ-სა" და “ს-ს" გაზეთი არ მიუღიათ, საქართველოს ....... სახელობის ...... ბიბლიოთეკას გაზეთის ნომერი დაახლოებით 2000 წელს აქვს მიღებული.

სააპელაციო სასამართლოს 30.01.02წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა თბილისის სქმ სამმართველოს მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ გაზეთის გამავრცელებლების _ “მ-სა"' და “ს-ის"' მიერ გაზეთის ნომრის არმიღება არ ნიშნავს საჯაროობის პრინციპის დარღვევას სქმ სამმართველოს მიერ. სასამართლოს არ შეუფასებია მოწმის სახით დაკითხული გაზეთის რედაქტორის ჩვენება იმის შესახებ, რომ გაყიდვის ქსელში გავიდა ის ეგზემპლარი, რომელიც შეიცავდა ინფორმაციას სადავო ფართის პრივატიზების შესახებ. კასატორის აზრით, გაზეთის კვირა დღეს გამოცემით არ დარღვეულა სამართლის არც ერთი ნორმა. საჯარო ბიბლიოთეკისათვის გაზეთის მიწოდება არ წარმოადგენდა გაზეთის რედაქციის ან სქმ სამმართველოს ვალდებულებას, რაც დასტურდება ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის 06.03.02წ. ¹01/39 წერილით იმის შესახებ, რომ ჟურნალ-გაზეთების რედაქციები თვითონ აწვდიან ბიბლიოთეკას თავიანთ გამოცემებს, ხშირ შემთხვევაში ბიბლიოთეკის თანამშრომლის ადგილზე მისვლით, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, საჩუქრის სახით. “მ-სა" და “ს-ის" მიერ გაზეთის მიუღებლობის ფაქტი გამოწვეული იყო იმით, რომ აღნიშნული სააგენტოები კვირას არ მუშაობდნენ, სასამართლოს მიერ იგნორირებულ იქნა მოწმის ჩვენება იმის შესახებ, რომ გაზეთი სხვა სააგენტოებმა მიიღეს, გარდა ამისა, იგი გავიდა საგაზეთო ბირჟაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 10.09.99წ. გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

შპს “დ-ემ" წარმოდგენილი შესაგებლით საკასაციო საჩივარი მიიჩნია უსაფუძვლოდ და აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ სავსებით მართებულად დაადგინა “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" მე-9 მუხლის დარღვევა, ვინაიდან გაზეთის რედაქციაში არ მოიძებნა სქმ დეპარტამენტის მიერ სადავო კონკურსის შესახებ ინფორმაციის გადაგზავნის დამადასტურებელი მტკიცებულება, გაზეთის ნორმის რეალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, სქმ დეპარტამენტის შეკვეთა განცხადების გამოქვეყნებაზე, შაბათის ნაცვლად გაზეთის ნომერი დაიბეჭდა კვირას, იგი არ გადაცემია გამავრცელებლებს _ “მ-სა" და “ს-ს", არ მიუღია ძირითად ხელმომწერებს, მათ შორის, ეროვნულ ბიბლიოთეკას. შესაგებლის ავტორმა მოითხოვა სააპელაციო პალატის 30.01.02წ,. გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილიდან შპს “დ-ესა" და საბინაო-საექსპლუატაციო უბანს შორის დადებული ¹7 საიჯარო ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე მითითების ამორიცხვა.

საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს, ითხოვა მისი დაკმაყოფილება, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყევტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, საკასაციო საჩივარს მხარის დაუჭირეს აგრეთვე საქმეში მესამე პირებად ჩაბმულებმა თბილისის მერიის და სს “ი-ის" წარმომადგენლებმა.

მოწინააღმდეგე მხარის, შპს “დ-ეს" წარმომადგენლებმა, აგრეთვე ბ. დ-ემ, ნ. ვ-მა, რ. ს-ემ, ა. ბ-მა, ნ. ქ-ემ საკასაციო საჩივარი მიიჩნიეს უსაფუძვლოდ და ითხოვეს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული, იგი არ ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნებს და საქმეში დაცულ მტკიცებულებებს, გასაჩივრებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობრივია, სასამართლოს მსჯელობა არ შეესაბამება სასამართლოს მიერ გაკეთებულ დასკვნებს.

საკასაციო პალატა მხარეთა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საიჯარო საწარმო “თ-სა" და ფირმა “დ-ეს" მიერ შეტანილი სასარჩელო განცხადებებით მოსარჩელეები მოითხოვდნენ თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის 11.07.96წ., ¹11.46.732 დადგენილებას, 30.07.97წ. ჩატარებული კონკურსის შედეგების გაუქმებას, ქ. თბილისის სქმ დეპარტამენტისათვის სადავო ფართზე ახალი კონკურსის ჩატარების დავალებას “იჯარის შესახებ" კანონისა და საქართველოს პარლამენტის 20.09.94წ., ¹555-1 დადგენილებით დამტკიცებული “სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემის" დებულების შესაბამისად, დებულების 8.17 პუნქტის საფუძველზე კონკურსის ან აუქციონის გარეშე უპირატესი უფლებით არასაცხოვრებელი ფართის მათთვის გადმოცემას. კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 05.08.99წ. სხდომაზე ობიექტის საკონკურსო წესით განკარგვის გამო და თბილისის საქალაქო სასამართლოს 15.05.98წ. განჩინებიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა განაცხადეს, რომ დავის საგანს აღარ წარმოადგენდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 11.07.96წ., ¹11.46.732 და 18.04.97წ. ¹08.32.411 დადგენილებები, სასამართლოს განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა შუამდგომლობა დავის საგნის შემცირებისა და მერიის საქმეში მოპასუხის ნაცვლად მესამე პირად ჩართვის თაობაზე. რაც შეეხება სქმ დეპარტამენტისათვის კონკურსის ჩატარების დავალებას, უპირატესი უფლების გამო ობიექტის იჯარა-გამოსყიდვით გადმოცემის მოთხოვნას, საქმეში არ მოიპოვება რაიმე პროცესუალური აქტი სარჩელის ამ ნაწილის მიმართ წარმოების დასრულების (საქმის შეწყვეტის ან განუხილველად დატოვების) შესახებ. სწორედ აღნიშნული მოთხოვნის გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 19.06.2000წ. განჩინებით არ გაიზიარა სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ საიჯარო საწარმო “თ-სა" და ფირმა “დ-ეს" ჰქონდათ პრივატიზების უპირატესი უფლება, რადგან “იჯარის შესახებ" კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად ქონების განადგურება იწვევდა საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტას, ხოლო 30.07.97წ. კონკურსი ჩატარდა სრულიად ახალ, ტერიტორიულად სხვა ადგილზე მდებარე, თვისობრივად განახლებულ, განსხვავებული არქიტექტურის და უფრო დიდი მოცულობის არასაცხოვრებელ ფართზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 19.06.2000წ. განჩინების შესაბამისად სააპელაციო პალატა გასაჩივრებულ გადაწყევტილებაში აღნიშნავს, რომ “იჯარის შესახებ" 24.05.94წ. კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით საიჯარო ხელშეკრულება შეწყვეტილად ითვლება საიჯარო ქონების გადნადგურების გამო. მიუხედავად ამისა, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით შპს “დ-ეს", ბ. დ-ის, ნ. ვ-ის, რ. ი-ის, ა. ბ-ის, ნ. ქ-ის სარჩელები დაკმაყოფილდა სრულად.

საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას 30.07.97წ. კონკურსის “სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ" კანონის მე-9 მუხლის დარღვევით ჩატარების თაობაზე. აღნიშნული ნორმის თანახმად კონკურსის, აუქციონის, იჯარა-გამოსყიდვის და პირდაპირი მიყიდვის ფორმით საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ოფიციალურ გამოცემაში ან ადგილობრივ პრესაში (თუკი პრივატიზებას ახდენს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო), ამასთან შეიძლება ინფორმაციის სხვა საშუალებათა გამოყენებაც. საქმეში წარმოდგენილია გაზეთ “კ-ის" 29.06.97წ., ¹113 (637) გამოცემის ორი ვარიანტი, რომელთაგან ერთ-ერთი შეიცავს სადავო ფართის პრივატიზების შესახებ ინფორმაციას, ხოლო მეორე გამოცემულია ასეთი ინფორმაციის გარეშე. სსკ-ს 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოს აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებონის ან არარსებობის შესახებ. სააპელაციო პალატა გაზეთ “კ-ის" რედაქტორის ს. ს-ის ჩვენებების, 25.03.01წ. წერილის საფუძველზე მიიჩნევს, რომ კონკურსი ჩატარდა “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" კანონის მე-9 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით. საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის მასალები არ იძლევა ასეთი დასკვნის საფუძველს. სასამართლოს არ უმსჯელია გაზეთის რედაქტორის ჩვენების იმ ნაწილზე, რომელშიც იგი აღნიშნავს, რომ 29.06.97წ. ¹113(637) გამოცემაში დაშვებული წუნის გამო მომზადდა ნომრის მეორე ვარიანტი, რომელიც დაიბეჭდა და გავრცელდა ქსელში სარეალიზაციოდ. გასჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს რაიმე მითითებას იმის შესახებ თუ რა მოსაზრებების გამო იქნა უარყოფილი აღნიშნული მტკიცება.

სასამართლოს ყურადღების მიღმა დარჩა აგრეთვე მოწმე ს. ს-ის განმარტება იმის შესახებ, რომ გაზეთი აღარ ფუნქცონირებდა, რის გამო 1997წ. ივნისის თვის საბუღალტრო ჩანაწერების მოძიება შეუძლებელი იქნებოდა. ობიექტის პრივატიზების შესახებ ინფორმაციის გამოუქვეყნებლობის ერთ-ერთ არგუმენტად მოყვანილია ის, რომ გაზეთ “კ-ის" ყოფილი რედაქტორის 25.03.01წ. წერილის მიხედვით რედაქციაში არ იძებნება გაზეთ “კ-ის" 29.06.97წ. ¹113 რეალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტები და თბილისის სქმ დეპარტამენტის მიერ მიცემული შეკვეთა. ამასთანავე, სასამართლო არ უთითებს ნორმას, რომელიც დაავალდებულებდა გაზეთის დახურვის მიუხედავად გაზეთის ყოფილ რედაქციას შეენახა ამა თუ იმ პუბლიკაციის რეალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, ინფორმაციის გამოქვეყნების შეკვეთა. სააპელაციო პალატას არ გამოურკვევია, თუ რატომ არ გადაიგზავნა ივნისის თვის საბუღალტრო ჩანაწერები და 29.06.97წ. ¹113 გაზეთის რეალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, ს. ს-ის 24.06.02წ. ნოტარიულად დამოწმებულ წერილში აღნიშნულია, რომ 1996-97წ. დოკუმენტები არ იძებნება არქივის დაკარგვის გამო.

სსკ-ს 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად გადაწყვეტლების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. სააპელაციო პალატამ მოწმე ს. ს-ის განმარტების საფუძველზე დადგენილად ცნო, რომ გაზეთი “კ-ი" კვირაში ხუთჯერ (სამშაბათს, Oოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევსა და შაბათს) გამოიცემოდა. ის გარემოება, რომ საპრივატიზაციო ქონების შესახებ ინფორმაციის შემცველი 29.06.97წ,. ¹113 (637) გაზეთი კვირა დღეს გამოიცა, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიჩნეულია კონკურსის საჯაროობის დარღვევის დამადასტურებელ გარემოებად. ამასთანავე, პალატა ვერ უთითებს თუ რომელი ნორმა დაირღვა გამოცემის პერიოდულობის დარღვევით. კონკურსის ჩატარების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების ვადის კანონმდებლობით მკაცრი რეგლამენტაციის გამო ობიექტურად სავსებით დასაშვებია გაზეთის გამოცემის პერიოდულობის დარღვევა, რაც მნიშვნელოვანწილად იქნებოდა განპირობებული ინფორმაციის გამოქვეყნების შეკვეთის მიღებიდან კონკურსის ჩატარების დადგენილ თარიღამდე კანონმდებლობით განსაზღვრული ერთთვიანი ვადის დაცვის მკაცრი იმპერატივით, შეკვეთის მიღებიდან გაზეთის შემჭიდროებულ ვადებში გამოცემის საჭიროებით.

კონკურსის საჯაროობის წესების დარღვევას არ ადასტურებს აგრეთვე ის, რომ გაზეთის ნომერი არ მიუღია გასავრცელებლად მის ძირითად გამავრცელებლებს _ “მ-სა" და “ს-ს". გაზეთის კვირა დღეს გამოცემა არ გამორიცხავდა მის გავრცელებას სხვა გამავრცელებლების, საგაზეთი ბირჟის მეშვეობით. გაზეთ “კ-ის" 29.07.97წ. 113 (637) ნომერი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას კონკურსის ჩატარების შესახებ, დაცულია საქართველოს პარლამენტის ...... სახელობის ...... ბიბლიოთეკაში. გაზეთის ნომრის რედაქციიდან ბიბლიოთეკაში დაგვიანებით გადაგზავნა არ ადასტურებს “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" კანონის დარღვევას, კანონმდებლობით არ არის დადგენილი ცენტრალური ბიბლიოთეკისათვის სავალდებულო ეგზემპლარის წარდგენის ვადები, ბიბლიოთკაში გაზეთის ნომრის დაგვიანებით გადაგზავნა, მოწმე ს. ს-ის განმარტებით, განპირობებული იყო იმით, რომ გაზეთის ეგზემპლარის წარდგენას საჯარო ბიბლიოთეკაში ახდენდნენ გამავრცელებლები _ “მ-ე" და “ს-ი", ხოლო მითითებული ნომერი გავრცელდა საგაზეთო ბირჟაზე, გაზეთი ბიბლიოთეკას მიეწოდა რედაქციის მიერ ბიბლიოთეკის მოთხოვნით.

სააპელაციო პალატამ ყოველგვარი შეფასების გარეშე დატოვა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ქ. თბილისის სამმართველოს მთაწმინდის რაიგანყოფილების 24.07.2000წ. ¹11/91-342 წერილი ნ. ქ-ის მიმართვაზე, რომლითაც ირკვევა, რომ გაზეთ “კ-ის" 29.07.97წ, 113-ე ნომერი დაიბეჭდა გამომცემლობა “ა-ში" 1580 ეგზემპლარის ოდენობით. საკონკურსოდ გამოსატანი საპრივატიზებო ობიექტების შესახებ შეკვეთა შემჭიდროებულ ვადებში უნდა გამოქვეყნებულიყო, რის გამო რედაქცია იძულებული გახდა 113-ე ნომერი გამოეშვა კვირა დღეს, რამაც განაპირობა გაზეთის გამოცემის პერიოდულობის დარღვევა, რის გამო მომდევნო კვირას გაზეთის ხუთი ნომრის ნაცვლად გამოვიდა ოთხი ნომერი. საქართველოს პარლამენტის ...... სახელობის ....... ბიბლიოთეკაში პერიოდული გამომცემლობისა და დამუშავების განყოფილებაში აღნიშნული გაზეთის 113-ე ნომერი ინახება ...... საინვენტარიზაციო ნომრით. გაზეთის ნომერი ბიბლიოთეკას მიღებული აქვს 1999წ. დეკემბერში, ხოლო აღნიშნულ განყოფილებაში 09.02.2000წ. არის შესული.

მხედველობაში არის მისაღები აგრეთვე ისიც, რომ გაზეთ “კ-ის" 29.07.97წ. 113-ე ნომერი, ....... ქ. ¹1-ში მდებარე 512 კვ.მ პრივატიზების შესახებ განცხადების გარდა, შეიცავს აგრეთვე 92 სხვა ობიექტების პრივატიზების შესახებ ინფორმაციას, ამ ობიექტების პრივატიზაცია არ გაუქმებულა, რაც დამატებით ასაბუთებს გაზეთის რეალიზაციას.

საქმის მასალებით დასტურდება აგრეთვე, რომ ინფორმაცია გამოქვეყნდა არა მხოლოდ გაზეთ “კ-ის", არამედ აგრეთვე ტელეხედვის საშუალებითაც. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის თავდაპირველი განხილვისას თვით მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი ნ. ქ-ე აღნიშნავს, რომ აპრილის თვიდან მაისის თვემდე ქვეყნდებოდა ინფორმაცია არასაცხოვრებელი ფართის ....... ქ. ¹1-ში გაყიდვის თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას სადავო არასაცხოვრებელი ფართის კონკურის წესით რეალიზაციისას “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესაებ" კანონის მე-9 მუხლის მოთხოვნათა დარღვევის შესახებ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 409-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადიო საქმეთა სააპელაციო პალატის 30.01.02წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

2. შპს “დ-ესა" და ფიზიკური პირების: ნ. ქ-ის, ბ. დ-ის, ნ. ვ-ის, რ. ი-ის და ა. ბ-ის სარჩელები არ დაკმაყოფილდეს.

3. მოსარჩელეებს სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 30 ლარის ოდენობით.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.