გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-122-კ-03 24 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: თვითნებურად გახარჯული საწვავის ღირებულების 6838447,38 ლარის გადახდევინება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 4 იანვარს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების სახელმწიფო დეპარტამენტმა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში მოპასუხის სს ,,თბილისის ნავთობპროდუქტის” მიმართ სარჩელი აღძრა და თვითნებურად გახარჯული საწვავის და საჯარიმო სანქციის გადახდევინება მოითხოვა.
მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
სახელმწიფო მატერიალური რეზერვების სახელმწიფო დეპარტამენტი სტრატეგიული მნიშვნელობის აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულებას წარმოადგენს, რომლის განსაკუთრებულ კომპეტენციას სახელმწიფო რეზერვის მარაგის შენახვა და მომსახურება განეკუთვნება. დეპარტამენტის საქმიანობა მოწესრიგებულია საქართველოს პარლამენტის 1998წ. 13 დეკემბრის კანონით ,,საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ” და საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 20 აპრილის ¹157 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად. აღნიშნული კანონის თანახმად, სახელმწიფო რეზერვის მატერიელურ ფასეულობათა მარაგი განთავსებულია სხვადასხვა კერძო თუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საცავებში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მატერიალურ ფასეულობათა შენახვას სს “თბილისის ნავთობპროდუქტი” ახორციელებდა.
მოსარჩელის მითითებით, 1995-96 წლებში სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ რეზერვში სხვადასხვა რაოდენობის ავტომობილის ბენზინი და დიზელის საწვავი იქნა შენახული, რაც სს “თბილისის ნავთობპროდუქტთან” გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტებითა და საგარანტიო წერილებით დასტურდება. (02.06.95წ., 26.04.96წ. 06.11.96წ., 02.12.96წ.)
1998წ. 1 ოქტომბერს შედგა შემოწმების აქტი, რომელსაც ერთის მხრივ ხელს აწერდა სახელმწიფო მატერიალური რეზერვების სახელმწიფო დეპარტამენტი და მეორეს მხრივ სს “თბილისის ნავთობპროდუქტი”. Aამ აქტით დგინდებოდა, რომ სს “თბილისის ნავთობპროდუქტის” მიერ უკანონოდ იქნა გახარჯული სახელმწიფო მატერიალური რეზერვების სახელმწიფო დეპარტამენტის კუთვნილი ავტომობილის ბენზინი 1621065 კგ. Dდა 97957 კგ. Dდიზელის საწვავი.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 28 იანვრის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას გადაეცა, ვინაიდან სარჩელის ღირებულება 500000 ლარს აღემატებოდა.
2002წ. 12 აპრილს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების სახელმწიფო დეპარტამენტმა თბილისის საოლქო სასამართლოში დაზუსტებული სასარჩელო განცხადება წარადგინა და სს “თბილისის ნავთობპროდუქტისაგან” 6838447,38 ლარის (საწვავის ღირებულება 1010347,36 ლარი და საჯარიმო სანქცია 5830100,02 ლარი) გადახდევინება მოითხოვა.
2002წ. 11 ნოემბერს სს “თბილისის ნავთობპროდუქტმა” თბილისის საოლქო სასამართლოში წერილობითი შესაგებელი წარადგინა.
მოპასუხე მიუთითებდა, რომ 1998წ. 8 ოქტომბერს კონტროლის პალატამ სახელმწიფო მატერიალური რეზერვების სახელმწიფო დეპარტამენტში სს “თბილისის ნავთობპროდუქტის” რეზერვებში შესანახად ჩადებული ნავთობპროდუქტების ხარჯვის კანონიერება დამატებით შეამოწმა. შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ სააქციო საზოგადოებას უნებართვოდ ჰქონდა გახარჯული 1621065 კგ. ავტომანქანის ბენზინი და 979570 კგ. დიზელის საწვავი. კონტროლის პალატის 1998წ. 8 ოქტომბრის შემოწმების აქტი საგადასახადო ინსპექციას გადაეგზავნა, რის შედეგადაც სს “თბილისის ნავთობპროდუქტს” 1998 წელს ნავთობპროდუქტების უნებართვოდ ხარჯვის შედეგად ბიუჯეტში გადასახდელად ჯარიმის სახით 2653805,78 ლარი დაერიცხა.
მოპასუხის მითითებით, მოსარჩელის მიერ დარღვეულია სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. ვინაიდან, მატერიალური რეზერვების დეპარტამენტისათვის 1998წ. ოქტომბერში სს “თბილისის ნავთობპროდუქტში” ჩატარებული შემოწმების შედეგად გახდა ცნობილი მათი უფლებების დარღვევის შესახებ. სკ-ს 129-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად კი, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა 3 წელს შეადგენს.
თბილისის საოლქო სასამართლომ 2002წ. 16 ივლისის განჩინებით საქმეში მესამე პირად სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო და ქალაქ თბილისის მერია ჩააბა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 19 თებერვლის გადაწყვეტილებით სახელმწიფო მატერიალური რეზერვების სახელმწიფო დეპარტამენტის სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა.
სს “თბილისის ნავთობპროდუქტს” სახელმწიფო მატერიალური რეზერვების სახელმწიფო დეპარტამენტის სასარგებლოდ 6 338447,38 ლარის და 38 თეთრის გადახდა დაეკისრა.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:
სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში მიბარებული ქონების უკანონო გახარჯვას ჰქონდა ადგილი, სააქციო საზოგადოება ვალდებულია სამოქალაქო სამართლის კოდექსის 433-ე მუხლის (1964წ.) შესაბამისად აუნაზღაუროს მოსარჩელეს ქონების დანაკლისით მიყენებული მატერიალური ზიანი. აგრეთვე, 1999წ. 17 ივნისის დადგენილებით “სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ” დადგენილია, რომ მატერიალურ ფასეულობათა შენახვის ხელშეკრულებაში უნდა იყოს გათვალისწინებული პასუხისმგებლობა საპასუხისმგებლო შენახვის პუნქტებში რიცხული სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა თვითნებური ხარჯვისათვის.
1998წ. 1 ოქტომბერს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შემოწმებულ იქნა სს “თბილისის ნავთობპროდუქტის” საცავები, რომელშიც მოსარჩელის კუთვნილი საწვავი ინახებოდა. შემოწმებით დადგინდა, რომ სს “თბილისის ნავთობპროდუქტის” მიერ უკანონოდ იქნა გახარჯული მოსარჩელის კუთვნილი 1621065 კგ. ავტომობილის ბენზინი და 979570 კგ. დიზელის საწვავი. აღნიშნული დანაკლისი დასტურდება 01.10.1998წ. შედგენილი აქტით, რომელსაც ხელს აწერენ როგორც მოსარჩელის, ასევე მოპასუხის წარმომადგენლები.
სასამართლო კოლეგიამ გაიზიარა მოსარჩელის მიერ წარდგენილი გაანგარიშება, რაც მოცემულია მოსარჩელის 2002წ. 12 აპრილის დაზუსტებულ სასარჩელო განცხადებაში და მის დანართში. აგრეთვე, მისი მტკიცება იმის შესახებ, რომ არ ყოფილა გაშვებული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა და მისი ათვლა უნდა დაიწყოს 1999წ. 14 დეკემბრიდან, ვინაიდან, 1999წ. 14 დეკემბერს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღოO პროკურატურის წერილი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ 1999წ. 9 მარტს დეპარტამენტის მიერ სააქციო საზოგადოების გენერალური დირექტორის და სხვა მატერიალურად პასუხისმგებელი პირების მიმართ პროკურატურაში აღძრული სისხლის სამართლის საქმე წარმოებით შეწყდა და სააქციო საზოგადოების გენერალურმა დირექტორმა 1999წ. 5 მაისს წერილობით იკისრა ვალდებულება 1997წ. თებერვლიდან სექტემბრამდე პერიოდში ნავთობპროდუქტების ანგარიშზე გადარიცხული 580000 ლარი ეტაპობრივად დაებრუნებინა ან ურთიერთშეთანხნების საფუძველზე შეეძინა ნავთობპროდუქტები და განკარგვის უფლებით შეენახა თავის რეზერვუარში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სკ-ს 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება.” შესაბამისად, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამავე კოდექსის 139-ე და 140-ე მუხლები.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სს “თბილისის ნავთობპროდუქტმა” საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა, მოსარჩელე მხარეს წარმოედგინა ნავთობპროდუქტების სახელმწიფო რეზერვში ჩადების წინასწარი ხელშეკრულებები, სს “თბილისის ნავთობპროდუქტიდან” ნავთობპროდუქტების შესყიდვის და ანაზღაურების ან ნატურის წესით ტრანსპორტირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ვინაიდან ადგილი ჰქონდა სახელმწიფო რეზერვებში ბენზინის ჩადების გაყალბების ფაქტს.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ სარჩელი არ იყო ხანდაზმული.
კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია საქმეში არსებულ მასალებს იმის შესახებ, რომ კონტროლის პალატის მიერ 1998წ. 8 ოქტომბერს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების სახელმწიფო დეპარტამენტში ჩატარებული შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ 1996წ. 2 დეკემბრის ¹5 აქტით რეზერვებში ჩადებული 1326 ტონა ბენზინი თანხის გადაუხდელობის გამო შემცირდა 65,1 ტონით (წერილი ¹167 30.12.97წ.). აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ ამ პერიოდისათვის რეზერვებში ბენზინის ჩადება სიყალბეა, რაც დასტურდება პროკურატურის 1998წ. 10 აგვისტოს დადგენილებით. ამავე დადგენილებით 02.12.96წ. აქტი ყალბად არის მიჩნეული, რადგან სახელმწიფოს მიერ სახელმწიფო რეზერვებში ჩადებული 1326 ტონა ბენზინის 65,1 ტონით შემცირების უფლება ერთი წლის შემდეგ მატერიალური რეზერვების სახელმწიფო დეპარტამენტს არ აქვს.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ სს “თბილისის ნავთობპროდუქტის” საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 19 თებერვლის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის მართებული გამოყენებითა და საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ს 407-ე მუხლის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების სახელმწიფო დეპარტამენტსა და სს “თბილისის ნავთობპროდუქტს” შორის მიბარების ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგად აღმოცენებულ დავას.
სახელშეკრულებო ურთიერთობები მხარეთა შორის წერილობითი ფორმით მიღება-ჩაბარების აქტებითა და სს “თბილისის ნავთობპროდუქტის” მიერ გაცემული შესაბამისი საგარანტიო წერილებით გაფორმდა. ის გარემოება, რომ სს “თბილისის ნავთობპროდუქტის” მიერ უკანონოდ იქნა გახარჯული სახელმწიფო მატერიალური რეზერვების სახელმწიფო დეპარტამენტის კუთვნილი ავტომობილის ბენზინი 1621065 კგ. და 97957 დიზელის საწვავი 1998წ. 1 ოქტომბერს შედგენილი აქტითაც დასტურდება, რომელსაც ხელს ორივე მხარის წარმომადგენლები აწერენ. Aამასვე ადასტურებს კონტროლის პალატის 1998წ. 8 ოქტომბრის შემოწმების აქტი, რომელიც სს “თბილისის ნავთობპროდუქტს” არ გაუსაჩივრებია.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სს “თბილისის ნავთობპროდუქტის” მხრიდან მიბარებული ქონების უკანონო გახარჯვას ჰქონდა ადგილი, ეს უკანასკნელი ვალდებულია სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 433-ე მუხლის თანახმად ქონების დანაკლისით მიყენებული მატერიალური ზიანი შემცირებული ქონების ღირებულების ფარგლებში აუნაზღაუროს მოსარჩელეს, ხოლო მის მიერ გაცემული საგარანტიო წერილებიდან გამომდინარე, რომლითაც ის საჯარო სანქციების გადახდის ვალდებულებას იღებდა, გადაიხადოს საჯარო სანქციებიც.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საგულისხმოა ის, რომ 1998წ. 1 ოქტომბრის აქტი, რომელსაც სს “თბილისის ნავთობპროდუქტის” გენერალური დირექტორიც აწერს ხელს, სს “თბილისის ნავთობპროდუქტს” სადავოდ არ გაუხდია. თუკი ზემოთ მითითებული აქტი ყალბი იყო, მას სრული უფლება ჰქონდა იგი სასამართლოში გაესაჩივრებინა. Aაქვე ნიშანდობლივია ისიც, რომ სსკ-ს 137-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, თუ დადასტურებულია წარდგენილი დოკუმენტის სიყალბე, სასამართლო გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას და ამ დოკუმენტს მისი სიყალბის დამადასტურებელი მტკიცებულებით გადასცემს საგამოძიებო ორგანოებს.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ვინაიდან სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი წერილობითი მოთხოვნა მოსარჩელე მხარეს წარმოედგინა ნავთობპროდუქტების სახელმწიფო რეზერვებში ჩადების წინასწარი ხელშეკრულებები, აქედან გამომდინარე ადგილი აქვს სახელმწიფო რეზერვებში ბენზინის ჩადების გაყალბების ფაქტს. Aამასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში არსებული მიღება-ჩაბარების აქტებით და საგარანტიო წერილებით უდავოდ დასტურდება სახელმწიფო მატერიალური რეზერვების სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან სს “თბილისის ნავთობპროდუქტის” რეზერვში სხვადასხვა რაოდენობის ბენზინისა და დიზელის საწვავის შენახვა. Aაღნიშნული აქტების სიყალბე დღემდე კანონით დადგენილი წესით დადასტურებული არ არის.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სკ-ს 138-ე, 139-ე 140-ე მუხლები და სწორად მიიჩნია, რომ სარჩელი არ არის ხანდაზმული.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კონტროლის პალატის შუამდგომლობა, რომლითაც იგი მოცემულ საქმეში სახელმწიფო მატერიალური რეზერვების სახელმწიფო დეპარტამენტის მხარეზე მესამე პირად ჩართვას ითხოვს არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო ინსტანციაში მესამე პირად ჩართვას არ ითვალისწინებს. Aამასთან საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კონტროლის პალატას სასარჩელო განცხადებით შეუძლია მიმართოს სასამართლოს და იდავოს თავისი დარღვეული უფლებების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არსებითად სწორია, არ არსებობს მისი გაუქმების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლები და იგი დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სსკ-ს 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს “თბილისის ნავთობპროდუქტის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 19 თებერვლის გადაწყვეტილება.
3. კასატორს სს “თბილისის ნავთობპროდუქტს” გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.