Facebook Twitter

¹555აპ ქ. თბილისი

3 მაისი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),

დ. სულაქველიძე, ლ. მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების _ ი. ა-სა და დ. მ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ მ. ფ-სა და გ. ზ-ის, მსჯავრდებულ დ. ც-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 25 აპრილის განაჩენზე დ. ც-ის, ი. ა-სა და დ. მ-ის მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

საბრალდებო დასკვნით: 1. დ. ც-ეს, ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ”, „გ”, „დ”, „ე” ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ”, „გ” და მე-3 ნაწილის „ბ”, „გ” და „დ” ქვეპუნქტებით;

2. ი. ა-ეს, საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ”, „გ” და მე-3 ნაწილის „გ” და „დ” ქვეპუნქტებით;

3. დ. მ-ეს, საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „გ” და მე-3 ნაწილის „გ” და „დ” ქვეპუნქტებით.

საქმე არსებითად განსახილველად გაეგზავნა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს, საიდანაც აცილების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ქუთაისის საოლქო სასამართლომ საქმე განსახილველად დაუქვემდებარა ლანჩხუთის რაიონულ სასამართლოს.

ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 ნოემბრის განაჩენით:

1. დ. ც-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ”, „გ”, „დ” ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ” ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით);

2. ირაკლი ანდღულაძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ” და მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით);

3. დ. მ-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ” და მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით).

განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ დ. ც-ემ ჩაიდინა ქურდობის, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, საცავში უკანონო შეღწევით; მანვე ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და მუქარით, ჯგუფურად, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით; მანვე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, ხოლო ი. ა-ემ და დ. მ-ემ ჩაიდინეს ქურდობის მცდელობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, საცავში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:

ოზურგეთის რაიონის სოფელ ---ში მცხოვრებმა დ. ც-ემ 2004 წელს (ზუსტი რიცხვი დაუდგენელია) მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, ინახავდა და ატარებდა რა ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას, გადაწყვიტა, პირთა ჯგუფთან ერთად ყაჩაღურად თავს დასხმოდა ოზურგეთის რაიონის ---ში მცხოვრებ ვ. ქ-ას საცხოვრებელ სახლს. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად იგი დაუკავშირდა ვანის რაიონის სოფელ ---ში მცხოვრებ ა. ა-ს და ძიებით დაუდგენელ კიდევ 4 პირს, რომლებიც შეიარაღებულნი იყვნენ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებითა და საბრძოლო მასალით. ბოროტმოქმედები 2004 წლის 21 დეკემბერს, დაახლოებით 19.20 საათზე, ყაჩაღურად თავს დაესხნენ ოზურგეთის რაიონის ---ში მცხოვრები ვ. ქ-ას საცხოვრებელ სახლს, შეიჭრნენ მის ბინაში, ოჯახის წევრებს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგაც ძალადობითა და ძალადობის მუქარით ოჯახიდან გაიტაცეს თანხა _ 400 ლარის ოდენობით, 100 ლარად ღირებული „ერიქსონის” მარკის მობილური ტელეფონი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

2005 წლის 25 იანვარს დ. ც-ძე დანაშაულებრივად დაუკავშირდა მ. ბ-ნს და დაუდგენელ კიდევ 2 პირს, რა დროსაც განიზრახეს, ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ ჩოხატაურის რაიონის სოფელ ---ში მცხოვრებ ზ. ჩ-ის ოჯახს. თავიანთი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად იმავე დღეს, დაახლოებით 21.10 საათზე, ისინი შეიარაღდნენ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, პისტოლეტით, ხელყუმბარითა და დანით, მივიდნენ ზ. ჩ-ის საცხოვრებელ სახლთან, შეაღწიეს ბინაში, სადაც იმყოფებოდნენ ოჯახის წევრები და კიდევ 2 მეზობელი, იარაღის მუქარით, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენებით გაიტაცეს ოჯახის კუთვნილი სხვადასხვა დასახელების ნივთები, რითიც დაზარალებულებს მიაყენეს 15 320 ლარის დიდი ოდენობით ზიანი, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

2005 წლის 16 თებერვალს დ. ც-ძე დანაშაულებრივად დაუკავშირდა წარსულში ნასამართლევ ი. ა-ეს, დ. მ-ეს და მათთან ერთად განიზრახა, წინასწარი შეთანხმებით, საცავში უკანონო შეღწევით მართლსაწინააღმდეგოდ მიესაკუთრებინა სხვისი ქონება. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად იგი ზემოაღნიშნულ პირთა ჯგუფთან ერთად მივიდა ქ. ბათუმში, ---ის ქ. ¹115-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსთან, სპეციალურად მომარჯვებული რკინის დიდი ზომის საჭრელი მაკრატლით გადაჭრეს პირველ სართულზე მდებარე შპს „---ის” მაღაზიის სარკმლის გისოსი, ამ გზით შეაღწიეს შპს „---ის” საცავში და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ფირმის ხელმძღვანელის, დაზარალებულ თ. გ---ის კუთვნილ, 5 000 ლარის ღირებულების მსუბუქი მრეწველობის საქონელს _ ფეხსაცმელსა და ტანსაცმელს, მაგრამ ვერ მოასწრეს მათი გატაცება, ვინაიდან დააკავეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა.

აღნიშნული დანაშაულისათვის დ. ც-ეს, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით, საბოლოოდ მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით; მასვე დაეკისრა დაზარალებულ ზ. ჩ-ის სასარგებლოდ 15 320 ლარის გადახდა სოლიდარულად, სხვა პირებთან ერთად, ხოლო დაზარალებულ ვ. ქ-ას სასარგებლოდ _ 500 ლარის გადახდა სოლიდარულად, სხვა პირებთან ერთად.

ი. ა-ეს მიესაჯა 4 წლით, ხოლო დ. მ-ეს _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

დ. ც-ეს, დ. მ-სა და ი. ა-ეს სასჯელის ათვლა დაეწყოთ 2005 წლის 16 თებერვლიდან.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სახელმწიფო ბრალმდებელმა შ. ჩ-ემ, მსჯავრდებულების _ დ. მ-სა და ი. ა-ის ადვოკატებმა _ მ. ფ-ემ და გ. ზ-მა.

სააპელაციო საჩივრით პროკურორმა შ. ჩ-ემ მოითხოვა ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 ნოემბრის განაჩენის, როგორც ლმობიერისა და უკანონოს, გაუქმება და სასჯელის სახით დ. ც-სათვის 12 წლით, ი. ა-სათვის _ 8 წლით, ხოლო დ. მ-სათვის _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

მსჯავრდებულების _ ი. ა-სა და დ. მ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა _ მ. ფ-ემ და გ. ზ-მა სააპელაციო საჩივრით ითხოვეს რაიონული სასამართლოს განაჩენის გაუქმება და ი. ა-სა და დ. მ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა იმ მოტივით, რომ მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 25 აპრილის განაჩენით არ დაკმაყოფილდა ადვოკატების _ მ. ფ-სა და გ. ზ-ის სააპელაციო საჩივარი, პროკურორ შ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 ნოემბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ დ. ც-ეს ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული მსჯავრი და ბრალდების ამ ეპიზოდში გამართლდა; საბრალდებო დასკვნით შერაცხული ბრალდება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისი პუნქტებით დაუკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლთან ერთობლიობაში, როგორც მცდელობა; ამოერიცხა საბრალდებო დასკვნით შერაცხული ბრალდება სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე” პუნქტით და ამავე კოდექსის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” პუნქტით; განაჩენიდან ამოერიცხა სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” პუნქტით შერაცხული მსჯავრი დანიშნულ სასჯელთან ერთად; გაუმკაცრდა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ”, „გ”, „დ” პუნქტებით დანიშნული სასჯელის ზომა და განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ი. ა-ეს საბრალდებო დასკვნით შერაცხული ბრალდება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისი პუნქტებით დაუკვალიფიცირდა სსკ-ის მე-19 მუხლთან ერთობლიობაში, როგორც მცდელობა; ამოერიცხა საბრალდებო დასკვნით შერაცხული ბრალდება საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” პუნქტით და ამავე კოდექსის მე-19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით; გაუმკაცრდა სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ” და მე-3 ნაწილის „გ” პუნქტით დანიშნული სასჯელის ზომა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით.

მსჯავრდებულ დ. მ-ეს საბრალდებო დასკვნით შერაცხული ბრალდება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისი პუნქტებით დაუკვალიფიცირდა სსკ-ის მე-19 მუხლთან ერთობლიობაში, როგორც მცდელობა; ამოერიცხა საბრალდებო დასკვნით შერაცხული ბრალდება სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” პუნქტით; განაჩენიდან ამოერიცხა სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” პუნქტით შერაცხული მსჯავრი.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულების _ ი. ა-სა და დ. მ-ის ადვოკატებმა _ მ. ფ-ემ და გ. ზ-მა, ასევე მსჯავრდებულმა დ. ც-ემ.

ადვოკატები _ მ. ფ-ძე და გ. ზ-ლი საკასაციო საჩივარში აღნიშნავენ, რომ ი. ა-სა და დ. მ-ეს დანაშაული არ ჩაუდენიათ, ისინი იმ ბინაში შევიდნენ მეგობარი გოგონას მოსაძებნად, დ. ც-ეს არ იცნობენ, რასაც თავად ც-ეც ადასტურებს. როდესაც პოლიციის მანქანა შევიდა ეზოში, ისინი არ გაქცეულან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატები ითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 25 აპრილის განაჩენის გაუქმებას და ი. ა-სა და დ. მ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოებით შეწყვეტას, რასაც მსჯავრდებულებიც ეთანხმებიან.

მსჯავრდებული დ. ც-ძე საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილით შერაცხულ ბრალდებას; რაც შეეხება სსკ-ის 179-ე მუხლს, აღნიშნული არ დასტურდება საქმეზე შეკრებილი უტყუარი მტკიცებულებებით, რის გამოც მსჯავრდებული დ. ც-ძე ითხოვს განაჩენის ამ ნაწილში გაუქმებას და ობიექტური განაჩენის დადგენას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოში დაზარალებულმა ვ. ქ-ამ განმარტა, რომ 2004 წლის 21 დეკემბერს, დაახლოებით 19 საათზე, მეუღლესა და შვილებთან ერთად იმყოფებოდა თავის სახლში, ოზურგეთის რაიონის ---ში. მათ თავს დაესხა დანით, გადაჭრილი თოფით, პისტოლეტითა და ავტომატებით შეიარაღებული, სახეზე ნიღაბაფარებული 5-6 პირი. ბოროტომოქმედები, რომელთაგან ერთ-ერთი იდგა სახლში შესასვლელ კართან, ითხოვდნენ 20 000 აშშ დოლარსა და ოქროულობას. ვ. ქ-ამ მიუთითა, რომ კართან მდგომი ბოროტმოქმედი იყო დ. ც-ძე და მას პისტოლეტი ეკავა. მანვე განმარტა, რომ მისი ოჯახის წევრებმა დ. ც-ძე დაკავებამდე ამოიცნეს ფოტოსურათებით (ტ. 3, ს.ფ. 337-339).

ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმების შესაბამისად, დამსწრეთა მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებისას დაზარალებულებმა _ გ. ქ-ამ და ა. ქ-ამ ამოიცნეს დ. ც-ძე და მიუთითეს, რომ სწორედ ამ უკანასკნელმა და სხვა პირებმა განახორციელეს ყაჩაღური თავდასხმა (ტ. 1, ს.ფ. 23-26).

სააპელაციო სასამართლოში დაზარალებულმა ზ. ჩ-ემ განმარტა, რომ 2005 წლის 25 იანვარს, დაახლოებით 21 საათზე იმყოფებოდა თავის სახლში, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ---ში, რა დროსაც თავს დაესხა ოთხი ნიღბიანი და შეიარაღებული პირი, რომლებმაც მოითხოვეს ფული და ძვირფასეულობა. ბოროტმოქმედებმა ზ. ჩ-ის ავტომანქანაში მოათავსეს ოქროულობა, სანადირო იარაღები, ასევე გაიტაცეს 500 ლარი და დაზარალებულის ავტომანქანით მიიმალნენ. ამავე ჩვენებაში ზ. ჩ-ემ კატეგორიულად მიუთითა, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი ,,იყო ც-ის ზუსტი აღნაგობის და გარეგნობის" (ტ. 3, ს.ფ. 339-341).

ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა დ. გ-ემ (ტ. 3, ს.ფ. 341-343).

სასამართლო-დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, შემთხვევის ადგილიდან _ ზ. ჩ-ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული კვალი დატოვებულია დ. ც-ის მიერ მარცხენა ხელის საჩვენებელი თითით (ტ. 2, ს.ფ. 112-116).

სააპელაციო პალატის სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა, საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ზ. ხ-ემ განმარტა, რომ 2005 წლის თებერვალში მან და ზ. თ-ემ მიიღეს შეტყობინება ქ. ბათუმში მდებარე მაღაზია ,,---ის" გაქურდვის მცდელობის შესახებ. შემთხვევის ადგილზე დააკავეს სამი პირი. დადგინდა მათი ვინაობაც და დაკავებულები აღმოჩნდნენ ი. ა-ძე, დ. ც-ძე და დ. მ-ძე. ზ. ხ-ის განმარტებით შემთხვევის ადგილზე ეგდო მეტალის საჭრელი მაკრატელი, ჩამოტეხილი იყო ბათქაში, ხოლო გისოსი _ გადაჭრილი და დეფორმირებული (ტ. 3, ს.ფ. 344-346).

ანალოგიური ჩვენებები მისცეს სასამართლოში მოწმეებმა _ ბ. ჯ-ემ და ბ. ს-ემ (ტ. 3, ს.ფ. 346-349).

პალატამ, შეამოწმა რა საქმე სრული მოცულობით, აღნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი და სასამართლო გამოძიება ჩატარდა სრულად და ობიექტურად, რა დროსაც მოპოვებული ზემოხსენებული და სხვა მტკიცებულებებით უტყუარადაა დადასტურებული, რომ დ. ც-ემ ჯგუფურად და არაერთგზის ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ასევე _ ყაჩაღობა ჯგუფურად, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით; ი. ა-ემ არაერთგზის და ჯგუფურად ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, საცავში უკანონო შეღწევით, ხოლო დ. მ-ემ _ ჯგუფურად ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, საცავში უკანონო შეღწევით.

მსჯავრდებულებს _ დ. ც-სა და დ. მ-ეს სასჯელები განესაზღვრათ მათი მახასიათებელი მასალების სათანადო განხილვისა და შეფასების შედეგად და ეს სასჯელები სამართლიანია.

ამასთან, მსჯავრდებულ დ. ც-ეს საპროცესო კანონის მოთხოვნათა დარღვევით დაეკისრა დაზარალებულების სასარგებლოდ თანხის გადახდა, რადგან არც დაზარალებულები და არც მსჯავრდებული, შესაბამისად, სამოქალაქო მოსარჩელეებად და მოპასუხედ ცნობილი არ ყოფილან.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 35-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, თუ გამომძიებელი, პროკურორი ან სასამართლო მიიჩნევს, რომ წარდგენილ სარჩელს აქვს საკმარისი საფუძველი, გამოაქვს გადაწყვეტილება პირის სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობის შესახებ, რის შემდეგაც, ამავე კოდექსის 36-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სამოქალაქო მოპასუხედ ცნობს ბრალდებულს. ამდენად, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა მსჯავრდებულს ისე დააკისრეს დაზარალებულების სასარგებლოდ თანხის გადახდა, რომ საქმეზე არ დაწყებულა სამოქალაქო სამართალწარმოება.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი მსჯავრდებულისათვის დაზარალებულების სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში უნდა გაუქმდეს.

იმის გამო, რომ საქმეზე სამოქალაქო სამართალწარმოება არ დაწყებულა, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, სსსკ-ის 561-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქმე სამოქალაქო სარჩელის ნაწილში ხელახლა განსახილველად გადასცეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული გარემოება არ უკარგავს უფლებას დაზარალებულებს, წარადგინონ სარჩელი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

მსჯავრდებულების _ ი. ა-სა და დ. მ-ის ქმედება საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტიდან (ქურდობის მცდელობა საცავში უკანონო შეღწევით) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე, ვინაიდან 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის მე-19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტი სასჯელად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას 3-დან 12 წლამდე, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 3-დან 5 წლამდე ვადით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის ახალი კანონი ამსუბუქებს სასჯელს.

მსჯავრდებულ დ. ც-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე, ვინაიდან 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტი სასჯელად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას 6-დან 15 წლამდე, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 6-დან 9 წლამდე ვადით, რაც ასევე მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის ახალი კანონი ამსუბუქებს სასჯელს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.

ამასთან, ი. ა-ეს დანიშნული სასჯელი _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა შეუმცირდეს 6 თვით, შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც აღინიშნა, ი. ა-ძე მსჯავრდებულია სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", ,,ბ" და მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და მისჯილი აქვს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2006 წლის 31 მაისიდან ამოქმედებული სისხლის სამართლის კანონის ცვლილების შესაბამისად, ი. ა-ის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტითა და 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტებით, რისთვისაც სასჯელის მაქსიმალურ ზომად, ამ შემთხვევაში, შეიძლება დაინიშნოს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2007 წლის 18 იანვრამდე მოქმედი სსკ-ის 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის მცდელობისათვის სასჯელის ვადა ან ზომა არ უნდა აღემატებოდეს დამთავრებული დანაშაულისათვის ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის მაქსიმალური ვადის ან ზომის სამ მეოთხედს. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსიდან სსკ-ის 56-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამოღებულია, რაც ამკაცრებს სასჯელს, ხოლო სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს. ამასთან, თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი. ამდენად, 2007 წლის 18 იანვრამდე მოქმედი სსკ-ის 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ი. ა-ეს სასჯელად შეიძლება დაენიშნოს მის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელის _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთის სამი მეოთხედი _ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს ი. ა-ის სასიკეთოდ, მის მიმართ დანიშნული სასჯელის ნაწილში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი დასაბუთებულია, ამიტომ გარდა დ. ც-სათვის დაზარალებულის სასარგებლოდ თანხის დაკისრების, მსჯავრდებულთა ქმედების კვალიფიკაციის და ი. ა-სათვის დანიშნული სასჯელისა, სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილით, სსსკ-ის 552-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დაადგინა:

მსჯავრდებულების _ ი. ა-სა და დ. მ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ გ. ზ-სა და მ. ფ-ის, ასევე _ მსჯავრდებულ დ. ც-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 25 აპრილის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულთა სასიკეთოდ: მსჯავრდებულ ი. ა-ის ქმედება საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე და მას საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", ,,ბ" ქვეპუნქტებით, ამჟამად მოქმედი სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის საბოლოოდ განესაზღვროს 4 (ოთხი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

მსჯავრდებულ დ. მ-ის ქმედება საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე;

მსჯავრდებულ დ. ც-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე.

გასაჩივრებული განაჩენი გაუქმდეს მსჯავრდებულ დ. ც-სათვის დაზარალებულების სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში.

განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულების _ დ. ც-სა და დ. მი-ის მიმართ დანიშნული სასჯელები, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.