Facebook Twitter

3გ-ად-124-კ-03 8 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. ქადაგიძე

სარჩელის საგანი: მოპასუხეებისათვის თანხის სოლიდარულად დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 29 დეკემბერს ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში მოსარჩელეების: ჯ. ხ-ას წარმომადგენელ ლ. ლ-ის, ლ. ლ-ას, ფ. მ-ის, ა. ნ-ის, ა. ტ-ის, ა. და მ. მ-ების წარმომადგენელმა ზ. ჯ-ემ სარჩელი აღძრა მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს მიმართ, მესამე პირად მიუთითა თბილისის მერიაზე.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად თბილისის მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა დიდი მატერიალური ზიანი განიცადა, კერძოდ, დაენგრათ საცხოვრებელი სახლები და გაუნადგურდათ ქონება. აღნიშნულ დაზარალებულთა კატეგორიას მიეკუთვნებოდნენ მოსარჩელეები.

საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო არაერთი სამართლებრივი აქტი, რომლითაც განისაზღვრა დაზარალებულთა ზიანის ანაზღაურების საკითხები. ერთ-ერთ ასეთ აქტს წარმოადგენდა “თბილისში 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა – მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების პროგრამის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 26 ივლისის ¹180 განკარგულება, რომლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დაზარალებულთა ზარალმა, იუსტიციის და ეკონომიკის სამინისტროების დასკვნის შესაბამისად, შეადგინა 8000000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.

აღნიშნული განკარგულების საფუძველზე 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიამ დაზარალებულებზე გასცა ცნობები, რომლებშიც აღინიშნა თითოეულის მიერ მისაღები თანხა. მითითებული ცნობების თანახმად მოსარჩელეთა საერთო ზარალმა შეადგინა 155463 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. ამ თანხიდან უკვე ანაზღაურებულია 24964 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, ხოლო ასანაზღაურებელი დარჩა 130499 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.

მოსარჩელეთა წარმომადგენლის განმარტებით, არაერთხელ მიმართეს როგორც ფინანსთა სამინისტროს, ისე თბილისის მერიას, რომლებმაც თანხის გადახდაზე პასუხისმგებლობა ერთმანეთზე გადაიტანეს, თუმცა არ უარყოფდნენ იმ ფაქტს, რომ ზემოთ აღნიშნული თანხა უნდა გადახდილიყო.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ, ვინაიდან არსებობდა გადახდის ვალდებულება, ხოლო მოსარჩელეებს საპასუხო ვალდებულება შესასრულებელი არ ჰქონდათ, მოსარჩელეთა წარმომადგენელმა, სკ-ს 394-ე მუხლის თანახმად ითხოვა, ფინანსთა სამინისტროსათვის 130499 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება მოსარჩელეთა სასარგებლოდ.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 4 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხეებს – ფინანსთა სამინისტროს და ქ. თბილისის მერიას მოსარჩელეების: ლ. ლ-ის, ლ. ლ-ას, ფ. მ-ის, ა. ნ-ის, ა. ტ-ის, ა. მ-ის, მ. მ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 130499 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, საიდანაც ლ. ლ-ს ეკუთვნის 23920 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, ლ. ლ-ას – 21516 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, ფ. მ-ს – 8745 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, ა. ნ-ეს-6620 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, ა. ტ-ს – 32022 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, მ. მ-ს – 22733 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, ა. მ-ს – 14843 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს ფინანსთა სამინისტრომ და ქ. თბილისის მერიამ.

თბილისის საოლქო სასამართლოში საქმის განხილვისას ამავე სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 23 მარტის საოქმო განჩინებით თბილისის მერია მოცემულ საქმეში მესამე პირის ნაცვლად ჩაება მოპასუხედ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 30 დეკემბერს განიხილა აღნიშნული საქმე და გამოიტანა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 4 მაისის გადაწყვეტილება; მოსარჩელეების: ჯ. ხ-ას, ლ. ლ-ას, ფ. მ-ის, ა. მ-ის, ა. ნ-ის, მ. მ-ის, ა. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ქ. თბილისის მიერიას და ფინანსთა სამინისტროს მოსარჩელეთა სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ 129596 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი; კერძოდ, ჯ. ხ-ას სასარგებლოდ – 23761 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, ფ. მ-ის სასარგებლოდ – 8745 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, ა. ტ-ის სასარგებლოდ – 31810 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი; ა. ნ-ის სასარგებლოდ – 6577 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, მ. მ-ის სასარგებლოდ – 22584 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, ა. მ-ის სასარგებლოდ – 21372 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა, როგორც ფინანსთა სამინისტრომ, ისე თბილისის მერიამ.

ფინანსთა სამინისტრო თავის საკასაციო საჩივარს ამყარებს შემდეგ გარემოებებზე: საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 26 ივლისის ¹180 განკარგულებით ფინანსთა სამინისტროს ევალებოდა ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტში თანხების ანაზღაურების საკითხის შეტანა და არა ბიუჯეტის კანონში თანხების დამტკიცება, რაც პარლამენტის კომპეტენციაა და ამდენად, ფინანსთა სამინისტრო ვერ გასცემდა თანხებს, ვინაიდან ბიუჯეტის კანონით ასეთი რამ გათვალისწინებული არ ყოფილა.

სახელმწიფომ აღიარა მატერიალური ზარალის ანაზღაურების ვალდებულება, რისთვისაც შეიმუშავა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, კერძოდ, მინისტრთა კაბინეტის 1994წ. 31 მაისის ¹336 დადგენილება, საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 28 თებერვლის ¹197 ბრძანებულება, 1996წ. 26 ივლისის ¹180 განკარგულება და 1997წ. 1 დეკემბრის ¹704 ბრძანებულება, რომლებითაც სხვადასხვა უწყებებს ევალებოდათ მატერიალური ზარალის ანაზღაურების მიზნით წყაროების გამოძებნა და თანხების გამოყოფა. ამდენად, სახელმწიფო შესაძლებლობის ფარგლებში მუდმივად ახდენდა და დღესაც ახდენს მოსახლეობისათვის თანხების გამოყოფას.

კასატორის განმარტებით, მართალია, სახელმწიფომ აღიარა ამ მოვლენების შედეგად მოსახლეობისათვის მიყენებული ზარალის ოდენობა და ივალდებულა მისი გასტუმრება, მაგრამ მას არ უღიარებია სახელმწიფოს მიერ უკანონოდ მიყენებული ზარალის ფაქტი, რაც უსაფუძვლოს ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის გამოყენებას.

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოთხოვნა ფინანსთა სამინისტროს მიმართ ნორმატიული აქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობაზე ხანდაზმულია, ვინაიდან 1997წ. შემდგომ მოსარჩელეს გაშვებული აქვს ხანდაზმულობის ვადა.

კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებები, დასკვნები და მოსაზრებანი, რომლითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა უსაფუძვლოა და მოითხოვს სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გამო, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, კასატორმა, ფინანსთა სამინისტრომ, ითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც უარი ეთქმებათ მოსარჩელეებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით, აგრეთვე, გაასაჩივრა ქ. თბილისის პრემიერმა. ქ. თბილისის პრემიერის განმარტებით, საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული 1991-92 წლებში დაზარალებულ მოქალაქეთა მატერიალური ზარალის ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებული ნორმატიული აქტები. კერძოდ, “ქ. თბილისში დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობის და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების პროგრამის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 26 ივლისის ¹180 განკარგულების მე-5 პუნქტით ფინანსთა სამინისტროს დაევალა “საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად 1996წ. განმავლობაში მოსახლეობისათვის მატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად 5 მილიონი ლარის გამოსაყოფად დაფინანსების დამატებითი წყაროს გამოძებნის შესახებ, საქართველოს პარლამენტში წარსადგენად წინადადებების ერთ კვირაში შემუშავება, ხოლო საქართველოს 1997წ. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში დარჩენილი თანხის 1997წ. ბიუჯეტიდან ანაზღაურების საკითხის შეტანა. ქ. თბილისის მერიას კი, აღნიშნული პროექტით დაევალა: უზრუნველეყო მისახლეობის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის დაფინანსება 1996წ. ბიუჯეტით გათვალისწინებული 5 მილიონი ლარის ფარგლებში.

კასატორის განმარტებით, ზემოთ აღნიშნული ნორმატიული აქტით უშუალოდ ფინანსთა სამინისტროს ევალებოდა მატერიალური ზიანის ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. პრეზიდენტის 1996წ. 26 ივლისის ¹180 განკარგულება არის სპეციალური ნორმა, რომელიც აწესრიგებს კონკრეტულ ურთიერთობას და სასამართლოს სწორედ ამ ადმინისტრაციული აქტით უნდა ესარგებლა. სახელმწიფო აღნიშნულ ურთიერთობაში არის ერთადერთი მოვალე და ქალაქის მერიის განხილვა სოლიდარულ მოვალედ, არასწორია. სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულოს ფინანსთა სამინისტრომ ტერიტორიული ბიუჯეტით და არა ქალაქის მერიამ, თავისი ადგილობრივი ბიუჯეტით სახელმწიფო ბიუჯეტთან ერთად სოლიდარულად.

სააპელაციო სასამართლო თანხის სოლიდარულად დაკისრების ნაწილში დაეყრდნო საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 26 ივლისის ¹180 განკარგულებასა და 1997წ. 1 დეკემბრის ¹704 ბრძანაბულებას. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ პრეზიდენტის ¹ 704 ბრძანებულება ეხებოდა თბილისში 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მატერიალური ზარალის ნაწილობრივ კომპენსაციას, რომლითაც ქ. თბილისის მერიას დაევალა დაზარალებული მოსახლეობისათვის მატერიალური ზარალის ნაწილობრივი კომპენსაციის მიზნით, მათთვის აშენებულ და მშენებარე საცხოვრებელ სახლებში განთავსებული არასაცხოვრებელი ფართის აუქციონის წესით პრივატიზების შედეგად შემოსული თანხების გამოყენება მოსახლეობისათვის, რისთვისაც ქ. თბილისის ბიუჯეტში შეიქმნა მიზნობრივი ფონდი. აღნიშნული ბრძანებულების საფუძველზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტმა მიიღო დადგენილება, რომლითაც ზარალის ასანაზღაურებლად გაცემის წესის შემუშავების მიზნით შეიქმნა კომისია, რომლის მიერ დამტკიცებული სიების მიხედვით უნდა განსაზღვრულიყო თითოეულ მოქალაქეზე გასაცემი კონკრეტული თანხა.

ქ. თბილისის მერია საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 1 დეკემბრის ¹704 ბრძანებულებით გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულა, კერძოდ, ააშენა, აღადგინა და ექსპლუატაციაში ჩააბარა 20 საცხოვრებელი სახლი 46200 კვ.მ საერთო ფართობით, რომელთა სამუშაოების კაპიტალური დაბანდების თანხამ შეადგინა 1034622 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. დაზარალებული ოჯახების დარჩენილი მატერიალური ზარალის ანაზღაურება უნდა განხორციელდეს ცენტრალური ბიუჯეტიდან, ამ მიზნით საჭირო სახსრების გათვალისწინებით.

კასატორმა, ქ. თბილისის პრემიერმა, საკასაციო საჩივრით ითხოვა: თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება ქ. თბილისის მერიაზე თანხის სოლიდარულად დაკისრების ნაწილში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო სავალდებულოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დაცვით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებზეც კასატორებს არ წამოუყენებიათ დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეები 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული პირები არიან. დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის მიერ 1996წ. 10 ოქტომბერს გაცემული ¹115 ცნობით დასტურდება, რომ ლ. ლ-ას მატერიალურმა ზარალმა (განადგურებული საცხოვრებელი ბინის გარდა) შეადგინა 25561 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. 1992წ. იანვრიდან მას აუნაზღაურდა 1899 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი; შესაბამისად იმავე დღეს გაცემული: ¹120 ცნობით ჯ. ხ-ას მატერიალურმა ზარალმა (განადგურებული საცხოვრებელი ბინის გარდა) შეადგინა 28049 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. 1992წ. იანვრიდან მატერიალურ ფასეულობათა და ფულადი სახით მას აუნაზღაურდა 1795 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი; ¹105 ცნობით ა. ნ-ეს მატერიალურმა ზარალმა (განადგურებული საცხოვრებელი ბინის გარდა) შეადგინა 9612 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. 1992წ. იანვრიდან მატერიალურ ფასეულობათა და ფულადი სახით მას აუნაზღაურდა 2307 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი; ¹102 ცნობით ფ. მ-ის მატერიალურმა ზარალმა (განადგურებული საცხოვრებელი ბინის გარდა) შეადგინა 11518 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. 1992წ. იანვრიდან მატერიალურ ფასეულობათა და ფულადი სახით მას აუნაზღაურდა 1892 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი; ¹236 ცნობით ა. ტ-ის მატერიალურმა ზარალმა (განადგურებული საცხოვრებელი ბინის გარდა) შეადგინა 35923 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. 1992წ. იანვრიდან მატერიალურ ფასეულობათა და ფულადი სახით მას აუნაზღაურდა 998 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი; ¹133 ცნობით ნ. მ-ის (მ. მ-ის მამა) მატერიალურმა ზარალმა (განადგურებული საცხოვრებელი ბინის გარდა) შეადგინა 26796 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. 1992წ. იანვრიდან მატერიალურ ფასეულობათა და ფულადი სახით მას აუნაზღაურდა 1911 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი; ¹223 ცნობით ა. მ-ის მატერიალურმა ზარალმა (განადგურებული საცხოვრებელი ბინის გარდა) შეადგინა 17904 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. 1992წ. იანვრიდან მატერიალური ფასეულობების და ფულადი სახით მას აუნაზღაურდა 1621 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. საკასაციო სასამართლოსათვის სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სავალდებულოა სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც საკასაციო სასამართლო არ არის პროცესუალურად უფლებამოსილი, სადავოდ გახადოს მოსარჩელეთათვის მიყენებული ზარალის ოდენობა, მით უმეტეს, რომ არც თბილისის მერიასა და არც ფინანსთა სამინისტროს აღნიშნული საკითხი სადავოდ არ გაუხდიათ არც ერთი ინსტანციის სასამართლოში.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას სწორად გამოყენებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების: “თბილისში 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების პროგრამის შესახებ" პრეზიდენტის 1996წ. 26 ივლისის ¹180 განკარგულების, “ქ. თბილისის 1991წ. დეკემბერსა და 1992წ. იანვრის მოვლენების დროს დაზარალებულ მოქალაქეთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობისა და მათთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994წ. 31 მაისის ¹336 დადგენილების, “თბილისში 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 28 თებერვლის ¹197 ბრძანებულების, “თბილისში 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ნაწილობრივი კომპენსაციის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 1 დეკემბრის ¹704 ბრძანებულების შესაბამისად, 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მატერიალური ზარალის ანაზღაურებისა და საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შესახებ სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად ღონისძიებების გატარება დაევალა როგორც ქ. თბილისის მერიას, ისე ფინანსთა სამინისტროს. თითოეულს უნდა მიეღო მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში, რაც გამოიხატებოდა მოსახლეობის მატერიალური ზარალის ანაზღაურებასა და საცხოვრებელი ბინების მშენებლობაში.'საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სკ-ს 463-ე მუხლი და მართებულად ცნო ქ. თბილისის მერია და ფინანსთა სამინისტრო სოლიდარულ მოვალეებად. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სკ-ს 473-ე მუხლის თანახმად, მოვალეს, რომელმაც სოლიდარული ვალდებულება მთლიანად შეასრულა, უკუმოთხოვნის უფლება აქვს დანარჩენ მოვალეთა მიმართ წილთა თანაბრობის კვალობაზე.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორ ფინანსთა სამინისტროს მოსაზრებას სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ. მართალია, მოსარჩელეებს ზიანი მიადგათ 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად, სარჩელი კი ზიანის ანაზღაურებაზე აღძრეს 2000წ. 29 დეკემბერს, მაგრამ, რადგანაც საქართველოს პრეზიდენტმა 1996წ. 26 ივლისის ¹180 განკარგულებით აღიარა და იკისრა თბილისის ცნობილი მოვლენების დროს დაზარალებული მოსახლეობისათვის მიყენებული ზარალის, 8 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, ანაზღაურების ვალდებულება, სკ-ს (1964წ.) 83-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სკ-ს (1997წ.) 137-ე მუხლის თანახმად, თუ ვალდებული პირი (მოვალე) უფლებამოსილი პირის (კრედიტორი) წინაშე ავანსის პროცენტის გადახდით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება და ამიტომ უსაფუძვლოა დაზარალებულ მოსარჩელეთა სარჩელის ხანდაზმულობაზე მითითება კასატორ ფინანსთა სამინისტროს მიერ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ იურიდიული თვალსაზრისით სწორი გადაწყვეტილება გამოიტანა და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლითYდა

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. თბილისის პრემიერისა და ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.