Facebook Twitter

3გ-ად-125-კ-03 12 ივნისი, 2003წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: პენსიაზე დანამატის დანიშვნა.

აღწერილობითი ნაწილი:

შ. კ.-მ სარჩელით მიმართა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი ფონდის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული განყოფილების მიმართ და მოითხოვა ძირითად პენსიაზე დანამატის დანიშვნა მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობით.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ იგი ომის მონაწილესთან გათანაბრებული პირია. 1939 წლიდან მუშაობდა ქ. ...-ის ... ქარხანაში. ომის წლებში ქარხანა უშვებდა “იაკ”-ის ტიპის ავიაგამანადგურებელს. 1942 წელს ... მრეწველობის მინისტრის განკარგულებით გადაიყვანეს თბილისის ... ქარხანაში. დაჯილდოვებულია ლენინის ორდენით და მედლებით “კავკასიის დაცვისათვის” და “1941-45 წლებში ზურგში მამაცური შრომისათვის”. მინიჭებული აქვს ომის მონაწილესთან გათანაბრებული სტატუსი, “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლის საფუძველზე ითხოვდა მოხუცებულობის პენსიაზე დანამატს, მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობით.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 ივლისის გადაწყვეტილებით შ. კ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის განყოფილებას დაევალა დაენიშნა შ. კ.-ისათვის ყოველთვიურად მოხუცებულობის პენსიაზე დანამატი მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობით.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულმა განყოფილებამ, რომელმაც რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა, რომლითაც შ. კ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდებოდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 4 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლისა და “ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ” მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე შ. კ.-ის სარჩელი საფუძვლიანი იყო, ვინაიდან იგი წარმოადგენდა ომის მონაწილესთან გათანაბრებულ პირს, შესრულებული ჰქონდა 75 წელი და იყო მეორე ჯგუფის ინვალიდი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულმა ფილიალმა რომელმაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა, რომლითაც შ. კ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

კასატორი მიუთითებს, რომ მოქმედი კანონმდებლობით სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის რაიონულ ფილიალში პენსია ენიშნებათ: ასაკის, ინვალიდობის, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და მარჩენალის გარდაცვალების გამო. მოქალაქეებს, რომლებსაც ერთსა და იმავე დროს სხვადასხვა პენსიის ან პენსიის სხვადასხვა ორგანოებიდან მიღების უფლება აქვთ დაენიშნებათ ერთი სახეობის პენსია თავიანთი არჩევანით. შ. კ.-ს, როგორც ომის მონაწილესთან გათანაბრებულ პირს “ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად დანიშნული აქვს პენსია 35-ლარის ოდენობით, “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლის თანახმად პენსია ენიშნებათ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც არიან ომის ინვალიდები. კასატორს მიაჩნია, რომ შ. კ.-ე არ აკმაყოფილებს ზემოხსენებული კანონის მე-60 მუხლის მოთხოვნებს და მას უარი უნდა ეთქვას პენსიაზე დანამატის დანიშვნაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დასაბუთებულობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და მიიჩნევს, რომ საქართველოს სოცუზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული ფილიალის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 4 თებერვლის განჩინება და საქმეზე მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შ. კ.-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ შ. კ.-ე არის 90 წელს მიღწეული პირი, რომელსაც არ მიუღია სამამულო ომში მონაწილეობა და იმ პერიოდში მსახურობდა ... ქარხანაში, არის სამამულო ომის მონაწილესთან გათანაბრებული პირი. იგი პენსიის სახით 35 ლარს იღებს.

მოსარჩელე ითხოვს “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული შეღავათის მასზე გავრცელებას, კერძოდ, უკვე დანიშნულ პენსიასთან ერთად მოხუცებულობის გამო პენსიის ორი მინიმალური პენსიის (28 ლარი) დანამატით მიღებას. აღნიშნული ნორმის მიხედვით: “ფაშიზმის წინსააღმდეგ 1941-45 წლების ომში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების მონაწილეებს და მათთან გათანაბრებულ პირებს, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 75 წელი და/ან არიან I და II ჯგუფის ინვალიდები, ეძლევათ ორი სახეობის პენსიის _ ომის ინვალიდობის მიხედვით და მოხუცებულობის გამო (შრომის წელთა ნამსახურობისათვის) ერთდროულად მიღების უფლება. ამასთან, მათ მოხუცებულობის პენსიაზე დაენიშნებათ დანამატი მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობით”.

“სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის პირველი მუხლის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულია მითითებული კანონის სუბიექტები, კერძოდ, კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით საპენსიო უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე შემდეგი პირები: ა) ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში ხელშეკრულებით მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ სამხედრო ძალებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში და სხვა სამხედრო სტრუქტურებში, ან ბ) სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებული ვადიანი სამხედრო სამსახურის მოსამსახურეები, თადარიგიდან სამხედრო ან სპეციალურ შეკრებაზე გაწყვეული პირები (გარდა ოფიცრებისა) და მათი ოჯახის წევრები მარჩენალის დაკარგვის გამო.

საკასაციო სასამართლო მხარის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1997წ. 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა, რომ მითითებული კანონის 1 მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად ხსენებული აქტი ვრცელდება ომის იმ ვეტერანებზე, რომლებმაც ომის შემდეგ გააგრძელეს სამხედრო სამსახური, აქვთ ოფიცრის წოდება და სათანადო წელთა ნამსახურობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლით დადგენილი საპენსიო შეღავათის მოპოვებისათვის კანონის პირველი მუხლის “ა” და “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამხედრო მოსამსახურე პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა. უნდა იყოს 1941-45 წლების დიდი სამამულო ომის მონაწილე;

ბ. უნდა შეუსრულდეს 75 წელი;

გ. უნდა ჰქონდეს ოფიცრის წოდება და/ან უნდა იყოს სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებული ომის I ან II ჯგუფის ინვალიდი.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელე შ. კ.-ე ზემოაღნიშნული კანონით განსაზღვრულ საპენსიო უზრუნველყოფის მქონე პირთა კატეგორიას არ განეკუთვნება, რადგან იგი არ წარმოადგენს მითითებული “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამხედრო მოსამსახურეს და არც სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებულ I ან II ჯგუფის ომის ინვალიდს, რის გამოც მასზე ვერ გავრცელდება ამავე კანონის მე-60 მუხლის მოთხოვნები.

აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მხარის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მართალია “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლი ზოგადია ხასიათისაა, მაგრამ იგი ვრცელდება მხოლოდ ხსენებული კანონის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სუბიექტებზე და მითითებული მუხლით გათვალისწინებული საპენსიო შეღავათის მიღების უფლებაც მხოლოდ ამ კანონის სუბიექტებს აქვთ მინიჭებული.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სოცუზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული ფილიალის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 4 თებერვლის განჩინება და საქმეზე მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შ. კ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სოცუზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული ფილიალის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 4 თებერვლის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

3. შ. კ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

4. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.