Facebook Twitter

3გ-ად-128-კ-03 4 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

გ. ქაჯაია,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: ზარალის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 4 ივნისს შპს “კ.-მ” სარჩელით მიმართა ქუთასისი საოლქო სასამართლოს და მოითხოვა ფოთის საზღვაო სავაჭრო ნავსადგურისათვის მის სასარგებლოდ 579367 ლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლით: 2000წ. 2 ოქტომბერს ფოთის საზღვაო-სავაჭრო სადგურმა განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს დაზელის საწვავის ღირებულების – 4029 ლარის გადახდის თაობაზე და მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით ითხოვა შპს “კ.-ის” ფულად სახრებსა და ქონებაზე ყადაღის დადება. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 10 ოქტომბრის განჩინებით ყადაღა დაედო შპს “კ.-ის” ფულად სახსრებს და ქონებას.

ფოთის საქალაქო სასამართლომ ფოთის ნავსადგურის 2000წ. 2 ოქტომბრის განცხადების საფუძველზე მიიღო გადახდის ბრძანება შპს “კ.-ის” მიმართ 4028 ლარის განმცხადებლის სასარგებლოდ გადახდევინების შესახებ. აღნიშნული ბრძანების გაუქმების შესახებ შპს “კ.-მ” სასამართლოში შეიტანა მოტივირებული შესაგებელი. დავა მხარეებს შორის მოცემულ საქმეზე გაგრძელდა 2 წელზე მეტ ხანს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ფოთის ნავსადგურის გადახდის ბრძანების მიღების შესახებ განცხადებასთან დაკავშირებული ფოთის საქალაქო სასამართლოს მთელი რიგი განჩინებები.

შპს “კ.-მა” არაერთხელ შესთავაზა მორიგება მოწინააღმდეგე მხარეს – ფოთის ნავსადგურს, მაგრამ მათი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

ყადაღის დადებით გამოწვეული ზიანი, მოსარჩელის განმარტებით გამოიხატა შემდეგში:

შპს “კ.-მ” გააფორმა ხელშეკრულება ¹01 შპს “გაბი-აუდიტთან” მის ბალანსზე რიცხული სამრეწველო საქონელსა და გემ “პორტოზე” ყადაღის დადებით მიყენებული ზარალის დასაანგარიშებლად. 2000წ. 3 მაისის დასკვნით ზარალის ოდენობამ შეადგინა 70497 ლარი.

2002წ. 8 მაისს შპს “კ.-მ” ხელშეკრულება გააფორმა თბილისში ინდივიდუალურ აუდიტორთან რობერტ ხარაზიშვილთან, რომლის 2002წ. 24 მაისის დასკვნითაც შპს “კ.-ისათვის” მიყენებულმა ზარალმა 137629 ლარი შეადგინა. აღნიშნულს ემატება შემდეგი სახის ზარალიც:

ქ. მოსკოვში შპს “კ.-ს” ჰქონდა მაცივარი, რომლის საბალანსო ღირებულება იყო 40293 აშშ დოლარი და რომელსაც ვალის ნაწილში ნავსადგურს სთავაზობდა. ყადაღის პერიოდში, კერძოდ, ორიწ. განმავლობაში მისი რეალიზაცია ვერ მოხერხდა. მისი ღირებულება კი ამ დროის მანძილზე შემცირდა წელიწადში 15%-იანი ცვეთით ზარალის ოდენობამ შეადგინა 26596 ლარი.

ქ. მოსკოვში შპს “კ.-ს” ასევე ჰქონდა ავტომანქანა “ბმვ”. რომლის საბალანსო ღირებულება შეადგენდა 22000 აშშ დოლარს. შპს “კ.-ი” აღნიშნულსაც სთავაზობდა ვალის ნაწილში ნავსადგურს. ყადაღის გამო ვერც მანქანა გაიყიდა. მანაც 2 წლის განმავლობაში განიცადა ცვეთა ოღონდ წელიწადში 20%-იანი საბალანსო ღირებულებით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყადაღის მოხსნის შემდეგ იგი გაიყიდება 20%-იანი ცვეთის გამოკლებით.

ყადაღის ქვეშ არსებული გემი “...” გაიყიდა ჯართის სახით 1 ტ. 14 აშშ დოლარად, ყადაღის მოხსნის შემთხვევაში ერთი ტონა დაუჭრელი ჯართი გაიყიდებოდა 60 აშშ დოლარად, ხოლო დაჭრილი 70 დოლარად, ზარალმა შეადგინა 32320 ლარი.

სამრეწველო საქონელი, რომელიც 2 წელიწადში ყადაღის ქვეშაა და რომელსაც ასევე სთავაზობდნენ ვალის ნაწილში ნავსადგურს, გაიყიდებოდა 130000 ლარად. ზარალმა შეადგინა 106063 ლარი. შპს “კ.-ის” ქონებაზე და საბანკო ანგარიშზე ორიწ. მანძილზე ყადაღის დადებამ (4028 ლარის თანხით) გამოიწვია შპს “კ.-ის” საზოგადოების პარალიზება ორგანიზაცია მთლიანად გამოეთიშა სამეწარმეო საქმიანობას. უსამართლოდ დადებულმა ყადაღამ შელახა საზოგადოების საქმიანი რეპუტაცია ქართველი და უცხოელი პარტნიორების წინაშე.

აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ ფოთის ნავსადგურისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების გადახდის დაკისრება 579367 ლარის ოდენობით, მათ შორის საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის არაქონებრივი ზიანის – 250000 ლარის გადახდის დაკისრება.

მოპასუხემ სსიპ “ფოთის საზღვაო ნავსადგურმა” სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობის გამო.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს “კ.-ის სასარჩელო განცხადება მოპასუხე ფოთის საზღვაო ნათსადგურის მიმართ შპს “კ.-ის” ქონებაზე და ფულად სახსრებზე ყადაღის დადების შედეგად მიყენებული ზიანის 579367 ლარის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლოს განმარტებით მოსარჩელის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ რადგან ქუთაისის საოლქო სასამართლომ უარი უთხრა ფოთის პორტს 4028 ლარის ანაზღაურების ნაწილში და ამიტომ ამ სარჩელისათვის გამოყენებული ყადაღა გაუმართლებელი აღმოჩნდა, რითაც შპს “კ.-ს” ზიანი მიადგა – უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 106-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტის თანახმად მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან, ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ, ესენია ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.

ქუთაისის საოლქო სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობით სსკ-ს 184-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად (შპს “კ.-ი” და ფოთის პორტი) ერთ წარმოებად გააერთიანა ორი საქმე, როგორც 220000 ლარის, ისე 4028 ლარის შპს “კ.-ისათვის” გადასახდელად დაკისრების ნაწილში.

სასამართლოს მიერ საქმეთა გაერთიანების დროს არ დამდგარა საკითხი 4028 ლარის უზრუნველყოფის ნაწილში ყადაღის გაუქმების შესახებ, რაც უდავოდ ნიშნავს, რომ საქმეთა გაერთიანების შემდეგაც სასარჩელო მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით შპს “კ.-ის” ქონებაზე დადებული ყადაღა ძალაში დარჩა.

სასამართლოს აზრით რამდენადაც შპს “კ.-მ” ფოთის ნავსადგურს უნდა გადაუხადოს 135960 ლარი და 97 თეთრი, რომელშიც შედის აგრეთვე 4028 ლარი. ამ უკანასკნელის ცალკე მოთხოვნა და დაკისრება შპს “კ.-ზე” უსაფუძვლოა.

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეთა გაერთიანების შემდეგ, რადგან ერთი სასარჩელო მოთხოვნა მეორე სასარჩელო მოთხოვნის შემადგენელი ნაწილი გახდა, ერთ-ერთი მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული სარჩელის ღონისძიება არ შეიძლება ჩაითვალოს გაუმართლებლად და ზიანის მიყენების მიზეზად.

სკ-ს 412-ე მუხლის თანახმად ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

განსახილველ შემთხვევაში ფოთის პორტი მოქმედებდა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მას შეეძლო დაეყენებინა შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხის შპს “კ.-ის” ქონების დაყადაღების შესახებ. რადგან შემდგომი საქმის განხილვით დადგინდა შპს “კ.-ის” ვალდებულება ფოთის პორტისადმი – ამ უკანასკნელის მოქმედება, ყადაღის დადების შესახებ არ შეიძლება განხილული იქნას როგორც ზიანის გამომწვევი მოქმედება.

სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის 250000 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილშიც უსაფუძვლოა, რადგან საქართევლოს სკ-ს 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

აღნიშნული გადაწყვეტილება შპს “კ.-მ” საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 26 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და იმავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა კოლეგიისათვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნდება შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორის განმარტებით 2002წ. 19 ივნისს ფოთის საქალაქო სასამართლომ შპს “კ.-ის” კერძო საჩივრის საფუძველზე გააუქმა მისივე 2000წ. 10 ოქტომბრის განჩინება 4028 ლარის დაკისრების მოთხოვნით ფოთის პორტის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხის ქონებასა და ფულად სახსრებზე ყადაღის დადების შესახებ. აღნიშნული გარემოება, თანახმად სსკ-ს 199-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, ავალდებულებს მხარეს, ვის სასარგებლოდაც მოხდა სარჩელის უზრუნველყოფა, აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რომელიც მიადგა მას ამ ღონისძიების გატარების შედეგად. ამდენად, უსაფუძვლოა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო კოლეგიის მიერ კასატორის სარჩელზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ მხარეთა შუამდგომლობით სსკ-ს 184-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად ერთ წარმოებად გაერთიანდა ორი საქმე, როგორც 220000 ლარის, ისე 4028 ლარის შპს “კ.-ისათვის” გადასახდელად დაკისრების ნაწილში, ხოლო საქმეთა გაერთიანების შემდეგაც სასარჩელო მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხის ქონებაზე დადებული ყადაღა ძალაში დარჩა, მაშინ როდესაც ფოთის პორტის 2000წ. 25 მაისის სარჩელის მოთხოვნა 220000 ლარის დაკისრების თაობაზე უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხის – შპს “კ.-ის” ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული. კასატორი თვლის, რომ მიუხედავად ამისა, სასამართლო კოლეგია გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში აკეთებს მცდარ, არანაირ საკანონმდებლო ნორმაზე დაფუძნებულ დასკვნას იმის შესახებ, რომ რადგან ერთი სასარჩელო მოთხოვნა მეორე სასარჩელო მოთხოვნის შემადგენელი ნაწილი გახდა, ერთი მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული სარჩელის ღნისძიება არ შეიძლება ჩაითვალოს გაუმართებლად და ზიანის მიყენების მიზეზად.

კასატორის აზრით, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი ძირითადად აგებულია სასამართლო კოლეგიის ამ დაუსაბუთებელ მოსაზრებაზე, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის I-ლი ნაწილის “ე” პუნქტის მიხედვით წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საკმარის საფუძველს. სასამართლო კოლეგიის უსაფუძვლო მსჯელობის ლოგიკური შედეგია ის გარემოება, რომ მან არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, სკ-ს 412-ე მუხლი, რადგან, როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, სსკ-ს 199-ე მუხლის მე-2 ნაწილი ავალდებულებს მხარეს, ვის სასარგებლოდაც მოხდა სარჩელის უზრუნველყოფა, აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი თუ სარჩელი არ იქნა დაკმაყოფილებული.

ამდენად, კასატორი თვლის, რომ შპს “კ.-ისათვის” ზიანის მიყენების ფაქტი უშუალოდ გამომდინარეობს და შედეგია ფოთის ნავსადგურის მიერ მოპასუხის ქონებაზე ყადაღის დადებისას განხორციელებული ქმედებისა, რაც მისთვის წინასწარ იყო სავარაუდო.

კასატორის მითითებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს ასევე ის გარემოებაც, რომ საქმე განიხილა სასამართლოს უკანონო შემადგენლობამ, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ფოთის პორტი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, არ არის ადმინისტარაციული ორგანო, რადგან არ ახორციელებს საჯარო სამართლებრივ ფუნქციას, კერძოდ, ისეთ ფუნქციებს, რომლებიც არ საჭიროებს მეორე მხარის თანხმობას და რომლის უკანაც სახელმწიფო იძულების მექანიზმი დგას.

აღნიშნულიდან გამომინარე კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლო კოლეგიამ არასწორად განმარტა კანონი და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რის შედეგადაც სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “გ” პუნქტების საფუძველზე გასაჩივრებული გადაწყვეტილება ექვემდებარება გაუქმებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ შპს “კ.-ის” საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 26 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია და არ დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებანი, კერძოდ:

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ფოთის საქალაქო სასამართლომ ქ. ფოთის ნავსადგურის განცხადების საფუძველზე მის მიერ შპს “კ.-ისთვის” მიწოდებული დიზელის საწვავის ღირებულების – 4028 ლარის გადახდევინების თაობაზე 2000წ. 10 ოქტომბრის განჩინებით მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაადო შპს “კ.-ის” ქონებასა და ფულად სახსრებს. საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ შპს “კ.-ი” ქონებაზე ყადაღის დადებამდეც ფაქტობრივად აღიარებდა მის დავალიანებას ქ. ფოთის ნათსადგურის მიმართ და როგორც თავის სასარჩელო განცხადებაში მიუთითებს, მისი ქონების ორწლიანმა დაყადაღებამ არ მისცა მას საშუალება გაეყიდა ქონება, კერძოდ ავტომანქანა “ბმვ”,. გემი “...”, სამრეწველო საქონელი დაყადაღების მომენტისათვის მათზე არსებული ფასებით და დაეფარა დავალიანება. 2წ. მანძილზე კი მათ საბალანსო და საბაზრო ღირებულება შემცირდა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა დაედგინა ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში, როდესაც შპს “კ.-ი” ფაქტობრივად აღიარებდა ვალს, იყო თუ არა ამ უკანასკნელის მხრიდან მის ქონებაზე ყადაღის არსებობის პირობებში მცდელობა რეალურ ფასად გაეყიდა ეს ქონება და ამით დაეფარა ნავსადგურის დავალიანება და ხომ არ უშლიდა რაიმე ფორმით ქ. ფოთის ნავსადგური ხელს აღნიშნულს.

საკასაციო სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს შპს “კ.-ის” რა ღირებულების ქონებას და ფულად თანხებს დაედო მთლიანობაში ყადაღა, რადგან ქ. ფოთის ნავსადგური განცხადებით ითხოვდა 4028 ლარის დაკისრებას, ხოლო მეორე სასარჩელო განცხადებით 2206674 ლარს და უნდა იმსჯელოს. თუ რამდენად ურთიერთ შესაბამისი იყო დაყადაღებული ქონების ღირებულება და მთლიანობაში სარჩელითა და განცხადებით მოთხოვნილი თანხა.

საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს ს.ფ. 59-ზე არსებულ განჩინებას, რომლითაც გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 10 ოქტომბრის განჩინება შპს “კ.-ის” ქონებისა და ფულადი სახსრების დაყადაღების შესახებ.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას მოცემული საქმის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვის შესახებ, რადგან ქ. ფოთის ნავსადგური საჯარო სამართლის იურიდიული პირია, ხოლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად კი საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა) წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს. შესაბამისად ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, მოცემული საქმე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით განსახილველ საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 26 ნოემბრის გადაწყვეტილება და აღნიშნული მითითებებით საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 399-ე, 404-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “კ.-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 26 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. მხარეთათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.