Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3გ-ად-129-კ-03 28 მაისი, 2003 წ. ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2001წ. 8 მაისს ჯ. მ-ემ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა მოპასუხე საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ და სამუშაოზე აღდგენა და განაცდური ხელფასის ანაზღაურება მოითხოვა.

მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:

1991წ. ივლისიდან სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მცხეთის რაიონული განყოფილების ...ედ მუშაობდა. აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში მას ადმინისტრაციული სასჯელი არ მიუღია. სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის დირექტორის 2001წ. 10 აპრილის ბრძანების საფუძველზე თანამდებობრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების საბაბით იგი სამუშაოდან გაათავისუფლეს. არ იქნა გათვალისწინებული შკკ-ს 135-ე და 136-ე მუხლების მოთხოვნები. ამასთან, გათავისუფლების შემდეგ ბრძანება აღნიშნულის თაობაზე და შრომის წიგნაკი დაგვიანებით ჩაბარდა.

2001წ. 4 ივლისის გადაწყვეტილებით ჯ. მ-ეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ჯ. მ-ემ სააპელაციო წესით იმავე საფუძვლებით გაასაჩივრა და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 4 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით ჯ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და იგი აღდგენილი იქნა სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მცხეთის რაიონული განყოფილების ...ის თანამდებობაზე და აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური სამუშაოდან დათხოვნის დღიდან სამსახურში არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 13 მარტის განჩინებით სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 1 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე პალატას დაუბრუნდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 29 მაისის განჩინებით ჯ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 4 ივლისის გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 25 ოქტომბრის განჩინებით ჯ. მ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 29 მაისის განჩინება და საქმე განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას გადაეცა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 4 თებერვლის განჩინებით ჯ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 4 ივლისის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის 1998წ. 29 აპრილის ბრძანებით დამტკიცებული სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო ერთიანი სახელმწიფო ფონდის რაიონული (საქალაქო) განყოფილების დებულების ¹2 დანართის მე-2 მუხლის და მე-4 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციას სრული უფლება ჰქონდა ჯ. მ-ე სამსახურიდან სამსახურებრივი მოვალეობის უხეშად დარღვევის გამო გაეთავისუფლებინა, რაც დადასტურებულია შემოწმების შუალედური აქტით, 2001წ. 12 აპრილის საბოლოო აქტით და ჯ. მ-ის 2001წ. 7 აპრილის ახსნა-განმარტებითი ბარათით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ჯ. მ-ემ იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ჯ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 4 თებერვლის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორედ განმარტა იგი.

სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში საპროცესო ნორმები მოთხოვნათა დაცვით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: 2001წ. 10 აპრილის ბრძანების საფუძველზე, ჯ. მ-ე სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მცხეთის რაიონული განყოფილების ...ის თანამდებობიდან გათავისუფლდა. ბრძანებას საფუძვლად დაედო სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ ჩატარებული შემოწმება, რომლის პირველი ეტაპი დამთავრდა 15 მარტს და გაფორმდა შუალედური აქტი. აღნიშნული აქტით დადასტურებულია მცხეთის რაიონული განყოფილების მიერ საპენსიო თანხების არასწორი ხარჯვა და საანგარიშსწორებო დისციპლინის დარღვევა. მას ხელს აწერს ჯ. მ-ე. ეს აქტი მის მიერ გასაჩივრებული არ ყოფილა.

საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ადმინისტრაციას სრული უფლება ჰქონდა ჯ. მ-ე სამსახურიდან სამსახურებრივი მოვალეობის უხეშად დარღვევის გამო გაეთავისუფლებინა, რაც უდავოდაა დადასტურებული 2001წ. 15 მარტის შუალედური აქტით და ჯ. მ-ის 2001წ. 7 აპრილის ახსნა-განმარტებითი ბარათით. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის 1998წ. 29 აპრილის ბრძანებით დამტკიცებული სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის რაიონული განყოფილების ¹2 დანართის მე-2 მუხლი, რომლის თანახმადაც, განყოფილების გამგე პასუხისმგებელია განყოფილების მთელ საქმიანობაზე, მე-4 მუხლის მიხედვით კი იგი უზრუნველყოფს საფინანსო დისციპლინის დაცვას, ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშების სწორად წარმართვას.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მისი სამუშაოდან გათავისუფლებისას ადგილი ჰქონდა შკკ-ს 135-ე მუხლის დარღვევას. შკკ-ს 135-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტის თანახმად შრომის დისციპლინის დარღვევისათვის ადმინისტრაციის მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მუშაკის სამუშაოდან დათხოვნაც, თუ არსებობს ამავე კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ”, “დ” და “ვ-თ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებები. მოცემულ შემთხვევაში ჯ. მ-ის სამუშაოდან დათხოვნას საფუძვლად დაედო შკკ-ს 34-ე მუხლი პირველი ნაწილის “თ” ქვეპუნქტის პირველი აბზაცით გათვალისწინებული გარემოება, კერძოდ, ჯ. მ-ის ბრალეული ქმედება, რომელიც პასუხისმგებელი იყო ფულად ფასეულობებზე და რომლის მიმართაც ადმინისტრაციამ დაკარგა ნდობის საფუძველი. ასევე, სახეზე არა გვაქვს შკკ-ს 136-ე მუხლის დარღვევა, რადგან ჯ. მ-ეს კანონით დადგენილი წესით ჩამოერთვა წერილობითი ახსნა-განმარტება და ადმინისტრაციის მიერ შემოწმების შუალედური აქტის შედგენისთანავე იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არსებითად სწორია, არ არსებობს მისი გაუქმების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი და იგი დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჯ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 1 თებერვლის განჩინება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება