გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3გ-ად-130-კ-03 29 მაისი, 2003წ. ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: პენსიაზე დანამატის დანიშვნა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
კასატორმა გ. ყ-მა 2002წ. 14 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ და “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონის მე-14, მე-15, 41-ე და მე-60 მუხლებზე დაყრდნობით მოითხოვა უკვე დანიშნულ პენსიაზე საპენსიო დანამატის დანიშვნა თვეში 79 ლარისა და 30 თეთრის ოდენობით და კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვა მიუღებელი საპენსიო დანამატის ანაზღაურება 1997წ. 1 იანვრიდან, ანუ კანონის ძალაში შესვლის მომენტიდან. მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ იგი არის სამამულო ომის II ჯგუფის ინვალიდი, გადამდგარი ვიცე-პოლკოვნიკი, ომის, შრომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანი და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში იმსახურა 40 კალენდარული წელი.
მოპასუხე _ საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა გ. ყ-ის სარჩელი ნაწილობრივ ცნო მხოლოდ “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონის მე-14, მე-15, 41-ე მუხლების საფუძველზე, საპენსიო დანამატის 79 ლარისა და 33 თეთრის დანიშვნის ნაწილში, ხოლო მე-60 მუხლით გათვალისწინებული შეღავათის _ მეორე სახეობის პენსიის, მოხუცებულობის გამო პენსიის დანამატის დანიშვნის ნაწილში, სარჩელი არაკანონიერად მიიჩნია, რადგან მე-60 მუხლით მეორე სახის პენსიის დანამატის დანიშვნას კანონი იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ პენსიონერს პენსია დანიშნული აქვს ომის ინვალიდობის მიხედვით, მოსარჩელეს კი პენსია უშიშროების სამინისტროს ხაზით დანიშნული ჰქონდა 36 წელზე წელთა ნამსაუხურობის გამო.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 ივნისის გადაწყვეტილებით გ. ყ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონის 41-ე მუხლის “ზ", “დ" და “ე" ქვეპუნქტების, ასევე მე-14 და მე-15 მუხლების “ა" ქვეპუნქტების საფუძველზე, მოსარჩელეს დაენიშნა საპენსიო დანამატი 79 ლარი და 33 თეთრი. გადაწყვეტილებით მოპასუხე _ საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდს დაეკისრა 1 წლის მიუღებელი საპენსიო დანამატის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ. მოსარჩელეს ვაკე-საბურთალოს სოცუზრუნველყოფის განყოფილებიდან მოეხსნა მეორადი პენსია.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაასაჩივრა გ. ყ-მა და “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონის 52-ე მუხლის საფუძველზე, მოითხოვა კანონის ამოქმედებიდან, 1997წ. 1 იანვრიდან მიუღებელი საპენსიო დანამატის ანაზღაურება, სულ 4442 ლარისა და 48 თეთრის ოდენობით.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 30 იანვრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გ. ყ-ის სააპელაციო საჩივარი. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილის შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება 1997წ. 1 იანვრიდან მიუღებელი საპენსიო დანამატის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ, შემდეგი მოტივით:
1997წ. 1 იანვრიდან მიუღებელი საპენსიო დანამატის ნაწილში სააპელაციო სასამართლომ გააუქმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სსკ-ს 394-ე მუხლის “ე" ქვეპუნქტის საფუძველზე, იურიდიულად დაუსაბუთებლობის გამო. სააპელაციო პალატამ “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონის 50-ე მუხლის თანახმად მიიჩნია, რომ პენსიონერი ვალდებულია პენსიის მომატების უფლების წარმოშობისას თავად მიმართოს საპენსიო ორგანოს პენსიის გადაანაგარიშების მოთხოვნით, საპენსიო ორგანოს ვალდებულებას კი გადაანგარიშების საფუძვლიანობის შემოწმება წარმოადგენს. ამიტომ კანონის ზემოაღნიშნული 50-ე მუხლის საფუძველზე პალატამ ჩათვალა, რომ 1997წ. 1 იანვრიდან, კანონის ამოქმედებიდან მიუღებელი საპენსიო დანამატის ანაზღაურებაზე მოთხოვნა არაკანონიერია და უცვლელად დატოვა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 ივნისის გადაწყვეტილება გ. ყ-ისათვის ერთი წლის მიუღებელი საპენსიო დანამატის ანაზღაურების ნაწილში. ამასთან, სასამართლომ სრულად გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის _ სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წარმომადგენლის მოსაზრება, რომ აპელანტის მიერ მითითებული 52-ე მუხლი ეხება დროულად გაუცემელი პენსიების ანაზღაურებას და იგი ვერ გავრცელდება პენსიის გადაანგარიშების დანამატის გაცემაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას საკასაციო წესით ასაჩივრებს გ. ყ-ი და შემდეგი საფუძვლით ითხოვს გადაწყეტილების გაუქმებას და 1997წ. 1 ივლისიდან მიუღებელი საპენსიო დანამატის _ 4442 ლარისა და 48 თეთრის ანაზღაურებას:
1. კასატორის აზრით, რაიონული სასამართლოს მიერ მისთვის დანიშნული საპენსიო დანამატი _ 79 ლარი და 33 თეთრი “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონის მე-14, მე-15, 41-ე მუხლების შესაბამისად, მისთვის უნდა დაენიშნათ კანონის ამოქმედებიდან, 1997წ. 1 იანვრიდან, რაც არ განხორციელდა “კანონის შესაბამისად პენსიების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით" ფინანსთა მინისტრის 1997წ. 5 მარტის ¹04-02-15/458 მითითების გამო, რომელმაც უკანონოდ, გაურკვეველი დროით შეაჩერა კანონით გათვალისწინებული საპენსიო დანამატის პენსიონერებზე გაცემა, რაც თბილისის საოლქო სასამართლომ 1998წ. 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით არაკანონიერად (ბათილად) ცნო;
2. სააპელაციო პალატამ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ გააუქმა გასაჩივრებულ ნაწილში სსკ-ს 394-ე მუხლის “ე" ქვეპუნქტის საფუძველზე, იურიდიულად დაუსაბუთებლობის გამო, რასაც კასატორი არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა სსკ-ს 394-ე მუხლის “ე" ქვეპუნქტი, რომელიც კოდექსის მეცხრე კარის _ “კასაცია" 48-ე თავში “კასაციის დასაშვებობა" მდებარეობს, მუხლს კი ჰქვია “საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძვლები". ამიტომ სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული ნორმის გამოყენების უფლება არ ჰქონდა;
3. კასატორის აზრით, სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონის 50-ე და 52-ე მუხლები. კასატორი თვლის, რადგან საქართველოს უშიშროების სამინისტროს საფინანსო განყოფილებამ სრულიად უპასუხისმგებლოდ და უკრიტიკოდ მიიღო სახელმძღვანელოდ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ზემოაღნიშნული უკანონო მითითება და მატერიალური ზიანი მიაყენა უშიშროების სამინისტროს პენსიონერს, ამიტომ კანონის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მას შეუზღუდავად უნდა მიეცეს მიუღებელი პენსიის მთლიანი თანხა.
გ. ყ-ის საკასაციო საჩივარი განხილულ იქნა მხარეთა დასწრების გარეშე, თანახმად სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილისა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ყ-ის საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 30 იანვრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
1. კასატორი გ. ყ-ი “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონის მე-14, მე-15 და 41-ე მუხლების საფუძველზე ითხოვდა საპენსიო დანამატის ანაზღაურებას კანონის ამოქმედებიდან, 1997წ. 1 იანვრიდან. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელეს დაენიშნა საპენსიო დანამატი 79 ლარისა და 33 თეთრის ოდენობით; მოპასუხე _ სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1 წლის მიუღებელი საპენსიო დანამატის ანაზღაურება, ხოლო 1997წ. 1 იანვრიდან მიუღებული საპენსიო დანამატის ანაზღაურებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა, რაც მოსარჩელის მიერ სააპელაციო წესით ნაწილობრივ გასაჩივრდა 1997წ. 1 იანვრიდან მიუღებელი 4442 ლარისა და 48 თეთრის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში, დანარჩენ ნაწილში რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, თანახმად სსკ-ს 264-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ" ქვეპუნქტისა. საკასაციო წესით გასაჩივრებული საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებაც სწორედ აღნიშნულ პუნქტთან დაკავშირებით არის მიღებული, ამიტომ სსკ-ს 404-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატა პროცესუალურად უფლებამოსილია საკასაციო საჩივრის ფარგლებში შეამოწმოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და იმსჯელოს 1997წ. 1 იანვრიდან მიუღებელი საპენსიო დანამატის ანაზღაურების შესახებ გ. ყ-ის მოთხოვნის მართლზომირებაზე.
2. საკასაციო პალატა, უსაფუძვლობის მოტივით, არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას დავის გადაწყვეტისას და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისას სააპელაციო პალატის მიერ სსკ-ს 394-ე მუხლის “ე" ქვეპუნქტის არასწორად გამოყენების თაობაზე, რადგან, მართალია, აღნიშნული ნორმა განთავსებულია სსკ-ს მეცხრე კარის _ “კასაცია" 48-ე თავში _ “კასაციის დასაშვებობა” და მუხლს “საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველი” ჰქვია, მაგრამ ამავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა" ქვეპუნქტი (რომელიც მერვე კარის _ “აპელაცია", 47 თავში _ “სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება" მდებარებს) მიუთითებს: “სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უკან უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს”, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სსკ-ს 385-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა' ქვეპუნქტიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო პროცესუალურად უფლებამოსილი იყო რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება _ დასაბუთების შემოწმებისას ეხელმძღვანელა ამავე კოდექსის 394-ე მუხლის “ე" ქვეპუნქტით და იურიდიულად დაუსაბუთებლობის გამო, გაეუქმებინა იგი. ამიტომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სსკ-ს 394-ე მუხლი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია და ამავე კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ"' ქვეპუნქტის დარღვევაზე კასატორის მითითება უსაფუძვლოა;
3. საკასაციო პალატის აზრით, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია ასევე საკასაციო საჩივრის დანარჩენი მოტივებიც. კერძოდ, ფინანსთა მინისტრის 1997წ. 5 მარტის ¹04-02-15/458 მითითების არაკანონიერებაზე ყურადღების გამახვილება, რადგან არც რაიონულ და არც სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული მითითება დავის გადაწყვეტისას არ გამოუყენებიათ და არც უნდა გამოეყენებინათ, რადგან გ. ყ-ის, როგორც სახელმწიფო უშიშროების ორგანოდან დათხოვნილი, სამამულო ომის II ჯგუფის ინვალიდი, ვიცე-პოლკოვნიკის საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი რეგულირებულია “სამხედერო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონით, რომლითაც მართებულად იხელმძღვანელა სააპელაციო სასამართლომ.
გ. ყ-მა “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონის მე-14 და მე-15-ე მუხლების “ა' ქვეპუნქტის, ასევე 41-ე მუხლის “დ", “ზ" “ე" ქვეპუნქტების საფუძველზე მოითხოვა უკვე დანიშნულ პენსიაზე დანამატის დანიშვნა, რადგან იგი არის სამამულო ომის II ჯგუფის ინვალიდი და სახელმწიფო უშიშროების ორგანოში ნამსახური აქვს 40 კალენდარული წელი, რაც კანონის ზემოღნიშნული ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პენსიების მომატების პირობებია, მაგრამ ამავე კანონის 50-ე მუხლის მე-2 წინადადების მიხედვით: “თუ პენსიონერმა მიიღო პენსიის მომატების უფლება და დროულად არ მიმართა სათანადო ორგანოებს პენსიის მისაღებად, მაშინ მას ახალ და ადრინდელ პენსიებს შორის სხვაობა შეიძლება გადაუხადონ წარსული დროისათვის, მაგრამ არაუმეტეს 12 თვისა, რომელიც წინ უძღვოდა პენსიის გადასაანგარიშებლად მიმართვის დღეს". აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ პენსიის მომატების უფლების წარმოშობისას პენსიონერი ვალდებულია თავად მიმართოს საპენსიო ორგანოს პენსიის გადაანგარიშების მოთხოვნით, ხოლო საპენსიო ორგანო ამავე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, მოვალეა პენსიის გადაანაგარიშება აწარმოოს მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, რომლის შეუსრულებლობის შემთხევაში, თუ პენსიონერმა საპენსიო ორგანოს მიზეზით ვერ მიიღო დროულად პენსიის თანხა, მაშინ ამავე კანონის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პენსიონერს შეუზღუდავად უნდა მიეცეს პენსიის მთლიანი თანხა.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა 1997წ. 1 იანვრის შემდეგ, ამ კანონის საფუძველზე პენსიის დანიშვნის შემდგომ გ. ყ-ის მიერ საპენსიო დანამატის მიღების შესახებ სათანადო ორგანოსათვის მიმართვის ფაქტს, გარდა 2002 წელს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდისადმი მიმართვისა, რომელზეც უარყოფითი პასუხის მიღებისთანავე, 2002წ. 14 მაისს კასატორმა სარჩელი აღძრა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში და კანონის ამოქმედებიდან 5 წლის შემდეგ, მთელ განვლილ პერიოდზე მოითხოვა მიუღებელი საპენსიო დანამატის ანაზღაურება, რაც მართებულად არ დაკმაყოფილდა არც რაიონული და არც სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო პალატა ეთანხმება სასამართლოთა გადაწყვეტილებას და “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონის 50-ე მუხლის მე-2 წინადადების საფუძველზე მიაჩნია, რადგან გ. ყ-მა პენსიის მომატების შესახებ დროულად არ მიმართა სათანადო ორგანოებს, ახალ და ადრინდელ პენსიებს შორის სხვაობა შეიძლება აუნაზღაურდეს გასული დროისათვის, მაგრამ არაუმეტეს 12 თვისა.
ამდენად, საკასაციო პალატა, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ იზიარებს გ. ყ-ის საკასაციო საჩივარს, მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, თანახმად სსკ-ს 410-ე მუხლისა და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 30 იანვრის გადაწყვეტილება, რადგან სააპელაციო პალატამ საქმის ფაქტობრივ გარემოებათა მართებული შეფასებითა და “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონის 50-ე, 52-ე მუხლების სწორი განმარტებით, ასევე სსკ-ს 394-ე მუხლის “ე" ქვეპუნქტის მართებული გამოყენებით გამოიტანა კანონიერი გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 410-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ყ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 30 იანვრის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.