Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-131-კ-03 2 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. ქადაგიძე

სარჩელის საგანი: მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 9 თებერვალს ი. ც-ემ სარჩელი აღძრა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების: სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის, 2493,16 ლარის ანაზღაურება.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ 1996წ. 16 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ”, რომელიც საქართველოს პარლამენტის 1996წ. 18 ოქტომბრის ¹446-12 დადგენილებით ამოქმედდა 1997წ. 1 იანვრიდან. მაშინდელმა ფინანსთა მინისტრმა დ. ი-ემ, არა თუ არ დააფინანსა კანონის ამოქმედების დღიდან _ 1997წ. იანვრიდან _ სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს პენსიონერთა პენსიები, არამედ ამ კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით 1997წ. 5 მარტს ხელი მოაწერა ¹04-02-15/458 “მითითებას საქართველოს კანონის “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახების წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” შესაბამისად პენსიების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით”, რომლითაც სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო დაავალდებულა, საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 20 აგვისტოს ¹549 ბრძანებულებაში ჩამოთვლილ მოხელეთა თანამდებობრივი განაკვეთების ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადის შემცირების გათვალისწინებით მოეხდინა პენსიების გაანგარიშება და ვინაიდან 1997წ. კანონი “საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა იმავე წლის 21 თებერვალს, გადაანგარიშებული პენსიების გაცემა განეხორციელებინა მარტიდან, რის გამოც მოსარჩელეს არ დაერიცხა იანვრის და თებერვლის პენსიები 365,22 ლარის ოდენობით.

მოსარჩელის განმარტებით, იგი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტიდან 1990წ. 1 ივნისს თადარიგში გავიდა კონტრდაზვერვის განყოფილების …...ის თანამდებობიდან. 1997წ. დასაწყისში ამ თანამდებობას შეესაბამებოდა სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ...ის თანამდებობა, მაგრამ სამინისტროს სამეურნეო-საფინანსო სამმართველოს უფროსის მოადგილე გ. ი-ემ მას თვითნებურად შეუფარდა სამინისტროში შემავალი სამმართველოს ...ის თანამდებობა და ნაცვლად 105 ლარისა, თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 95 ლარის ოდენობით, რომელიც ზემოაღნიშნული “მითითების” თანახმად, “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-10 მუხლის მოთხოვნათა უხეში დარღვევით დაბეგრა 12% საშემოსავლო გადასახადით, ანუ მას დააკლო 11,40 ლარი. ამ დაკლებული თანხით დაიანგარიშა ი. ც-ის ყოველთვიური ხელფასის ნამსახურობის პროცენტული დანამატიც და გამოიყვანა პენსია თვეში 156,60 ლარი, 182,61 ლარის ნაცვლად.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა დ. ი-ემ უხეშად გადაამეტა თავის უფლებამოსილებას და უკვე ამოქმედებული კანონის მოქმედება შეაჩერა 1997წ. იანვარ-თებერვლის განმავლობაში.

მოსარჩელის განმარტებით, ფინანსთა სამინისტროს 1997წ. 7 ოქტომბრის ¹04-02-15/68 წერილით სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსადმი გაიზარდა შრომის ანაზღაურებისა და სამხედრო წოდების კოეფიციენტებზე გასამრავლებლად ლარის ოდენობა, ხოლო მომდევნო 10 ნოემბრის ¹04-02-15/1124 წერილით შეიცვალა “მითითების” მესამე პუნქტის შინაარსი იმგვარად, რომ აღარ დაქვითულიყო თანამდებობის სარგო, მაგრამ ამ წერილის მიუხედავად ი. ც-ის პენსია იგივე დარჩა.

1998წ. 1 იანვრიდან საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 31 დეკემბრის ¹779 ბრძანებულების თანახმად “საბიუჯეტო სფეროში დასაქმებულ მუშაკთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების, მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფისა და სოციალური დაცვის ღონისძიებების შესახებ”, სხვა სამინისტროების და უწყებების მუშაკებთან ერთად, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს მოსამსახურეებსაც მოემატათ ფულადი ანაზღაურების საშუალო ოდენობა 10%-ით. მოსარჩელის პენსია ამ ცვლილებით გახდა 172,30 ლარი 197,15 ლარის ნაცვლად, რაც მას ეკუთვნოდა ზემოთ აღნიშნული კანონის 45-ე მუხლისა და დასახელებული ბრძანებულების თანახმად.

საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. 11 აგვისტოს ¹469 ბრძანებულებით იმავე წლის 1 სექტემბრიდან კვლავ გაიზარდა საბიუჯეტო დაწესებულებებში დასაქმებულ მუშაკთა თანამდებობრივი სარგოები 10%-ით, მაგრამ სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სამეურნეო-საფინანსო სამმართველოს უფროსის მოადგილეს ამის შესაბამისად მოსარჩელის პენსია საერთოდ არ გადაუანგარიშებია, თუმცა ზემოთ მითითებული კანონის 45-ე მუხლის თანახმად, ვალდებული იყო ეს გაეკეთებინა.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ ზემოთ მითითებული კანონი უპირობოდ აწესებს როგორც პენსიის გადაანგარიშების საფუძველს, ასევე გადაანგარიშების დროს და ეს ნებისმიერი საფინანსო მუშაკისათვის, რომელიც სამხედრო პენსიონერებს ემსახურებოდა, სავალდებულო იყო.

მისი პენსია ამ ბრძანებულების თანახმად, 1998წ. 1 სექტემბრიდან უნდა გამხდარიყო 210,06 ლარი, მაგრამ მხოლოდ 1999წ. იანვრიდან დაერიცხა 197,44 ლარი და დღემდე არ შეცვლილა.

1999წ. 1 იანვრიდან საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. 25 დეკემბრის ¹713 ბრძანებულებით დამტკიცდა სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ოფიცერთა შემადგენლობის და უფროსი შემადგენლობის პირთათვის ახალი თანამდებობრივი განაკვეთები საშტატო განრიგის მიხედვით, თარჯიმნიდან მინისტრის ჩათვლით.

კონტრდაზვერვის დეპარტამენტი გარდაიქმნა სამსახურად, რომლის ...ის თანამდებობრივი სარგო გახდა 125 ლარი. საფინანსო განყოფილების ...მა გ. ი-ემ მოსარჩელის პენსიის გადაანგარიშება მოახდინა 1998წ. 11 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად და 10%-ით გაზარდა იგი 197,44 ლარამდე, მაგრამ მან ყურადღება არ მიაქცია ახალ თანამდებობრივ სარგოს, 125 ლარს.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ 1997წ. დასაწყისიდან 1998წ. სექტემბრის ჩათვლით სამჯერ გაიზარდა მოსარჩელის სამხედრო წოდების _ პოლკოვნიკის _ სარგო. 1997წ. იანვარში იგი იყო 6,32 ლარი, გ. ი-ემ კი მისი პენსიის თავდაპირველი გაანგარიშებისას “დაუნიშნა” 5,85 ლარი. იმავე წლის დეკემბერში პოლკოვნიკის წოდების სარგო გახდა 7,75 ლარი, მაგრამ ი-ემ 1998წ. იანვრიდან დაუანგარიშა 7,65 ლარი, მიუხედავად იმისა, რომ იმავე წლის იანვრიდან გაიზარდა 8,53 ლარამდე. 1999წ. იანვრიდან გ. ი-ემ სამხედრო წოდების სარგოდ შეუფარდა 9,27 ლარი მაშინ, როცა იგი 1998წ. სექტემბრიდან 9,83 ლარი გახდა.

მოსარჩელე განმარტავდა, რომ ფინანსთა ყოფილი მინისტრის დ. ი-ის ხელმოწერილი და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში სახელმძღვანელოდ გაგზავნილი უკანონო მითითების გამო მას არ მისცეს 1997წ. იანვრისა და თებერვლის თვეების პენსიები _ 365,22 ლარი, იმავე წლის მარტიდან პენსია უკანონოდ დაუანგარიშეს საშემოსავლო გადასახადის დაქვითვით, ხოლო გ. ი-ის თვითნებობის გამო მას შეეფარდა კუთვნილზე დაბალი თანამდებობის სარგო, რასაც დაემატა გ. ი-ის მიერვე მისი პენსიის არადროული და საერთოდ გადაუანგარიშებლობის შედეგად მიყენებული ზიანი, რამაც, 1997წ. მარტიდან 2000წ. დეკემბრის ჩათვლით 951,70 ლარი შეადგინა.

მოპასუხე სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს შუამდგომლობა ამ უკანასკნელის არასათანადო მოპასუხედ ცნობისა და სათანადო მოპასუხედ საქმის განხილვაში სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ჩართვაზე სასამართლომ დააკმაყოფილა და უშიშროების სამინისტროს ნაცვლად საქმეში მოპასუხედ ჩაერთო სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდი.

კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 მარტის გადაწყვეტილებით ი. ც-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს მის სასარგებლოდ დაეკისრა 1191,86 ლარის გადახდა, ხოლო მეორე მოპასუხე სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდს _ მოსარჩელის სასარგებლოდ 1512,9 ლარის გადახდა.

კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 მარტის გადაწყვეტილება თბილისის საოლქო სასამართლოში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტრომ და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების ფინანსთა სამინისტროსათვის 1191,86 ლარის დაკისრების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა.

სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდმაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 მარტის გადაწყვეტილება თბილისის საოლქო სასამართლოში და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების ერთიანი სახელმწიფო ფონდისთვის საპენსიო თანხების დაკისრების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 31 იანვრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა აპელანტ ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი და გაუქმდა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 მარტის გადაწყვეტილება მოსარჩელე ი. ც-ის სასარგებლოდ ფინანსთა სამინისტროსათვის 1191,86 ლარის დაკისრების ნაწილში.

ამავე გადაწყვეტილებით აპელანტ სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 მარტის გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნა ცვლილება იმ მიმართებით, რომ სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდს მოსარჩელე ი. ც-ის სასარგებლოდ 1512,9 ლარის ნაცვლად, დაეკისრა 1212,38 ლარის გადახდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 31 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სოციალური უზრუნველყოფის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც ი. ც-ეს უნდა დაენიშნოს 210,31 ლარი ყოველთვიური პენსია და უნდა აუნაზღაურდეს პენსიის არასწორად გადაანგარიშების გამო მიყენებული მატერიალური ზიანი, 652,6 ლარი.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 31 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ც-ემაც და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების შეცვლა და ფინანსთა სამინისტროსათვის, ასევე სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდისათვის მისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება, შესაბამისად, 773,52 ლარისა და 1178,86 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, კასატორმა მოითხოვა ერთიანი სახელმწიფო ფონდისათვის იმის დაკისრება, რომ მან 2002წ. მარტიდან ი. ც-ეს გადაუხადოს ყოველთვიური პენსია, 217,06 ლარი.

კასატორი ი. ც-ე საკასაციო საჩივრის საფუძვლად მიუთითებს შემდეგზე: თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 31 იანვრის გადაწყვეტილება არა თუ იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, არამედ იგი არ შეიცავს არავითარ საფუძველს, არავითარ მტკიცებულებას, რითაც უხეშად არის დარღვეული სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის მოთხოვნები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ “საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" საქართველოს 2000წ. 13 დეკემბრის კანონის თანახმად, 2001წ. 1 იანვრიდან სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის ვალდებულება გადაეცა სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდს (ამჟამად სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი). ამდენად, ფინანსთა სამინისტრო კონკრეტულ შემთხვევაში წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გააუქმა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 მარტის გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროსათვის მოსარჩელე ი. ც-ის სასარგებლოდ 1191,86 ლარის დაკისრების ნაწილში, მაგრამ აღარ იმსჯელა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნაზე ფინანსთა სამინისტროს მიმართ, რის გამოც გადაწყვეტილება იურიდიულად სრულყოფილად ვერ დაასაბუთა, რაც, სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ “საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს 2000წ. 13 დეკემბრის კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდი არის სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს უფლებამონაცვლე ამ სამინისტროს პენსიონერების საპენსიო უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სამართლებრივად არასრულყოფილად დაასაბუთა, არასწორად გაანგარიშდა თუ არა მოსარჩელე ი. ც-ისათვის დასანიშნი პენსია და რამდენად მიადგა მას მატერიალური ზიანი.

ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არასრულყოფილად არის დასაბუთებული და მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება საკასაციო სასამართლოს შეუძლებლად მიაჩნია, ამიტომ იგი უნდა გაუქმდეს და ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სოციალური დაზღვევის სახელმწიფო ფონდისა და ი. ც-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 31 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.