¹ 3გ-ად-132-კ-03 13 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე,),
გ. ქაჯაია,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 19 ივნისს შპს “ლ.-მ" სარჩელით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა თავდაცვის სამინისტროსათვის 30112083 ლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით: თავდაცვის სამინისტროს სამხედრო შესყიდვების მთავარ სამმართველოსა და შპს “ლ.-ს" შორს 1999წ. 6 იანვარს დადებული ხელშეკრულებით შპს “ლ.-მ" აიღო ვალდებულება თავისი ტრანსპორტით მიეწოდებინა თავდაცვის სამინისტროსათვის 720 ტონა ბურღულეული, აქედან: ხორბლის ბურღული _ 180 ტონა, ხორბლის ბურღული დაღერღილი _ 180 ტონა, სიმინდის ბურღული _ 180 ტონა და ქერის ბურღული _ 180 ტონა. ხელშეკრულებით 1 კგ ბურღულის ფასი განისაზღვრა 0,50 აშშ დოლარის ეკვივალენტით ეროვნულ ვალუტაში. ანგარიშსწორების მომენტისათვის შპს “ლ.-მ" შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები და თავდაცვის სამინისტროს 1999წ. 5 თებერვლიდან 1999წ. 15 სექტემბრის ჩათვლით მიაწოდა 85.850 ტონა ხორბლის ბურღული და 26.200 ტონა ხორბლის დაღერღილი ბურღილი, სულ 112050 კგ., რამაც შეადგინა 114500,64 ლარი. თავდაცვის სამინისტრომ აუნაზღაურა მხოლოდ 24.910კგ-ის საფასური 26.351 ლარი. მას სარჩელის წარდგენის დროისათვის გადასახდელი აქვს მიწოდებული პროდუქტის ღირებულება 88179,64 ლარი და ჯარიმა 212971,19 ლარის ოდენობით, სულ 301120,83 ლარი.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 26 ივლისის გადაწყვეტილებით შპს “ლ.-ს" სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თავდაცვის სამისიტროს დაეკისრა 252102 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: აპელანტმა მიიჩნია, რომ მის მიერ მოსარჩელის მიმართ აღძრულ იქნა შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვა სკ-ს 59-ე მუხლის თანახმად მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რადგან დარღვეული იყო საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 22 იანვრის ¹71 ბრძანებულების მე-7 მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, სადავო ხელშეკრულება არ ყოფილა შეთანხმებული ფინანსთა სამინისტროსთან და თავდაცვის სამინისტროს საფინანსო სამსახურთან. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლო უნდა შემოფარგლულიყო მხოლოდ ძირითადი თანხის დაკისრებით და საჯარიმო თანხის დაკისრების დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვა, ვინაიდან მოპასუხის მიერ ვალდებულება ვერ შესრულდა თავდაცვის სამინისტროს დაუფინანსებლობის შედეგად.
შპს “ლ.-მ" სააპელაციო საჩივარი არ სცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 16 იანვრის გადაწყვეტილებით თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: გაუქმდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. შპს “ლ.-ს" სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა მის სასარგებლოდ ძირითადი თანხის _ 88149,6 ლარისა და ჯარიმის 122760 ლარის, სულ _ 210,909 ლარის გადახდა. შპს “ლ.-ს" სარჩელს დანარჩენი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო ეთქვა უარი. სასამართლო დაეყრდნო შემდეგ გარემოებებს:
სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული აპელანტის პრეტენზია შეგებებული სარჩელის აღძვრისა და სასამართლოს მიერ მისი იგნორირების შესახებ, რადგან საქმეშიOამგვარი დოკუმენტი არ არსებობს და ეს უფლება არც სააპელაციო სასამართლოში ყოფილა რეალიზებული. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა რომ, სასამართლოს სსკ-ს 248-ე მუხლის მიხედვით უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.
სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ჯარიმის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია, მხოლოდ მოთხოვნის ოდენობის კორექტირებით, რადგან სკ-ს 403.1 მუხლით განსაზღვრულია ვალდებულების შეუსრულებლობისას გადაცილებული დროისათვის კანონით განსაზღვრული პროცენტის გადახდა, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოყენებული უნდა ყოფილიყო საგადასახადო კოდექსის 252.1 მუხლით დადგენილი 0,15% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ნაცვლად ხელშეკრულებით განსაზღვრული 0,2%-ისა, რაც ფულად გამოხატულებაში კონკრეტულ საქმეზე წარმოადგენდა 122760 ლარს. შესაბამისად, მოპასუხეს დაეკისრა ძირითადი თანხის _ 88149,64 ლარისა და ჯარიმის _ 122760 ლარის, ჯამში _ 210909 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება მასზედ, რომ დავალიანების არსებობა გამოწვეული იყო თავდაცვის სამინისტროს დაუფინანსებლობით. ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მოთხოვნა. აპელანტს წარმოედგინა დოკუმენტები, 1999წ. სექტემბრიდან (რა პერიოდიდანაც შპს “ლ.-ა" აღარ აწოდებდა ბურღულს მოპასუხეს) ვისი საშუალებით (რომელი ფირმის) მიეწოდებოდა მას ბურღულეული და ფინანსდებოდა თუ არა ეს მიწოდებები და რა მოცულობით, იგნორირებულ იქნა, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ ვერ იმსჯელა ფინანსთა სამინისტროს მხრიდან დაუფინანსებლობის გამო აპელანტის არაბრალეულობის შედეგად ვადის გადაცილებაზე.
სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 22.01. ან ¹71 ბრძანებულებასთან შესაბამისობაზე იმ მიზ.- გამო, რომ მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნა კანონით დადგენილი შეგებებული სარჩელის ფორმით, არც რაიონულ და არც სააპელაციო სასამართლოში აღძრული არ ყოფილა.
საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება 2003წ. 13 მარტს თავდაცვის სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში და სააპელაციო საჩივარში მითითებული საფუძვლებით მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 16 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით თავდაცვის სამინისტროსათვის მხოლოდ ძირითადი დავალიანების _ 88149,64 ლარის დაკისრება, ხოლო სარჩელის დანარჩენი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის საქოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 16 იანვრის გადაწყვეტილება შპს “ლ.-ს" სასარგებლოდ თავდაცვის სამინისტროსათვის ჯარიმის – 122760 ლარის დაკისრების ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ სააპელაციო პალატამ ჩათვალა რა მოსარჩელის მოთხოვნა ჯარიმის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანად, სკ-ს 403.1 მუხლში მითითებული კანონით განსაზღვრული პროცენტის დადგენისას გამოიყენა საგადასახადო კოდექსის 252.1 მუხლი და მის საფუძველზე განსაზღვრა ჯარიმის ოდენობა 0,15%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ნაცვლად ხელშეკრულებაში მითითებული 0,2%-სა
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული პროცენტის ოდენობა დაადგინა ისე, რომ არ უმსჯელია, თუ რის საფიძველზე შეცვალა სასამართლომ მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში დაფიქსირებული 0,2% და რატომ იქნა მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252.1 მუხლი, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს მითითებული მუხლის გამოყენების საფუძვლიანობაზე და დაასაბუთოს იგი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ამავე დროს არასწორად განმარტა 403.1 მუხლი, პროცენტის ოდენობის დადგენისას კონტექსტიდან მოწყვეტილად მიუთითა რა აღნიშნული მუხლის ერთი წინადადება, რომ მოვალე ვალდებულია გადაცილებული დროისთვის გადაიხადოს კანონით განსაზღვრული პროცენტი. აღნიშნული ნორმა გამოიყენება მაშინ, როდესაც მხარეები პროცენტის ოდენობაზე ან საერთოდ პროცენტზე შეთანხმებულნი არ არიან და ხელშეკრულებით ასეთი რამ არ არის დადგენილი. 403.1 მუხლის შესაბამისად, მოვალეს შეიძლება კანონით დადგენილზე მეტი პროცენტიც დაეკისროს, თუ პროცენტის ოდენობა დადგენილია ხელშეკრულებით, რასაც ადგილი აქვს კონკრეტულ შემთხვევაში.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურდიულად არასრულად არის დასაბუთებული და მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის “ე" ქვეპუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს. შესაბამისად, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 13 იანვრის გადაწყვეტილება შპს “ლ.-ს” სასარგებლოდ თავდაცვის სამინისტროსათვის ჯარიმის – 122760 ლარის დაკისრების ნაწილში უნდა გაუქმდეს და აღნიშნული მითითებებით საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 399-ე, 404-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 16 იანვრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ შპს “ლ.-ს" სასარგებლოდ თავდაცვის სამინისტროსათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმის – 122760 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
3. სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას.
4. საქრთველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.