Facebook Twitter

3გ/ად-133-კ-03 8 მაისი, 2003 წ. ქ. თბილისი

საქარველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი (მომხსენებელი),

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2002წ. 6 ივნისს ნ. გ-ემ სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: სამცხე-ჯავახეთის მხარის სასკოლო ოლქის სამმართველოს უფროსის, უ. ბ-ის, განათლების განყოფილების გამგის, ნ. ი-ის, ..... საშუალო სკოლის დირექტორის, მ. ი-ის, მიმართ და მოითხოვა სამცხე-ჯავახეთის მხარის სასკოლო ოლქის სამმართველოს 2001წ. 1 ოქტომბრის ¹40 ბრძანების, ..... საშუალო სკოლის დირექტორის 2002წ. 22 მარტის ¹23 ბრძანების გაუქმება. სკოლის დირექტორად და მასწავლებლად აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება.

საქმის განხილვის დროს მოსარჩელემ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და თავდაპირველ მოთხოვნებთან ერთად დამატებით მოითხოვა საქართველოს განათლების სამინისტროს 2001წ. 24 დეკემბრის ¹134 ბრძანების და ახალციხის განათლების განყოფილების 2001წ. 30 დეკემბრის ¹124 ბრძანების გაუქმება.

ნ. გ-ე თავის მოთხოვნებს შემდეგ გარემოებებზე ამყარებდა:

ახალციხის განათლების განყოფილების მხრიდან 14 წლის განმავლობაში განიცდიდა დევნას და მისი სამუშაოზე აღდგენა სასამართლოს გადაწყვეტილებებით ხდებოდა. 1998 წელს დაინიშნა ..... სკოლის დირექტორად. 2001წ. 1 ოქტომბერს სამცხე-ჯავახეთის მხარის სასკოლო ოლქის სამმართველოს უფროსმა ბ-მა შეუჩერა უფლებამოსილება, რისი უფლებაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მას არ ჰქონდა.

ასევე მიუთითა, რომ ბ-ის გასაჩივრებული ¹40 ბრძანება გამოცემულია 2001წ. 1 ოქტომბერს, განათლების სამინისტროს ¹139/კ ბრძანება, რომლითაც იგი განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, პირადი განცხადების საფუძველზე დაიწერა 24 დეკემბერს, მაგრამ განთავისუფლებულად ჩაითვალა 5 ნოემბრიდან. მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ სამინისტროს ბრძანება ეყრდნობოდა ბ-ის მიერ წარდგენილ ყალბ მასალებს და მიღებული იყო შკკ-ს 34-ე მუხლის “ბ” და “ლ” პუნქტებზე მითითებით. 2002წ. 22 მარტის ¹23 ბრძანებით განთავისუფლდა მასწავლებლობიდანაც.

მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ განთავისუფლებული იყო კანონმდებლობის უხეში დარღვევით, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, რის გამოც ითხოვდა სარჩელის დაკმაყოფილებას.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2002წ. 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. გ-ეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე ხანდაზმულობის მოტივით, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-ემ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

კასატორი აღნიშნავს, რომ საოლქო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა კანონის დარღვევით. სასამართლომ არასწორად გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლი ნაცვლად ადმინიტსრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლისა, როდესაც სასარჩელო მოთხოვნა მიიჩნია ხანდაზმულად. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა სსკ-ს 138-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა წყდება, თუ პირი შეეცდება, სხვა საშუალებით დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული ბრძანებების კანონიერების თაობაზე მან განცხადებით მიმართა სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებს.

კასატორი ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 თებერვლის განჩინება.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას ნ. გ-ის სასარჩელო განცხადების ხანდაზმულობის თაობაზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ განსახილველი დავის გადაწყვეტისას გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას სადავო საკითხის გადასაწყვეტად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის ექვსთვიანი ვადის გამოყენების თაობაზე და განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებული ექვსთვიანი სასარჩელო ხანდაზმულობა ვრცელდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე აღძრულ სარჩელებზე. ნ. გ-ის მიერ გასაჩივრებული ბრძანებები სამართლებრივად არ წარმოადგენენ ადმინისტრაციულ აქტებს და ისინი განხილულ უნდა იქნეს, როგორც ადმინისტრაციასა და მუშაკს შორის შრომითი გარიგების შეწყვეტის თაობაზე ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილება, რომელთა გასაჩივრების პირობებს აწესრიგებს. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი. აღნიშნული კანონის 127-ე მუხლის თანახმად მოხელეს უფლება აქვს ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანებები.

საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს ნ. გ-ის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად ჩათვალა მისი მოთხოვნა ხანდაზმულად და არ გამოიყენა სკ-ს 138-ე მუხლის მოთხოვნა, რომელიც მიუთითებს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტაზე იმ შემთხვევაში, თუ პირი შეეცდება ისეთი საშუალებით დაიკმაყოფილოს მოთხოვნა, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა და განმარტავს, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი წარმოადგენს სპეციალურ კანონს, რომელიც ადგენს საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს და განსაზღვრავს მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას. სპეციალური კანონის “საჯარო სამსახურის შესახებ” 127-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების ერთთვიანი ვადის ხანდაზმულობა არ შეიძლება შეიცვალოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით, ვინაიდან სკ-ს მე-5 მუხლის მე-3 პუნქტისა და “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად სპეციალური ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ანალოგიით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ნ. გ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაიცო პალატის 2003წ. 18 თებერვლის განჩინება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.