Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-134-კ-03 26 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: დღგ-ს ჩათვლა.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა შპს ,,აიეტი ტვ”-მ მოპასუხეების საგადასახადო შემოსავლების სამინისტროსა და საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მიმართ მესამე პირის შპს ,,ელია-2000”-ის მონაწილეობით, რომლის საფუძველზეც მოითხოვა: მოპასუხეებს დავალებოდათ მოსარჩელისათვის აღედგინათ დღგ-ს ჩათვლა 2001წ. 25 ივლისის ¹049562 სერია აა-05 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაზე 50176 ლარის ოდენობით.

მოსარჩელე თავის მოთხოვნას აფუძნებდა შემდეგ გარემოებებს: შპს ,,აიეტი ტვ” –სა და შპს ,,ელია 2000”ს შორის 2001წ. 23 ნოემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ მესამე პირს შესრულებული სამუშაოებისათვის გადაუხადა 250877 ლარი, რასაც დაემატა დღგ-ს სახით გადახდილა თანხა 50176 ლარის ოდენობით. შპს “ელია 2000”-ის ანგარიშზე გადარიცხულმა თანხამ მთლიანობაში შეადგინა 301053 ლარი, რაზედაც საგადასახადო დეპარტამენტში 2001წ. 25 ივლისს წარდგენილ იქნა ანგარიშ-ფაქტურა ¹049562 სერია აა-05, მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხემ საგადასახადო შემოსავლების დეპარტამენტმა, ზემოაღნიშნულ ანგარიშ-ფაქტურაზე გააუქმა ჩათვლა იმ მოტივით, რომ შპს ,,ელია 2000”-სს დღგ-ს კუთხით გააჩნია დიდი ოდენობის დავალიანება. მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ ანგარიშ-ფაქტურის გამომწერი იყო მესამე პირი შპს ,,ელია 2000”, რომელიც საგადასახადო კოდექსის 91-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად არის დღგ-ს გადამხდელი და შესაბამისად, მოპასუხის პრეტენზიებიც მიმართული უნდა ყოფილიყო მის მიმართ და არა მოსარჩელისადმი.

სასამართლოს მთავარ სხდომაზე საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო და საგადასახადო დეპარტამენტი შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით – ფინანსთა სამინისტროთი.

მოპასუხე ფინანსთა სამინისტრომ სარჩელი არ სცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ დღგ-ს ჩათვლას ექვემდებარება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხული თანხა.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 24 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. დაევალა ფინანსთა სამინისტროს შპს “აიეტი ტვ”-სათვის აღედგინა დღგ-ს ჩათვლა 2001წ. 25 ივლისის ¹049562 სერია აა-05 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაზე 50176 ლარის ოდენობით.

რაიონულმა სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილების იურიდიულ საფუძვლად მიუთითა საგადასახადო კოდექსის 91.1 და 115.1 მუხლები და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი.

რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საქართევლოს ფინანსთა სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საოლქო სასამართლოში. აპელანტმა მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას შემდეგი მოტივით: რაიონულმა სასამართლომ არასწორად განმარტა საგადასახადო კოდექსის 115-ე მუხლი. ამავე კოდექსის 114.1 მუხლის მიხედვით დღგ-ს ჩათვლას ექვემდებარება მხოლოდ საქართველოს ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ს თანხა. მესამე პირის მიერ დღგ-ს თანხის ბიუჯეტში არ ჩარიცხვა წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.

სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 10 დეკემბრის სხდომაზე ფინანსთა სამინისტროს წარომადგენელმა განმარტა, რომ ფინანსთა სამინისტრო წარმოადგეს მხოლოდ საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს უფლებამონაცვლეს, საგადასახადო დეპარტამენტი არის საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც დამოუკიდებლად გამოდის თავისი სახელით სამართლებრივ ურთიერთობებში. სააპელაციო სასამართლომ, მოსარჩელის თანხმობით, საქმეში თანამოპასუხედ ჩართო საგადასახადო დეპარტამენტი.

მოწინააღმდეგე მხარემ – შპს ,,აიეტი ტვ”-მ და მესამე პირმა – შპს “ელია-2000”-მა სააპელაციო საჩივარი არ სცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინიტსრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 9 თებერვლის გადაწყვეტილებით ფინანსთა სამინისტროს საჩივარი დაკმაყოფილდა.

გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 24 მაისის გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება.

შპს ,,აიეტი ტვ”-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა იმით, რომ საგადასახადო კოდექსის 114.1 მუხლის მიხედვით ჩასათვლელი დღგ-ს თანხა არის გადასახადის თანხა, რომელიც დასაბეგრი ოპერაციის დროის მიხედვით გადახდილია წარდგენილი საგადასახადო ანგარიშფაქტურის შესაბამისად. დღგ-ს ჩათვლას დაექვემდებარება მხოლოდ საქართველოს ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ს თანხა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოტივაცია იყო საფუძვლიანი და გამომდინარეობდა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებიდან.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს ,,აიეტი ტვ”-მ საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

კასატორი თვლიდა, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება არასწორია, უნდა გაუქმდეს და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა შემდეგ გარემოებათა გამო: საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელემ მესამე პირს გადაურიცხა როგორც შესრულებული სამუშაოს ღირებულება 250877 ლარი, ასევე დღგ-ს თანხა 50176 ლარის ოდენობით. დღგ-ს თანხა მესამე პირს უნდა გადაერიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში. მოსარჩელის მიერ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს საოლქო საგადასახადო ინსპექციაში წარდგენილ იქნა ანგარიშ-ფაქტურა ¹049562 სერია აა-05 დღგ-ს გადახდაზე. საგადასახადო კოდექსის 91-ე მუხლის I ნაწილისა და 115-ე მუხლის I ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, მოსარჩელეს გადახდილად უნდა ჩაეთვალა დღგ-ს თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში. რადგან ეს თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში არ იქნა ჩარიცხული, მოპასუხეს ამ საკითხზე პრეტენზია შეიძლება გააჩნდეს მხოლოდ მესამე პირის და არა მოსარჩელის მიმართ.

მოწინააღმდეგე მხარემ საკასაციო საჩივარი არ სცნო და საგადასახადო კოდექსის 114.1 მუხლზე მითითებით მიიჩნია, რომ საოლქო სასამართლოს მხრიდან სწორად იქნა კანონი გამოყენებული და ამდენად არ არსებობდა მისი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. რაც შეეხება მე-3 პირს, სასამართლო სხდომაზე, მან დაადასტურა მისი მხრიდან დღგ-ს გადახდის ვალდებულება.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილებული უნდა იქნას ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 9 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვის მიზნით უნდა დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული საქმის განხილვისას სრულყოფილად არ გამოუკვლევია და არ შეუფასებია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები. კერძოდ: საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის თანახმად ,,დასაბეგრი ბრუნვიდან ბიუჯეტში შესატანის დღგ-ს თანხა განისაზღვრება, როგორც სხვაობა ამ ბრუნვაზე დარიცხული გადასახადის თანხისა და ამ კარის მიხედვით წარდგენილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩასათვლელ თანხას შორის”. ამასთან, ამავე კოდექსის 115-ე მუხლი განსაზღვრავს, თუ რომელი დოკუმენტით და რა წესით დასტურდება გამყიდველის მხრიდან დღგ-ს გადახდის ფაქტი. ასეთი დოკუმენტი არის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც წარმოადგენს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება გადასახადის გადახდევინების ფაქტი.

კასატორის მიერ საგადასახადო ორგანოებში წარდგენილ ანგარიშ-ფაქტურას უნდა ჰქონდეს საგადასახადო კოდექსის 115-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა რეკვიზიტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ისე მოხდა გადაწყვეტილების მიღება, რომ სასამართლოს არ შეუფასებია იყო თუ არა ანგარიშ-ფაქტურები შედგენილი კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, დასტურდებოდა თუ არა შპს ,,აიეტი ტვ”-ს მიერ დღგ-ს გადახდის ფაქტი. სასამართლომ შეფასება არ მისცა იმ საკითხს, ჰქონდა თუ არა საგადასახადო ორგანოების მხრიდან შპს ,,აიეტი ტვ”-ისათვის დღგ-ით თანხის ორჯერ გადახდევინებისას ადგილი. ერთხელ, ანგარიშ-ფაქტურის გამოწერისა და საქონლის დღგ-ით გაზრდილი ფასით შეძენისას და მეორედ თანხის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდევინებას.

ყოველივე ზემოაღნიშნული საკასაციო სასამართლო აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ საქმე ხელახალი გამოკვლევის მიზნით დაბრუნებული უნდა იქნას თბილისის საოლქო სასამართლოში.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,აიეტი-ტვ”-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 9 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვის მიზნით დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. მხარეთათვის ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.