გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-135-კ-03 11 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა და ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 29 მარტს ინდივიდუალურმა მეწარმემ მ. ლ-ემ სარჩელით მიმართა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 29 მარტს გამოწერილი სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა.
2002წ. 8 მაისს მ. ლ-ემ დამატებითი სარჩელით მოითხოვა თბილისის სააღსრულებო ბიუროსათვის 3000 ლარის დაკისრება იმ საფუძვლით, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით ინდივიდუალური მეწარმე “მ. ლ-ეს” დაევალა თბილისში, ... მდებარე ფართის გამოთავისუფლება. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე გამოწერილი ფურცელი არ აკმაყოფილებდა კანონით დადგენილ მოთხოვნებს. კერძოდ სააღსრულებო ფურცლის ბოლოს არ იყო ბიუროს უფროსის ხელმოწერა, თარიღი და ბეჭედი, სააღსრულებო ფურცლის გამოწერის თარიღი გადაკეთებული იყო. არ იყო შედგენილი ოქმი სააღსრულებო ფურცლის ჩაბარების თაობაზე. მიუხედავად აღნიშნულისა 2002წ. 26 მარტს სააღსრულებო ბიურომ წარმოადგინა ¹01-04 წერილი 10 დღის ვადაში დაკავებული ფართის გამონთავისუფლების თაობაზე. მ. ლ-ე ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, რომლის საგანი იყო საბანკეტო დარბაზ “ი-ს” ფუნქციონირება. მან მიიღო შეკვეთა საქორწინო დღესასწაულთან დაკავშირებით, საიდანაც ღებულობდა მოგებას 3000 ლარის ოდენობით. გამომდინარე იქიდან, რომ შემკვეთისათვის ცნობილი გახდა სააღსრულებო ბიუროს ზემოაღნიშნული ცნობის შესახებ, მან უარი განაცხადა შეკვეთაზე, უკვე მას შემდეგ, როდესაც ლ-ეს ყველა აუცილებელი ხარჯი გაღებული ჰქონდა.
მოპასუხე ქ. თბილისის სააღსრულებო ბიურომ სარჩელი არ ცნო, მესამე პირმა – ბავშვთა ფედერაციამ სარჩელი ნაწილობრივ ცნო. კერძოდ, საფუძვლიანად მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნა სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის ნაწილში. ხოლო ზარალის ანაზღაურების ნაწილში უსაფუძვლოდ მიიჩნია, ვინაიდან მ. ლ-ე 2001წ. ივნისიდან უკანონოდ ფლობდა ... მდებარე ფართს.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 8 ივლისის გადაწყვეტილებით ინდივიდუალური მეწარმე “მ. ლ-ის” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ 2002წ. 22 მარტს გამოწერილი სააღსრულებო ფურცელი. არ დაკმაყოფილდა ინდივიდუალური მეწარმე “მ. ლ-ის” სარჩელი მოპასუხე ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროსათვის 3000 ლარის დაკისრების შესახებ.
მ. ლ-ემ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა აპელაციის წესით, საჩივრით მოითხოვა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 8 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 19 თებერვლის განჩინებით ინდივიდუალური მეწარმე “მ. ლ-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 8 ივლისის გადაწყვეტილება. სასამართლო დაეყრდნო შემდეგ გარემოებებს:
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღის საეჭვოობის შესახებ, მიიჩნია რა სადავო სააღსრულებო ფურცელზე მითითებული თარიღი აშკარად გადასწორებულად და ჩათვალა, რომ სააღსრულებო ფურცელი გაცემულია “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა ის გარემოებაც, რომ სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ იმავე გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გაცემულია განმეორებითი სააღსრულებო ფურცელი.
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა რაიონული სასამართლოს მოსაზრებას ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაუსაბუთებლობის შესახებ, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება და ვერც სააპელაციო სასამართლოში იქნა წარმოდგენილი რაიმე წერილობითი მტკიცებულება ინდივიდუალურ მეწარმე “მ. ლ-ის” მიერ შეკვეთის მიღებისა და ამ შეკვეთის გაუქმებით მიყენებული მატერიალური ზიანის მიყენების თაობაზე.
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ რაიონულმა სასამართლომ სწორად დააკმაყოფილა მოთხოვნა სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის ნაწილში, ხოლო სარჩელი ზიანის ანაზღაურების შესახებ მიჩნეული იქნა დაუსაბუთებლად და არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ლ-ემ და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 19 თებერვლის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
კასატორი არ ეთანხმება საოლქო სასამართლოს სამოტივაციო ნაწილს, რომლითაც სასამართლო დასაშვებად მიიჩნევს სააღსრულებო ფურცლის კანონიერების საკითხს, ასევე კასატორის აზრით საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის მიერ დარღვეული იქნა საპროცესო ნორმა, კერძოდ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლი.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 19 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბავშვთა ...აც და მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება სააღსრულებო ფურცლის ადმინისტრაციულ აქტად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც არ იქნება დაკმაყოფილებული ინდ.მეწარმე “მ. ლ-ის” სარჩელი იმ მოტივით, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის შესახებ დავა არ იმყოფება დარჩეს ადმინისტრაციული კოდექსით რეგულირებულ სფეროში.
შემდგომში ბავშვთა ფედერაციამ განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ და მოხსნა იგი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები და ბავშვთა ფედერაციის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ და მივიდა დასკვნამდე, რომ ბავშვთა ფედერაციის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით უნდა შეწყდეს საკასაციო წარმოება, ხოლო ინდივიდუალური მეწარმე „მ. ლ-ის” საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის და დაუსაბუთებლობის მოტივით შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ კასატორი მ. ლ-ეს თავის მისამართად სასარჩელო განცხადებაში და საკასაციო საჩივარში მითითებული აქვს ...
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, სააპელაციო პალატის მიერ რამოდენიმეჯერ გაეგზავნა აღნიშნულ მისამართზე უწყება მ. ლ-ეს, მაგრამ იგი აღნიშნულ მისამართზე არ იმყოფებოდა და უწყებებს არ იბარებდნენ იქ მომუშავე თანამშრომლები, რომელთა განცხადებებითაც ბ. ლ-ის ადგილსამყოფელი მათთთვის უცნობი იყო. აღნიშნულზე შედგენილია არაერთი აქტი. სასამართლო პროცესების თაობაზე ეცნობა მის წარმომადგენელს ვლ. ბ-ს, რომელიც ასევე არ გამოცხადდა დანიშნულ პროცესებზე მონაწილეობის მისაღებად. სსკ-ს 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. როგორც აღინიშნა, უწყებები მ. ლ-ეს გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე, მაგრამ ამ უკანასკნელის მიზეზით (არ უცნობებია ახალი მისამართი), ვერ მოხერხდა უწყების ჩაბარება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორ მ. ლ-ის პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის მოთხოვნათა დარღვევის თაობაზე.
საკასაციო სასამართლოსათვის გაუგებარია, თუ რაში არ ეთანხმება კასატორი გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილს და რა საფუძვლით, შესაბამისად საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს მ. ლ-ის საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ ამ მოტივით უარი უნდა ეთქვა მის დაკმაყოფილებაზე.
საკასაციო სასამართლო ბავშვთა ფედერაციის განცხადებასთან დაკავშირებით საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რაიმე არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული სამართალწარმოებაში გამოიყენება საპროცესო დებულებანი.
სსკ-ს 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით წყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. ამავე კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს, ხოლო 372-ე მუხლის თანახმად საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს ამ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველ ინსტანციაში საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბავშვთა ფედერაციის განცხადებასთან მიმართებაში საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ, სსკ-ს მე-7 მუხლის თანახმად (კანონის ანალოგია) გამოყენებული უდა იქნეს ზემოთ აღნიშნული 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტი და კასატორის ბავშვთა ფედერაციის განცხადების საფუძველზე, რომლითაც მან საკასაციო საჩივარზე უარი განაცხადა, მის საკასაციო საჩივარზე საკასაციო წარმოება უნდა შეწყდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტით, 399-ე, 404-ე, 408-ე და 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ინდივიდუალური მეწარმე “მ. ლ-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს:
2. ბავშვთა ფედერაციის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს და მის საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საკასაციო წარმოება;
3. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 19 თებერვლის განჩინება;
4. ინდივიდუალური მეწარმე “მ. ლ-ეს” დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 ლარის ოდენობით;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.