Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-136-კ-03 17 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: 1. ზედმეტად გადახდილი თანხის 4662 აშშ დოლარის და გადახდილი თანხიდან სხვაობის 253 აშშ დოლარის დაბრუნება; 2. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998წ. 25 დეკემბრის ¹1-3/797 ბრძანების მე-2 პუნქტის და 1999წ. 25 ოქტომბრის ¹3/752 ბრძანების ბათილად ცნობა; 3. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსათვის რენტგენისა და ფლუროგრაფიის კაბინეტის შენობის გადაფასების დავალება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 23 იანვარს შპს ”.. ..-ის” თანამშრომლებმა მ. ლ-ემ, დ. მა-მა, დ მ-ემ და თ. მ-ემ თბილისის საოლქო სასამართლოში სარჩელი აღძრეს მოპასუხეების: სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს და .. ..-ის ყოფილი საპრივატიზაციო კომისიის თავმჯდომარის მიმართ.

მოსარჩელეებმა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითეს:

საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. 31 ოქტომბრის ¹615 ბრძანებულებით .. .. შეტანილ იქნა სამედიცინო ობიექტების საპრივატიზაციო ნუსხაში და მისი პრივატიზების ფორმად განისაზღვრა პირდაპირი მიყიდვა კოლექტივის წევრებისათვის.

1998წ. 19 ნოემბერს პოლიკლინიკის სამედიცინო პერსონალის მიერ დროებითი ამხანაგობა შეიქმნა. პოლიკლინიკის ხელმძღვანელის, მთავარი ბუღალტერისა და საპრივატიზაციო კომისიის მიერ შედგენილ იქნა ”საწარმოს საწყისი გასაყიდი ფასის დაბრუნების აქტები”. პოლიკლინიკის საწყისი გასაყიდი ფასი 27470,3 ლარით განისაზღვრა. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998წ. 25 დეკემბრის ბრძანებით პოლიკლინიკის გასაყიდი ფასი განისაზღვრა 25010 აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხით ეროვნულ ვალუტაში.

საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 30 აპრილის ¹209 ბრძანებულების საფუძველზე შრომით კოლექტივს პირდაპირი მიყიდვის წესით ობიექტის პრივატიზების უფლება მიენიჭა. შესაბამისად, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999წ. 19 მაისის ბრძანებით შრომით კოლექტივს 30 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა გადაეხადა 25010 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, რაც მათ მიერ გადახდილ იქნა დადგენილ ვადაში.

მოგვიანებით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში .. ..-ის მთავარი ექიმის წერილი და თანამშრომელთა განცხადება შევიდა, ... მდებარე 653 მ2 ფართისაგან ცალკე მდგომი შენობის რენტგენისა და ფლუროგრაფიის კაბინეტის (70 მ2 ფართი), დამატებით პირდაპირი წესით პრივატიზების შესახებ.

სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999წ. 25 ოქტომბრის ბრძანებით შეტანილ იქნა ცვლილებები 1998წ. 25 დეკემბრის და 1999წ. 19 მაისის ბრძანებულებაში და .. ..-ის საწყისი გასაყიდი ფასი, მათ ბალანსზე რიცხული რენტგენისა და ფლუროგრაფიის კაბინეტის (70 კვ.მ.) და დაკავებული მიწის ფართის ღირებულების (12600 აშშ დოლარი) გათვალისწინებით განისაზღვრა 27610 აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხით.

მოსარჩელის განმარტებით, .. ..-ის საწყისი გასაყიდი ფასის განსაზღვრა საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 17 ნოემბრის ბრძანებულებით დამტკიცებული ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის წესებით უნდა მომხდარიყო. ამ დანართების მიხედვით პოლიკლინიკის გასაყიდმა ფასმა 203484 აშშ დოლარი შეადგინა. ქონების მართვის სამინისტროს მიერ .. ..-ის მიერ დაკავებული ფართის ღირებულება იმ დროისათვის გაუქმებული სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1995წ. 6 ნოემბრის დადგენილებით მოხდა და მარეგულირებელ კოეფიციენტად გამოყენებული იქნა 1მ2 გასაყიდი ფასის განსაზღვრა 30 აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხით ეროვნულ ვალუტაში, რის გამოც .. ..-ის გასაყიდმა ფასმა 25010 აშშ დოლარი შეადგინა. ფაქტიურად გადახდილ იქნა 4661,6 დოლარით მეტი.

მოსარჩელის განმარტებით, რენტგენის და ფლუროგრაფიის კაბინეტი გასაყიდი ფასის განსაზღვრის პერიოდში .. ..-ის ბალანსზე აღრიცხული არ ყოფილა და მისი საბალანსო ღირებულება განსაზღვრულია მოქმედი კანონმდებლობის, კერძოდ, ეროვნული მეურნეობის ძირითადი ფონდების გადაფასების შესახებ ინსტრუქციის მეორე თავის მე-4 მუხლის მოთხოვნათა გვერდის ავლით, ფართობის ერთეულის სუბიექტური შეფასებით.

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებისა და “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის საფუძველზე 1999წ.

1 სექტემბრამდე სახაზინო საწარმო ”.. ..-ის” ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა უნდა შეცვლილიყო ”მეწარმეთა შესახებ” კანონთან შესაბამისობაში. ნაცვლად ამისა, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ მხოლოდ 2000წ. 13 სექტემბერს დაევალა თბილისის ქონების მართვის სამმართველოს .. ..-ის ბალანსზე შპს-ს დაფუძნება სახელმწიფოს 100%-იანი წილით. აღნიშნულიდან გამომდინარე შპს ”.. ..-ის” 100%-იანი წილი გასხვისებულ იქნა პოლიკლინიკის დროებით ამხანაგობაზე 2000წ. 30 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 2000წ. 20 დეკემბერს.

თბილისის ქონების მართვის სამმართველოს მიერ 2000წ. 3 ოქტომბერს აუდიტორული შემოწმება ჩატარდა და შედგა დასკვნა, რომლის თანახმად .. ..-ის საწესდებო კაპიტალი 31096 ლარით განისაზღვრა, ფაქტიურად კი 54624 ლარია გადახდილი. სხვაობა 23528 ლარს შეადგენს.

მოსარჩელის მითითებით, დარღვეულ იქნა აგრეთვე ლარის კურსის განსაზღვრა აშშ დოლართან მიმართებაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელემ მოითხოვა: ზედმეტად გადახდილი თანხის 4662 აშშ დოლარის და გადახდილი თანხიდან სხვაობის 253 აშშ დოლარის დაბრუნება; სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998წ. 25 დეკემბრის ¹1-3/797 ბრძანების მე-2 პუნქტის და 1999წ. 25 ოქტომბრის ¹3/752 ბრძანების ბათილად ცნობა; სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსათვის რენტგენისა და ფლუროგრაფიის კაბინეტის შენობის გადაფასების დავალება.

2002წ. 20 მაისს შპს “.. ..-ის” დირექტორმა ლ. ხ-მ თბილისის საოლქო სასამართლოში დაზუსტებული სასარჩელო განცხადება წარადგინა და მოითხოვა: ზედმეტად გადახდილი თანხის 4662 აშშ დოლარის და გადახდილი თანხიდან სხვაობის 253 აშშ დოლარის დაბრუნება; სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998წ. 25 დეკემბრის ¹1-3/797 ბრძანების მე-2 პუნქტის და 1999წ. 25 ოქტომბრის ¹3/752 ბრძანების ბათილად ცნობა; სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსათვის რენტგენისა და ფლუროგრაფიის კაბინეტის შენობის გადაფასების დავალება შემდეგი საფუძვლების გამო:

სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ დარღვეულ იქნა “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 თავის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი გაიცემა თანხის მთლიანად გადახდის დადასტურებიდან 2 თვის ვადაში. Aასევე დარღვეულია ლარის კურსის განსაზღვრა ამერიკულ დოლართან მიმართებაში.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 24 იანვრის განჩინებით შეწყდა წარმოება ფიზიკური პირების, შპს “.. ..-ის” თანამშრომლების მ. ლ-ის, თ. მა-ის, დ. მ-ის, თ. მ-ის სარჩელისა გამო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიმართ, იმ მოტივით, რომ სასამართლოს მთავარ სხდომაზე .. ..-ის წარმომადგენელმა გ. ბ-მა მოითხოვა განხილული ყოფილიყო შპს “.. ..-ის” დაზუსტებული სარჩელი და უარი თქვა ფიზიკური პირების მ. ლ-ის, დ. მა-ის, დ. მ-ისა და თ. მ-ის მიერ აღძრულ სარჩელზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 24 იანვრის გადაწყვეტილებით შპს ”.. ..-ის” სარჩელს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიმართ მთლიანად უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.

სასამართლო კოლეგიამ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:

შპს “.. ..-ის” სარჩელი, რომელიც შეიცავს, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს (სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო) მიერ გარკვეული მოქმედებების განხორციელების (ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნება, რენტგენისა და ფლუროგრაფიის კაბინეტის ღირებულების ხელახალი შეფასება), ასევე ამ ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნას (1998წ. 25 დეკემბერის ბრძანების მე-2 პუნქტი და 1999წ. 25 ოქტომბრის ბრძანება) არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე და 24-ე მუხლების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელემ სათანადო გარემოებებზე და მტკიცებულებებზე მითითებით ვერ დაადასტურა, რომ სწორედ მის მიერ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის გამოცემამ და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულმა გასაჩივრებულმა ქმედებებმა გამოიწვია მისი ინდივიდუალური, კანონიერი უფლებების და ინტერესებისათვის პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენება ან შეზღუდვა.

Mმოპასუხის მიერ განხორციელებულ გასაჩივრებულ ქმედებებს საპრივატიზაციო ობიექტის საწყისი გასაყიდი ფასის არასწორ შეფასებას და შესაბამის გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს არ შეიძლება პირდაპირი და უშუალო ინდივიდუალური ზიანი მიეყენებინა მოსარჩელე შპს “.. ..-ის” კანონიერი ინტერესებისათვის, ვინაიდან შპს “.. ..” არ წარმოადგენს იმ ამხანაგობის რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ საწარმოს, რომელმაც .. ..-ის საპრივატიზებო თანხა _ 54624 ლარი გადაუხადა მოპასუხეს, არამედ ის დაფუძნებულია სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2000წ. 13 სექტემბრის ბრძანების საფუძველზე, სახაზინო საწარმოს “.. ..-ის” ქონების ბაზაზე, სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით.

ზემოთ მითითებული გადაწყვეტილება შპს “.. ..-ის” დირექტორმა ლ. ხ-მ იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ შპს “.. ..-ის” დირექტორის ლ. ხ-ს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 24 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე და 24-ე მუხლები, რომლებიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას ან ძალადაკარგულად გამოცხადებასა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას შეეხება. მაშინ, როცა აღნიშნული დავა სახელმწიფო ქონების პრივატიზაციას უკავშირდება და თავისი ბუნებით იურიდიული გარიგებაა. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სპეციალური კანონი “სახელმწიფო ქონების პრივეტიზების შესახებ”, ასევე, სამოქალაქო კოდექსი და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც ადმინისტრაციულ გარიგებებს შეეხება.

საკასაციო სასამართლო, ამასთან, დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს “.. ..-ის” დირექტორის ლ. ხ-ს სარჩელის განხილვისას თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში იხილებოდა დავა ამ საქმეში მონაწილე მესამე პირების, ქ-ის, გ-ის და სხვათა სარჩელისა გამო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და ქ. თბილისის ქონების მართვის სამმართველოსთან, მესამე პირების: ლ. ხ-ს, მ. ლ-ის, დ. მ-ის, დ. მა-ის და თ. მ-ის მონაწილეობით, სადაც მოსარჩელეები ითხოვდნენ შპს “.. ..-ის” სამეწარმეო რეესტრის მე-4 სვეტის “ა” პუნქტში არსებული ჩანაწერის _ “სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველო” შეცვლას სიტყვებით _ “.. ..-ის” შრომითი კოლექტივის ბაზაზე შექმნილი ამხანაგობის წევრები,” სულ 79 წევრი და იქვე, თითოეული წევრის წილობრივი მაჩვენებლების პროცენტებში მითითებას, რაც სულ საწესდებო კაპიტალის 100%-ს შეადგენდა. აღნიშნული დავა დღეის მდგომარეობით გადაწყვეტილი არ არის და მიმდინარეობს განხილვა სააპელაციო სასამართლოში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელმეორედ განხილვისას სააპელაციო სასამართლომ პირველ რიგში უნდა იმსჯელოს, ხომ არ არსებობს სსკ-ს 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება მოცემული საქმის წარმოებით შეჩერების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ ამ საქმის განხილვა შეუძლებელია ზემოთ დასახელებული საქმის გადაწყვეტამდე. მხოლოდ ამ გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ შეუძლია სააპელაციო სასამართლოს განიხილოს საქმე არსებითად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “.. ..-ის” დირექტორის ლ. ხ-ს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 24 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.