3გ-ად-137-კ-03 12 ივნისი, 2003წ. ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2002წ. 25 თებერვალს მოწინააღმდეგე მხარე ნ. ნ-მა სარჩელით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს ქ. თბილისის მერიისა და ფინანსთა სამინისტროს მიმართ და საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 26 ივნისის ¹180 განკარგულების მე-4 პუნქტისა და სკ-ს 409-ე და 992-ე მუხლების თანახმად, როგორც 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის თბილისის მოვლენების შედეგად დაზარალებულმა მოქალაქემ, მოითხოვა მიყენებული მატერიალური ზიანის 97880 აშშ დოლარის ანაზღაურება შემდეგი მოტივით: მოსარჩელის მითითებით იგი ცხოვრობდა ..... თბილისში, 1991-92 წლების ცნობილი მოვლენების შედეგად მთლიანად განადგურდა მისი ბინა. 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის მიერ 1996წ. 10 ოქტომბერს გაცემული ¹123 ცნობისა და დეკლარაციის მიხედვით, ნ. ნ-ის მატერიალურმა ზარალმა 3290600 მანეთი შეადგინა, რაც 109687 აშშ დოლარის ეკვივალენტი. წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ, რომელმაც მოსახლეობისათვის მიყენებული მატერიალური ზარალის მთლიანი ანაზღაურება იკისრა, ნაწილობრივ ანაზღაურდა მიყენებული ზარალი და სარჩელის აღძვრის მომენტისათვის ასანაზღაურებელი ზარალის ოდენობამ შეადგინა 97880 აშშ დოლარი, რომლის ანაზღაურებაც მოსარჩელემ სოლირადულად მოითხოვა კასატორებისაგან – ქ. თბილისის მერიისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსაგან.
2002წ. 11 მარტს თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს ასევე სარჩელით მიმართა თბილისში, ..... მცხოვრებმა, 1991-92 წლების ცნობილი მოვლენების შედეგად დაზარალებულმა დ. შ-ამ, რომელმაც იმავე საფუძვლით ქ. თბილისის მერიისაგან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსაგან სოლიდარულად მოითხოვა სარჩელის აღძვრის მომენტისათვის აუნაზღაურებელი 124033 აშშ დოლარის ანაზღაურება, რადგან 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის მიერ 1996წ. 10 ოქტომბერს გაცემული ¹137 ცნობისა და დეკლარაციის მიხედვით, დ.შ-ასათვის მიყენებულმა ზარალმა 4297980 მანეთი შედგინა, რაც 143266 აშშ დოლარის ეკვივალენტია და რომლის ნაწილიც სარჩელის აღძვრამდე უკვე ანაზღაურებული იყო სახელმწიფოს მიერ.
ნ. ნ-ისა და დ. შ-ას სარჩელი არ ცნო ქ. თბილისის მთავრობამ და მიუთითა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 28 თებერვლის ¹197 ბრძანებულებისა და საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 26 ივლისის ¹180 განკარგულების თანახმად, ქ. თბილისის მერიას დავალებული ჰქონდა დაზარალებულთათვის ბინათმშენებლობის დაფინანსება, ხოლო მატერიალური ზიანის ანაზღაურების საკითხის დარეგულირება ფინანსთა სამინისტროს ევალებოდა. საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. ¹704 ბრძანებულებით ცნობად იქნა მიღებული, რომ ახლადაშენებულ სახლებში არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზებიდან შემოსული თანხები უნდა მოხმარებოდა დაზარალებული მოსახლეობისათვის მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებას, რისთვისაც შეიქმნა მიზნობრივი ფონდი. მერიამ ნაკისრი ვალდებულება პირნათლად შეასრულა და ექსპლოატაციაში ჩააბარა 20 საცხოვრებელი სახლი, 46200 კვ.მ საერთო ფართობით. ამიტომ მერია აღნიშნულ დავაში თავს სოლიდარულ მოვალედ არ თვლის.
სარჩელი არ ცნო ასევე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმაც იმ მოტივით, რომ სახელმწიფოს მხრიდან კეთილი ნება იკვეთებოდა დაზარალებულთა ზიანის ანაზღაურებაზე, რაც დაზარალებულთათვის სახსრების გამოძებნაში გამოიხატებოდა მხოლოდ.
თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2002წ. 3 ივნისის საოქმო დადგენილებით დაკმაყოფილდა ფინანსთა სამინისტროს წარომადგენლის შუამდგომლობა ნ. ნ-ისა და დ. შ-ას სარჩელების ერთ წარმოებად გაერთიანების შესახებ.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 3 ივნისის გადაწყვეტილებით დ. შ-ასა და ნ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ფინანსთა სამინისტროსა და თბილისის მერიას სოლიდარულად დაეკისრათ დ. შ-ას სასარგებლოდ 124033 აშშ დოლარის, ხოლო ნ. ნ-ის სასარგებლოდ 97880 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. რაიონული სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტს, საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 28 თებერვლის ¹197 ბრძანებულებას და 26 ივლისის ¹180 განკარგულებას, ასევე 1997წ. 1 დეკემბრის ¹704 ბრძანებულებას.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და თბილისის მერიის მიერ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 4 თებერვლის განჩინებით ფინანსთა სამინისტროსა და თბილისის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და შემდეგი მოტივით უცვლელად დარჩა მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება:
1. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აპელანტები სადავოდ არ ხდიან მოსარჩელეთათვის მიყენებული ზიანის ოდენობას და ანაზღაურების ვალდებულებას, მაგრამ კანონიერად არ მიაჩნიათ თანხის სოლიდარულად დაკისრება. პალატამ თბილისის მთავრობის 2001წ. 24 იანვრის ¹01.15.12 დადგენილების დანართის საფუძველზე დადასტურებულად ცნო, რომ მოსარჩელეები ნამდვილად წარმოადგენდნენ 1991-92 წლების ცნობილი მოვლენების შედეგად დაზარალებულ პირებს;
2. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994წ. ¹336 დადგენილებით, საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. ¹180 განკარგულების, ¹197 და ¹704 ბრძანებულებების საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დაზარალებული მოსახლეობის მატერიალური ზიანის ანაზღაურებისა და საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შესახებ სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად ღონისძიებების გატარება დაევალა თბილისის მერიასა და ფინანსთა სამინისტროს. ამიტომ, სკ-ს 463-ე მუხლის საფუძველზე, პალატამ ისინი სოლიდარულ მოვალეებად ცნო და რადგან 465-ე მუხლით ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე სოლიდარული მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება, სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დაზარალებულთა სასარგებლოდ თბილისის მერიისა და ფინანსთა სამინისტროსათვის თანხების სოლიდარულად დაკისრების თაობაზე;
3. უსაფუძვლობის მოტივით, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე, რადგან მართალია, მოსარჩელეებს ზიანი 1991-92 წლების მოვლენების შედეგად მიადგათ, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. ¹180 განკარგულებით სახელმწიფომ აღიარა და იკისრა მოსახლეობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, რასაც დღესაც არ უარყოფს და სსკ-ს 83-ე მუხლისა და ახალი სკ-ს 137-ე მუხლის თანახმად, სარჩელის ხანდაზმულობაზე მითითება პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია;
4. სააპელაციო პალატა დაეთანხმა ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის არგუმენტს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის მითითების უმართებულობის შესახებ, რადგან სახელმწიფოს მიერ უკანონო მოქმედებით მოსარჩელეებისათვის ზიანის მიყენების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინებას საკასაციო წესით ასაჩივრებს თბილისის მერია და თანხის თბილისის მერიაზე სოლიდარულად დაკისრების ნაწილში ითხოვს მის გაუქმებას. კასატორის აზრით, სააპელაციო პალატამ არასწორად შეაფასა დაზარალებულ მოქალაქეთა მატერიალური ზიანის ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებული აქტები, რადგან საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. ¹180 განკარგულების მე-5 პუნქტით ფინანსთა სამინისტროს დაევალა “საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” კანონის შესაბამისად თანხების გამოყოფა, ქ.თბილისის მერიას კი დაევალა მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის დაფინანსება. სახელმწიფო აღნიშნულ ურთიერთობაში ერთადერთი მოვალეა და ქალაქის მერიის სოლიდურალ მოვალედ განხილვა არასწორია. ქალაქის მერია იურიდიული პირია, მისი ბიუჯეტი დამოუკიდებელია სახელმწიფო ბიუჯეტისა და ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტისგან, ამიტომ სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე ფინანსთა სამინისტრომ უნდა აგოს პასუხი სახელმწიფო ბიუჯეტით და არა ქ. თბილისის მერიამ.
თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ასევე ფინანსთა სამინისტრომაც, მოითხოვა განჩინების გაუქმება და სარჩელების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორის მითითებით, საქართველს პრეზიდენტის 1996წ. ¹180 განკარგულებით ფინანსთა სამინისტროს დაევალა ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტებში თანხების ანაზღაურების საკითხების შეტანა და არა ბიუჯეტის კანონში თანხების დამტკიცება, რაც პარლამენტის კომპეტენციაა. თუნდაც ფინანსთა სამინისტროს არ შეესრულებინა ¹180 განკარგულების მოთხოვნა, სარჩელები ხანდაზმულია, რადგან ისინი შეტანილია 2002 წელს, 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადის დარღვევით. კასატორი ასევე არ ეთანხმება სასამართლოების მიერ სკ-ს 463-ე მუხლის გამოყენებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება _ დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თბილისის მერიისა და ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 4 თებერვლის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
1. სსკ-ს 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო პროცესუალურად უფლებამოსილია საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება-განჩინების კანონიერება (სამართლის ნორმების სწორად გამოყენება-განმარტება) შეამოწმოს მხოლოდ საკასაციო საჩივრის ფარგლებში და ამავე კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საოლქო სასამართლოს მიერ დადასტურებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი, დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. ვინაიდან 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის მიერ 1996წ. 10 ოქტომბერს გაცებული ¹123 და ¹137 ცნობებისა (დეკლარაციების) და თბილისის მთავრობის 2001წ. 24 იანვრის ¹01.15.12 დადგენილების დანართის საფუძველზე, მოსარჩელე ნ. ნ-ი და დ. შ-ა სააპელაციო პალატის მიერ ცნობილ იქნა დაზარალებულ პირად, რომელთა ზარალის ოდენობამაც დავის გადაწყვეტისას შეადგინა 97880 აშშ დოლარი (ნ. ნ-ი) და 124033 აშშ დოლარი (დ. შ-ა), რაც არც თბილისის მერიას და არც ფინანსთა სამინისტროს სადავოდ არ გაუხდიათ, ამიტომ საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოება, საკასაციო სასამართლო პროცესუალურად არაუფლებამოსილია სადავოდ გახადოს მოსარჩელეთათვის მიყენებული ზიანის ოდენობა და სასამართლო, საკასაციო საჩივრის შესაბამისად (ფარგლებში) იმსჯელებს მხოლოდ მოსარჩელეთა სასარგებლოდ ფინანსთა სამინისტროსთან ერთად თბილისის მერიისათვის თანხის სოლიდარულად დაკისრების კანონიერების შესახებ;
2. საკასაციო პალატა უსაფუძვლობის მოტივით ვერ გაიზიარებს კასატორების არგუმენტს საოლქო სასამართლოს მიერ მოსარჩელეთა სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების თანხის ფინანსთა სამინისტროსთან ერთად თბილისის მერიისათვის სოლიდარულად დაკისრების უკანონობის შესახებ, რადგან “თბილისში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების პროგრამის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის ¹180 განკარგულების, ასევე სააპელაციო პალატის მიერ მართებულად მითითებული სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების: “ქ. თბილისში 1991წ. დეკემბერ _ 1992წ. იანვრის მოვლენების დროს დაზარალებულ მოქალაქეთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობისა და მათთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994წ. ¹336 დადგენილების, “თბილისში 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსალეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობის და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. ¹197 ბრძანებულების, “თბილისში 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის მატერიალური ზარალის ნაწილობრივი კომპენსაციის შესახებ” პრეზიდენტის 1997წ. ¹704 ბრძანებულების თანახმად, 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მატერიალური ზიანის ანაზღაურებისა და საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შესახებ სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად რიგი ღონისძიებების გატარება დაევალა როგორც თბილისის მერიას, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და თითოეულს უნდა მიეღო მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში _ მოსახლეობის მატერიალური ზიანის ანაზღაურებასა და სახლების მშენებლობაში. კერძოდ:
ა) საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994წ. 31 მაისის ¹336 დადგენილების მე-9 პუნქტის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტს, ვაჭრობისა და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად დაევალა წინადადებების შემუშავება-წარდგენა დაზარალებულ მოქალაქეთათვის განადგურებული საოჯახო ქონების შესაძენად საჭირო სახსრების გამოყოფის შესაძლებლობის შესახებ;
ბ) საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 28 თებერვლის ¹197 ბრძანებულებით შეიქმნა 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების სამთავრობო კომისია, რომელსაც სახლების აღდგენა-მშენებლობის პროგრამის შემუშავება დაევალა. ამ მიზნით თბილისის მერიას დაეკისრა მშენებლობისათვის 5 მილიონი ლარის გამოყოფა, ტენდერის გამოცხადება და გამოყოფილი სახსრების ეფექტიანი ათვისება. ფინანსთა სამინისტროს კი დაევალა დამატებითი სახსრების გამოყოფა მშენებლობის გასაგრძელებლად და მატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად;
გ) საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 26 ივლისის ¹180 განკარგულებით თბილისის მერიას დაევალა დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის დაფინანსების უზრუნველყოფა 1996წ. ბიუჯეტით გათვალისწინებული 5 მილიონი ლარის ფარგლებში, ხოლო ფინანსთა სამინისტროს დაევალა წინადადებების შემუშავება დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად არასაბიუჯეტო და საბიუჯეტო სახსრების მობილიზებისა და გამოყოფის შესახებ. განკარგულების მე-4 პუნქტით ცნობად იქნა მიღებული, რომ 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად მოსახლეობისათვის მიყენებულმა ზარალმა შეადგინა 8 მილიონი აშშ დოლარი;
დ) საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 1 დეკემბრის ¹704 ბრძანებულებითაც ცნობად იქნა მიღებული სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და თბილისის მერიის გადაწყვეტილება დაზარალებული მოსახლეობისათვის მატერიალური ზარალის ნაწილობრივი კომპენსაციის მიზნით, მათთვის აშენებულ და მშენებარე საცხოვრებელ სახლებში განთავსებული არასაცხოვრებელი ფართის აუქციონის წესით პრივატიზების შესახებ და პრივატიზებიდან შემოსული თანხები უნდა გადარიცხულიყო დაზარალებულთა მატერიალური ზარალის ნაწილობრივი კომპერსაციისათვის, რისთვისაც თბილისის ბიუჯეტში შეიქმნა მიზნობრივი ფონდი;
ე) თბილისის პრემიერის 1998წ. 31 დეკემბრის ¹729 განკარგულებით, აუქციონის წესით პრივატიზების შემთხვევაში მისაღები კომპენსაციის ანგარიშში დაზარალებულ მოქალაქეებს გადაეცემოდათ არასაცხოვრებელი ფართობები.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს აზრით, სააპელაციო პალატამ, სკ-ს 463-ე მუხლის თანახმად, მართებულად ცნო თბილისის მერია და ფინანსთა სამინისტრო სოლიდარულ მოვალეებად. მართალია, თბილისის მერიამ ნაწილობრივ შეასრულა ზემოაღნიშნული აქტებით დაკისრებული ვალდებულება საცხოვრებელი სახლების მშენებლობის ნაწილში, მაგრამ, რადგან სკ-ს 465-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე სოლიდარული მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება, ამიტომ საკასაციო პალატა იზიარებს რაიონული და საოლქო სასამართლოთა გადაწყვეტილებას დაზარალებულ ნ. ნ-ისა და დ. შ-ას სასარგებლოდ თბილისის მერიისა და ფინანსთა სამინისტროსათვის სოლიდარულად თანხის დაკისრების თაობაზე. ამასთან, სასამართლო განუმარტავს კასატორებს, რომ სკ-ს 473-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულების მთლიანად შემსრულებელ მოვალეს აქვს დანარჩენი მოვალის მიმართ უკუმოთხოვნის უფლება, წილთა თანაბრობის კვალობაზე;
3. საკასაციო პალატა უსაფუძვლობის მოტივით ასევე ვერ გაიზიარებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსაზრებას სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ, რადგან, მართალია, მოსარჩელეებს ზიანი 1991-92 წლების თბილისის ცნობილი მოვლენების შედეგად მიადგათ, მაგრამ რადგან სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურმა, საქართველოს პრეზიდენტმა 1996წ. ¹180 განკარგულებით აღიარა და იკისრა მოსახლეობისათვის მიყენებული ზიანის, 8 მლნ. აშშ დოლარის ანაზღაურების ვალდებულება, რასაც დღესაც არ უარყოფს, სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 83-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სკ-ს (1997წ.) 137-ე მუხლის თანახმად, თუ ვალდებული პირი (მოვალე) უფლებამოსილი პირის (კრედიტორის) წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება და ამიტომ სარჩელის ხანდაზმულობაზე მითითება უსაფუძვლოა;
ამდენად, საკასაციო პალატა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, სსკ-ს 410-ე მუხლის თანახმად, არ იზიარებს თბილისის მერიისა და ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრებს და მიაჩნია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 4 თებერვლის განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს, ვინაიდან კანონის მითითებულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, სასამართლომ საქმის ფაქტობრივ გარემოებათა სწორი შეფასებითა და შესაბამისი ნორმატიული აქტების (ბრძანებულება-განკარგულება, სამოქალაქო კოდექსი) მართებული გამოყენება _ განმარტებით გამოიტანა სწორი გადაწყვეტილება, რომელიც არ ემყარება კანონის დარღვევას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 410-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის მერიისა და ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 4 თებერვლის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.