Facebook Twitter

586აპ. 18 იანვარი, 2007 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),

ზაზა მეიშვილი, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. ნ-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ნ-ა, _ ცოლშვილიანი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი, _ ხობის რაიონული სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ”, “გ” ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით. იმავე განაჩენით მსჯავრდებულს დაეკისრა 1980 ლარის გადახდა დაზარალებულ ფ. ო-ას სასარგებლოდ.

განაჩენის მიხედვით, ნ. ნ-ას ბრალი დაედო ქურდობაში, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, არაერთგზის და სადგომში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში: იგი 2005 წლის 14 მარტს, დაახლოებით 03.20 საათზე, გამოძიებით დაუდგენელ სხვა პირთან ერთად მივიდა ფ. ო-ას ეზოში არსებულ პირუტყვის სადგომთან. მათ უკანონოდ შეაღწიეს აღნიშნულ სადგომში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად გაიტაცეს ფ. ო-ას კუთვნილი 3 სული ძროხა და წაიყვანეს ისინი სენაკის რაიონის სოფელ ---ის ტერიტორიაზე, მდინარე ტეხურის გვერდით არსებული ქარსაცავი ზოლისკენ, სამივე იქვე დაკლეს, ხოლო ნ. ნ-მ ხორცი წაიღო სარეალიზაციოდ ქ. თბილისში და ე.წ. “დეზერტირების” ბაზარში მიჰყიდა მისთვის უცნობ პიროვნებას, რითაც დაზარალებულ ფ. ო-ას მიაყენეს 1980 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

მსჯავრდებულ ნ. ნ-ას დამცველმა ადვოკატებმა _ ზ. დ-ამ და რ. კ-მა განაჩენი გაასაჩივრეს სააპელაციო წესით. ისინი საჩივრით ითხოვდნენ განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის გამართლებას. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2006 წლის 12 ივნისის განაჩენით ნ. ნ-ას დამნაშავედ ცნობის, მის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციის, მისთვის დანიშნული სასჯელის, აგრეთვე, სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი დატოვა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ნ. ნ-ამ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვს აღნიშნული განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას იმ მოტივით, რომ მას არ ჩაუდენია მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი მის მიმართ გამოტანილია საპროცესო დარღვევებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები ნ. ნ-ას მიმართ და შეამოწმა მსჯავრდებულის საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმეში არსებობს წინასწარი გამოძიებისას და სასამართლო გამოძიებით მოპოვებული საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ნ. ნ-ს მიერ სხვა პირთან ერთად წინასწარი შეთანხმებითა და სადგომში უკანონო შეღწევით სამი სული ძროხის ქურდობის ჩადენას, რამაც დაზარალებულს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, კერძოდ, აღნიშნული დასტურდება დაზარალებულისა და ბრალდების მოწმეების მიერ არაერთგზის, როგორც წინასწარი გამოძიებისას, ასევე სასამართლოში საქმის განხილვისას მიცემული დამაჯერებელი და თანმიმდევრული ჩვენებებით, დანაშაულის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და საქმის სხვა მასალებით.

ისეთი არსებითი საპროცესო დარღვევები, რომლებსაც შეეძლოთ ნეგატიური გავლენა მოეხდინათ საქმეზე კანონიერი განაჩენის დადგენის თვალსაზრისით, საქმის მასალების ანალიზით არ დგინდება, ხოლო რაც შეეხება სხვა ცალკეულ დარღვევას, რომლებზედაც კასატორი მიუთითებს, მათ თაობაზე წინასწარი გამოძიების სტადიაზე უფლებამოსილმა ორგანოებმა მოახდინეს შესაბამისი რეაგირება.

რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის სასამართლოს მიერ დანიშნულ სასჯელს, საკასაციო პალატის აზრით, იგი განსაზღვრულია სისხლის სამართლის კანონის მოთხოვნათა დაცვით, სავსებით შეესაბამება ჩადენილი ქმედების ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას, არის სამართლიანი და მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს აუცილებელ ზომას სასჯელის მიზნების მისაღწევად. აღნიშნული გარემოების გამო გასაჩივრებული განაჩენი სასჯელის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

ამავე დროს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებულ განაჩენში, კერძოდ, მსჯავრდებულ ნ. ნ-ას მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციის ნაწილში, უნდა შევიდეს ცვლილება. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება ნ. ნ-ას მსჯავრდებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ქურდობის არაერთგზის ჩადენისათვის, ვინაიდან ბოლო ნასამართლობა, რომელიც ნ. ნ-ას ჰქონდა მის მიერ წინათ ჩადენილი ანალოგიური დანაშაულის გამო, უკვე გაქარწყლებული იყო იმ დროისათვის, როდესაც მან ახალი დანაშაული ჩაიდინა და რომლისათვისაც ამჟამად იგი მსჯავრდებულია გასაჩივრებული განაჩენით. საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, გაქარწყლებული ნასამართლობა მხედველობაში არ მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და დანაშაულის კვალიფიკაციის საკითხის გადაწყვეტისას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. ნ-ას უნდა მოეხსნას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) უსაფუძვლოდ შერაცხული ბრალდება და ბრალდების ამ ნაწილში მის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებირვი დევნა, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

გარდა ამისა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ნ. ნ-ას მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაცია, განსაზღვრული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), რომელიც ადგენდა პასუხისმგებლობას ქურდობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, აგრეთვე, იმავე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), რომელიც ადგენდა პასუხისმგებლობას სადგომში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობისათვის, უნდა შეიცვალოს და აღნიშნული ქმედება შესაბამისად უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და იმავე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), ვინაიდან, საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა. ამასთან, მსჯავრდებულ ნ. ნ-ას ქმედების კვალიფიკაცია, განსაზღვრული 2000 წლის 30 მაისის რედაქციით მოქმედი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს, თუკი ახალი კანონი არ აუქმებს ქმედების დასჯადობას ან არ ამსუბუქებს სასჯელს.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ივნისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ ნ. ნ-ას მიმართ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ნ. ნ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ივნისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ ნ. ნ-ას მოეხსნას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) შერაცხული ბრალდება და ამ ნაწილში მის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა.

მსჯავრდებულ ნ. ნ-ას მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაცია, განსაზღვრული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), შეიცვალოს და ამ ნაწილში მისი ქმედება შესაბამისად დაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე, მსჯავრდებულ ნ. ნ-ას მიმართ დანიშნული სასჯელი დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.