Facebook Twitter

¹589აპ ქ. თბილისი

7 მარტი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლ. მურუსიძე (თავმჯდომარე),

ი. ტყეშელაშვილი, ზ. მეიშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ჭ-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 09 ივნისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 10 მარტის განაჩენით ი. ნ-ის ასული გ-ძე, იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 03 (სამი) წელი.

განაჩენის მიხედვით, ი. გ-ეს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ავტომანქანის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:

2004 წლის 19 ოქტომბერს, ი. გ-ძე, დაახლოებით 10 საათზე, ხელვაჩაურის რაიონის ---ში, ბათუმი-სენაკის საავტომობილო გზის ---ე კილომეტრზე, მართავდა რა მის კუთვნილ და მისივე მართვის ქვეშ მყოფ ბმვ-720 მარკის მსუბუქ ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით ¹--- და მოძრაობდა რა ქობულეთიდან ბათუმის მიმართულებით, დაარღვია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტის მოთხოვნები, კერძოდ: “მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია თან ჰქონდეს იმ კატეგორიის მძღოლის მოწმობა, რომელ სატრანსპორტო საშუალებასაც მართავს” და 29,1 მუხლის მოთხოვნები, რომ “მძღოლი სატრანსპორტო საშუალებას მართავს ისეთი სიჩქარით, რომელიც არ აღემატება დადგენილ შეზღუდვებს, ამასთან ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალებისა და ტვირთის თავისებურებებს და მდგომარეობას, საგზაო და მეტეოროლოგიურ პირობებს, კერძოდ ხილვადობას მოძრაობის მიმართულებით. სიჩქარე საშუალებას აძლევს მძღოლს გაუწიოს მუდმივი კონტროლი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების მოთხოვნათა შესასრულებლად. მოძრაობისათვის საფრთხის შემთხვევაში, რომლის შემჩნევა მძღოლს შეუძლია, ის იღებს შესაძლო ზომებს მოძრაობის სიჩქარის შესამცირებლად სატრანსპორტო საშუალების სრული გაჩერების ჩათვლით”. მსჯავრდებულ ი. გ-ეს არ გააჩნდა რა სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მოწმობა, გადაამეტა დაშვებულ სიჩქარეს, არ გაითვალისწინა მოძრაობის ინტენსიურობა, დროულად ვერ შენიშნა ქვეითად მოსიარულე მ. შ-კო, რომელიც გადადიოდა სავალი ნაწილის გზის მარჯვნიდან მარცხნივ და დაეჯახა მას თავისი ავტომანქანის წინა მარჯვენა ნაწილით, რის შედეგადაც ქვეითად მოსიარულე მ. შ-კო ადგილზე გარდაიცვალა.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურორის თანაშემწე მ. მ-ემ და დაზარალებულის უფლებამონაცვლემ, ე. კ-ომ და მოითხოვეს ი. გ-ის მიმართ პირობითი მსჯავრის გაუქმება და სასჯელის გამკაცრება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 09 ივნისის განაჩენით გაუქმდა ი. გ-ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 10 მაისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი.

მსჯავრდებულ ი. გ-ის ადვოკატი რ. ჭ-ვა საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის განაჩენის გაუქმებას და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განაჩენის ძალაში დატოვებას, იმ მოტივებით, რომ ი. გ-ძე არის მარტოხელა დედა, ნასამართლობის არმქონე, აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილს, ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, აანაზღაურა გარდაცვლილის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

ი. გ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა სრულადაა დადასტურებული საქმეში არსებული მასალებით, მათ შორის _ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასამართლო-სამედიცინო და ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნებით, მსჯავრდებულის, დაზარალებულის უფლებამონაცვლის ჩვენებებით. აღნიშნული მტკიცებულებები სააპელაციო პალატამ სათანადოდ გამოიკვლია და მსჯავრდებულის ქმედება სწორად დააკვალიფიცირა.

რაც შეეხება ი. გ-სათვის დანიშნულ სასჯელს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ იგი მეტისმეტად მკაცრია და უნდა შემსუბუქდეს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, მათ შორის _ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით _ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი და შეურიგდეს დაზარალებულს.

მსჯავრდებული ი. გ-ძე დანაშაულის ჩადენის პირველივე დღიდან აღიარებს დანაშაულს და თანამშრომლობს გამოძიებასთან, არის მარტოხელა დედა, ნასამართლობის არმქონე, ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, აანაზღაურა გარდაცვლილის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯები, ჩადენილი აქვს გაუფრთხილებელი დანაშაული. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მას არ მიუტოვებია შემთხვევის ადგილი, არამედ მან თავისი ინიციატივით გამოიძახა სასწრაფო დახმარება და მომხდარის შესახებ შეატყობინა პოლიციას.

ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ მხედველობაში უნდა იქნას მიღებული შემდეგი გარემოებები: ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში არაფერია ნათქვამი მსჯავრდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შესახებ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში აღნიშნულია, რომ ი. გ-ეს სასჯელის მოხდა გამოეთვალოს დაკავების მომენტიდან და არ არის ნამსჯელი მსჯავრდებულის დაკავებისა და შინაპატიმრობაში ყოფნის პერიოდის მოსახდელი სასჯელის ვადაში გათვალისწინების შესახებ. ი. გ-ძე დაკავებული იქნა 2004 წლის 19 ოქტომბერს და დაკავებიდან განთავისუფლდა 20 ოქტომბერს, ანუ იგი დაკავებული იყო ერთი დღის განმავლობაში. მას აღკვეთის ღონისძიებად შინაპატიმრობა შეერჩა 2004 წლის 31 დეკემბერს. სსსკ-ის 6805-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად ბრალდებულს შინაპატიმრობა შეიძლება დაუწესდეს არაუმეტეს 9 თვისა. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის მიერ მოსახდელი სასჯელის ვადაში გათვალისწინებული უნდა იქნას დაკავებისა და შინაპატიმრობის დრო, ჯამში 9 თვე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ადვოკატ რ. ჭ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 09 ივნისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: მსჯავრდებულ ი. გ-ეს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელიდან _ 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთიდან, სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დაუდგინდეს 2 (ორი) წლის მოხდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

ი. გა-ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და შინაპატიმრობაში ყოფნის დრო, კერძოდ 9 (ცხრა) თვე.

სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.