595აპ. 28 იანვარი, 2007 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე),
ზაზა მეიშვილი, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. ქ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 19 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 14 თებერვლის განაჩენით რ. ქ-ლს, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის II ნაწილის “გ” ქვეპუნქტით სასჯელად განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. იგი სასჯელს იხდის 2005 წლის 15 ივნისიდან.
განაჩენით რ. ქ-ლს მსჯავრი დაედო ქურდობისათვის, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
აღნიშნული დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
2005 წლის 15 ივნისს, ღამის 2 საათზე, რ. ქ-ლი ავიდა ფონიჭალაში მეგობარ გოგოსთან _ ი. ჯ-თან, რომელიც სახლში არ დახვდა. ი-ს მეზობლისაგან, ვინმე დ-გან გაიგო, რომ ი. შესაძლებელია მოსკოვის პროსპექტზე ყოფილიყო თავის მეგობარ გოგოსთან. მითითებულ სახლის ნომერზე დარეკვისას ირმა მართლაც აღმოჩნდა იქ და სთხოვა მოსკოვის პროსპექტზე გასვლა. რ. ქ-მა დაინახა რა მ. კ-ის სასადილოსთან გაჩერებული, ამ უკანასკნელის კუთვნილი ავტომანქანა “მერსედესი”, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ჩაჯდა ავტომანქანაში, აამუშავა ძრავა საკეტში ჩატოვებული გასაღების მეშვეობით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, რითაც მ. კ-ეს მიაყენა 7500 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. იგი გაემგზავრა თბილისში, ისანი-სამგორის რაიონის ტერიტორიაზე, სადაც მოსკოვის პროსპექტზე დაკავებულ იქნა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა რ. ქ-მა, რომელმაც აღნიშნა, რომ მან მანქანა წაიყვანა დროებითი გამოყენების მიზნით და არ ჰქონია მისი მისაკუთრების მიზანი. აქედან გამომდინარე, ითხოვა ქმედების გადაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის I ნაწილზე (ავტომობილის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება დროებითი გამოყენების მიზნით) და მინიმალური სასჯელის შეფარდება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 19 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 14 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა რ. ქ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, აღნიშნა, რომ ჰყავს მეუღლე, მცირეწლოვანი შვილი, ინანიებს ჩადენილ ქმედებას და ითხოვს წარდგენილი მუხლის გადაკვალიფიცირებასა და სასჯელის შემსუბუქებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. განაჩენით მსჯავრდებულისათვის შერაცხული ბრალდება არავითარ ეჭვს არ იწვევს. მის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება. რ. ქ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია, როგორც მის მიერ ბრალის ნაწილობრივ აღიარებით, ისე დაზარალებულ მ. კ-ის, მოწმეების: დ. გ-ის, ზ. ბ-ის, ა. კ-სა და სხვათა ჩვენებებით.
სააპელაციო სასამართლომ მთლიანად გაითვალისწინა ის შემამსუბუქებელი გარემოებები, რის შესახებაც საკასაციო საჩივარშია მითითებული და მსჯავრდებულ რ. ქ-ლს განუსაზღვრა კანონის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი.
პალატა თვლის, რომ ამჟამად რ. ქ-თვის სასჯელის შემსუბუქების კანონიერი საფუძველი არ არსებობს, რადგან სააპელაციო სასამართლომ მას სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმესა და მის პიროვნებას.
ამავე დროს, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 19 ივნისის განაჩენში უნდა შევიდეს მსჯავრდებულის სასიკეთო ცვლილება, კერძოდ:
სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით, (2000 წლის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ქურდობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ექვს წლამდე. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტი (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სასჯელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ რ. ქ-ის დანაშაულებრივი ქმედება გათვალისწინებული, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით, (2000 წლის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” და „დ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ რ. ქ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 19 ივნისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ შემდეგი მიმართებით:
რ. ქ-ის დანაშაულებრივი ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტზე.
სხვა ნაწილში განაჩენი, მათ შორის, მსჯავრდებულ რ. ქ-თვის დანიშნული სასჯელი, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.