Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-142-კ-03 18 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. ქადაგიძე

სარჩელის საგანი: საცხოვრებელი სადგომიდან გამოსახლება.

შეგებებული სარჩელის საგანი: თანხის დაკისრება, სანაცვლო საცხოვრებელი სადგომის გამოყოფა.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 28 იანვარს მოსარჩელე ხ. ი-მა სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე გ. ჯ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მის მიერ აჭარის ა/რ მხატვართა და არქიტექტორთა კავშირიდან კანონიერად მიღებული არასაცხოვრებელი ფართიდან (აჭარის ა/რ მხატვართა კავშირის სახელოსნო ¹2) მოპასუხე გ. ჯ-ის იძულებითი წესით გამოსახლება მეუღლესთან, მ. ჯ-თან და ორ შვილთან ერთად, გ. ჯ-ის მიერ მოსარჩელის კუთვნილ სახელოსნოში გაკეთებული რემონტის ჩათვლა მისთვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებად და საადვოკატო მომსახურების ანაზღაურების მიზნით გ. ჯ-ისათვის 1000 ლარის გადასახდელად დაკისრება.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ ქ. ბათუმის სასამართლოს 1999წ. 21 იანვრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ქ. ბათუმის მერიის 1997წ. 17 ივლისის ¹257 გადაწყვეტილება სამშენებლო ტრესტის თანამშრომლებზე გაცემული საგარანტიო წერილების თაობაზე და ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1999წ. 21 ნოემბრის ¹236 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქ. ბათუმში, ... მდებარე სახლის სხვენი ამოირიცხა საცხოვრებელი ფართიდან, რაც შემოქმედებითი სახელოსნოებისთვის გადაეცა აჭარის ა/რ მხატვართა და არქიტექტორთა კავშირს, როგორც ეს იყო გათვალისწინებული ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1988წ. 15 ივნისის ¹522 გადაწყვეტილებით.

მოპასუხე გ. ჯ-ის წარმომადგენელმა, ვ. გ-ემ, ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარადგინა შეგებებული სარჩელი საქმეში მესამე პირად ჩაბმული ქ. ბათუმის მერიის წინააღმდეგ, რომლითაც ითხოვა ქ. ბათუმის მერიისათვის საცხოვრებელი ბინის საკომპენსაციო ღირებულების _ 20000 აშშ დოლარის, ასევე ბინაზე გაწეული ხარჯის _ 5220 აშშ დოლარის – დაკისრება და აღნიშნული თანხის გადახდამდე სადავო ფართიდან გ.ჯ-ის გამოსახლებაზე ქ.ბათუმის მერიისათვის უარის თქმა.

გ. ჯ-ის წარმომადგენელმა, ვ. გ-ემ, ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარადგინა დამატებითი შეგებებული სასარჩელო განცხადება, რომლითაც მან შეცვალა შეგებებული სარჩელის პირველი მოთხოვნა, რომელიც მდგომარეობდა ქ. ბათუმის მერიისათვის საცხოვრებელი ბინის საკომპენსაციო ღირებულების _ 20000 აშშ დოლარის დაკისრებაში, ხოლო დანარჩენი მოთხოვნები დატოვა უცვლელად. ვ. გ-ემ საცხოვრებელი ბინის საკომპენსაციო ღირებულების სანაცვლოდ მოითხოვა ბათუმის მერიის დავალდებულება გ. ჯ-ისთვის 90 კვ.მ-ის კეთილმოწყობილი ბინის გამოყოფის თაობაზე. ასევე მან მოითხოვა, რომ ქ.ბათუმის მერიას უარი თქმოდა გ.ჯ-ის გამოსახლებაზე მისი 90 კვ.მ ფართის ბინით დაკმაყოფილებამდე.

გ. ჯ-ის წარმომადგენელ ვ. გ-ის შუამდგომლობით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2002წ. 30 აპრილის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩააბა ქ. ბათუმის მერია, როგორც სადავო ფართის მესაკუთრე.

ხ. ი-ის წარმომადგენელ ა.ლაზარეთიანის შუამდგომლობის საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2002წ. 21 მაისის განჩინებით საქმეში თანამოსარჩელედ ჩააბა აჭარის ა/რ მხატვართა კავშირი.

ქ. ბათუმის მერიის შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2002წ. 21 მაისის განჩინებით საქმეში თანამოპასუხედ ჩააბა აჭარის ა/რ მშენებლობის სამინისტროს ¹5 სამშენებლო ტრესტი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ხ.ი-სა და საქმეში თანამოსარჩელედ ჩართულ აჭარის ა/რ მხატვართა და არქიტექტორთა კავშირს, როგორც არასათანადო მოსარჩელეებს, მოპასუხე გ.ჯ-ის აღნიშნული სახელოსნოდან გამოსახლების თაობაზე უარი ეთქვათ; დაკმაყოფილდა მესამე პირის _ ქ. ბათუმის მერიის-სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხე გ. ჯ-ი გამოსახლდა ქ. ბათუმში, ... მდებარე ¹2 შემოქმედებითი სახელოსნოდან; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გ. ჯ-ის შეგებებული სარჩელი და ქ. ბათუმის მერიას დაეკისრა 5220 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა გ. ჯ-ის სასარგებლოდ.

მოსარჩელე ხ.ი-მა და თანამოსარჩელე აჭარის ა/რ მხატვართა კავშირმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 29 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში.

ქ. ბათუმის მერიამ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 29 თებერვლის გადაწყვეტილება, აგრეთვე, გაასაჩივრა სააპელაციო წესით აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში. ქ. ბათუმის მერიამ მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, კერძოდ, ამ გადაწყვეტილების ტექსტიდან მე-3 აბზაცის მთლიანად ამოღება, რომელიც შეეხება ქ. ბათუმის მერიისათვის 5220 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრებას გ. ჯ-ის სასარგებლოდ.

გ. ჯ-მაც გაასაჩივრა სააპელაციო წესით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 29 თებერვლის გადაწყვეტილება და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების გამოტანითYაღნიშნული გადაწყვეტილების შეცვლა იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელის ნაწილი, კერძოდ, გ. ჯ-ისათვის სანაცვლო ბინის გამოყოფის თაობაზე და ქ.ბათუმის მერიის დავალდებულება, რათა მას გამოეყო გ. ჯ-ისთვის 90 კვ.მ ფართის კეთილმოწყობილი ბინა ქ. ბათუმში.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2003წ. 12 თებერვლის განჩინებით აპელანტების: ქ. ბათუმის მერიის, ხ. ი-ის, აჭარის ა/რ მხატვართა კავშირისა და გ. ჯ-ის სააპელაციო საჩივრები არ დააკმაყოფილა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 29 თებერვლის გადაწყვეტილება დატოვა უცვლელად.

ქ. ბათუმის მერიამ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2003წ. 12 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში და მოითხოვა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 12 თებერვლის განჩინების გაუქმება და საქმეზე არსებითად ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 29 ნოემბრის გადაწყვეტილების ტექსტიდან მე-3 აბზაცის მთლიანად ამოღება, რომელიც ეხებოდა გ. ჯ-ის სასარგებლოდ ბათუმის მერიისათვის 5220 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრებას, ხოლო დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას.

კასატორი მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

სააპელაციო სასამართლომ თავის განჩინებაში საერთოდ არ მიუთითა კანონის იმ ნორმაზე, რომელიც დაასაბუთებდა მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ არის საკმარისად დასაბუთებული და სასამართლო თავის მსჯელობას ვერ ამაგრებს კანონის მუხლებით, არ იყენებს იმ კანონებს, რაც უნდა ყოფილიყო გამოყენებული გადაწყვეტილების მიღებისას.

გ. ჯ-ის წარმომადგენელმა ვ. გ-ემაც აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2003წ. 12 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში და მოითხოვა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 12 თებერვლის განჩინების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა გ. ჯ-ს სანაცვლო ბინის გამოყოფაზე და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც დაკმაყოფილდება აღნიშნული მოთხოვნა.

კასატორმა თავისი მოთხოვნები დააფუძნა შემდეგ გარემოებებზე:

1. სააპელაციო სასამართლომ გ. ჯ-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისას არ მიუთითა კანონის რომელიმე ნორმაზე, რომელსაც იგი დაეყრდნო, რაც წარმოადგენს სსკ-ს 249-ე მუხლის ნორმის მოთხოვნათა დარღვევას. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონის ნორმები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ს 316-ე მუხლი, რომელშიც განმარტებულია მხარის უფლება, მოითხოვოს მეორე მხარისაგან ნაკისრი ვალდებულების შესრულება;

2. სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ს 427-ე, 434-ე, 442-ე, 448-ე, 452-ე, 454-ე მუხლები, რომლებშიც მოცემულია ვალდებულების შეწყვეტის საფუძვლების ფაკულტატური ჩამონათვალი. სასამართლომ არ გამოიყენა ასევე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის მე-6 ნაწილი და სკ-ს 408-ე მუხლი.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და თვლის, რომ ქ. ბათუმის მერიისა და გ.ჯ-ის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 12 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა ხ. ი-მა მოპასუხე გ. ჯ-ის მიმართ. თავის მხრივ, გ. ჯ-მა შეგებებული სარჩელი შეიტანა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე ქ. ბათუმის მერიის მიმართ, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 30 აპრილის განჩინებით მოცემულ საქმეში ჩაება მესამე პირად.

საქმის მასალებიდან არ ირკვევა, მოცემულ საქმეში რის საფუძველზე ჩაება ქ. ბათუმის მერია თანამოსარჩელედ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 8 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმში ბათუმის მერია მითითებულია, როგორც თანამოსარჩელე, თუმცა ამის შესახებ სასამართლოს განჩინება საქმეში არ მოიპოვება. არც სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 178-ე მუხლის შესაბამისად, ქ. ბათუმის მერიის სარჩელი არ არის სასამართლოში შეტანილი. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 27 ნოემბრის სხდომის ოქმში ქ. ბათუმის მერია ისევ მესამე პირად არის მითითებული. იმავე სხდომის ოქმში ქ. ბათუმის მერია აყალიბებს უკვე სასარჩელო მოთხოვნას.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე დატოვა უცვლელად ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 29 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომ არ უმსჯელია, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ჰქონდა თუ არა უფლება, განეხილა მესამე პირის, ქ. ბათუმის მერიის, სასარჩელო მოთხოვნა. მაშინ, როდესაც სსკ-ს 88-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესამე პირის სარჩელის მიღება და განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, ხოლო ბათუმის მერიას, როგორც მესამე პირს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, სარჩელი არ შეუდგენია წერილობით, რომელიც უპასუხებდა სსკ-ით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ დაირღვა სსკ-ს 177-ე და 178-ე მუხლების მოთხოვნები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია, მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც არსებობს კასაციის აბსოლუტური საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ქ. ბათუმის მერიისა და გ. ჯ-ის საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. ბათუმის მერიისა და გ. ჯ-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 12 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას;

4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.