3გ-ად-144-კ-03 12 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის 2000წ. 5 ივლისის ¹35/10 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
“დაცული ტერიტორიების სისტემის ჩამოყალიბების ხელშემწყობი ღონისძიებებისა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის შექმნის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995წ. 28 ივლისის ¹447 დადგენილების მე-3 პუნქტით გადაწყდა ხარაგაულის, ბორჯომის, ახალციხის, ხაშურის რაიონების ტერიტორიების ნაწილზე, კერძოდ, სატყეო მეურნეობების, სათიბ-საძოვრებისა და გამოუყენებელ ბუნებრივ ტერიტორიებზე, მენეჯმენტის გეგმით დადგენილ საზღვრებში 50400 ჰა ფართობზე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დაარსება.
1998წ. 21 დეკემბერს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის შედგა შეთანხმება ფინანსური თანამშრომლობის შესახებ პროექტისათვის _ “გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა _ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი".
“ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის შექმნასთან დაკავშირებით დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტისათვის მიწის ფართობის გამოყოფის შესახებ" ახალციხის რაიონის გამგეობის 1999წ. 30 სექტემბრის ¹9/97 დადგენილებით დამტკიცდა მიწის ნაკვეთების შერჩევის აქტი და სოფ. ა.-ის, ფ.-ის, ს.-ის, რ.-ის საკრებულოებისა და ახალციხის სატყეო მეურნეობის თანხმობის საფუძველზე, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის შექმნასთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტს გამოეყო 13825,55 ჰა მიწის ფართობი.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის შექმნასთან დაკავშირებით საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტს ასევე გამოეყო მიწის ნაკვეთები ბორჯომის რაიონის გამგეობის 1999წ. 15 სექტემბრის ¹103 დადგენილებით 21934,06 ჰა, ბაღდათის რაიონის გამგეობის 1999წ. 15 სექტემბრის ¹91 დადგენილებით 4559,83 ჰა; ხარაგაულის რაიონის გამგეობის 2000წ. 12 იანვრის ¹1/1 დადგენილებით 26256,45 ჰა (ალპური საძოვრევბი 3334,1 ჰა, სატყეო მეურნეობიდან 20189,0 ჰა, ყოფილი საკოლმეურნეო ტყეებიდან 2733,29 ჰა); ხაშურის რაიონის გამგეობის 2000წ. 15 თებერვლის დადგენილებით _ ¹18 1720,20 ჰა.
“ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის შექმნასთან დაკავშირებით დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტისათვის მიწის ფართობის გამოყოფის შესახებ" მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის 2000წ. 5 ივლისის სადავო ¹35/10 გადაწყვეტილებით დამტკიცდა ახალციხის, ბორჯომის, ბაღდათის, ხარაგაულისა და ხაშურის რაიონის გამგეობების ზემოაღნიშნული დადგენილებები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის შექმნასთან დაკავშირებით 50348.09 ჰა ფართობის დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტისათვის გადაცემის შესახებ. გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის “ა" ქვეპუნქტით საგანგებოდ აღინიშნა, რომ ხარაგაულის რაიონის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში, ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას ნება დაერთო, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ეროვნული პარკის ფარგლებში მოქცეული მთის საზაფხულო საძოვრებით სარგებლობაზე.
2000წ. 2 აგვისტოს კასატორმა _ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ ტყე-პარკთან მოსაზღვრე სოფლების საინიციატივო ჯგუფის თავმჯდომარე ე. ჩ.-მ თბილისის საოლქო სასამართლოში სარჩელი აღძრა საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის მიმართ და კომისიის 2000წ. 5 ივლისის ¹35/10 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და მთის საზაფხულო საძოვრის უკან გადაცემა მოითხოვა იმ მოტივით, რომ ტყე-პარკის თანამშრომლებისგან ადგილი ჰქონდა სოფლებისა და მთის საზაფხულო საძოვრებზე მწყემსების შევიწროებას, კანონიერი იარაღით გავლის, ცეცხლის დანთებისა და ქოხის აშენების აკრძალვას, რაც აუცილებელია მწყემსებისათვის.
2001წ. 20 თებერვლის დაზუსტებული სარჩელით კასატორმა სადავო ¹35/10 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა “აღმასრულენელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონის 41-ე მუხლის მე-4 პუნქტის, “დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" კანონის მე-14 მუხლების საფუძველზე, როგორც არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული არაკანონიერი აქტისა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000წ. 3 აგვისტოს განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-5, მე-6 მუხლის “ბ" პუნქტისა და 26-ე მუხლების საფუძველზე, ე. ჩ.-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს, რომელიც არ დაეთანხმა საოლქო სასამართლო კოლეგიის განჩინებას. სასამართლოებს შორის დავა საქმის განსჯადობის შესახებ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 18 ოქტომბრის განჩინებით და საქმე განსაჯადობით განსახილველად დაექვემდებარა მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს.
მოპასუხე საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიამ სარჩელი, უსაფუძვლობის მოტივით, არ ცნო.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 30 მარტის გადაწყვეტილებით ხარაგაულის ეროვნულ პარკთან მოსაზღვრე სოფლების საინიციატივო ჯგუფის თავმჯდომარე ე. ჩ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის 2000წ. ¹35/10 გადაწყვეტილება ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი, ხარაგაულის რაიონის გამგეობის 2000წ. 12 იანვრის ¹1/1 დადგენილების საფუძველზე, დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტისათვის 26256,45 ჰა მიწის გამოყოფის ნაწილში. რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოტივები სადავო აქტის კომპეტენციის ფარგლების გადაცილებით, არაუფლებამოსილი პირის მიერ, “დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" კანონის დარღვევით გამოცემის შესახებ, მაგრამ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლისა და “მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ" კანონის თანახმად მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტით ირღვევა ეროვნული პარკის მოსაზღვრე ხარაგაულის რაიონის ზოგიერთი სოფლის მცხოვრებთა კანონიერი ინტერესები, რადგან მოსახლეობის კუთვნილი მიწის ნაკვეთების ნაწილი მოქცეულია ეროვნული პარკის საზღვრებში და მათ მესაკუთრეებს ხელი ეშლებათ მიწის მოვლა-პატრონობასა და დამუშავებაში. ამასთან, მოსახლეობას ეკრძალება საშეშე მასალის ჭრა, საქონლის ძოვება, თიბვა და სხვა სამეურნეო საქმიანობა, რის გამოც სასამართლომ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის “დ" ქვეპუნქტისა და 62-ე მუხლის საფუძველზე, ნაწილობრივ ბათილადაც ცნო სადავო აქტი, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიისა და ე. ჩ.-ის მიერ.
საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიამ მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო, ხოლო ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკთან მოსაზღვრე სოფლების საინიციატივო ჯგუფის თავმჯდომარე ე. ჩ.-ემ მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებით სადავო აქტის მთლიანად ბათილად ცნობა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 20 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის 1 ნაწილის საფუძველზე, დაკმაყოფილდა მოსარჩელე ე. ჩ.-ის შუამდგომლობა საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის 2000წ. 5 ივლისის ¹35/10 გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების თაობაზე, რაც უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001წ. 2 ნოემბრის განჩინებით.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 5 თებერვლის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით შემდეგი მოტივით არ დაკმაყოფილდა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ ტყე-პარკთან მოსაზღვრე სოფლების საინიციატივო ჯგუფის თავმჯდომარე ე. ჩ.-ის სარჩელი:
1. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოსა და მოსარჩელის არგუმენტი, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტით დაირღვა მაღალმთიანი რეგიონის სოფლის ინტერესები, ვინაიდან სადავო გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის, 2000წ. ივლისისათვის აღნიშნული სოფლები მაღალმთიან რეგიონს არ განეკუთვნებოდნენ, არამედ “მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ" კანონში 2002წ. 25 დეკემბერს განხორციელებული ცვლილების შედეგად, მაღალმთიან რეგიონთა ნუსხაში შეტანილ იქნა ხარაგაულის რაიონის 3 სოფ.: წიფა, ზვარე და ნადაგური;
2. სააპელაციო პალატის აზრით, სადავო ადმინისტრაციული აქტის მიღებით არ დარღვეულა “დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" კანონის მე-14 მუხლისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.3 მუხლის მოთხოვნები, რადგან სადავო აქტით არ შექმნილა დაცული ტერიტორია, არც ტერიტორიული გაფორმებისა და დაცვის კატეგორიის ამაღლების შესახებ გადაწყვეტილება ყოფილა მიღებული, არამედ სადავო აქტით განხორციელდა დაცული ტერიტორის, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტისათვის მიწის ფართობების გადაცემის შესახებ რაიონის გამგეობათა დადგენილებების დამტკიცება, რომლებიც არავის გაუხდია სადავოდ და დღესაც ძალაშია;
3. კომისიის ¹35/10 გადაწყვეტილების მე-2 პუნტის “გ" ქვეპუნქტით დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტისათვის ეროვნული პარკის საზღვრის დაზუსტების, მარკირებისა და ნატურაში გამიჯვნის დავალება, სააპელაციო პალატის აზრით, ვერ იქნება გაიგივებული “დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" კანონის მე-14.2 მუხლის მიხედვით საქართველოს პარლამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებასთან და აღნიშნული დავალება შეესაბამება კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ დეპარტამენტის უფლებამოსილებას;
4. დაუსაბუთებლობის გამო, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა არც რაიონული სასამართლოს, არც მოსარჩელის მოსაზრება თითქოს სადავო ადმინისტრაციული აქტით პირდაპირი, უშუალო ან ინდივიდუალური ზიანი ადგებოდა მოსახლეობას, რადგან ვერც პირველი ინსტანციის და ვერც სააპელაციო სასამართლოში ვერ იქნა წარმოდგენილი მიწის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა ტყე-პარკის ტერიტორიაზე მოსახლეობის კუთვნილი მიწების მოქცევის ფაქტს, ხოლო მოსახლეობისათვის საშეშე მარაგის ჭრაზე, საქონლის საძოვარზე გაყვანასა და თიბვაზე ხელის შეშლა, სააპელაციო პალატის აზრით, არ შეიძლება გახდეს ადმინისტრაციული აქტის ბათილობის საფუძველი, რადგან ამ ქმედებების მართლზომიერების შემოწმება დამოუკიდებელი დავის საგანს წარმოადგენს, მით უფრო, რომ სადავო აქტის მე-2 პუნქტის “ა" ქვეპუნქტით დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტს ევალება ნება დართოს მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას კანონმდებლობის შესაბამისად პარკის ფრგლებში მოქცეული მთის საძოვრებით სარგებლობაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბორჯომ-ხარაგაულის პარკთან მოსაზღვრე სოფლების საინიციატივო ჯგუფის თავმჯდომარე ე. ჩ.-ემ, დაუსაბუთებლობის მოტივით გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის ¹35/10 სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა შემდეგი საფუძვლით:
1. კასატორის აზრით, სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა მათი მოსაზრება, რომ სადავო აქტით უშუალო და პირდაპირი ზიანი ადგებოდა ტყე-პარკის მიმდებარე სოფლის მაცხოვრებლებს, რადგან კასატორის მიერ რაიონულ სასამართლოში წარმოდგენილ იქნა სოფ. ზვარეში მცხოვრებ მოქალაქეებზე გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები იმ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც ტყე-პარკის საზღვრებშია მოქცეული, ასევე წარმოდგენილი იყო ხარაგაულის რაიონის სოფ. ზვარეს თემის საკრებულოს გამგებლის 2001წ. 23 მარტის ¹43 წერილი, რომლის მიხედვითაც ეროვნული ტყე-პარკის საზღვრებში მთლიანად მოქცეულია სოფ. ჩ.-ის, ზ.-სა და ნ.-ის სათიბები და სახნავ-სათესი ნაკვეთის ნაწილი, ხოლო სოფ. ნ.-ი მთლიანად პარკის საზღვარშია მოქცეული;
2. კასატორის აზრით, ნათელია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტით, ეროვნული ტყე-პარკის შექმნის მიზნით, მოხდა 50348,09 ჰა მიწის ფართობის საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტისათვის გამოყოფა;
3. კასატორს მიაჩნია, რომ სადავო ¹35/10 გადაწყვეტილება არაუფლებამოსილი კომისიის მიერაა დამტკიცებული და ხელმოწერილია არაუფლებამოსილი პირის მიერ, ასევე დარღვეულია აქტის მომზადება-გამოცემის წესი, რაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის “ა" და “დ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქტის ბათილად ცნობის საფუძველია, რადგან მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიას საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 6 თებერვლის ¹160 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულებით, მიწის შესახებ ახალი საკონონდებლო აქტის მიღებამდე დელეგირებული ჰქონდა ისეთი საკითხების გადაწყვეტის უფლება, რაც მოქმედი კანონმდებლობით აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს კომპეტენციას განეკუთვნება. სადავო აქტის გამოცემით, ამ მოტივით, ასევე დარღვეულია “ნორმატიული აქტების შესახებ" კანონის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, რადგან “დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დაცული ტერიტორიების შექმნა-გაფორმებაზე გადაწყვეტილების მიღება საქართველოს პარლამენტის კომპეტენციაა;
4. სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილებაში გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, “დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" კანონის მე-11 მუხლი, არამედ უნდა გამოეყენებნა ამავე კანონის მე-14 მუხლი;
5. კასატორმა ასევე მოითხოვა ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის მენეჯმენტის გეგმის ყველა ვარიანტის კანონიერების შემოწმებაც, რის შესახებაც სააპელაციო ინსტანციაში აზრის გამოთქმის საშაულება არ მიეცა და რაც არსებული დავის სწორად გადაწყვეტისათვის უმთავრეს საკითხს წარმოადგენს;
საკასაციო საჩივარი არ ცნო მოპასუხე _ მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიამ და მესამე პირმა _ საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტმა, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება. ამასთან, მიუთითა, რომ კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე დართულია 17 ახალი მტკიცებულება, რაც პროცესუალურად დაუშვებელია და საკასაციო სასამართლოს მიერ არ უნდა იქნეს გაზიარებული. კასატორმა გაზარდა დავის საგანი და კომისიის სადავო ¹35/10 გადაწყვეტილებასთან ერთად მოითხოვა ტყე-პარკის მენეჯმენტის გეგემების კანონიერების შემოწმება, რაც სსკ-ს 406-ე მუხლის თანხმად, ასევე დაუშვებელია.
საკასაციო ინსტანციაში საქმის განხილვის დროს კასატორმა მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის 2000წ. ¹35/10 სადავო გადაწყეტილების ბათილად ცნობის დამატებით არგუმენტზე მიუთითა. კერძოდ, აღნიშნა, რომ სადავო აქტის გამოცემის დროს ადმინისტრაციულმა ორგანომ დაარღვია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 23-ე, 34-ე მუხლების მოთხოვნები კოლეგიური საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო სხდომაზე საკითხის განხილვის შესახებ, რის გამოც დაინტერესებულ პირებს, ამავე კოდექსის მე-13 და 118-ე მუხლების შესაბამისად, არ მიეცათ საკუთარი მოსაზრების გამოთქმის საშუალება, რაც მე-60 მუხლის პირველი ნაწილის “დ" ქვეპუნქტითა და მე-2 ნაწილის თანახმად, სადავო ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის უპირობო საფუძველია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბორჯომ-ხარაგაულის პარკთან მოსაზღვრე სოფლების საინიციატივო ჯგუფის თავმჯდომარე ე. ჩ.-ის საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 5 თებერვლის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
1. კასატორმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის მენეჯმენტის გეგმის ყველა ვარიანტის გამოთხოვა და მისი კანონიერების შემოწმება, რის შესახებაც, მისი განმარტებით, არ მიეცა სააპელაციო ინსტანციაში აზრის გამოთქმის საშუალება. თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 5 თებერვლის სხდომის ოქმის მიხედვით, კასატორ ე. ჩ.-ის წარმომადგენელმა, ადვოკატმა ნ.-ემ, სსკ-ს 381-ე მუხლის საფუძველზე, იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე დავის საგნის გაზრდა და მოითხოვა ტყე-პარკის მენეჯმენტის გეგმის გაუქმება. იმავე სხდომაზე ადვოკატმა ნ.-ემ მოხსნა აღძრული შუამდგომლობა მენეჯმენტის გეგმის გაუქმებასთან დაკავშირებით, რაც საკასაციო ინსტანციაში საქმის ზეპირი განხილვის დროს უარყო კასატორმა ე. ჩ.-ემ, თუმცა სსკ-ს 291-ე მუხლის შესაბამისად, დადგენილი წესითYარ წარუდგენია შენიშვნები სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმის მიმართ.
რადგან სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში არ მომხდარა კასატორის მიერ დავის საგნის გაზრდა და სასამართლოს არ უმსჯელია ტყე-პარკის მენეჯმენტის გეგმის კანონიერებაზე, საკასაციო სასამართლო პროცესუალურად არაუფლებამოსილია განიხილოს გაზრდილი სასარჩელო მოთხოვნა მენეჯმენტის გეგმის კანონშესაბამისობასთან დაკავშირებით, ვინაიდან სსკ-ს 406-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნის თანახმად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება საკასაციო სასამართლოში დაუშვებელია ისევე, როგორც დაუშვებელია კასაციაში ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე მითითება. საკასაციო სასამართლოში, საქმის ზეპირი განხილვის დროს კი კასატორმა საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის სადავო გადაწყვეტილების ბათილობის დამატებით, ახალ გარემოებაზე მიუთითა. კერძოდ აღნიშნა, რომ აქტის გამოცემით დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 32-ე, 34-ე და 118-ე მუხლებით გათვალისწინებული კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ აქტის საჯარო სხდომაზე განხილვა-გამოცემის მოთხოვნები. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი პროცედურის დარღვევით აქტის მიღების საკითხი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში განხილული არ ყოფილა, არც სათანადო მტკიცებულებები ყოფილა გამოკვლეული, ამიტომ საკასაციო სასამართლო პროცესუალურად არაუფლებამოსილია იმსჯელოს ახალ გარემოებაზე (მოტივზე), არამედ საკასაციო სასამართლო, სსკ-ს 393-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას შეამოწმებს მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით, სასამართლომ სწორად გამოიყენა და განმარტა თუ არა კანონი;
2. კასატორის აზრით, სადავო ¹35/10 გადაწყვეტილება არაუფლებამოსილი კომისიის მიერაა მიღებული და არაუფლებამოსილი პირის მიერ არის ხელმოწრილი, რაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის “ა" და “დ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებილი აქტის ბათილობის საფუძველია, რადგან ნათელია, რომ გასაჩივრებული აქტით მოხდა ეროვნული ტყე-პარკის შექმნა, რაც “დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მხოლოდ საქართველოს პარლამენტის კომპეტენციაა. საკასაციო პალატა, უსაფუძვლობის გამო, ვერ გაიზიარებს კასატორის აღნიშნულ მოტივს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სადავო გადაწყვეტილება კომპეტენციის ფარგლებში გამოცემულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილისა და მე-60 მუხლის პირველი ნაწილის “ა" და “დ" ქვეპუნქტების დარღვევის გარეშე, რადგან:
ა) მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის სადავო გადაწყვეტილება მიღებულია “დაცული ტერიტორიების სისტემის ჩამოყალიბების ხელშემწყობი ღონისძიებებისა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის შექმნის შესახებ" საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1995წ. 28 ივლისის ¹447 დადგენილების შესრულების მიზნით. ¹447 დადგენილება “დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ”, 1996წ. 7 მარტის კანონამდეა მიღებული, ამჟამადაც ძალაშია და მოქმედებს;
ბ) ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული ტყე-პარკი შეიქმნა სწორედ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1995წ. ¹447 დადეგნილებით, ხოლო მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის სადავო გადაწყვეტილებით,Y მიღებულ იქნა ტყე-პარკის შექმნასთან დაკავშირებით დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტისათვის 50348,09 ჰა მიწის ფართობის გამოყოფის შესახებ ახალციხის, ბორჯომის, ბაღდათის, ხარაგაულისა და ხაშურის რაიონის გამგეობის დადგენილებები, რომლებიც ასევე ძალაშია, მოქმედებს და კასატორს არც ერთ ინსტანციაში სადავოდ არ გაუხდია მათი კანონიერება. რაც შეეხება კასატორის მიერ დამატებით წარმოდგენილ ზვარეს თემის საკრებულოს პირველი მოწვევის მე-3 სესიის 2002წ. 20 დეკემბრის სხდომის გადაწყვეტილებას, ხარაგაულის რაიონის გამგეობის 2000წ. 12 იანვრის ¹1/1 დადგენილების ნაწილობრივ გაუქმების შესახებ, ზვარეს თემის ნაკვეთების ეროვნული ტყე-პარკისათვის გადაცემის ნაწილში, საკასაციო პალატა აღნიშნულს ვერ გაიზიარებს, რადგან საკასაციო სასამართლოში ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა დაუშვებელია. ამასთან, თემის საკრებულოს გადაწყვეტილებით რაიონის გამგეობის დადგენილების გაუქმება ეწინააღმდეება “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ" ორგანულ კანონს;
გ) საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სადავო აქტის მე-2 მუხლის “გ" ქვეპუნქტით მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტისათვის ტყე-პარკის საზღვრების საბოლოო დაზუსტების, მარკირებისა და ნატურში გამიჯვნის დავალება არ ნიშნავს დაცული ტერიტორიების შექმნა-გაფორმების ან დაცვითი კატეგორიის ამაღლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას, რაც “დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" კანონის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის კომპეტენციაა, არამედ დეპარტამენტისათვის მიცემული ეს დავალება სრულად შეესაბამება ამ კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სამმართველოს (ამაჟამად დეპარტამენტი) უფლებამოსილების ფარგლებს;
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისია საქართველოს პრეზიდენტის მიერ 1996წ. ¹160 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების 2.2 მუხლის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილი იყო საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1995წ. ¹447 დადგენილების აღსრულების მიზნით, გამოეცა სადავო ¹35/10 გადაწყვეტილება და “დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" კანონის მე-14 მუხლის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილისა და მე-60 მუხლის პირველი ნაწილის “ა" ქვეპუნქტის დარღვევებს ადგილი არ ჰქონია;
3. საკასაციო პალატა, დაუსაბუთებლობის მოტივით, ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტითY ილახება ტყე-პარკის მიმდებარე სოფლის მცხოვრებთა უფლებები საძოვრებით სარგებლობაზე და, რომ ტყე-პარკის ტერიტორიაზე მოქცეულია მოსახლეობის ნაკვეთები. მტკიცებულებათა სახით კასატორის მიერ წარმოდგენილია ზვარეს საკრებულოს სოფ. ჩრდილის ორი მკვიდრის _ ს. თ.-ისა და ს. ჩ.-ის სახელზე გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების სახელმწიფო აქტები და ზვარეს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის წერილი კასატორისადმი, რომ ტყე-პარკის ტერიტორიაში მოქცეულია სოფ. ჩ.-ის, ზ.-სა და ნ.-ის სათიბები, ნაწილობრივ სახნავ-სათესი, სოფ. ნ.-ი კი მთლიანად ტყე-პარკის საორიენტაციო წერტილების შიგნით იმყოფება. კასატორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ მოქალაქე ს. თ.-სა და ს. ჩ.-ეს მიწის რეფორმის შედეგად საკუთრებაში გადაეცათ ყანა და სათიბი. ხარაგაულის რაიონის გამგეობის 2000წ. 12 იანვრის ¹1/1 დადგენილებით, სახელმწიფო დეპარტამენტს ეროვნული ტყე-პარკის შექმნის მიზნით, ხარაგაულის რაიონის ტერიტორიიდან გადაეცა 26256,45 ჰა, მათ შორის, ალპური საძოვრები _ 3334.1 ჰა, სატყეო მეურნეობიდან – 20189,0 ჰა და ყოფილი საკოლმეურნეო ტყეებიდან - 2733,29ჰა. ამდენად, ტყე-პარკს გადაეცა სახელმწიფო მიწის ფონდი, რაც არ განეკუთვნება კასატორის მიერ მითითებული საკარმიდამო, სათიბებისა და სახნავ-სათესი მიწების კატეგორიას. ამიტომ კასატორის მოტივს მოსახლეობის მიწის ნაკვეთების პარკისათვის გადაცემის შესახებ, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაუსაბუთებლობის გამო. საკასაციო პალატა ამასთან აღნიშნავს, რომ ს. თ.-სა და ს. ჩ.-ეს სარჩელით არ მიუმართავთ სასამართლოსთვის და საკუთრებაში არსებული მიწის სარგებლობის უკანონოდ შეზღუდვის მოტივით არ მოუთხოვიათ კომისიის ¹ 35/10 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. საკასაციო პალატა აქვე განმარტავს, რომ ტყე-პარკის მიმდებარე სოფლის მაცხოვრებლებს შეუძლიათ თავად მიმართონ სასამართლოს და დასაბუთებული სარჩელით მოითხოვონ ხელყოფილი უფლებების აღდგენა.
უსაფუძვლობის გამო, საკასაციო პალატა ასევე ვერ დაეთანხმება კასატორის მოსაზრებას სადავო აქტით ტყე-პარკის მიმდებარე სოფლის მოსახლეობის უფლებების შეზღუდვის შესახებ, რადგან სადავო გადაწყვეტილების მე-2 მუხლის “ა" ქვეპუნქტით მკაფიოდ არის გათვალისწინებული (დაცული) მოსახლეობის უფლება საძოვრებით სარგებლობაზე. კერძოდ, მითითებულია: “ხარაგაულის რაიონის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარე ტეროტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას ნება დაერთოს ტრადიციულად ისარგებლოს ეროვნული პარკის ფარგლებში მოქცეული მთის საზაფხულო საძოვრებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად". საქმეში წარმოდგენილია ასევე დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის ნებართვები ეროვნული ტყე-პარკის მიმდებარე, ხარაგაულის რაიონის 27 სოფლის მოსახლეობის საჭიროებისათვის 200 და 2100 კუბ.მ. საშეშე მერქნის გაცემაზე, რითაც საკასაციო პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტით გათვალისწინებული და დაცულია მოსახლეობის უფლებები ბუნებით სარგებლობაზე.
ამდენად, საკასაციო პალატა, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, ვერ გაიზიარებს ე. ჩ.-ის საკასაციო საჩივარს, თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, თანახმად სსკ-ს 410-ე მუხლისა და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 5 თებერვლის გადაწყვეტილება, რადგან საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონდარვევას ადგილი არ ჰქონია და პალატამ კანონის მართებული გამოყენება-განმარტებით გამოიტანა კანონიერი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბორჯომ-ხარაგაულის პარკთან მოსაზღვრე სოფლების საინიციატივო ჯგუფის თავმჯდომარე ე. ჩ.-ის საკასაციოს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლის ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 5 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. ე. ჩ.-ეს საკასაციო საჩივარზე დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 30 ლარის გადახდა;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.