Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-147-კ-03 18 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

გ. ქაჯაია,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გადახდა.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 17 ოქტომბერს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა სარჩელით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა ქ. რუსთავის მერიისათვის ძირითადი დავალიანების 747753 აშშ დოლარის, საურავის 598203,12 აშშ დოლარის, სულ 1345957,91 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დაკისრება გადახდის მომენტისათვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, აგრეთვე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხის ქონებისა და გაერთიანებული ქართული ბანკის რუსთავის ფილიალში გახსნილ ანგარიშზე ყადაღის დადება შემდეგ გარემოებათა გამო:

ქ. რუსთავის მერიამ 1999წ. თებერვალ-დეკემბერსა და 2000წ. იანვარ-ივნისის პერიოდში განახორციელა 2160596,1 აშშ დოლარის საბაჟო ღირებულების 43211,92 ათასი მ3 ბუნებრივი აირის იმპორტი საქართველოში. იმპორტზე დასარიცხი საბაჟო გადასახადების ოდენობამ შეადგინა 747753,91 აშშ დოლარი. მათ შორის: საბაჟო მოსაკრებელი – 3757,37 აშშ დოლარი, საბაჟო გადასახადი – 259271,53 აშშ დოლარი, დღგ – 484725,0 აშშ დოლარი.

ვადაზე გადაუხდელ გადასახადს, საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გადახდის ვადის დადგომიდან გადასახადის გადახდამდე ერიცხება საურავი, რომელიც სარჩელის შეტანის მომენტისათვის შეადგენდა 598203,12 ლარს. მისი ოდენობა ყოველთვიურად იზრდება 1121,63 აშშ დოლარით, მოპასუხე კი თავს არიდებს დავალიანების დაფარვას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 17 ოქტომბრის განჩინებით საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის შუამდგომლობა უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ყადაღა დაედო ქ. რუსთავის მერიის ქონებას. მოსარჩელეს უარი ეთქვა მის მოთხოვნაზე, გაერთიანებული ქართული ბანკის რუსთავის ფილიალში გახსნილ საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადების თაობაზე.

მოპასუხემ ქ. რუსთავის მერიამ სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა დოკუმენტები, კერძოდ საბაჟო დეკლარაცია და წარმოშობის სერთიფიკატი, რომლებიც საჭიროა საბაჟო გადასახადის გამოთვლისათვის. საბაჟო დეპარტამენტს აღნიშნული თანხის დაკისრება სურს ხელშეკრულების და მერიის წერილის საფუძველზე. საქმეში კი არ არის წარმოდგენილი დოკუმენტი, სადაც მერია მითითებული იქნებოდა გაზის იმპორტიორად. აღნიშნული დოკუმენტები გაიცა მხოლოდ შპს “ე-ზე”, რომელიც “.. ..-ს დავალებით აწარმოებს ბუნებრივი აირის იმპორტს და საბაჟო გადასახადებიც მას უნდა დაკისრებოდა.

ქ. რუსთავის მერიის წარმომადგენელმა მთავარ სხდომაზე აღიარა, რომ რუსთავის მოსახლეობას ნამდვილად მიეწოდა 4321192 მ3 ბუნებრივი აირი და ისიც, რომ რუსთავის მერიას საბაჟო გადასახადი 10000 ლარის ოდენობით გადახდილი აქვს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 6 თებერვლის გადაწყვეტილებით ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ქ. რუსთავის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 747953 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა გადახდის მომენტისათვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით 10000 ლარის გამოკლებით.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ გარემოებებს:

სასამართლო კოლეგიამ არ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის მოსაზრება, რომ რუსთავის მერია არ შეიძლება დაიბეგროს საბაჟო გადასახადებით, რადგან გაზის იმპორტიორი “.. ..”-ს დავალებით არის შპს “ე.”, რომელმაც წარადგინა საბაჟო ორგანოებში საბაჟო დეკლარაცია და საქონლის წარმოშობის სერთიფიკატი, იმ მოტივით, რომ საბაჟო კოდექსის 12-ე მუხლის “ა” პუნქტით საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება (იმპორტი) ითვალისწინებს კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადების გადახდას. ამავე კოდექსის 72-ე მუხლით საბაჟო კონტროლიდან მოხსნის და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში საქონელი ექვემდებარება საბაჟო, დამატებითი ღირებულებისა და აქციზის გადასახადებით დაბეგვრას. საბაჟო კოდექსის 74.4 მუხლით საბაჟო გადასახადების გადახდისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ როგორც საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრესა და მფლობელს, ასევე მათ უფლებამოსილ წარმომადგენელსა და გადამზიდველს. სასამართლო კოლეგიამ ჩათვალა, რომ მოცემულ საქმეზე ქ. რუსთავის მერიასა და “.. ..”ს შორის დადებული ხელშეკრულებების თანახმად ბუნებრივი აირის (საქონლის) მიმღები პირია ქ. რუსთავის მერია, რომელსაც უნდა დაეკისროს საბაჟო გაჟასახადების გადახდა.

მოცემულ შემთხვევაში საბაჟოს მიერ მოპასუხეს დარიცხული აქვს შემდეგი სახის გადასახადები: საბაჟო მოსაკრებელი – 3757,37 აშშ დოლარი, საბაჟო გადასახადი – 259271,53 აშშ დოლარი და დამატებითი ღირებულების გადასახადი – 484725 აშშ დოლარი. დარიცხულ გადასახადთა ოდენობა მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია.

სასამართლო კოლეგიამ ჩათვალა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში საფუძვლიანია, რადგან იგი შეესაბამება კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მაგრამ სარჩელის თანხას 747753 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს უნდა გამოაკლდეს ქ. რუსთავის მერიის მიერ გადახდილი საბაჟო გადასახადი 10000 ლარის ოდენობით.

სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საურავის 59820312 აშშ დოლარის გადახდევინების ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლო კოლეგიის განმარტებით საგადასახადო კოდექსის 120.1 მუხლით დღგ-ს ბიუჯეტში დროულად გადაუხდელობისათვის დღგ-ს გადამხდელთა პასუხისმგებლობა განისაზღვრება საბაჟო კანონმდებლობის მიხედვით, თუ დღგ-ს გადახდევინება შედის საბაჟო ორგანოების კომპეტენციაში. რადგან იმპორტზე დარიცხული დღგ-ს გადახდევინება შედის საბაჟო ორგანოების კომპეტენციაში, მის გადახდაზე კონტროლიც ხორციელდება საბაჟო კანონმდებლობის მიხედვით საბაჟო ორგანოების მიერ და პასუხისმგებლობა დღგ-ს დროზე გადაუხდელობისათვის საგადასახადო კოდექსის 120.1 მუხლით განისაზღვრება მხოლოდ საბაჟო კანონმდებლობით, რომლის არცერთი ნორმატიული აქტით არ არის განსაზღვრული გადასახადის გადამხდელის პასუხისმგებლობა გადასახადის დაგვიანებით გადახდისათვის. ამდენად, მოსარჩელეთა მოთხოვნა საურავების დარიცხვის ნაწილში კოლეგიამ უსაფუძვლოდ მიიჩნია.

აღნიშნული გადაწყვეტილება ქ. რუსთავის მერიამ საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 6 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება მოსარჩელის სასარგებლოდ 747853 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში და საქმის დაბრუნება თბილისის საოლქო სასამართლოში ხელახალი განხილვისათვის შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორს არასწორად მიაჩნია სასამართლოს მიერ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების მოტივაცია ქ. რუსთავის მერიასა და კომპანია “.. ..”ს შორის დადებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რადგან არ შეიძლება საბაჟო გადასახადის და საბაჟო მოსაკრებლის დაკისრება მხოლოდ ხელშეკრულების საფუძველზე. არ არსებობს კანონი, რომელიც საბაჟო გადასახადის და მოსაკრებლის დაკისრების საფუძვლად ხელშეკრულებას აღიარებს, ხოლო საბაჟო გადასახადის დაკისრებას საბაჟო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად წინ უნდა უძღოდეს ისეთი ოპერაცია, როგორიცაა საბაჟო გაფორმება.

კასატორის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია “.. ..-სა” და ქ. რუსთავის მერიას შორის 199 წ 21 მარტის ¹ 2/11-AM ამ და 2000წ. 28 თებერვლის ¹... გაფომებულ ზელშეკრულებებში აღნიშნული გაზი რეალურად მიეწოდა რუსთავის მოსახლეობას, ხელშეკრულებების სხვა პირობები (კერძოდ ხელშეკრულებების 4.1 პუნქტები) არ შესრულებულა, შესაბამისად ხელშეკრულება შესრულებულად არ შეიძლება ჩაითვალოს და იგი არ შეიძლება წარმოადგენდეს გადასახადის ან მოსაკრებლის დაკისრების საფუძველს.

კასატორის აზრით მიუხედავად იმისა, რომ ჩთP გულისხმობს მყიდველის მიერ საქონლის მიღებისას გადასახადების გადახდას, იგი არ გამორიცხავს აღნიშნული გადასახადების სხვა სამეურნეო სუბიექტისათვის დაკისრებას, რომელიც აკმაყოფილებს საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ საქონლის მიმღებისთვის კანონმდებლობით განსაზღვრულ პირობებს.

კასატორის მითითებით, საბაჟო კოდექსის მე-8 და მე-12 მუხლის თანახმად იმპორტიორი მას შემდეგ, რაც გადახდილი იქნება კანონით განსაზღვრული გადასახადი, არის საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გამშვები, როგორადაც არანაირ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს ქ. რუსთავის მერია, რადგან მერია იყო მხოლოდ გაზის შემოტანის ორგანიზატორი, ხოლო უშუალო მიმღები იყო შპს “ე.”.

კასატორის აზრით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ქ. რუსთავის მერია არ იყო იმპორტირებული გაზის მიმღები, არამედ მოქმედებდა რა “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ ორგანული კანონის მე-8 მუხლის “გ” პუნქტის მოთხოვნათა თანახმად, (რომელშიც განსაზღვრულია მისი ფუნქციები: “ენერგიით, გაზით, წყლით მომარაგებისა და სამელიორაციო სისტემების ორგანიზაცია, მათი შენახვა და განვითარება; რაიონული მნიშვნელობის გზების შეკეთება, რეკონსტრუქცია და მშენებლობა”) გამოდიოდა ქ. რუსთავის მოსახლეობისათვის გაზის მიწოდების ორგანიზატორად და არა გაზის უშუალო მიმღებად. აღნიშნული გაზის უშუალო მიმღები იყო ქ. რუსთავის მოსახლეობა და გაზის გადასახადიც ჩადებული იქნა ტარიფში.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა “საბაჟო ტარიფებისა და გადასახადების შესახებ” საქართველოს კანონი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს ამავე კოდექსის მე-8 მუხლში თუ ვინ შეიძლება იყოს საბაჟო გადასახადის გადამხდელი, კერძოდ კი ამ მუხლში ნათქვამია: “საბაჟო გადასახადის გადამხდელები არიან პირები, რომლებიც საქონლით გადაკვეთენ საქართველოს საბაჟო საზღვარს”, ეს არის იმპერატიული მოთხოვნა, ხოლო ქ. რუსთავის მერია არ შეიძლება ამ კანონის მიხედვით ითვლებოდეს საბაჟო გადასახადის გადამხდელად.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა “საბაჟო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს ამავე კოდექსის მე-3 მუხლში თუ ვინ შეიძლება იყოს საბაჟო მოსაკრებლის გადამხდელი, კერძოდ: “საბაჟო მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებსაც საბაჟო ტერიტორიაზე შემოაქვთ ან ამ ტერიტორიიდან გააქვთ საქონელი, საქართველოს ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების დროებით შემომყვანი პირები, რომლებიც რეგისტრაციაში გაატარებენ ამ საშუალებებს, აგრეთვე პირები, რომლებიც იღებენ საბაჟო კოდექსით განსაზღვრულ ლიცენზიებს”. ეს არის იმპერატიული მოთხოვნა, ხოლო ქ. რუსთავის მერია არ შეიძლება ამ კანონის მიხედვით ითვლებოდეს საბაჟო მოსაკრებლის გადამხდელად, რადგან მას არ გააჩნია გაზის იმპორტიორისათვის საჭირო კანონით განსაზღვრული ლიცენზია, აღნიშნული ლიცენზია კი გააჩნია ფირმა “ე.”-ს და სწორედ ის არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გაზის იმპორტიორი.

საკასაციო კოლეგიას შეგებებული საკასაციო საჩივრით მიმართა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა, რომელმაც მოითხოვა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 6 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება ქ. რუსთავის მერიისათვის საურავების დარიცხვაზე უარის თქმის ნაწილში და მათი სარჩელი მოთხოვნების მთლიანად დაკმაყოფილება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმატებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და შეგებებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთება და მიიჩნევს, რომ ქ. რუსთავის მერიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად, ხოლო ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის შეგებებული საკასაციო საჩივარი _ ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 8 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნდეს ხელახლა არსებითად განსახილველად იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა სასამართლო კოლეგიის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხე ქ. რუსთავის მერიის მიერ საქმეში წარმოდგენილი იქნა ნოტარიუსის მიერ დამოწმებული საქონლის წარმომავლობის სერთიფიკატი, რომლის მიხედვითაც რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში, კერძოდ, რუსთავში გაზის მიმწოდებელმა კომპანია “ი.” კომპანია “ა-ის” დავალებით (მოთხოვნით) 320 მლნ მ3 ბუნებრივი გაზი მიაწოდა მიმღებს (იმპორტიორს) კომპანია “ე-ს”. მოპასუხის წარმომადგენელთა განცხადებით, აღნიშნული საბუთი მათ მოიპოვეს “.. ..-ის” მეშვეობით. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლო კოლეგიას სრულად არ გამოუკვლევია ის გარემოება, იყო თუ არა OFწარმომავლობის სერთიფიკატში მითითებული 320 მლნ მ3 ბუნებრივი გაზი შემოტანილი ქ. რუსთავში და ხომ არ შედიოდა მასში მოსარჩელის მიერ მითითებულ 43211920 მ3 ბუნებრივი აირი.

“ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ბუნებრივი გაზის იმპორტიორი შეიძლება იყოს მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის მქონე პირი. სასამართლო კოლეგიას არ დაუდგენია შეეძლო, თუ არა ქ. რუსთავის მერიას გაზის იმპორტირება და თუ შეეძლო რა გზით და ვისი საშუალებით მიაწოდა მომხმარებელს შემოტანილი გაზი. აღნიშნული გარემოება ერთ-ერთი ძირითადი საკითხია მოცემულ საქმეზე სწორი გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით. ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ ბუნებრივი გაზის მიღება-ჩაბარების აქტებს ხელს არ აწერს მოპასუხე ქ. რუსთავის მერია.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლო კოლეგიამ საქმეში მესამე პირებად უნდა ჩააბას კომპანიები “ე.” და “ა.”, რომლებიც გარკვეულ სიცხადეს შეიტანენ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით უნდა გამოიკვლიოს ზემომითითებული გარემოებები და მათი შეჯერება-გააანალიზების შემდეგ მიიღოს საქმეზე გადაწყვეტილება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ არასრულად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული. აღნიშნული გარემოება კი სასამართლოს სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. ვინაიდან საქმეზე საჭიროა მესამე პირების ჩაბმა და მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა საკასაციო სასამართლო თავად ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, შესაბამისად საქმე ზემოაღნიშნული მითითებებით ხელახლა განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 399-ე, 404-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. რუსთავის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის შეგებებული საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

3. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 6 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა არსებითად განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

4. სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.