გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-149-კ-03 5 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: სამსახურში აღდგენა, განაცდურისა და მორალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
თ. ხ-მა 12.06.02წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ლაგოდეხის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა სამსახურში აღდგენა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მუშაობდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ლაგოდეხის რაიონულ ცენტრში ...ად, თანამდებობიდან გათავისუფლდა ცენტრის დირექტორის ნ. ნ-ის 13.06.02წ. ¹22 ბრძანებით, ბრძანებაში აღნიშნული ფაქტები არ შეესაბამება სინამდვილეს, ის სისტემატიურად ცხადდებოდა სამსახურში და მზად იყო შეესრულებინა მალარიის საწინააღმდეგო სამუშაოები. მისი მუშაობის შედეგები რეგულარულად მოწმდებოდა თბილისის პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის სპეციალისტების მიერ, რომლებიც ყოველთვის მაღალ შეფასებას აძლევდნენ მის ნამუშევარს. ცენტრის დირექტორთან ურთიერთობა დაიძაბა მალარიასთან საწინააღმდეგოდ ჩატარებული სამუშაოების ანაზღაურებასთან დაკავშირებული თანხების განაწილების გამო, რის შემდეგაც რაიცენტრის დირექტორმა ნ. ნ-ემ დაიწყო მისი დევნა და საბოლოოდ 13.06.02წ. ¹22 ბრძანებით გაათავისუფლა იგი სამუშაოდან.
სასამართლო პროცესზე მოსარჩელემ გაზარდა დავის საგანი და სამუშაოზე აღდგენასთან ერთად ითხოვა იძულებითი განაცდურის – ყოველთვიური 40 ლარის ანაზღაურება.
ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 26.09.02წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაიცო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება, საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 20.01.03წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 26.09.02წ. გადაწყვეტილება. საქმეში არსებულ მტკიცებულებათა საფუძველზე სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია აპელანტის მიერ შრომითი ხელშეკრულების სისტემატიური შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა საექიმო ეთიკის ნორმების დარღვევაში. პალატამ მიიჩნია, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულებით დადგენილ მოვალეობათა ჯეროვნად შეუსრულებლობაში მოიაზრება არა მხოლოდ უშუალო პროფესიონალური ფუნქციების შესრულება, არამედ ადამიანებთან ურთიერთობებში საყოველთაოდ მიღებული ეთიკური ნორმების დაცვა. პალატამ მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია თ. ხ-ის მიერ გაწეული სამედიცინო დახმარების სანაცვლოდ გასამრჯელოს მიღების ფაქტები, თუმცა გაწეული სამედიცინო დახმარების სახეობა უფასო იყო. აპელანტის მიერ შრომით კოლექტივში არაჯანსაღი კლიმატის შექმნა, მისი დაპირისპირება ცენტრის ხელმძღვანელობასთან და ცალკეულ თანამშრომლებთან დასტურდება აგრეთვე რაიონული ცენტრის თანამშრომელთა საერთო კრების ოქმით, თ. ხ-სა და ცალკეულ თანამშრომელთა შორის ყოველდღიური სამსახურებრივი საქმიანობისას წარმოშობილი კონფლიქტების თაობაზე შედგენილი აქტებით და მოხსენებითი ბარათებით, ლაგოდეხის რაიონის მედიცინის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფკავშირების ლაგოდეხის რაიგაერთიანების 11.06.02წ. ოქმით. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მოსაზრება ადმინისტრაციის მხრივ მისი დევნა-შევიწროების თაობაზე.
საკასაციო პალატის 20.01.03წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა თ. ხ-ის მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ 13.06.02წ. ¹22 ბრძანებით მის სამსახურიდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო შკკ-ს 34-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტი, აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს შრომის დისციპლინის სისტემატიური დარღვევისათვის, ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე არასაპატიო მიზეზით სამუშაოს გაცდენისათვის შრომის ხელშეკრულების შეწყვეტას. ხელშეკრულების შეწყვეტის მითითებული საფუძვლის არარსებობას ადასტურებენ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი გაწეული სამუშაოსათვის დარიცხული ხელფასების უწყისები, მალარიის პროფილაქტიკის 2001წ. პროგრამა, სასამართლო სხდომაზე მოწვეული სპეციალისტები. კასატორის აზრით, მის მიმართ არაკორექტულობაში და არაკოლეგიალობაში პრეტენზიების წარდგენა დაიწყო მის მიერ ხელფასის გაცემის წესის გარკვევის, მალარიასთან ბრძოლის პროგრამაში საერთო-სამედიცინო ქსელის ჩართვის მოთხოვნის წამოყენების შემდეგ. ცენტრის დირექტორმა საპასუხოდ გაათავისუფლა სამსახურიდან მისი მომხრენი, ერთ მუშტად შეკრა მის წინააღმდეგ კოლექტივი, რითაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსით (27.2,3; 150-ე; 156-ე, 168-ე მუხ) გათვალისწინებული დანაშაული. 11.06.02წ. კრების მონაწილეების მიერ იმის აღნიშვნა, რომ აჭედილი კაბინეტის კარები ხელმძღვანელის დავალებით გახსნეს ადასტურებს იმას, რომ კარები ხელმძღვანელის დავალებით ჩაკეტეს. მის მიერ საექიმო ეთიკის დარღვევის შესახებ განცხადებები კანონის დარღვევით არის მოპოვებული, არ არის ნოტარიულად დამოწმებული, ერთი ხელით და ერთ რიცხვში არის დაწერილი, თ. ნ-ის განცხადებას ბოლოს მიწერილი აქვს, რომ იგი მის მიერ არ დაწერილა. შრომით კოლექტივში არაჯანსაღი კლიმატის შექმნას არ ადასტურებს კანონის მოთხოვნათა დარღვევით მოპოვებული შრომის კოლექტივის ყალბი კრების ოქმები. სააპელაციო პალატამ არ მიიღო მხედველოლაში ის, რომ შრომითი ხელშეკრულება შეწყდა პროფკავშირებთან შეუთანხმებლად, არ იქნა აგრეთვე მხეველობაში მიღებული ის, რომ იგი არის მრავალშვილიანი დედა. კასატორი უარყოფს 30.04.02წ. პრიმაქინიზაციის ჩაშლის ფაქტს, ვინაიდან 30 აპრილს პრიმაქინიზაცია არ დაუგეგმავს, მასიური პრიმაქინიზაცია ტარდება თებერვალ-აპრილში, მალარიის ტრანსმისიის სეზონის დაწყებამდე, 30 აპრილს დაწყებული პრიმაქინიზაციის პროცესი მაისის თვეში გადავიდოდა, მაისის თვეში მასიური რეციდივსაწინააღმდეგო მკურნალობის საჭიროება არ არსებობს, რასაც ადასტურებს უკვე გამოვლენილი რეციდივი. პროდილაქტიკური ღონისძიებების ეფექტურ ჩატარებას ხელს უშლიდა ადმინიტრაციის მიერ გეგმის დაუმტკიცებლობა. კასატიორი უარყოფს აგრეთვე 27-28.05.02წ. სამსახურში გამოუცხადებლობის ფაქტს და თვლის, რომ მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით გათავისუფლება მოხდა თანხმობის მიცემიდან ათ და არა ორ დღეში. შკკ-ს 41-ე, 98-ე, 207-ე მუხლების მოთხოვნებს არ შეესაბამება შრომის წიგნაკში გაკეთებული ჩანაწერი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. კოდექსის 135-ე მუხლის დარღვევით იქნა გამოცემული ბრძანებები მის მიმართ დისციპლინური ზომების მიღების თაობაზე. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით შეიცვალა სასამართლო შემადგენლობის თავმჯდომარე, სსკ-ს 59-ე, 219-ე, 223-ე მოთხოვნათა დარღვევით სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება 14 დღის ნაცვლად 36 დღეში ჩაბარდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა მოითხოვა სსკ-ს 393-ე მუხლის I-ლი და მეორე ნაწილების საფუძველზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სამსახურში დაუყოვნებლივი აღდგენა, მიყენებული მატერიალური (500 ლარის) და მორალური (10000 ლარის) ზიანის ანაზღაურება.
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას კასატორმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს, მოითხოვა სამსახურში აღდგენა, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება, შრომის კოლექტივის იმ წევრების დასჯა, რომლებიც მხარს უჭერდნენ ცენტრის დირექტორს მის დევნაში. საქმის განხილვისას დადგენილ იქნა, რომ ამჟამად კასატორი ატარებს მეუღლის გვარს და არის არა თ. ხ-ი, არამედ თ. ს-ი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ¹...).
მოწინააღმდეგე მხარემ – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაგოდეხის რაიონული ცენტრის დირექტორმა ნ. ნ-ემ, მისმა წარმომადგენელმა ზ. თ-მა საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნეს და აღნიშნეს, რომ კასატორის მიერ კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობა დასტურდება სასამართლო პროცესზე დაკითხულ მოწმეთა, კერძოდ ...ის ც. ფ-ის, ...ის მ. ი-ის, ....ის ნ. ბ-ის, მ. ბ-ის ჩვენებებით, მივლინების სარეგისტრაციო ჟურნალის, მალარიის კერებში პროფილაქტიკური პრიმაქინიზაციის და კარდაკარ შემოვლის ჟურნალების მონაცემებით. ხელმძღვანელობისადმი და შრომითი კოლექტივის წევრებისადმი კასატორის დაპირისპირება და აგრესია, კოლექტივში აუტანელი ფსიქოლოგიური კლიმატის შექმნა გამძაფრდა მალარიასთან საბრძოლველად სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ყველა სპეციალისტის ჩართვის, მალარიის დიაგნოსტიკურ მეთოდებში სპეციალისტების გადამზადების, კასატორისათვის ავადმყოფთა არაკვალიფიციური მკურნალობის აკრძალვის შემდეგ. კასატორის მიერ საექიმო ეთიკის დარღვევის ფაქტები ნათლად დადასტურდა სასამართლოში განცხადებების ავტორთა მიერ მიცემული ჩვენებებით. 16.09.02წ. ¹161 გასავლის ორდერით კასატორს მიღებული აქვს საბოლოო ანგარიშსწორების თანხა – 534,50 ლარი, რომელშიც შესულია ერთი თვის გასასვლელი დახმარება, ორი თვის საშუალო ხელფასი (გარდა გასასვლელი დახმარებისა) და გათავისუფლებამდე მიუღებელი ხელფასი. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლებმა უარყვეს კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მას არ უნდა ჩაეტარებია პრიმაქინიზაცია 30 აპრილს, ვინაიდან 2001 წელს პრიმაქინიზაცია კასატორის მოთხოვნით 17 მაისს ჩატარდა. კასატორის უტაქტობით იყო გამოწვეული თანამშრომელთა მიერ მისი სამუშაო ოთახის კარის აჭედვა, ოთახის კარი ცენტრის დირექტორის მოთხოვნით გაიღო. პროფილაქტიკური ზომების გაუტარებლობა არ იყო გამოწვეული სამუშაო გეგმის დაუმტკიცებლობით, ვინაიდან კასატორი მოთხოვდა რაიონის გამგეობის სხდომაზე სახელმწიფო პროგრამების შემუშავების და მართვის სამთავრობო კომისიის მიერ დამტკიცბული მალარიის კონტროლისა და პროფილაქტიკის სახელმწიფო პროგრამის იდენტური სამუშაო გეგმის დამტკიცებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოწინააღმდეგე მხარის წარომადგენლებმა საკასაციო საჩივრის მოტივები უსაფუძვლოდ, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონის მოთხოვნათა დაცვის მიღებულად მიიჩნიეს და ითხოვეს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ კასატორმა 30.04.02წ. მალარიის აქტიურ კერაში – სოფ. ...ის მოსახლეობაში გაწია აგიტაცია იმის შესახებ, რომ პრიმაქინის მიღებით მათ გაუუარესდებოდათ ჯანმრთელობის მდგომარეობა, დაუკონსერვდებოდათ დაავადება, რის შედეგადაც სოფლის მაცხოვრებლებმა უარი განაცხადეს პრეპარატის მიღებაზე, რითაც სოფ. ...ში ჩაიშალა პროფილაქტიკური პრიმაქინიზაცია. აღნიშნული დარღვევის გამო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაგოდეხის რაიონული ცენტრის 17.05.02წ. ¹16 ბრძანებით ცენტრის პარაზიტოლოგ – თ. ხ-ს გამოეცხადა სასტიკი საყვედური. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ 30 აპრილს პროფილაქტიკური პრიმაქინიზაციის ჩატარება არ დაიშვებოდა. საქმეში დაცული სპეციალისტების – ტროპიკული მედიცინისა და პარაზიტოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის სამეცნიერო ნაწილში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ი. თ-ას და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ...ის ი. ქ-ის განმარტებებით დასტურდება, რომ ექიმ-პარაზიტოლოგი ვალდებული იყო ამ პერიოდში ჩაეტარებინა პროფილაქტიკური პრიმაქინიზაცია.
27-28.05.02წ. არასაპატიო მიზეზით სამუშაოს გაცდენა, სისტემატიურად სამსახურში არადროულად გამოცხადება, ადმინისტრაციის წარმომა-დგენლებთან შეთანხმების გარეშე სამუშაო საათებში კაბინეტის დატოვება სამ საათზე მეტი დროის ხანგრძლივობით გახდა 05.01.02წ. ¹20 ბრძანების გამოცემის საფუძველი. 27-28.05.02წ. კასატორის სამსახურში გამოუცხადებლობა დასტურდება 29. 05. 02წ ნ. ქ-ის, ა. რ-ის, ნ. შ-ის მოხსენებითი ბარათებით, 05.06.02წ. გ. ბ-ის, ნ. ბ-ის, ნ. ქ-ის მიერ შედგენილი აქტით, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორის მიერ არ წამოყენებულა დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, 17.05.02წ. ¹16 და 05.06.02წ. ¹20 ბრძანებები არ გასაჩივრებულა დადგენილი წესით. პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მის მიმართ 17.05.02წ. და 05.06.02წ დისციპლინური ზემოქმედების ზომები გამოყენებულ იქნა შკკ-ს 135-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით. კასატორის მიმართ შრომის დისციპლინის დარღვევისათვის თავდაპირველად სასტიკი საყვედურის, ხოლო შემდგომში საყვედურის გამოყენებით არ დარღვეულა შკკ-ს მოთხოვნები. დაწესებულების ადმინისტრაციას აქვს კანონმდებლობით გათვალისწინებული დისციპლინური ზემოქმედების კონკრეტული ზომის შერჩევის უფლება. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე არ არის სავალდებულო შრომის დისციპლინის დარღვევისათვის ზემოქმედების ზომების გამოყენება კანონში მითითებული თანმიმდევრობით. სავსებით დასაშვებია სხვადასხვა დროს დადებული დისციპლინური სასჯელის ზომებიდან პირველი, დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, მეორე სასჯელთან შედარებით უფრო მკაცრი აღმოჩნდეს. ყოველ შემთხვევაში, კასატორის მიმართ დისციპლინის დარღვევისათვის გამოყენებული ზომები ქმნიდნენ საკმარის საფუძველს შკკ-ს 34-ე მუხლის I-ლი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის, 135-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ე” ქვეპუნქტის საფუძველზე კასატორთან დადებული შრომითი ხელშეკრულების (კონტრაქტის) ვადაზე ადრე შეწყვეტის საკმარის საფუძველს.
საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ კასატორი სისტემატიურად არღვევდა შრომის ხელშეკრულების პირობებს, არღვევდა სამედიცინო ეთიკის ნორმებს, შრომით კოლექტივში ქმნიდა არაჯანსაღ მორალურ კლიმატს. კასატორთან დადებული შრომითი ხელშეკრულების მიხედვით მის ვალდებულებას შეადგენდა გადამდებ დაავადებათა პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება, ავადმყოფთა და პარაზიტმატარებელთა დროული გამოვლენა, მალარიის კერებში და მის გარშემო მოსახლეობის საკარდაკარო შემოვლა, სისხლის სქელი წვეთის და ნაცხის გამოკვლევის ორგანიზება. მიუხედავად ამისა კასატორი ძირითადად დაკავებული იყო მალარიით დაავადებულთა მკურნალობით, რაც არ შეადგენდა მის სამსახურებრივ მოვალეობას. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა ითვალისწინებს ავადმყოფთა უფასო მკურნალობას, კასატორი სისტემატიურად არღვევდა პროგრამის ამ მეტად მნიშვნელოვან მოთხოვნას, რაც არაერთი მოქალაქის საჩივრის საფუძველი გახდა. პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოქალაქეების ლ.ლ-ის, ნ. ტ-ს, მ. წ-ის, მ.ბ-ის, თ. ნ-ის
განცხადებები არის ყალბი. სასამართლო პროცესზე მოწმეების სახით დაკითხულმა აღნიშნულმა პირებმა თავიანთ ახსნა-განმარტებებით დაადასტურეს განცხადებების სისწორე, სამედიცინო მომსახურებისათვის ანაზღაურების მოთხოვნა. რაც შეეხება თ. ნ-ის მიერ შედგენილ აქტზე მინაწერს იმის შესახებ, რომ განცხადება მისი დაწერილი არ არის, თ. ნ-მა სასამართლოში მოწმის სახით ახსნა-განმარტების მიცემისას დაადასტურა თავის განცხადებაში მოყვანილი ფაქტების სისწორე და განცხადების უარყოფა ახსნა იმით, რომ თ. ხ-მა თავი შეაცოდა მას. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კასატორსა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ლაგოდეხის რაიონულ ცენტრს შორის 01.04.02წ. დადებული ხელშეკრულება იყო ვადიანი, მისი მოქმედების ვადა 31.12.02წ. ამოიწურა. საკასაციო პალატას საფუძვლიანად მიაჩნია პირველი და სააპელაციო სასამართლოების დასკვნა იმის შესახებ, რომ მოსარჩელე არაჯანსაღ კლიმატს ქმნიდა შრომით კოლექტივში, ძაბავდა ურთიერთობებს, რაც გამორიცხავდა კასატორთან ახალი ხელშეკრულების დადებას. კოლექტივში აუტანელი ფსიქოლოგიური კლიმატის შექმნა, კასატორის დაპირისპირება ცენტრის ხელმძღვანელობასა და ცალკეულ თანამშრომლებთან დასტურდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაგოდეხის რაიონული ცენტრის თანამშრომელთა 03.05.02წ. საერთო კრების ოქმით, მოსარჩელესა და ცალკეულ თანამშრომელთა შორის ყოველდღიური სამსახურებრივი საქმიანობისას წარმოშობილი კონფლიქტების თაობაზე შედგენილი აქტებით და მოხსენებითი ბარათებით. 11.06.02წ. ცენტრის მედიცინის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფკავშირის ლაგოდეხის რაიონული გაერთიანების კრებაზე, რომელზედაც განხილულ იქნა ცენტრის დირექტორის მიერ მედიცინის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფკავშირის ლაგოდეხის რაიონული გაერთიანების თავმჯდომარისადმი გაგზავნილი მიმართვა, ცენტრის თანამშრომლებმა დაასახელეს რა კონკრეტული ფაქტები, ცალსახად აღნიშნეს კასატორთან ერთად მუშაობის შეუძლებლობა, თანხმობა განუცხადეს ცენტრის ადმინისტრაციას კასატორის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე. უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მისი გათავისუფლება მოხდა პროფკავშირის თანხმობის გარეშე. საქმეზე დადგენილია, რომ ცენტრის დირექტორმა 05.06.02წ. წერილობით მიმართა მედიცინის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფკავშირის რაიონული გაერთიანების თავმჯდომარეს, რომლითაც ითხოვა პარაზიტოლოგ თ. ხ-თან დადებული ვადიანი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტაზე თანხმობა. 11.06.02წ. ცენტრის თანამშრომელთა კრებაზე შედგა მიმართვის ტექსტის განხილვა, კრებას ესწრებოდა პროფკომიტეტის თავმჯდომარე მ. ა-ი. ცენტრის დირექტორისადმი ლაგოდეხის რაიონის მედმუშაკთა პროფკომიტეტის თავმჯდომარის 12.06.02წ. ¹2 წერილით ირკვევა, რომ პროფკომიტეტი საერთო კრების ოქმის, ცენტრიდან მივლინებული სპეციალისტების რეკომენდაციების, პირადად კოლექტივთან შეხვედრის საფუძველზე თანხმობას აძლევს ცენტრის ადმინისტრაციას პარაზიტოლოგ თ. ხ-თან დადებული ვადიანი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტაზე.
დაუსაბუთებელია აგრეთვე კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სამსახურის კაბინეტის კარები ცენტრის თანამშრომლებმა ცენტრის დირექტორის კარნახით აუჭედეს. 11.06.02წ. კრებაზე გამომსვლელებმა, აგრეთვე მოწმის სახით დაკითხული ცენტრის თანამშრომლებმა აღნიშნეს, რომ სამუშაო ოთახის კარები კასატორს აუჭედეს შრომითი კოლექტივის წევრებმა კასატორის მათთან დაპირისპირების გამო, მათი განმარტება, რომ კაბინეტის კარები გაიხსნა ცენტრის დირექტორის მოთხოვნის შედეგად არანაირად არ ადასტურებს დირექტორის დავალებით კარების აჭედვას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია შრომის წიგნაკში შრომითი ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლად შკკ-ს 34-ე მუხლის I-ლი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის მითითება. კოდექსის 41-ე მუხლის მოთხოვნის დაცვით შრომით წიგნაკში მითითებულია შესაბამისი კანონის მუხლი და პუნქტი. შრომის წიგნაკში დისციპლინური ზემოქმედების ფიქსაციის აკრძალვა არ ვრცელდება შრომითი დისციპლინის დარღვევისათვის სამსახურიდან დათხოვნის შემთხვევებზე. ყოველ შემთხვევაში, სამუშაოდან გათავისუფლების ჩანაწერის ფორმულირების დარღვევა, შრომის წიგნაკის დაგვიანებით გამოგზავნა, თავისთავად არ წარმოადგენს სამუშაოზე აღდგენის, საკასაციო საჩივრის მოთხოვნათა დაკმაყოფილების საფუძველს.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს არ წარმოადგენს აგრეთვე მოტივირებული გადაწყვეტილების ტექსტის პროცესუალურად განსაზღვრული ვადის დარღვევით ჩაბარება. უსაფუძვლოა აგრეთვე კასატორის მოსაზრება არასათანადო სასამართლო შემადგენლობის მიერ გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, სასამართლო შემადგენლობაში ცვლილების შედეგად საქმე ხელახლა იქნა განხილული პროცესუალური ნორმების მოთხოვნათა დაცვით. საკასაციო სასამართლო ვერ იქონიებს მსჯელობას კასატორის ისეთ მოთხოვნებზე, როგორიცაა მისთვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება, შრომითი კოლექტივის წევრებისათვის კასატორთან დაპირისპირების გამო პასუხისმგებლობის დაკისრება. საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას სსკ-ს 381-ე მუხლის საფუძველზე აპელატს უარი ეთქვა დავის საგნის გაზრდაზე, ამასთანავე, სსკ-ს 406-ე მუხლის მიხედვით საკასაციო სასამართლოში არ დაიშვება დავის საგნის შეცვლა ან გადიდება. ადმინისტრაციული სამართალწარმოების სფეროს სცილდება საკასაციო საჩივარში მოყვანილი მოსაზრებები ცენტრის დირექტორის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით, 150-ე, 156-ე, 168-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გარკვევა. საკასაციო პალატა ვერ იქონიებს აგრეთვე მსჯელობას ცენტრის დირექტორის მიერ თ. ს-ის და ლ. კ-ას გათავისუფლების მართლზომიერებაზე, აღნიშნული პირები გათავისუფლდნენ სამსახურიდან კადრების შემცირების გამო, მათ არ გაუსაჩივრებიათ მათი სამსახურიდან დათხოვნა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნებს, არარსებობს სსკ-ს 393-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატის 20.01.03წ. განჩინების გაუქმების, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინება.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.