გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-150-კ-03 4 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის და მორალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 22 აპრილს ა. გ-ემ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა მოპასუხე ვ. ა-ის სახელობის მუსიკალური თეატრის მიმართ.
მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
1992წ. 1 მაისიდან თეატრის ...ად მუშაობდა და თავის სამსახურებრივ მოვალეობას ჯეროვნად ასრულებდა, მაგრამ ამის მიუხედავად, სისტემატიურად განიცდიდა დევნა-შევიწროებას. თეატრის გენერალური დირექტორის 2002წ. 29 მარტის ბრძანებით საპენსიო ასაკთან დაკავშირებით იგი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნა. აღნიშნული ბრძანება უკანონოა, ვინაიდან საქართველოს “მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, მასზე ვრცელდებოდა შეღავათი და იგი არ შეიძლებოდა სამუშაოდან გათავისუფლებულიყო. ამასთან, სამსახურიდან გათავისუფლებით შეილახა მისი პატივი და ღირსება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელემ მოითხოვა: მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 2002წ. 29 მარტის ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 ივლისის გადაწყვეტილებით ა. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ა. გ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატაში და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
აპელანტის მითითებით, რაიონულმა სასამართლომ არ გაითვალისწინა “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის “ე”ქვეპუნქტის პუნქტის მოთხოვნები, რომლითაც მასზე კანონით დადგენილი შეღავათი, კერძოდ, სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება ვრცელდებოდა.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ა. გ-ემ თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა და მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა, რაც სასამართლომ სსკ-ს 381-ე მუხლის საფუძველზე მოწინააღმდეგე მხარის თანხმობით დასაშვებად მიიჩნია.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 17 თებერვლის განჩინებით ა. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ განჩინება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:
მართალია “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის თანახმად ა. გ-ე იმ პირთა წრეს მიეკუთვნება, რომლებზედაც შეღავათები ვრცელდება, მაგრამ თვით ამ შეღავათებით არ არის გათვალისწინებული საპენსიო ასაკის მიღწეულ პირთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელება. ზემოთ მითითებული კანონის მე-12 მუხლის “ე” ქვეპუნქტი მოცემულ შემთხვევას არ მიესადაგება. იგი შეეხება დაწესებულებაში მუშაკთა რაოდენობის ან შტატების შემცირების და არა საპენსიო ასაკის მიღწევის შემთხვევაში სამუშაოზე დატოვების უპირატეს უფლებას.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებას ა. გ-ე იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით ასაჩივრებს და გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითხოვს.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ა. გ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 17 თებერვლის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ დავის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი.
სსკ-ს 407-ე მუხლის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ თბილისის საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1998წ. 12 მარტის გადაწყვეტილებით ა. გ-ე პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად იქნა აღიარებული. დადგენილია ისიც, რომ ა. გ-ე ვ. ა-ის სახელობის სახელმწიფო მუსიკალური თეატრის გენერალური დირექტორის 2002წ. 29 მარტის ბრძანების საფუძველზე საპენსიო ასაკის მიღწევასთან დაკავშირებით თანამდებობიდან გათავისუფლდა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ" 1997წ. 11 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-12 მუხლი განსაზღვრავს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირისათვის დაწესებული შეღავათების ამომწურავ ჩამონათვალს, კერძოდ ზემოთ მითითებული მუხლის “ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირი სარგებლობს სამუშაო სტაჟის მიუხედავად სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებში მუშაკთა რაოდენობის ან შტატების შემცირებისას სამუშაოზე (სამსახურში) უპირატესი დატოვების უფლებით, მაგრამ კასატორის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს არ წარმოადგენს არც მუშაკთა რაოდენობის და არც შტატების შემცირება. სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა, რომ ზემოთ მითითებული კანონის მე-12 მუხლის “ე” ქვეპუნქტი მოცემულ შემთხვევას არ მიესადაგება და მასში არ არის გათვალისწინებული საპენსიო ასაკს მიღწეულ პირთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელება.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ შკკ-ს 34-ე მუხლის თანახმად, საპენსიო ასაკის მიღწევა ადმინისტრაციის ინიციატივით მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს არ წარმოადგენს, რადგან აღნიშნული მუხლი მასში მითითებული საფუძვლების გარდა მუშაკის სამუშაოდან დათხოვნის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებსაც ითვალისწინებს. Kკერძოდ, “საჯარო სამსახურის შესახებ” 1997წ. 31 ოქტომბრის საქართველოს კანონის 101-ე მუხლით გათვალისწინებულია ასაკის მიღწევის გამო სამსახურიდან გათავისუფლება. ზემოთ მითითებული მუხლის შესაბამისად, მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ასაკის გამო. აღნიშნული კანონის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკი განისაზღვრება მამაკაცებისათვის 65 წლით, ხოლო ქალისათვის _ 60 წლით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციას სრული უფლება ჰქონდა საპენსიო ასაკის მიღწევასთან დაკავშირებით ა. გ-ე სამსახურიდან გაეთავისუფლებინა. ამდენად, გასაჩივრებული განჩინება არსებითად სწორია, არ არსებობს მისი გაუქმების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი და იგი დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს Yთბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 17 თებერვლის განჩინება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.