Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-151-კ-03 17 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამინისტროს 1978წ. 14 აპრილის ¹01-09/119 ბრძანებით სამინისტროს საყოფაცხოვრებო მომსახურების ცენტრალური სახლის ექსპლოატაციის სამმართველოს (ამჟამად შპს “მ.”) ბალანსზე გადაეცა ქ. თბილისში, ... მდებარე საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმო. გენერალური გეგმის მიხედვით, საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმოს ტერიტორიაზე განლაგებული იყო: 1. საყოფაცხოვრებო მომსახურების სახლი; 2. ქიმწმენდის საამქრო; 3. ელექტროგამანაწილებელი ჯ-ი. ქ. თბილისის მერიის ვაჭრობისა და მომსახურების სამმართველოს 1993წ. 27 აპრილის ¹1/39 ბრძანებით საქალაქო საწარმოო გაერთიანება “თ-ს” ბალანსიდან ქიმწმენდის საამქრო გადაეცა საყოფაცხოვრებო მომსახურების კომბინატს. 1994წ. 16 აგვისტოს საყოფაცხოვრებო მომსახურების კომბინატს გამოეყო ვაჭრობის სახლი, რომლის ბაზაზეც ჩამოყალიბდა მუნიციპალური საწარმო “უ.”, რომელიც 1996წ. 26 ივნისს რეორგანიზებული იქნა სახაზინო საწარმო “უ-ად”, ამჟამად შპს “გ.”. მუნიციპალური საწარმო “უ.” ჩამოყალიბდა ქიმწმენდისა და სამრეცხაო საამქროს ბაზაზე. 1997 წელს სახაზინო საწარმო “უ-მა”, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობისაგან წერილობითი შუამდგომლობით მოითხოვა სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსთან საწარმოს მიერ ფაქტობრივად დაკავებულ შენობასა და ძირითად საშუალებებზე იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების გაფორმება. სახელმწიფო ქონების მართვის ქ. თბილისის სამმართველოსა და ფიზიკურ პირ ტ. ჩ-ეს შორის 1999წ. 25 მარტს დაიდო იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების ხელშეკრულება 5 წლის ვადით, რომლითაც მოიჯარე ტ. ჩ-ეს იჯარა-გამოსყიდვის უფლებით, 11520 აშშ დოლარად გადაეცა თბილისში, ... მდებარე სახაზინო საწარმო “უ-ს” ქონება და მის მიერ დაკავებული არასაცხოვრებელი ფართი 287 კვ.მ ოდენობით.

2000წ. 30 ივნისს მოწინააღმდეგე მხარემ _ შპს “მ-მ” სარჩელით მიმართა გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს და სახელმწიფო ქონების მართვის თბილისის სამმართველოსა და ტ. ჩ-ეს შორის 1999წ. 25 მარტს დადებული იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა მოითხოვა 49,59 კვ.მ ფართის ნაწილში, რადგან აღნიშნულ ფართში განთავსებულია ელექტროგამანაწილებელი ქვესადგური, სადაც დამონტაჟებულია 630 და 560 კვტ სიმძლავრის ორი ტრანსფორმატორი, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაა და რომლის პრივატიზებაც აკრძალულია “სახელწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-4 მუხლის “დ” ქვეპუნქტით. მოსარჩელე შპს “მ-მ” ასევე მოითხოვა თბილისის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ შედგენილ გეგმა-ნახაზში ცვლილებების შეტანა იმ მიმართებით, რომ იჯარა-გამოსიდვის ფორმით პრივატიზებული 237,41 კვ.მ ფართი აღრიცხულიყო სახაზინო საწარმო უ-ზე, ხოლო 49,59 კვ.მ. ელექტროგამანაწილებელ ქვესადგურზე.

მოპასუხე შპს “გ-სა” და სახელმწიფო ქონების მართვის თბილისის სამმართველოს წარომადგენლებმა შპს “მ-ის” სარჩელი არ ცნეს, უსაფუძვლობის მოტივით და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს, რადგან მათი განმარტებით, 1999წ. 25 მარტის იჯარა-გამოსყიდვის სადავო ხელშეკრულებით მოხდა სახაზინო საწარმო “უ-ს” ქონების, მათ შორის მის მიერ დაკავებული არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზება, ხოლო ელექტროგამანაწილებელი ქვესადგურის პრივატიზებას ადგილი არ ჰქონია.

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000წ. 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს “მ-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა;K “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-4 მუხლის საფუძველზე ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი 1999წ. 25 მარტის სახელმწიფო ქონების მართვის თბილისის სამმართველოსა და ტ. ჩ-ეს შორის იჯარა-გამოსყიდვის ფორმით დადებული პრივატიზების ხელშეკრულება 49,59 კვ.მ ფართის ნაწილში, სადაც ელექტროქვესადგურია განლაგებული და თბილისის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს დაევალა გეგმა-ნახაზში შესაბამისი ცვლილების შეტანა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა სახელმწიფო ქონების მართვის თბილისის სამმართველოსა და შპს “გ-ს” მიერ.

“საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და კომპანია “თ-ს” შორის გაფორმებული სააქციო საზოგადოება “თელასის” აქციათა 75% ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტრომეურნეობის პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლური ფასით სს “თ-ისათვის” მიყიდვის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001წ. 12 მარტის ¹93 ბრძანებულებით სს “თ-ს” პირდაპირი მიყიდვის წესით მიეყიდა დანართ ¹1-ში დასახელებული ორგანიზაციების ბალანსზე რიცხული ქვესადგურები და ელექტრომეურნეობა. აღნიშნულ დანართში 147-ე ნომრად მითითებულია ... მდებარე ა-1045 სატრანსფორმატორო ქვესადგურიც. პრეზიდენტის ზემოაღნიშნული ბრძანებულების აღსრულების მიზნით, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ 2001წ. 22 მაისს გამოსცა ბრძანება ¹1-3/357.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 15 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაერთო სს “თ-ი”, ხოლო 2002წ. 22 ივლისის საოქმო დადგენილებით, შპს “გ.” ცნობილ იქნა არასათანადო მოპასუხედ და იგი შეიცვალა სათანადო მოპასუხით _ ფიზიკური პირი ტ. ჩ-ით, შპს “გ.” კი საქმეში ჩაერთო მესამე პირად.

სს “თ-ის” წარმომადგენლის განმარტებით, ... მდებარე სატრანსფორმატორო ქვესადგური ა-1045, მართალია, არის საქართველოს პრეზიდენტის ¹93 ბრძანებულებით გათვალისწინებული მათთვის გადასაცემი აქტივების სიაში, მაგრამ ქვესადგურის გადაცემა მათზე ჯერ არ მომხდარა და სასამართლოში დავის განხილვის პერიოდისათვის ქვესადგური “თ-ის” ბალანსზე არ ირიცხებოდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სახელმწიფო ქონების მართვის თბილისის სამმართველოსა და ტ. ჩ-ის სააპელაციო საჩივრები და შემდეგი მოტივით უცვლელად დარჩა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000წ. 17 ნოემბრის გადაწყვეტილება სადავო ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ:

სააპელაციო პალატის აზრით, დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოებას, რომ სადავო 49,59 კვ.მ ფართში განთავსებულია 630 და 560 კვტ სიმძლავრის ორი ტრანსფორმატორი, რომლებიც ერთობლიობაში, სხვა დამხმარე მოწყობილობასთან ერთად (მკვებავი კარადები, ფიდერები, კაბილები), წარმოადგენენ ა-1045 სატრანსფორმატორო ქვესადგურს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2001წ. ¹93 ბრძანებულებით დამკიცებულ სს “თ-ისათვის” პირდაპირი წესით მისაყიდ ობიექტთა ნუსხაში 147-ე ნომრით ფიგურირებს. “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-4 მუხლის “დ” ქვეპუნქტი კრძალავს რა ელექტროენერგეტიკული სექტორის გადაცემა-დისპეჩერიზაციის სამსახურების პრივატიზებას, გამორიცხავს არა მხოლოდ სატრასფორმატორო ქვესადგურის არსებითი შემადგენელი ნაწილის – 49,59 კვ.მ ფართობის სადგომის, არამედ თვით ქვესადგურის იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების შესაძლებლობასაც.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ქონების მართვის თბილისის სამმართველომ, რომელმაც შემდეგი საფუძვლით მოითხოვა განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა არსებითად განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება:

1. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ არის იურიდიულად დასაბუთებული, პალატამ არასწორად განმარტა საქართველოს პრეზიდენტის 2001წ. 12 მარტის ¹93 ბრძანებულება, რომლითაც სს “თ-ს” გადაეცა მხოლოდ მოძრავი ქონება-ტრანსფორმატორები, ხოლო უძრავი ქონება _ არასაცხოვრებელი ფართობი არ გადასცემია.

2. სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა შპს “მ-ის” სათანადო მოსარჩელეობის საკითხზე და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ გაარკვია შპს “მ-ის” რომელი კანონიერი უფლება და ინტერესი შეილახა სადავო პრივატიზებით. კასატორს მიაჩნია, რომ შპს “მ.” არასათანადო მოსარჩელეა და სსკ-ს 84-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს იგი უნდა შეეცვალა სათანადო მოსარჩელით;

3. პალატამ შეფასება არ მისცა იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელის ბალანსზე რიცხულ ტრანსფორმატორებს კავშირი არა აქვთ სადავო 49,59 კვ.მ ფართზე დამონტაჟებულ ელექტროაპარატურასთან;

4. კასატორი არ ეთანხმება “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-4 მუხლის “დ” პუნქტის მოთხოვნების დარღვევაზე სასამართლოს შეფასებას, ვინაიდან სადავო პრივატიზებით ფაქტობრივად განხორციელდა ტრანსფორმატორების გარეშე არასაცხოვრებელი ფართის განსახელმწიფოებრიობა და არ მომხდარა ელექტროენერგეტიკული სექტორის გადაცემა-დისპეტჩერიზაციის სამსახურის პრივატიზება, ამიტომ უსაფუძვლოა სკ-ს 150-ე მუხლზე სასამართლოს მითითებაც.

თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინებას საკასაციო წესით ასაჩივრებს ასევე შპს “გ-ც”, ითხოვს სასამართლოს განჩინების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

მოწინააღმდეგე მხარის – შპს “მ-ის” წარმომადგენლებმა, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ ცნეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს მათ დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვება. სათანადო მოსარჩელეობის საკითხთან დაკავშირებით მათ განმარტეს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ¹93 ბრძანებულების შესაბამისად, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსგან მათ დაევალათ სადავო ქვესადგურის “თ-ისათვის” გადაცემა, რასაც ისინი ვერ ახორციელებენ სადავო ხელშეკრულების გამო და ამიტომ შპს “მ.” სათანადო მოსარჩელეა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ქონების მართვის თბილისის სამმართველოსა (ამჟამად სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო) და შპს “გ-ს” საკასაციო საჩივრები საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 დეკემბრის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. უსაფუძვლობის მოტივით, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის დარღვევაზე კასატორთა მითითებას. კერძოდ, კასატორთა მოსაზრებას, რომ სადავო პრივატიზებით ფაქტობრივად განხორციელდა ტრანსფორმატორების გარეშე არასაცხოვრებელი ფართის განსახელმწიფოებრიობა, სატრანსფორმატორო ქვესადგურის პრივატიზება კი არ მომხდარა, ამიტომ სკ-ს 150-ე მუხლზე სასამართლოს მითითება და განმარტება არასწორია. სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რასაც კასატორებიც არ უარყოფენ, რომ თბილისში, ... მდებარე სადავო 49,59 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართში განთავსებულია 630 და 560 კვტ სიმძლავრის ორი ტრანსფორმატორი. საქართველოს პრეზიდენტის 2001წ. ¹93 ბრძანებულებით დამტკიცებულ სს “თ-ისათვის” პირდაპირი წესით მისაყიდ ობიექტთა ნუსხაში 147-ე ნომრად მითითებულია ამავე მისამართზე არსებული ა-1045 სატრანსფორმატორო ქვესადგური. ამდენად, პრეზიდენტის ბრძანებულებით სს “თ-ს” გადაეცა არა მხოლოდ ტრანსფორმატორი, არამედ მთლიანად ა-1045 სატრანსფორმატორო ქვესადგური. ცხადია, რომ 630 და 560 კვტ სიმძლავრის ორი ტრანსფორმატორი სხვა დამხმარე მოწყობილობასთან ერთად (მკვებავი კარადები, ფიდერები, კაბელები) ერთობლიობაში ა-1045 სატრანსოფორმატორო ქვესადგურს წარმოადგენენ, სადავო არასაცხოვრებელი ფართიც მთლიანობაში სწორედ სატრანსფორმატორო ქვესადგურია და სხვა სამეურნეო დანიშნულება მას არ გააჩნია. ასევე ნათელია, რომ სატრანსფორმატორო მოწყობილობების გამოცალკევება, მათი განადგურების ან მნიშვნელოვანი დაზიანების გარეშე, შეუძლებელი იქნება. რის გამოც საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და სკ-ს 150-ე მუხლზე მითითებას. პალატა თვლის, რომ სადავო არასაცხოვრებელი ფართი და შიგ განთავსებული სატრანსფორმატორო მოწყობილობა ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილია, მთლიანობაში ისინი ა-1045 სატრანსფორმატორო ქვესადგურს წარმოადგენენ. ამიტომ სააპელაციო პალატამ დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა სკ-ს 150-ე მუხლის პირველი ნაწილი და საკასაციო საჩივრებში მითითებულ ამ დარღვევას ადგილი არ ჰქონია;

2. უსწორობის გამო, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილზე კასატორ სახელმწიფო ქონების მართვის თბილისის სამმართველოს მითითებას, რომლის თანახმადაც, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. აღნიშნული ნორმა ეხება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერებაზე სარჩელთა დასაშვებობას, განსახილველი დავის საგანი კი არის ადმინისტრაციული გარიგების -– იჯარა-გამოსყიდვის ფორმით არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზების კანონიერება, ამიტომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითება უმართებულოა, თუმცა არსებითად საკასაციო პალატა იზიარებს კასატორთა პრეტენზიას შპს “მ-ის” არასათანადო მოსარჩელეობასთან დაკავშირებით.

საკასაციო პალატას საყურადღებოდ მიაჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელე შპს “მ.” თავადვე აღიარებს სადავო არასაცხოვრებელ ფართზე სახელმწიფოს საკუთრებას და საკუთრების თვალსაზრისით ამ ფართზე მას პრეტენზია არ გააჩნია. მოსარჩელისათვის ასევე ცნობილია საქართველოს პრეზიდენტის 2001წ. ¹93 ბრძანებულების თაობაზე, რომლითაც სადავო არასაცხოვრებელ ფართში განთავსებული ა-1045 სატრანსფორმატორო ქვესადგური პირდაპირი მიყიდვის წესით უნდა გადაეცეს სს “თ-ს”. მოსარჩელის წარმომადგენლებმა ზეპირსიტყვიერად განმარტეს, რომ სწორედ საქართველოს პრეზიდენტის აღნიშნული ბრძანებულების შესაბამისად, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსგან მათ დაევალათ ქვესადგურის “თ-ისათვის” გადაცემა, რასაც ისინი სადავო პრივატიზების გამო ვერ ახორცილებენ, თუმცა ამ დავალების დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულება მათ არ წარმოუდგენიათ. სსკ-ს მე-2 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით (რომელიც ადმინისტრაციულ დავებთან დაკავშირებითაც გამოიყენება, თანახმად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის მე-2 ნაწილისა): “საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად”.

კანონით დაცული საკუთარი ინტერესების ხელყოფაზე შპს “მ-ის” წარომადგენლები, როგორც აღინიშნა, ვერ მიუთითებენ. ამიტომ საკასაციო პალატა იზიარებს კასატორთა მოსაზრებას შპს “მ-ის” არასათანადო მოსარჩელეობის შესახებ და სსკ-ს 84-ე მუხლის თანახმად, მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს, საქმის ხელახლა არსებითი განხილვის დროს იმსჯელოს არასათანადო მოსარჩელის სათანადო მოსარჩელით შეცვლის შესახებ, სახელდობრ შპს “მ-ის” სს “თ-ით” შეცვლის თაობაზე, რადგან საქმეში მესამე პირად სასამართლოს ინიციატივით მოწვეულ “თ-ს” საქართველოს პრეზიდენტის 2001წ. ¹93 ბრძანებულებების საფუძველზე, შეიძლება გააჩნდეს პრეტენზია მისთვის გადასაცემ ქვესადგურზე განხორციელებული სადავო პრივატიზების არაკანონიერების შესახებ.

ამდენად, საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს კასატორთა – სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსა და შპს “გ-ს” საკასაციო საჩივრებს, თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 დეკემბრის განჩინება და სათანადო მხარეთა მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად საქმე უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “გ-ს” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს სრულად;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 ოქტომბრის განჩინება და საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. მხარეთათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.