გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-152-კ-03 16 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 15 მაისს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურმა სამმართველომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში აღძრა სარჩელი მოპასუხეების _ ბ. და ნ. თ-ეების მიმართ.
მოსარჩელემ სარჩელში აღნიშნა, რომ მას სამართალმემკვიდრეობის წესით გადაეცა რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის სახელზე რიცხული სამსახურებრივი ბინები, მათ შორის ქ. ბათუმში ... მდებარე ¹39 ბინა.
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 6 აგვისტოს ¹603 დადგენილების პირველი თავის მე-2 პუნქტის საფუძველზე ბინა 1999წ. 3 სექტემბერს, სამსახურებრივი სარგებლობისათვის გადაეცა ზემდეგ ბ. თ-ეს, ოჯახთან ერთად, რაზედაც სამხედრო ნაწილის საბინაო-საექსპლუატაციო კომისიის მიერ შედგა ოქმი.
ამავე დადაგენილების მე-3 თავის 14-ე პუნქტში მითითებულია, რომ საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დროებით დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფი თავიანთ საუწყებო საბინაო ფონდში სამხედრო მოსამსახურეებს ბინებს აძლევენ დროებითი სარგებლობისათვის, საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მათი სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდის ვადით.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2000წ. 31 აგვისტოს “სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ” დებულების მე-6 თავის მე-7 მუხლის “ვ” პუნქტის საფუძველზე ზემდეგი ბ. თ-ე დათხოვნილ იქნა სამსახურიდან და მოხსნილ იქნა ყველა სახის კმაყოფიდან. მიუხედავად ამისა, მან სამსახურებრივი ბინის ჩაბარებაზე უარი განაცხადა.
მოსარჩელემ სარჩელის საფუძვლად მიუთითა საბინაო კოდექსზე (112-116-ე მუხლები), რომლის თანახმად, ის პირი, რომელსაც მიეცა სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომი, საწარმოსთან, დაწესებულებასთან, ორგანიზაციასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ გამოსახლდება ამ ბინიდან მასთან ერთად მცხოვრებ ყველა პირთან ერთად სხვა საცხოვრებელი სადგომის მიუცემლად.
გარდა ამისა, მოსარჩელემ მიუთითა, რომ ბ. თ-ეს არ გააჩნდა საბინაო ორდერი, რაც აუცილებელი პირობა იყო ბინის სარგებლობაში მიღებისა და ფლობისათვის.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოპასუხე ნებაყოფლობით არ ათავისუფლებდა დაკავებულ ბინას. აქედან გამომდინარე, მოითხოვა საცხოვრებელი ფართიდან მისი იძულებით გამოსახლება და ბინის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება.
მოპასუხეებმა _ ბ. და ნ. თ-ებმა სარჩელი არ ცნეს და აღნიშნეს, რომ ბ. თ-ე 1984 წლიდან მსახურობდა სამხედრო სამსახურში და სადავო ბინა რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ჯარებისაგან მიიღო. სამხედრო სამსახურიდან მისი დათხოვნით ამ ბინაზე მას უფლება არ დაუკარგავს.
მოპასუხეებმა ითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეები _ ბ. და ნ. თ-ები გამოსახლდნენ ქ. ბათუმში, ... მდებარე ¹36 საცხოვრებელი ბინიდან და ბინა თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა მოსარჩელეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. თ-ემ და მოითხოვა მისი, როგორც უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების, გაუქმება.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 21 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც აპელანტი ბ. თ-ე ოჯახთან ერთად გამოსახლდა ქ. ბათუმში, ... მდებარე ¹36 საცხოვრებელ ბინიდან და ბინა თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურ სამმართველოს.
ბ. თ-ე არ დაეთანხმა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2003წ. 21 თებერვლის გადაწყვეტილებას და საქართველოს უზენაეს სასამართლოში შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომელშიც აღნიშნა, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო, დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორის განმარტებით, იგი 1984 წლიდან მსახურობდა რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ჯარებში, სადაც 1998წ. 3 სექტემბერს სასაზღვრო ჯარების გარნიზონის საბინაო კომისიის ოქმის საფუძველზე მიიღო სადავო ბინა. ბინის გადაცემის წესს ადგენდა მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 6 აგვისტოს ¹603 დადგენილების მე-13 პუნქტი. აქედან გამომდინარე, კასატორი უთითებს რომ იგი მართლზომიერად და კეთილსინდისიერად ფლობდა სადავო ბინას.
კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის 2000წ. 15 თებერვლის ¹801 ბრძანების თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც მასხურობენ კონტრაქტის საფუძველზე ათ წელიწადს ან ამ ვადაზე მეტ ხანს, უზრუნველყოფილნი არიან საცხოვრებელი სახლებით მუდმივად.
ბ. თ-ემ აღნიშნა ისიც, რომ სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურ სამმართველოს არ გააჩნია ტექ-ინვენტარიზაციის დოკუმენტები და არც ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომელიც აუცილებელია უძრავი ნივთის საკუთრების დასადასტურებლად. აქედან გამომდინარე, კასატორის მითითებით სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სკ-ს 170-ე მუხლი, ხოლო საქმეში არსებულ ტექ-ინვენტარიზაციის სამსახურის ცნობაში სადავო ბინა დაფიქსირებულია სამხედრო ნაწილ 2016-ის სახელზე და კასატორის აზრით, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველო არასათანადო მოსარჩელეა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა ითხოვა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2003წ. 21 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
“საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებულ სამხედრო უწყებათა მოსამსახურეების ბინის მიღების აღრიცხვაზე აყვანისა და საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 6 აგვისტოს ¹603 დადგენილებით დამტკიცებული დროებითი დებულების მე-14 პუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე დროებით დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფი და ყოფილი სსრ კავშირის სამხედრო უწყებები თავიანთ საუწყებო საბინაო ფონდში სამხედრო მოსამსახურეებს ბინებს აძლევენ დროებით სარგებლობისათვის საქართველოს ტერიტორიაზე მათი სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდის ვადით. ამავე დებულების მე-19 პუნქტის თანახმად, ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს (მოქალაქეებს), რომლებმაც ბინები მიიღეს რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფისა და ყოფილი სსრ კავშირის სამხედრო უწყებათა კუთვნილ საბინაო ფონდში და აღარ მსახურობენ ამ სამხედრო შენაერთებში, უფლება აქვთ მოახდინონ მათ მიერ დაკავებული ბინების პრივატიზაცია დადგენილი წესის დაცვით.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სამართლებრივად სრულყოფილად ვერ დაასაბუთა, თუ რატომ არ გაიზიარა ბ. თ-ის განმარტება, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 6 აგვისტოს ¹603 დადგენილების მე-18 პუნქტის თანახმად, მას მოპოვებული ჰქონდა სადავო ბინაში ცხოვრების და მისი პრივატიზების უფლება.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა იმის თაობაზე, რომ ზემოთ აღნიშნული დებულების მე-14 პუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე დროებით დისლოცირებულმა რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფმა თავის საუწყებო საბინაო ფონდში ბ. თ-ეს, თუ დროებითი სარგებლობისთვის გადასცა სადავო ბინა, მაშინ ამავე დებულების მე-18 მუხლი როგორღა აძლევდა ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს, რომელმაც ბინა მიიღო რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფის კუთვნილ საბინაო ფონდში, მის მიერ დაკავებული ბინის პრივატიზების უფლებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელია და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ. თ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 21 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.