Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-153-კ-03 11 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: სააღსრულებო ბიუროს განკარგულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ნა. და ნ. ბ-ეების წარომადგენლებმა – დ. ბ-ემ და რ. ფ-ემ სარჩელით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების – ვ. დ-ის და ბათუმის სააღსრულებო ბიუროს მიმართ და მოითხოვეს ბათუმის სააღსრულებო ბიუროს 2002წ. 15 ივლისის განკარგულების “აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლებამოსილების შესახებ” გაუქმება; აღნიშნული განკარგულების საფუძველზე ქ.ბათუმის მერიის ტექ.ბიუროს საჯარო რეესტრში გაკეთებული ჩანაწერის გაუქმება და ბათუმში, ... მდებარე ¹1 ბინის მოსარჩელეების საკუთრებაში აღრიცხვა.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 4 ივლისის გადაწყვეტილებით სპს “ნ. ბ-ე და კომპანიას” ვ. დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 5272 აშშ დოლარის გადახდა. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ყადაღა დაედო ნ. ბ-ის სახელზე რიცხულ ბინას, რომელიც წარმოადგენდა ნა. ბ-ის და ნ. ბ-ის თანასაკუთრებას, ვინაიდან იგი შესყიდული იყო მეუღლესთან ერთად ცხოვრების პერიოდში. მიუთითებდნენ, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნა. ბ-ეს წარდგენილი ჰქონდა სარჩელი ბინიდან იდეალური წილის გამოყოფის თაობაზე. 2001წ. 4 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ნ. ბ-ის სახელზე რიცხული ბინის აუქციონის წესით გასაყიდად, პირველი აუქციონი დანიშნული იყო 2002წ. 17 მაისს, როელიც არ შედგა და განმეორებითი აუქციონი დაინიშნა 15 ივლისს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 12 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა ნა. ბ-ის განცხადება და სსკ-ს 263-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს 2001წ. 4 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულება გადავადდა. ნა. ბ-ის სასარჩელო საქმის – ნ. ბ-ის სახელზე რიცხული ბინიდან იდეალური წილის გამოყოფის შესახებ საქმის გადაწყვეტამდე. აღნიშნული განჩინება დ. დ-ის კერძო საჩივრის საფუძველზე გაუქმდა 15 ივლისს, იმ დღეს, როდესაც დანიშნული იყო განმეორებითი აუქციონი. მოსარჩელეებს მიაჩნდათ, რომ განმეორებითი აუქციონი ჩატარდა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის მოთხოვნათა დარღვევით განმეორებითი აუქციონის ჩატარების თაობაზე მხარეები ინფორმირებული არ ყოფილან. გასაჩივრებულ განკარგულებაში არ არის მითითებული “ნატურით გადაცემული” ბინის საბაზრო ღირებულება.

“სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ითხოვდნენ რეალიზებული ქონების დაბრუნებას და თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენას.

მოპასუხეებმა – ბათუმის სააღსრულებო ბიუროს უფროსმა და ვ. დ-ემ სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ ნ. და დ. ბ-ეებმა ჩამოაყალიბეს სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება და თავისი ქონებით აგებდნენ პასუხს კრედიტორების წინაშე. ერთ-ერთი კრიდეტორი არის ვ. დ-ე, რომლის სასარგებლოდაც მას დაეკისრა 5272 აშშ დოლარის გადახდა.

მოპასუხეებს მიაჩნდათ, რომ ქონება აღწერილი და შეფასებული იქნა კანონის შესაბამისად და მხარეებს ჩაბარებული ჰქონდათ ქონების შეფასების აქტი ჯერ კიდევ პირველ აუქციონამდე, მაგრამ მათ ქონების შეფასება სადავოდ არ გაუხდიათ. განმეორებითი აუქციონის დანიშვნის შესახებ განცხადება გამოქვეყნებული იყო გაზეთ “...ში” და აღნიშნულის თაობაზე მხარეები ინფორმირებული იყვნენ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 12 ივლისის განჩინება გადაწყვეტილების აღსრულების გადადების შესახებ და ამ განჩინების გაუქმების შესახებ 2002წ. 15 ივლისის განჩინება აღმასრულებელს წარედგინა აუქციონის ჩატარების დღეს, აუქციონის ჩატარებამდე. ვინაიდან აღმასრულებელს აუქციონის შეჩერების განკარგულება არ მიუღია, ამიტომ განმეორებით გამოცხადების საჭიროებაც არ არსებობდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნა. ბ-ის წარმომადგენლების რ. ფ-ის და ნ. ბ-ის წარმომადგენლის დ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა – გაუქმდა ბათუმის საასღრულებო ბიუროს 2002წ. 15 ივლისის განკარგულება “აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლებამოსილების შესახებ” და შესაბამისი ცვლილებები იქნა შეტანილი ტექაღრიცხვის საჯარო რეესტრში.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ბათუმის სააღსრულებო ბიუროს და ვ. დ-ის სააპელაციო საჩივრები და ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ.ბათუმის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2002წ. 15 ივლისს განმეორებითი აუქციონის ჩატარება მოხდა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის შესაბამისად. განმეორებითი აუქციონის ჩატარების თაობაზე ინფორმაცია გამოქვეყნდა გაზეთ “...ის” 2002წ. 5 ივლისის ¹128 ნომერში, რის თაობაზეც გაფრთხილებული იყო ნა. ბ-ისა და ნ. ბ-ის წარმომადგენელი დ. ბ-ე. “სააღსულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 77-ე მუხლის თანახმად, განმეორებითი აუქციონის ჩატარება უნდა გადაწყდეს თვით აუქციონზე, იქ უნდა გამოცხადდეს მისი გადადების მიზეზი და აუქციონის გადადების შესახებ ეცნობოს მხარეებს. ვინაიდან, სასამართლოს 2002წ. 12 ივნისის განჩინება აღმასრულებელს წარედგინა 15 ივლისს, რა დროსაც დანიშნული იყო განმეორებითი აუქციონი, ამიტომ მისი გადადება არ მომხდარა. ფაქტიურად სააღსრულებო ბიურომ ჩაატარა განმეორებით გამოცხადებული აუქციონი, რომლის თაობაზე გაფრთხილებული იყო დ. ბ-ე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ბ-ის წარომადგენელმა დ. ბ-ემ და ნა. ბ-ის წარმადგენელმა რ. ფ-ემ, რომლებიც სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 24 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვენ.

კასატორები მიუთითებენ, რომ აღმასრულებელმა ისე ჩაატარა განმაორებითი აუქციონი, რომ მხარეები არ გაუფრთხილებია, რის გამოც მოვალე არ ესწრებოდა აუქციონს. კასატორს მიაჩნია, რომ აუქციონის ჩატარება მოხდა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 47-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით. აუქციონზე გასაყიდი ქონება უნდა შეეფასებინა ექსპერტს და ამის შესახებ ბიურს უნდა ეცნობებინა მხარეებისათვის. ასეთი დოკუმენტი კი საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა. ასევე არ არსებობდა მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ქონების აღწერის დოკუმენტზე მოვალეს ხელი ჰქონდა მოწერილი. აღმასრულებელმა ისე შეაფასა სადავო ბინა, რომ იგი ადგილზე არ დაუთვალიერებია.

კასატორმა მ/წლის 9 ივნისს წარმოადგინა დამატება საკასაციო საჩივარზე, რომლითაც მოითხოვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 15 ივლისის განჩინების გაუქმებას, რომლითაც გაუქმდა სასამართლოს 12 ივნისის განჩინება გადაწყვეტილების აღსრულების გადავადების შესახებ.

საკასაციო სასამართლოს სხდომაზე სასამართლოს შეთავაზებას მხარეებს შორის მომხდარიყო მორიგება, მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი (რომელიც მოქმედებდა სათანადო მინდობილობის საფუძველზე) დაეთანხმა, თუ მოვალე გონივრულ ვადაში დაუბრუნებდა ვალს, იგი ბინას გადაუფორმებდა ნ. ბ-ეს. კასატორმა უარი განაცხადა მორიგებაზე სახსრების უქონლობის გამო და მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 თებერვლის გადაწყვეტილება.

სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოების საფუძველზე საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 4 ივნისის გადაწყვეტილებით სპს ”ნ. ბ-ე და კომპანიას” ვ. დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 5172 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსასრულებლად აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული იქნა ნ. ბ-ის სახელზე რიცხული ბინა, მდებარე ... ქ. ბათუმში. ბინის რეალიზაციის მიზნით 2002წ. 17 მაისს გამართულ აუქციონზე ბინა არ გაიყიდა, რის გამოც განმეორებითი აუქციონი დაინიშნა 2002წ. 15 ივლისს. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად არის ცნობილი და საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორთა წარომადგენელმაც დაადასტურა, რომ პირველი აუქციონის ჩატარების თაობაზე მხარეთათვის ცნობილი იყო და ესწრებოდნენ აუქციონს. აღნიშნული გარემოება ადასტურებს, რომ ბინის შეფასების თაობაზე მხარეთათვის ცნობილი იყო, მაგრამ მათ სადავოდ არ გაუხდიათ შეფასების კანონიერება. ამასთან საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აღმასრულებლის მიერ ბინა შეფასებულია ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად.

ასევე არ უნდა იქნეს გაზიარებული კასატორთა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მათთვის ცნობილი არ ყოფილა განმეორებითი აუქციონის ჩატარების თაობაზე, ვინაიდან განმეორებითი აუქციონის ჩატარების თაობაზე ინფორმაცია გამოქვეყნებული იყო გაზეთ ”...ის” 2002წ. 5 ივლისის 128 ნომერში და მხარეებსაც გაეგზავნათ შეტყობინებები. საკასაციო სასამართლოს სხდომაზე ნ. და ნა. ბ-ეების წარომადგენელმა დ. ბ-ემ დაადასტურა, რომ მას შეტყობინება ჩაბარდა და აუქციონის გამართვის დღეს სააღსრულებო ბიუროში წარადგინა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 12 ივლისის განჩინება გადაწყვეტილების აღსრულების გადავადების შესახებ, მაგრამ არ დაელოდა განმეორებითი აუქციონის გამართვის დროს, ვინაიდან იგი იმედოვნებდა, რომ იგი გადაიდებოდა. რაც შეეხება უშუალოდ ნ. ბ-ის გაფრთხილებას, ასეთი მტკიცებულება საქმის მასალებში არ მოიპოვება, რადგან როგორც დადგენილია ის მეუღლესთან ერთად წასული იყო რუსეთის ფედერაციაში და საქმეს აწარმოებდა წარმომადგენლის დ. ბ-ის მეშვეობით, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენდა სპს ”ნ. ბ-ე და კომპანიას” ერთ-ერთ დამფუძნებელ პარტნიორს და რომელსაც ”მეწარმეთა შესახებ” კანონის მე-20 მუხლის თანახმად ეკისრება სოლიდარული პასუხისმგებლობა სპს ”ნ. ბ-ე და კომპანიის” მიმართ წარმოშობილ ვალდებულებებზე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ 2002წ. 15 ივლისს განმეორებით აუქციონზე, აღმასრულებლის მიერ მიღებული განკარგულება ”აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლებამოსილების შესახებ”Q შეესაბამება ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 771 მუხლის მოთხოვნას, რომლის თანახმად ”თუ მეორე აუქციონზედაც არ მოხდება ნივთის რეალიზაცია, კრედიტორის წერილობითი განცხადების საფუძველზე ნივთი შეიძლება გადაეცეს კრედიტორს ნატურით”, რის გამოც მოცემულ შემთხვევაში აღმასრულებელი მოქმედებდა რა კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, არ არსებობს 2002წ. 15 ივლისის განკარგულების გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

საკასაციო სასამართლო კასატორთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მ/წლის 9 ივნისს წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დამატებით მოთხოვნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 15 ივლისის განჩინების გაუქმების შესახებ, არ წარმოადგენს საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს, რის გამოც საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს მის შესახებ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინიტსრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ბ-ის წარმომადგენლის დ. ბ-ის და ნა. ბ-ის წარომადგენლის რ. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. ნა. და ნ. ბ-ეებს სოლიდარულად გადახდეთ სახელმწიფო ბაჟი 40 ლარის ოდენობით;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.