გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-155-კ-03 26 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: ქ. ბათუმის მერიის დადგენილების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა აჭარის ა/რ მხატვართა კავშირის გამგეობამ, რომლის საფუძველზეც მოითხოვა მოპასუხე – ბათუმის მერიის 2002წ. 26 მარტის დადგენილების გაუქმება, რომლითაც ამოქმედდა ქ. ბათუმში აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის კაბინეტის 1992წ. 21 აპრილის ¹351 გადაწყვეტილება “... არსებული შემოქმედებითი სახელოსნოების მხატვრებზე ი. ა-ეზე და ი. ბ-ზე მიყიდვის შესახებ”.
საქმეში მესამე პირად ჩართული იქნა ი. ა-ე.
მოპასუხემ და მესამე პირმა სარჩელი არ სცნეს როგორც უსაფუძვლო და მოითხოვეს აღნიშნულის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე აჭარის ა/რ მხატვართა კავშირის გამ,გეობის სარჩელს ქ. ბათუმის მერიის 2002წ. 26 მარტის დადგენილების გაუქმების თაობაზე ეთქვა უარი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული იქნა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 19 დეკემბრის გადაწყვეტლების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მერიის 2002წ. 26 მარტის ¹92 დადგენილება და მისი გამოცემიდან გამომდინარე ყველა იურიდიული შედეგი.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის მერიამ და მესამე პირმა ი. ა-ემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
კასატორი ი. ა-ე მიუთითებდა, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იყო კანონის დარღვევით, იურიდიულად არ იყო დასაბუთებული, სასამართლოს მხრიდან დარღვეული იყო სამართლის ნორმები, ადგილი ჰქონდა საქმეში არსებული მტკიცებულებების არასწორ სამართლებრივ შეფასებას, რის გამოც, აღნიშნული ექვემდებარებოდა გაუქმებას. კერძოდ, კასატორი მიუთითებდა: ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2002წ. 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით დადგენილად მიიჩნია, რომ ... არსებული არასაცხოვრებელი ფართით სარგებლობდნენ მხატვრები ი. ა-ე და ი. ბ-ი. ქ. ბათუმში აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის კაბინეტის 1992წ. 21 აპრილის ¹351 გადაწყვეტილებით მხატვრებს ი. ა-ეს და ი. ბ-ს ნება დაერთოთ მათ სარგებლობაში არსებული ფართის შესყიდვაზე, რისთვისაც მათი მხრიდან გადახდილი იქნა შესაბამისად 746 და 730 მანეთი. შემდგომში აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის კაბინეტის 1992წ. 15 სექტემბრის ¹747 გადაწყვეტილებით გაუქმდა შესყიდვის ნებართვის შესახებ იმავე ორგანოს მიერ 1992წ. 21 აპრილს მიღებული ¹351 გადაწყვეტილება იმ საფუძვლით, რომ ი. ა-ესა და ი. ბ-ზე სახელოსნოს მიყიდვა განხორციელდა საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1990წ. 25 იანვრის ¹35 დადგენილების უხეში დარღვევით. თუმცა, ხსენებულ მხატვრებზე მოცემული ფართის მიყიდვას საფუძველად არ დასდებია ¹35 დადგენილება.
ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1994წ. 1 თებერვლის ¹35 გადაწყვეტილებით სხვა სამხატვრო სახელოსნოები და მათ შორის ბლაგოევგრადის ¹5-ში არსებული სახელოსნოები ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა აჭარის ა/რ მხატვართა კავშირს, რაც თავისთავად კანონშეუსაბამო იყო, ვინაიდან, იმ პერიოდისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ბალანსიდან ბალანსზე გადაცემის უფლება ჰქონდა მხოლოდ აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს, რაზედაც აუცილებელი იყო შესაბამისი დადგენილების მიღება.
საკითხის დამატებით შესწავლის საფუძველზე ქ. ბათუმის მერიამ მიიჩნია, რომ გაუქმებული უნდა ყოფილიყო ქ. ბათუმში აჭარისა ა/რ მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის კაბინეტის 1992წ. 25 სექტემბრის ¹747 გადაწყვეტილება, ვინაიდან იგი ეწინააღმდეგებოდა კანონს და ლახავდა მხარეთა უფლებებს. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაიულ ორგანის.
ქ. ბათუმის მერიამ კანონიერად ჩათვალა რა ი. ა-ისა და ი. ბ-ის მიერ ფართის შესყიდვა, მოახდინა ფაქტობრივი შესყიდვის დაკანონება.
აქვე კასატორი მიუთითებდა, რომ ქ. ბათუმის მერიას 1994წ. 1 თებერვლის ¹35 გადაწყვეტილების თაობაზე კასატორისათვის ცნობილი გახდა მხოლოდ 2001წ. 20 სექტემბერს, რისი შეტყობისთანავეც მან თხოვნით მიმართა მერიას ზემოხსენებული გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, რომელმაც საკითხის შესწავლის შემდეგ და მიიღო სწორი გადაწყვეტილება, რითაც კასატორს დოკუმენტალურად დაუბრუნა მისივე ქონება.
კასატორი საკასაციო საჩივრის საფუძველზე ითხოვდა ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც გაუქმდებოდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქმებოდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრებული იქნა ქ. ბათუმის მერიის მხრიდანაც.
კასატორი საკასაციო საჩივარში სასამართლო მიუთითებდა, რომ ქ. ბათუმში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის კაბინეტის 1992წ. 21 აპრილის ¹351 გადაწყვეტილება იყო კანონიერი და კანონშეუსაბამისობის მოტივით მის გაუქმებას მიიჩნევდა დაუშვებლად. ვინაიდან, ი. ა-ისა და ი. ბ-ის მიერ სახელოსნოს შესყიდვის თანხა გადახდილი იყო, მათ ეს თანხა უკან არ დაბრუნებიათ, ხოლო თანხის გადახდის შემდეგ, მითითებულმა პირებმა განახორციელეს იურიდიული მნიშვნელობის ქმედება და გახდნენ მისი მესაკუთრეები. საკუთრების უფლება კი ყოველთვის იყო დაცული კონსტიტუციით.
კასატორს მიაჩნდა, რომ აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის კაბინეტის 1992წ. 15 სექტემბრის ¹747 გადაწყვეტილება იყო უკანონო. ასევე უკანონო იყო ბათუმის მერიის კაბინეტის 1994წ. 1 თებერვლის ¹35 გადაწყვეტილება სადავო ფართის ბალანსიდან ბალანსზე გადაცემის შესახებ, ხოლო ბათუმის მერიის 2002წ. 26 მარტის ¹92 დადგენილება მიღებულ იქნა იმ მიზნით, რომ კანონთან შესაბამისობაში ყოფილიყო მოყვანილი მითითებული ორგანოს მიერ ადრე გამოცემული ადმინისტრაციული აქტები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორი ითხოვდა:
გაუქმებულიყო აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2003წ. 27 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით მხატვართა კავშირს უარი თქმოდა ბათუმის მერიის 2002წ. 26 მარტის ¹92 დადგენილების გაუქმებაზე.
მოწინააღმდეგე მხარემ საკასაციო საჩივარი არა სცნო შემდეგ საფუძველზე დაყრდნობით: უსაფუძვლოა ქ. ბათუმის მერიის მითითება, რომ ი. ა-ემ და ი. ბ-მა გადაიხადეს თანხა, რითაც მათ განახორციელეს იურიდიული მნიშვნელობის ქმედება და გახდნენ მესაკუთრენი. შესაძლებელია, ი. ა-ემ და ი. ბ-მა მართლაც გადაიხადეს შესყიდვის თანხა, მაგრამ კანონმდებლობის თანახმად, მათ უნდა გაეფორმებინათ ხელშეკრულება ქ. ბათუმის ¹2 საბინაო-საექსპლუატაციო კანტორასთან, რაც არ განუხორციელებია. უფრო მეტიც, არსებობს 1992 წელს ერთი წლის ვადით დადებული იჯარის ხელშეკრულება ი. ა-ესა და ¹2 საბინაო-საექსპლოატაციო კანტორას შორის, რაც უდაოდ ადასტურებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მათ იცოდნენ ან უნდა სცოდნოდათ 1992წ. 15 სექტემბრის ¹547 გადაწყვეტილების შესახებ. მათ ფართის შესყიდვა იურიდიულად არ გაუფორმებიათ და არც 1992წ. 15 სექტემბრის ¹747 გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებიათ, ხოლო იმ გარემოებას, რომ აჭარის მხატვართა კავშირი 1993-94 წლებში ფლობდა და სარგებლობდა სადავო ფართით ადასტურებს ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1994წ. 1 თებერვლის ¹35 გადაწყვეტილება სადავო ფართის ბალანსიდან ბალანსზე გადაცემის შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ “შეწყდება მხატვართა კავშირთან საიჯარო ხელშეკრულება”.
ქ. ბათუმის ტექ. ბიუროდან წარდგენილი ცნობის თანახმად 1994 წლიდან სადავო ფართი ირიცხებოდა აჭარის მხატვართა კავშირის ბალანსზე.
საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ი. ბ-ის საჩივარი 1992წ. 15 სექტემბერს ¹747 გადაწყვეტილების შემდეგ მთელი ათი წლის მანძილზე არსად არ დაფიქსირებულა, უფრო მეტიც, მან 1995 წელს დატოვა საქართველო და საცხოვრებლად ოჯახით ისრაელში გადავიდა. არც მას და არც მის მემკვიდრეებს აღნიშნულზე არ გამოუთქვამთ პრეტენზია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხატვართა კავშირის წარმომადგენელი ითხოვდა ქ. ბათუმის მერიისა და ი. ა-ის საკასაციო საჩივრები არა ყოფილიყო დაკმაყოფილებული და უცვლელად ყოფილიყო დატოვებული აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 თებერვლის გადაწყვეტილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საკასაციო საჩივრების საფუძვლებს, მოუსმინა მხარეთა ახსნა-განმარტებებს და შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმში აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის კაბინეტის 1992წ. 21 აპრილის ¹351 გადაწყვეტილებით ი. ა-ეს (კასატორი) ნება დაერთო ქ. ბათუმში, ... განთავსებული სამხატვრო სახელოსნოს შესყიდვაზე.
იგივე ორგანოს მიერ 1992წ. 15 სექტემბრის ¹747 გადაწყვეტილებით გაუქმდა შესყიდვის თაობაზე 1992წ. 21 აპრილს მიღებული ზემოაღნიშნული ¹351 გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის ი. ა-ის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მისთვის ცნობილი არ იყო 1992წ. 21 აპრილის ¹351 გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტი და რომ ის სადავო ფართს 1992 წლიდან ფლობდა კანონიერ საფუძველზე.
საქმეში წარმოდგენილია ხელშეკრულება ¹73ა, დადებული ერთის მხრივ საბინაო საექსპლოატაციო კანტორასა და მეორეს მხრივ ი. ა-ეს შორის, რომლის საფუძველზეც ი. ა-ე 1992წ. 1 ოქტომბრიდან 1993წ. 1 ოქტომბრამდე იჯარით იღებს ... განთავსებულ სადავო ფართს. ე.ი. ხელშეკრულება დადებულია მას შემდეგ, რაც გაუქმდა ქ. ბათუმში აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის კაბინეტის 1992წ. 21 აპრილის ¹351 გადაწყვეტილება. ამასთან კასატორთა მხრიდან წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის მტკიცებულება რომელიც დაადასტურებდა ი. ა-ის მხრიდან ფართის ფლობის კანონიერ საფუძველს. ყოველივე აღნიშნული კი სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ კასატორისათვის იმთავითვე ცნობილი იყო შესყიდვის თაობაზე გაცემული ნებართვის გაუქმების ფაქტი, რომელიც მას სადავოდ არ გაუხდია.
საკასაციო სასამართლო ასევე უდავოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ... განთავსებული სადავო ფართი ქ. ბათუმის მერიის 2002წ. ¹92 დადგენილების გამოცემის მომენტში წარმოადგენდა მხატვართა კავშირის საკუთრებას. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილია ქ.ბათუმის მერიის კაბინეტის 1994წ. 1 თებერვლის გადაწყვეტილება ¹35 რომლის შესაბამისადაც, აჭარის ა/რ მხატვართა კავშირთან შეწყვეტილი იქნა ხელშეკრულება არასაცხოვრებელი ფართის ქირავნობის თაობაზე და ... და ... მდებარე ფართი ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა აჭარის ა/რ მხატვართა კავშირს.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ძალაშია და არცერთ ეტაპზე მისი კანონიერების საკითხი დასმული არ ყოფილა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს განმარტებას და მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე მხატვართა კავშირის მიერ სადავო ფართის კანონიერად ფლობის ფაქტი სასამართლოს მხრიდან მიჩნეული უნდა იქნეს ფაქტობრივად დადგენილ გარემოებად.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ადასტურებს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს მითითებას ქ. ბათუმის მერიის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების თაობაზე და მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მერია უფლებამოსილი არ იყო მოეხდინა იმ ქონების გასხვისება, რომელიც გასხვისების მომენტში წარმოადგენდა მე-3 პირის საკუთრებას.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილია.
მითითებული სადავო აქტი ბათილია ასევე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის “დ” პუნქტის საფუძველზე.
ყოველივე აღნიშნული კი საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას ადგილი არა აქვს კანონის არასწორ გამოყენებას ან მის არასწორ განმარტებას, შესაბამისად არ არსებობს გადაწყვეტილების მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 399-ე, 390-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. ა-ისა და ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად იქნეს დატოვებული აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება