Facebook Twitter

622აპ. ქ. თბილისი

14 თებერვალი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),

ზ. მეიშვილი, ლ. მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ბ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ კ. ნ-სა და გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 16 მაისის განაჩენზე, რომლითაც მ. ბ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში.

აღწერილობითი ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 20 თებერვლის განაჩენით მ. ბ-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით იმაში, რომ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, რაც კონკრეტულად გამოიხატა შემდეგში:

მ. ბ-ემ დაუდგენელ ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,---", რომლის ნაწილი უკანონოდ მოიხმარა, ხოლო დარჩენილი ნაწილი _ 0.295 გრამი ასევე უკანონოდ შეინახა და იგი პირადი ჩხრეკისას ჩამოართვეს პოლიციელებმა ქ. ბათუმში, 2005 წლის 31 მარტს.

აღნიშნული დანაშაულისათვის მ. ბ-ეს მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 607-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულს გადაევადა განაჩენის აღსრულება ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებით გაუმჯობესებამდე. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე აღკვეთის ღონისძიება _ დაპატიმრება შეეცვალა პირადი თავდებობით.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვ. თ-ემ და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენის, როგორც აშკარად ლმობიერის, გაუქმება და მ. ბ-ის მიმართ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განმეორებით დანიშვნა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 16 მაისის განაჩენით საჩივარი დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი შეიცვალა: განაჩენიდან ამოირიცხა სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრი. მ. ბ-ის მიმართ გაუქმდა განაჩენის აღსრულების გადავადება. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო _ 10 თვე და 20 დღე და სასჯელის მოხდა დაეწყება განაჩენის აღსასრულებლად მ. ბ-ის დაპატიმრების დღიდან. აღკვეთის ღონისძიება _ პირადი თავდებობა, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე, დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებულ მ. ბ-ის ადვოკატები _ კ. ნ-ძე და გ. ბ-ძე საკასაციო საჩივარში მიუთითებენ, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორი ითხოვდა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის, როგორც ლმობიერის, გაუქმებას და მსჯავრდებულის განმეორებით სამედიცინო შემოწმებას იმ მოტივით, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გაცემიდან გასულია 4 თვე და, შესაძლოა, მ. ბ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა არსებითად გაუმჯობესებულიყო. განაჩენის ლმობიერებასთან დაკავშირებით აპელანტი აღნიშნავდა, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული, ზოგადპრევენციული თვალსაზრისით მეტად გავრცელებულია, წარმოადგენს საზოგადოების ჯანმრთელობის მდგომარეობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას და მის შესაკავებლად კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა უნდა იქნეს მიღებული. კასატორები აღნიშნავენ, რომ სააპელაციო პალატამ არ შეასრულა საჩივრის მოთხოვნა მ. ბ-ის მიმართ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განმეორებით ჩატარების შესახებ და დაარღვია სსსკ-ის 540-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნა, რომლის შესაბამისად, მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუარესება დაუშვებელია იმ საფუძველზე, რომელიც ბრალდების მხარის წინააღმდეგ პროცესის მონაწილეთა სააპელაციო საჩივარში არ არის მითითებული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მ. ბ-ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის ძალაში დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო საჩივარში პროკურორი მიუთითებდა, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 607-ე მუხლი და უნდა დანიშნულიყო განმეორებითი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. ამ მოტივით სახელმწიფო ბრალდებელმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის, როგორც ლმობიერის, გაუქმება და მსჯავრდებულის მიმართ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განმეორებით დანიშვნა. სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა საჩივრის მოთხოვნასა და მოტივს და იშუამდგომლა მ. ბ-სათვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, განაჩენის აღსრულების გადავადების გარეშე (ს.ფ. 140). ამდენად, სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვდა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მ. ბ-ის მიმართ საურესოდ შებრუნებას განმეორებითი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნისა და მისი შედეგების გათვალისწინებით. ამის მიუხედავად, სააპელაციო პალატამ, ისე რომ ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ არ უმსჯელია, გააუქმა მ. ბ-ის მიმართ განაჩენის აღსრულების გადავადება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის უნდა გაეგზავნოს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას, რომელმაც უნდა გაითვალისწინოს განჩინებაში მითითებული გარემოებები, დანიშნოს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის დასკვნის გათვალისწინებითაც უნდა მიიღოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილება.

მსჯავრდებულისათვის შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პირადი თავდებობა უნდა დარჩეს უცვლელად.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 157-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით, 563-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 568-ე მუხლით, 570-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ მ. ბ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ კ. ნ-სა და გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 16 მაისის განაჩენი მ. ბ-ის მიმართ და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის გაეგზავნოს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.

მ. ბ-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პირადი თავდებობა დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.