გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹ 3გ-ად-157-კ-03 2 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: სამინისტროს ბრძანებებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 29 აგვისტოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელი აღძრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების: სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის და შპს “ა-ს” მიმართ.
სარჩელის საფუძვლად მოსარჩელემ შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
1997წ. 18 ივნისს რუსეთის ფედერაციის ჯარების დაჯგუფების სარდლობამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსიდან ბალანსზე გადასცა ქ. თბილისში, ... განლაგებული სამხედრო ქალაქი ¹194.
2001წ. 18 მაისს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ, თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე, გასცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹871-კ ქ. თბილისში, ... მდებარე შპს “ფ-ის” 100%-იან წილზე და 1655 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. იმავე სამინისტროს 2001წ. 9 მარტის ¹1-3/136 და 2001წ. 17 მაისის ¹1-3/335 ბრძანებების საფუძველზე შპს “ფ-ის” 100%-იანი წილი და 1655 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი გადაეცა მოქალაქეებს: ბ. გ-ეს, ა. წ-ს, ბ. გ-ას და ა. გ-ს.
შპს “ფ-ს”, დამფუძნებელ პარტნიორთა 2001წ. 25 მაისის გადაწყვეტილებით, შეეცვალა სახელი და ეწოდა შპს “ა.”, რომელიც ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 20 ივნისის დადგენილებით რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში.
მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2001წ. 4 ივლისს გასცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹15207/2001 იმის შესახებ, რომ ... მდებარე შენობა-ნაგებობა 1655 კვ. მეტრი მიწის ფართობით ეკუთვნის შპს “ა-ს”, რომლის 100%-იანი წილის მესაკუთრეები არიან მოქალაქები: ბ. გ-ე, ა. წ-ე, მ. გ-ა და ა. გ-ი (საჯარო რეესტრი უძრავი ქონების შესახებ, განაცხადის რეგისტრაციის ¹15207/2001 წელი).
მოსარჩელის მოსაზრებით, პრივატიზებული ობიექტი ირიცხებოდა თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე და მისი პრივატიზება მოხდა თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე, რითაც უხეშად დაირღვა საქართველოს კანონის “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის მოთხოვნები, რის გამოც პრივატიზება ექვემდებარება ბათილად ცნობას.
მოსარჩელემ ზემოაღნიშნული ბრძანებების, საკუთრების მოწმობისა და თანმდევი შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 8 ნოემბრის განჩინებით თავდაცვის სამინისტროს სარჩელი განსჯადობით განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას გადაეცა.
საოლქო სასამართლოს 2003წ. 17 თებერვლის მთავარ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა ნაწილობრივ უარი თქვა სარჩელზე. კერძოდ, სადავო დატოვა ქ. თბილისში, ... განთავსებული შენობის მიმდებარე 795 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი, რომელიც სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2001წ. 17 მაისის ¹1-3/335 ბრძანებით დამატებით მიეკუთვნა ფიზიკურ პირთა ჯგუფს: ბ. გ-ეს, ა. წ-ს, მ. გ-ას და ა. გ-ს, ასევე, აღნიშნული შენობის პირველ სართულზე განლაგებული ოთხი ოთახი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის მოსაზრებით, მათ ბალანსზე იმყოფებოდა და მათი თანხმობის გარეშე, სხვა პირს არ შეიძლება გადასცემოდა. ამდენად, მოსარჩელემ სადავო ბრძანებებისა და საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობა მხოლოდ ამ ნაწილში მოითხოვა.
მოპასუხეებმა: სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და შპს “ა-ს” წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ შპს “ა-ს” დამფუძნებლებმა, ფიზიკურმა პირებმა: ბ. გ-ემ, ა. წ-ემ, მ. გ-ამ და ა. გ-მა კანონით დადგენილი წესით შეიძინეს შპს “ფ-ის” 100%-იანი წილი და ის მიწის ნაკვეთი, რომელიც ამ იურიდიულ პირს ჰქონდა დაკავებული. შესაბამისად, აღნიშნული მიწის ნაკვეთი და მთელი შენობა შეტანილია შპს “ფ-ის” სამართალმემკვიდრის – შპს “ა-ს” საწესდებო კაპიტალში და ამ უკანასკნელის საკუთრებას წარმოადგენს. მოპასუხეთა განმარტებით, პრივატიზაცია კანონის შესაბამისად განხორციელდა და მისი ბათილად ცნობის საფუძვლები არ არსებობს.
მოპასუხე – მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი არცერთ პროცესზე არ გამოცხადდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 20 თებერვლის გადაწყვეტილებით თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. საოლქო სასამართლომ მიიჩნია, რომ შენობის სადავო ფართი ისევ თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე იმყოფებოდა, ხოლო 795 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი, საოლქო სასამართლოს მოსაზრებით, თავდაცვის სამინისტროს რუსეთის ფედერაციის ჯარების დაჯგუფების სარდლობის მიერ არ გადასცემია და ამდენად, მისი პრივატიზაციით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი ინტერესი.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 20 თებერვლის გადაწყვეტილება თავდაცვის სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას საოლქო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი.
კასატორი თვლის, რომ საოლქო სასამართლომ ტენდენციურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მათ შორის შპს “ფ-ის” საპრივატიზაციო მასალები და მიიღო იურიდიულად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.
საკასაციო საჩივრის განხილვისას სასამართლო სხდომაზე კასატორის წარმომადგენლებმა დააზუსტეს საბოლოო მოთხოვნები და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სადავო ბრძანებებისა და საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობა მოითხოვეს ქ. თბილისში, ... მდებარე შენობის პირველი სართულის სადავო 198,8 კვ. მ ფართის შესაბამისი წილისა და და მიმდებარე 795 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით ფიზიკურ პირთა ჯგუფზე გადაცემის ნაწილში.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ თავდაცვის სამინისტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 20 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, თავდაცვის სამინისტროს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საოლქო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. კერძოდ, საოლქო სასამართლომ არ გამოიყენა “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთვრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი და მე-3 მუხლი. არასწორად განმარტა “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონი. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული.
საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი:
თბილისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1953წ. 30 იანვრის ¹2248 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შუამდგომლობა და მას გამოეყო ქ. თბილისში მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობებით, კერძოდ, ... მდებარე 1, 33 ჰა მიწის ფართობი.
სსრ მინისტრთა საბჭოს 1975წ. 3 თებერვლის ¹75 R განკარგულების მე-5 პუნქტის თანახმად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა ქ. თბილისში, ... მდებარე შენობა 829 კვ.მ ფართით, საიდანაც შენობის 541 კვ. მეტრი ფართი მე-2 სართულზე უნდა გამოეყენებინა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ხოლო შენობის 288 კვ. მეტრი ფართი პირველ სართულზე იჯარით უნდა გადაეცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი სოციოლოგიის კათედრის სისხლის სამართლის სოციოლოგიის ლაბორატორიისათვის. აღნიშნულ განკარგულებაში მიწის ფართობის გადაცემის შესახებ მითითებული არ არის.
1987წ. 20 აპრილის ¹002634 B სახელმწიფო აქტის საფუძველზე სამხედრო ქალაქ ¹194-ზე მიწათსარგებლობის გეგმის თანახმად გაიცა 1,33 ჰა მიწის ფართობი უვადო და უსასყიდლო სარგებლობაში.
აღნიშნულ სამხედრო ქალაქ ¹194-ის 1,33 ჰა მიწის ფართობზე განლაგებულია შენობა-ნაგებობები, რომელთაგან ერთ-ერთი შენობის 829 კვ. მეტრი ფართი ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა სოფლის მეურნეობის სამინისტროს.
1997 წელს სამხედრო ქალაქი ¹194-ის 1,33 ჰა და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა თავდაცვის სამინისტროს.
სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის მოადგილე გ. დ-ე 1998წ. 19 თებერვლის ¹3-1-3/3284 წერილით ატყობინებს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრს ა. ს-ეს, რომ კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე სამინისტრო თანახმაა შპს “ფ-ი” პრივატიზებულ იქნეს იჯარა-გამოსყიდვის ფორმით. ამავე წერილში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ, უძრავი ქონების აღრიცხვისა და განკარგვის წესის შესაბამისად, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება შპს “ფ-ის” ბალანსზე რიცხული ქ. თბილისში, ... მდებარე შენობის პირველი სართულის თაობაზე (288 მ2 ოდენობით), რომელიც საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1975წ. 3 თებერვლის განკარგულებით არენდითაა გადაცემული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი სოციოლოგიის კათედრის სისხლის სამართლის სოციოლოგიის ლაბორატორიაზე (შემდგომში დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის პრობლემათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი).
საყურადღებოა ასევე შპს “ფ-ის” დირექტორის ბ. გ-ის 1998წ. 16 ივლისის ¹07 წერილი სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსადმი, რომელშიც ნათქვამია, რომ შპს “ფ-ი” დაფუძნებულია ყოფილი მეფრინველობის სახელმწიფო კორპორაციის ბალანსზე რიცხული ქონების ბაზაზე და 1992-1997 წლებში ძირითადი ფონდების მოძრაობაში რაიმე ცვლილება არ მომხდარა.
1999წ. 17 მარტის ¹7/99 წერილით დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის პრობლემათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერ-ხელმძღვანელი ა. გ-ი ატყობინებს საქართევლოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს, რომ ცენტრს უვადო სარგებლობაში უკავია აღნიშნული შენობის პირველი სართული “მთლიანად” და ცენტრი თანახმაა აღნიშნული შენობის პრივატიზაცია მოხდეს იმ პირობით, რომ მისი ახალი მესაკუთრე ცენტრს დაუტოვებს ფუნქციონირების უფლებას და ამისათვის გაუფორმებს იჯარის ხელშეკრულებას 10 წლის ვადით.
სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო აღნიშნულს საკონკურსო პირობად დებს 1999წ. 19 ივლისის ¹1-3/396 ბრძანებაში “შპს “ფ-ის” საწესდებო კაპიტალის 100% სახელმწიფო წილის გასხვისების შესახებ”. ამასთან, ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე, ზრდის ცენტრის მიერ დაკავებული ფართის ოდენობას 600 კვ. მეტრამდე (ბრძანების მე-4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი).
თითქმის ორი თვის შემდეგ, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო 1999წ. 23 სექტემბრის ბრძანებით ამცირებს შპს “ფ-ის” საწესდებო კაპიტალის 100% სახელმწიფო წილისა და საპრივატიზაციო ობიექტის მიერ დაკავებული 860 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის საწყის გასაყიდ ფასს 104100 აშშ დოლარიდან 54100 დოლარამდე.
2000წ. 12 მაისს ჩერდება პრივატიზაციის პროცესი დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის პრობლემათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის უფროსის ლ. ღ-ის განცხადების საფუძველზე.
2000წ. 29 აგვისტოს უქმდება სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და პრივატიზაცია გრძელდება საკონკურსო პირობის გარეშე.
სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2001წ. 9 მარტის 1-3/136 ბრძანებით შპს “ფ-ის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილზე და საზოგადოების მიერ დაკავებულ 860 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება უდასტურდება ფიზიკურ პირებს: ა. გ-ს, ბ. გ-ეს, ა. წ-ს და მ. გ-ას).
სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2001წ. 17 მაისის ¹1-3/335 ბრძანებით წინამდებარე ბრძანებაში შედის ცვლილება. ნაცვლად 860 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთისა, შედის 1655 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი, შპს “ფ-ის” ფაქტობრივად დაკავებული მიწის ნაკვეთი.
2001წ. 18 მაისის მიღება-ჩაბარების აქტით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ ფიზიკურ პირებს გადასცა ქ. თბილისში, ... მდებარე, შპს “ფ-ის” მიერ ფაქტობრივად დაკავებული 1655 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი და მთლიანი შენობა.
საკასაციო სასამართლო ზემოთმითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნევს, რომ აღნიშნული პრივატიზაცია განხორციელდა “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” და “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონების უხეში დარღვევით. ამასთან, ვინაიდან საკასაციო სასამართლო, სსკ-ს 404-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, იგი სადავო 2001წ. 9 მარტის ¹1-3/136 და 2001წ. 17 მაისის ¹1-3/335 ბრძანებების, ასევე, 2001წ. 18 მაისის ¹871-კ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის კანონიერებას განიხილავს ქ. თბილისში, ... მდებარე შენობის პირველი სართულის 198,8 კვ. მეტრი ფართის შესაბამისი წილისა და მიმდებარე 795 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის პრივატიზაციის ნაწილში.
საკასაციო სასამართლო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს (ამჟამად, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს) ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ თავის დროზე (1975 წელს) სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა ქ. თბილისში, ... მდებარე შენობის მე-2 სართულზე მდებარე 541 კვ. მეტრი და პირველ სართულზე მდებარე 288 კვ. მეტრი ფართი. ამასვე ადასტურებს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის მოადგილის გ. დ-ის წერილი, რომელიც შპს “ფ-ის” დაფუძნების შემდეგ 1998წ. 19 თებერვალსაა შედგენილი. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ კი სადავო შენობის პირველ სართულზე მდებარე 288 კვ. მეტრი ფართი ისე გახადა 600 კვ. მეტრი, რომ ამის კანონიერი საფუძველი, არც მოუთხოვია და არც დაუდგენია. სწორედ შენობის პირველ სართულზე მდებარე 600 კვ. მეტრი ფართი ჩაიწერა ფიზიკურ პირებთან დადებულ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაშიც.
აღნიშნული ქმედებით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ უხეშად დაარღვია “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი, რადგან თავდაცვის სამინისტროს თანხმობის გარეშე მიაკუთვნა შპს “ა-ს” დამფუძნებელ-ფიზიკურ პირებს: ა. გ-ს, ბ. გ-ეს, ა. წ-ესა და გ. გ-ას თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული სადავო 198,8 კვ. მეტრი ფართი. საოლქო სასამართლომ არ შეაფასა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც უდავოდ ადასტურებდნენ თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე ამ ფართის არსებობას და არ იმსჯელა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის იმ სასარჩელო მოთხოვნაზე, რომელიც ამ შენობის პირველ სართულზე განლაგებულ მათ მიერ წლების მანძილზე დაკავებულ ოთხ ოთახს ეხებოდა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების გამოტანისას საოლქო სასამართლომ არ გამოიყენა “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი და მე-3 მუხლის პირველი პუნქტი. ამ ნორმების თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება ამ პირებისათვის მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოიშობა, თუ მათ აღნიშნული მიწის ნაკვეთი დადგენილი წესით და სარგებლობის დამადასტურებელი საბუთით აქვთ გადაცემული.
სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტმა შპს “ა-ს” დამფუძნებელ ფიზიკურ პირებს ისე გადასცეს საკუთრების უფლება სადავო 795 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთზე, რომ არც მოუთხოვიათ და არც დაუდგენიათ შპს “ა-ს” წინამორბედ შპს “ფ-ს” თუ რა კანონიერი საფუძვლით ჰქონდა გადაცემული აღნიშნული ფართი. საკასაციო სასამართლო ამ ადმინისტრაციულ ორგანოთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ამა თუ იმ პირის მიერ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ფაქტობრივი მფლობელობა, კანონიერი საფუძვლის გარეშე, საკუთრებას არ წარმოშობს.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციმო სასამართლო მიიჩნევს, რომ თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 20 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თავდაცვის სამინისტროს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის I-ლი, სსკ-ს 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 20 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს. ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2001წ. 17 მაისის ¹1-3/335 ბრძანება თანმდევი შედეგებით და შპს “ა-ს” საწესდებო კაპიტალიდან ამოირიცხოს სადავო 795 კვ.მ მიწის ნაკვეთი. შესაბამისი ცვლილებები განხორციელდეს სამეწარმეო და საჯარო რეესტრში.
4. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2001წ. 9 მარტის ¹1-3/136 ბრძანება ქ. თბილისში, ... მდებარე შენობის პირველი სართულის სადავო 198,8 კვ.მ ფართის შესაბამისი წილის ფიზიკურ პირთა ჯგუფისათვის (ა. გ-ი, ბ. გ-ე, ა. წ-ა, მ. გ-ა) გადაცემის თაობაზე თანმდევი შედეგებით. შესაბამისად, სადავო 198,8 კვ.მ ფართი ამოირიცხოს შპს “ა-ს” საწესდებო კაპიტალიდან და ცვლილებები განხორციელდეს სამეწარმეო და საჯარო რეესტრში.
5. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2001წ. 18 მაისის ¹871-კ საკუთრების მოწმობა ქ. თბილისში, ... მდებარე სადავო 795 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და შენობის პირველი სართულის სადავო 198,8 კვ.მ ფართის შესაბამისი წილის ფიზიკური პირებისათვის (ა. გ-ი, ბ. გ-ე, ა. წ-ა, მ. გ-ა) გადაცემის თაობაზე თანმდევი შედეგებით.
6. შპს “ა-ს” დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.