Facebook Twitter

3გ-ად-158-კ-03 19 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: ქმედების განხორციელება.

აღწერილობითი ნაწილი:

1997წ. 29 სექტემბერს ე. მ.-ის წარმომადგენელმა, კასატორმა ი. გ.-მ მინდობილობის საფუძველზე, სოფ. ...-ში 0,25 ჰა მიწის ფართობზე მდებარე ე. მ.-ის კუთვნილი სახლი მიჰყიდა მის მეუღლეს გ. მ.-ს. ე. მ.-ის კუთვნილი 0,25 ჰა მიწის ფართობიდან 0,10 ჰა მითვისებული ჰქონდა მეზობლად მცხოვრებ ო. მ.-ს (მესამე პირი). დავის მოსაწესრიგებლად ი. გ.-მ მიმართა სოფ. ...-ის საკრებულოსა და ხარაგაულის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს. ხარაგაულის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, სადავო 0,10 ჰა მიწის ფართობი დაუბრუნდა ე. მ.-ს, რომლის თანხმობითაც 1999წ. 20 ნოემბერს შედგა მიწის მიღება-ჩაბარების სახელმწიფო აქტი ი. გ.-ის სახელზე, მაგრამ მიწის მართვის სამმართველოს უფროსმა შარიქაძემ აღნიშნულ აქტს ხელი არ მოაწერა და რეგისტრაციაში არ გაატარა.

დავის გადასაწყვეტად ი. გ.-მ მიმართა ხარაგაულის რაიონულ სამმართველოს, რომელმაც 2001წ. 31 მაისის გადაწყვეტილებით გააუქმა ო. მ.-ის სახელზე გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების სახელმწიფო აქტი, როგორც კანონშეუსაბამო და დაავალა სოფ. ...-ის საკრებულოსა და ხარაგაულის მიწის მართვის სამმართველოს სადავო 0,10ჰა მიწის ნაკვეთის მიწათსარგებლობისა და საკუთრების საკითხის გადაწყვეტა, ი. გ.-ისა და ო. მ.-ის მიმართ მიწის მიღება-ჩაბარების სახელმწიფო აქტების კანონის შესაბამისად შედგენა და რეგისტრაცია. სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების მიერ უცვლელად იქნა დატოვებული ხარაგაულის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ი.გაგოშეძემ განცხადებით მიმართა ხარაგაულის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს და მოითხოვა მის სახელზე 1999წ. 20 ნოემბერს გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების სახელმწიფო აქტის რეგისტრაცია, მაგრამ უარყოფითი პასუხი მიიღო. რის შემდეგაც 2002წ. 18 ივნისს ი. გ.-მ ხარაგაულის რაიონის სასამართლოს მიმართა სარჩელით და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად, მოითხოვა ხარაგაულის მიწის მართვის სამმართველოსათვის სადავო 0,10 მიწის ფართობზე მიღება-ჩაბარების სახელმწიფო აქტის გაფორმებისა და რეგისტრაციის დავალება.

ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2002წ. 10 ივლისის განჩინებით, სასამართლოს ინიციატივით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ო. მ.-ე.

ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2002წ. 2 აგვისტოს გადაწყვეტილეიბით ი. გ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ხარაგაულის მიწის მართვის სამმართველოს დაევალა ი. გ.-ის სახელზე 1999წ. 20 ნოემბერს შედგენილი მიწის მიღება-ჩაბარების სახელმწიფო აქტის რეგისტრაციაში გატარება და სადავო მიწის ნაკვეთის მოსარჩელისათვის რეალურ საკუთრებაში გადაცემა. მესამე პირს ო. მ.-ს კი დაევალა მის უკანონო მფლობელობაში არსებული 0,10 ჰა მიწის ფართის გამოთავისუფლება.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხარაგაულის რაიონის მიწის მართვის სამმართველომ და მოითხოვა მისი გაუქმება. მიწის მართვის სამმართველოს სააპელაციო საჩივარს შესაგებლით მხარი დაუჭირა ო. მ.-მ. სააპელაციო საჩივარი არ ცნო ი. გ.-მ და მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტიელბის ძალაში დატოვება (ს.ფ. 111).

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 იანვრის გადაწყვეტილებით ხარაგაულის მიწის მართვის სამმართველოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2002წ. 2 აგვისტოს გადაწყვეტილება გაუქმდა სადავო 0,10 ჰა მიწის ნაკვეთზე ი. გ.-ის სახელზე გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების სახელმწიფო აქტის რეგისტრაციაში გატარებისა და აღნიშნული ნაკვეთის მოსარჩელისათვის გადაცემის ნაწილში, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო 0,10 ჰა მიწის ნაკვეთზე სოფ. ...-ის საკრებულოს მიერ გაცემული იყო მიწის მიღება-ჩაბარების ორი აქტი ო. მ.-ისა და ი. გ.-ის სახელზე. ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2001წ. 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით ო. მ.-ის სახელზე გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების სახელმწიფო აქტის რეგისტრაცია გაუქმებულ იქნა, რაც უცვლელად დატოვა ქუთაისის საოლქო და საქართველოს უზენაესმა სასამართლომ. საკასაციო სასამართლომ განჩინებაში მიუთითა, რომ სადავო 0,10 ჰა მიწის ნაკვეთზე ი. გ.-ის მიღება-ჩაბარების 1999წ. 20 ნოემბრის სახელმწიფო აქტი იურიდიული ძალის არმქონეა, ხოლო დავის ადგილზე გადაწყვეტა უნდა მომხდარიყო სახელმწიფო მეთაურის 1995წ. 16 სექტემბრის ¹362-ე ბრძანებულებით დამტკიცებული “საქართველოს რესპუბლიკის მმართველობის ადგილობრივი ორგანოების შესახებ" დროებითი დებულების მე-14, მე-17, 22-ე მუხლებისა და საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 18 იანვრის 48-ე დადგენილების მე-11 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სოფ. ...-ის საკრებულოს აღნიშნული კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე არ გადაუწყვეტია სადავო 0,10 ჰა მიწის ნაკვეთის კუთვნილების საკითხი ო. მ.-ესა და ი. გ.-ეს შორის, გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული და კანონით გათვალისწინებული წესითა და მოთხოვნით არ შემდგარა მიწის მიღება-ჩაბარების ახალი აქტი. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სოფ. ...-ის საკრებულოს მიერ ი. გ.-ის სახელზე 1999წ. 20 ნოემბერს გაფორმებული მიწის მიღება-ჩაბარების სახელმწიფო აქტის კანონიერების დადასტურება და აღნიშნა, რომ აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად აუცილებელია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება და შესაბამისი აქტით მისი გაფორმება. ამასთან, საკრებულოს უნდა გადაეწყვიტა სადავო 0,10ჰა მიწის ნაკვეთის კუთვნილების საკითხი. აღნიშნული საკრებულოს მიერ არ განხორციელდა, რითაც სააპელაციო სასამართლოს აზრით, სოფ. ...-ის საკრებულომ მხარი დაუჭირა იმ გარიგებას, რომელიც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით იურდიული ძალის არმქონედაა მიჩნეული.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 18 იანვრის ¹48 დადგენილების მე-11 პუნქტის თანახმად, მიწების გაცემას ახდენს სოფლის (თემის) მმართველობის ადგილობრივი ორგანო, შემდგომ ამტკიცებს რაიონის (ქალაქის) მმართველობის ორგანო-საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტის სათანადო სახელმწიფო აქტით, რაც დასტურდება სანოტარო წესით და რეგისტრირდება მიწების აღრიცხვის სახელმწიფო წიგნში. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით სოფ. ...-ის საკრებულოსა და ხარაგაულის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიერ ი. გ.-ისთვის 0,10 ჰა მიწის ნაკვეთის მიკუთვნების საკითხი აღნიშნული ნორმის მოთხოვნათა დაცვით არ იქნა გადაწყვეტილი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. გ.-ემ და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის, “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად, შემდეგი მოტივით მოითხოვა ხარაგაულის მიწის მართვის სამმართველოსათვის მის სახელზე გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების სახელმწიფო აქტის რეგისტრაციაში გატარებისა და სადავო 0,10 ჰა მიწის ფართობის მისთვის საკუთრებაში გადაცემის დავალდებულება:

კასატორმა აღნიშნა, რომ ამჟამად დავის საგანს არ წარმოადგენს 0,10 ჰა მიწის ნაკვეთის კუთვნილების საკითხი, ვინაიდან აღნიშნული ფართობი მას მიკუთვნებული აქვს 1999წ. 20 ნოემბერს სოფ. ...-ის მიწის სარეფორმო კომისიის მიერ. ე. მ.-ის კომლის საკუთრების უფლება სადავო მიწის ფართზე დასტურდება უზენაესი სასამართლოს 2002წ. 12 მარტის განჩინებით. ხარაგაულის მიწის მართვის სამმართველოს კომისიის ¹02/189 გადაწყვეტილების საფუძველზე, 1998წ. აგვისტოში, შემდეგ კი უზენაესი სასამართლოს განჩინებით სადავო 0,10 ჰა მიწა ო. მ.-ს ჩამოერთვა. კასატორი არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მის სახელზე გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების სახელმწიფო აქტი იურდიული ძალის არმქონეა.

კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატამ გვერდი აუარა ხარაგაულის რაიონის სასამართლოს 2002წ. 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით დადასტურებულ ფაქტებს. კერძოდ: სასამართლოს მიერ იგნორირებულ იქნა კომლის უფროსი ე. მ.-ე, რომელიც მიეკუთვნებოდა II კატეგორიის კომლს, რომლის წევრიცაა ი. გ.-ე. ე. მ.-ე გარდაიცვალა 2000წ. გაზაფხულზე და მიწასთან დაკავშირებით მის სიცოცხლეში პრეტენზია არავის გამოუთქვამს. ე. მ.-ე ფლობდა 0, 25 ჰა მიწის ფართობს, რაც დადგენილად მიიჩნია საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2002წ. 12 მარტის განჩინებით. აღნიშნული განჩინებით სოფ. ...-ის საკრებულოსა და ხარაგაულის მიწის მართვის სამმართველოს დაევალა 0,10 ჰა მიწის კუთვნილების საკითხის გადაწყვეტა და ახალი აქტების შედგენა, რაც არ იქნა შესრულებული.

კასატორის მითითებით, ასევე დადგენილია, რომ ი. გ.-ე იხდის სადავო 0,10 ჰა მიწის გადასახადს, ხოლო ო. მ.-ეს არასოდეს გადაუხდია სადავო მიწის გადასახადი. ამასთან, კასატორმა აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და ხარაგაულის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, სააღსრულებო ფურცლითა და განცხადებით მიმართა ქუთაისის სააღსრულებლო ბიუროს ხარაგაულის ფილიალს, მაგრამ გადაწყვეტილების აღსრულება არ მომხდარა.

მოწინააღმდეგე მხარეთა – სოფ. ...-ის საკრებულოს და ხარაგაულის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს წარმომადგენლები საკასაციო სასამართლოში არ გამოცხადდნენ და ი. გ.-ის საკასაციო საჩივარი, მათი წერილობითი თანხმობით, განხილული იქნა მათი დასწრების გარეშე, თანახმად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 27-ე მუხლისა.

მესამე პირმა ო. მ.-მ საკასაციო საჩივარი არ ცნო, მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. გ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 იანვრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2001წ. 31 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა კასატორ ი. გ.-ის სარჩელი. როგორც კანონშეუსაბამო, გაუქმდა მესამე პირის – ო. მ.-ის სახელზე გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების სახელმწიფო აქტი ¹26 და სოფ. ...-ის საკრებულოს და ხარაგაულის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს დაევალა სადავო 0,10 ჰა მიწის ნაკვეთზე მიწათსარგებლობისა და საკუთრების საკითხის გადაწყვეტა, ი. გ.-ისა და ო. მ.-ის მიმართ მიწის მიღება-ჩაბარების სახელმწიფო აქტის კანონის შესაბამისად შედგენა-რეგისტრაცია. ხარაგაულის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 30 აგვისტოსა და უზენაესი სასამართლოს 2002წ. 12 მარტის განჩინებებით. უზენაესი სასამართლოს განჩინებაში მითითებულია, რომ ბათილია ო. მ.-ის სახელზე 1996წ. 25 ივნისს გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების სახელმწიფო აქტი. როგორც კანონშეუსაბამო, ასევე იურდიული ძალის არმქონეა სადავო 0,10 ჰა-ზე ი. გ.-ის სახელზე 1999წ. 20 ნოემბერს გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების სახელმწიფო აქტიც.

ამდენად, სსკ-ს 264-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ" ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაშია შესული ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2001წ. 31 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა ო. მ.-ის სახელზე გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების სახელმწიფო აქტი და ადმინისტრაციულ ორგანოებს – სოფ. ...-ის საკრებულოსა და ხარაგაულის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს დაევალა ი. გ.-ისა და ო. მ.-ის სახელზე მიწის მიღება-ჩაბარების ახალი სახელმწიფო აქტის შედგენა-რეგისტრაცია. საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მეორე პუნქტისა და სსკ-ს მე-10 მუხლის თანახმად: “კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები სავალდებულოა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს".

მიუხედავად კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების სავალდებულობის კონსტიტუციური პრინციპისა, საქმის მასალების მიხედვით ირკვევა, რომ არც სოფ. ...-ის საკრებულოს და არც ხარაგაულის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს არ შეუსრულებიათ სასამართლოს გადაწყვეტილება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ გადაუწყვეტიათ სადავო 0,10 ჰა მიწის ნაკვეთზე მიწათსარგებლობისა და კუთვნილების საკითხი და შესაბამისად, არც მიწის მიღება-ჩაბარების ახალი სახელმწიფო აქტი გამოუციათ მოდავე მხარეების სახელზე. სოფ. ...-ის საკრებულომ დაადასტურა მის მიერ ი. გ.-ის სახელზე 1999წ. 20 ნოემბერს გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების სახელმწიფო აქტი, რაც უზენაესი სასამართლოს განჩინებით იურდიული ძალის არმქონედაა მიჩნეული. ხარაგაულის რაიონის მიწის მართვის სამმართველომ კი უარი თქვა გ.-ის სახელზე 1999წ. 20 ნოემბრის გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების სახელმწიფო აქტის რეგისტრაციაზე, რასაც საკასაციო პალატა იზიარებს, რადგან იურდიული ძალის არმქონე ადმინისტრაციული აქტის რეგისტრაცია დაუშვებელია. ამიტომ საკასაციო პალატა ეთანხმება ქუთაისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2002წ. 2 აგვისტოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების შესახებ, რომლითაც ხარაგაულის მიწის მართვის სამმართველოს დაევალა ი. გ.-ის სახელზე 1999წ. 20 ნოემბერს გაცემული, იურიდიული ძალის არმქონე მიწის მიღება-ჩაბარების სახელმწიფო აქტის რეგისტრაციაში გატარება. საკასაციო პალატა ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მასალებზე დაყრდნობით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას და სამართლებრივ შეფასებას, რომ სოფ. ...-ის საკრებულოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა და მოქმედი კანონმდებლობის (საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. ¹48 დადგენილების მე-11 პუნქტი) შესაბამისად არ გადაუწყვეტია სადავო 0,10 ჰა მიწის მხარეთათვის მიკუთვნების საკითხი და არც მიწის მიღება-ჩაბარების ახალი სახელმწიფო აქტი გაუცია, ხოლო იურდიული ძალის არმქონე სახელმწიფო აქტის საკრებულოს მხრიდან მხარდაჭერა (დადასტურება) და მისი რეგისტრაციაში გატარება, როგორც ითქვა, დაუშვებელია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 იანვრის გადაწყვეტილება. ამასთან საკასაციო პალატა მიუთითებს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს – ...-ის სოფლის საკრებულოსა და ხარაგაულის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 82-ე და სსკ-ს მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა ყველასათვის საქართველოს მთელს ტერიტორიაზე და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოები, ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2001წ. 31 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, ვალდებულნი არიან მიწის რეფორმის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად, გადაწყვიტონ სადავო 0,10 ჰა მიწის კუთვნილებისა და მოდავე მხარეების – ი. გ.-ისა და ო. მ.-ის სახელზე მიწის მიღება-ჩაბარების ახალი სახელმწიფო აქტების გაცემა-რეგისტრაციის საკითხები.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. გ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 იანვრის გადაწყვეტილება;

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.