Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-159-კ-03 1 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. ქადაგიძე

სარჩელის საგანი: მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

1998წ. 26 თებერვალს ე. ჟვანიამ სარჩელი აღძრა წალენჯიხის რაიონის სასამართლოში მოპასუხე ს. შელიას მიმართ.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ 1988 წელს ე. ჟვანიას, როგორც დიდი სამამულო ომის მეორე ჯგუფის ინვალიდს, ჩხოროწყუს სოცუზრუნველყოფის განყოფილებამ გამოუყო მსუბუქი ავტომანქანა, რომელიც მან გაიფორმა თავის სახელზე. 1991წ. 15 აპრილს წალენჯიხის რაიონის პოლიციის თანამშრომლებმა ე. ჟ-ას შვილ ფ. ჟ-ას, რომელიც აღნიშნულ ავტომანქანას მართავდა მინდობილობით, ჩამოართვეს ავტომანქანა და წაიყვანეს პოლიციაში. ე. ჟ-ას, გამომძიებელმა ს. შ-ამ განუცხადა, რომ ხსენებული ავტომანქანა იყო სადავო და გამოძიებით უნდა დადგენილიყო მისი კუთვნილების საკითხი, თუმცა გადასცა იგი წალენჯიხის რაიონის სოფ. ჯგალში მცხოვრებ ვინმე კვარაცხელიას. სადავო ავტომანქანა გაფორმებული დარჩა ე. ჟვანიას სახელზე, რომელმაც 1991წ. 26 აგვისტოს, დაინახა, რომ სადავო ავტომანქანას მართავდა კვარაცხელიას შვილი, წაართვა მას იგი და მივიდა წალენჯიხის რაიონის პროკურორთან. ამ უკანასკნელმა ე. ჟვანიას ნება დართო, რომ მას ავტომანქანა წაეყვანა სახლში, როგორც მისი კუთვნილი, რის შემდეგაც მას სახლში მიაკითხეს წალენჯიხის რაიონის პოლიციის თანამშრომლებმა და დაულუქეს აღნიშნული ავტომანქანა, როგორც სადავო. მეორე დღეს, 1991წ. 27 აგვისტოს, ე. ჟვანიას კვლავ მიაკითხეს სახლში წალენჯიხის პოლიციის თანამშრომლებმა და მისი ავტომანქანა იძულებით ჩააყენებინეს ჩხოროწყუს პოლიციის ეზოში, სადაც ავტომანქანას ე. ჟვანიამ გადააფარა მისი კუთვნილი ბრეზენტი და ავტომანქანა დაილუქა წალენჯიხისა და ჩხოროწყუს რაიონების პოლიციის ლუქებით საქმის სასამართლოში გარკვევამდე.

მოსარჩელის განმარტებით, მან შემდგომში გაიგო იმის შესახებ, რომ აღნიშნული ავტომანქანა ჩხოროწყუს რაიონის პოლიციიდან წაუყვანიათ წალენჯიხის რაიონის პოლიციის თანამშრომლებს და ისევ გადაუციათ კვარაცხელიასთვის. ავტომანქანა ირიცხებოდა ე. ჟ-ას სახელზე, მაგრამ მას უკანონოდ ფლობდა ჟორა კვარაცხელია. ე. ჟ-ას განცხადების პასუხად, წალენჯიხის საგამოძიებო განყოფილების უფროსმა გამომძიებელმა თ. ფ-ამ 1997წ. 23 ივნისს ¹ 3286-1065 წერილით აცნობა მას, რომ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად, საიდანაც აგრეთვე, გაირკვეოდა სადავო მანქანის კუთვნილების საკითხი, აუცილებელი იყო ორი ეჭვმიტანილის _ გ. კ-ასა და ბ. კ-ას _ წარდგენა პოლიციაში, რაც ჯერჯერობით ვერ ხერხდებოდა.

ე. ჟ-ა აღნიშნავდა, რომ მისი კუთვნილი ავტომანქანის დაკარგვაში ბრალი მიუძღოდა მოპასუხე გამომძიებელ ს. შ-ას, რომელმაც არაობიექტურად წარმართა გამოძიება, რის გამოც ე. ჟ-ას კუთვნილ ავტომანქანას დღესაც უკანონოდ ფლობს ჟ. კ-ა. ასევე ს. შელიას ბრალით დაეკარგა ე. ჟ-ას 200 აშშ დოლარად ღირებული მანქანის გადასაფარებელი ბრეზენტი.

მოსარჩელემ სარჩელით ითხოვა მოპასუხე ს. შ-ასგან 3200 აშშ დოლარის ანაზღაურება. შემდგომ მოსარჩელემ მეორე მოპასუხედ მიუთითა გამომძიებელ თ. ფ-აზე.

მოსარჩელე ე. ჟვანიას შუამდგომლობით, წალენჯიხის რაიონის სასამართლოს 1998წ. 7 სექტემბრის განჩინებით მოცემული საქმე აცილდა წალენჯიხის რაიონის სასამართლოს და საქმე გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მოცემული საქმე აცილების წესით განსახილველად გადაუგზავნა ჩხოროწყუს რაიონის სასამართლოს.

ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2001წ. 29 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ე. ჟვანიას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხე ს. შ-ას დაეკისრა 4000 ლარის გადახდა, ხოლო მეორე მოპასუხე თ. ფ-ას _ 400 ლარის გადახდა.

ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2001წ. 29 ივნისის გადაწყვეტილება თ. ფ-ამ და ს. შ-ამ სააპელაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს ქუთაისის საოლქო სასამართლოში და მოითხოვეს აღნიშნული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ე. ჟ-ას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ამის შემდეგ საქმე რამდენჯერმე განიხილეს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 26 აგვისტოს განჩინებით დაკმაყოფილდა ე. ჟვანიას შუამდგომლობა და არასათანადო მოპასუხეები ს. შელია და თ. ფიფია შეიცვალნენ სათანადო მოპასუხით _ შსს-თი და მოცემული საქმე განსჯადობის წესით განსახილველად გადაეცა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით ს. შელიასა და თ. ფიფიას სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2001წ. 29 ივნისის გადაწყვეტილება, ე. ჟვანიას სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე შსს-ს ე. ჟვანიას სასარგებლოდ დაეკისრა მიყენებული ზიანის ანაზღაურება 4400 ლარის ოდენობით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 29 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ს. შელიამ და თ. ფიფიამ.

საკასაციო სასამართლოს სხდომაზე კასატორთა წარმომადგენლებმა მიუთითეს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, არ გამოიკვლია ბრეზენტის კუთვნილების საკითხი. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეკვლია სადავო ავტომანქანა მთლიანობაში წარმოადგენდა თუ არა მოსარჩელის საკუთრებას, ვინაიდან მოხდა ორი ავტომანქანის ნაწილებიდან ერთი ავტომანქანის აწყობა.

კასატორებმა აღნიშნეს, რომ ფ. ჟვანიამ დანაშაულებრივი გზით შეიძინა ზ. ც-ასთვის მოპარული ავტომანქანა. აღნიშნული ფაქტი დასტურდება წალენჯიხის რაიონის პროკურორის მიერ 2001წ. 15 მარტს დამტკიცებული დადგენილებით სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. კასატორთა განმარტებით, სკ-ს 187-ე მუხლის თანახმად, კეთილსინდისიერად არ ჩაითვლება შემძენი, თუ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. ვინაიდან ფ. ჟვანიამ იცოდა, რომ ყიდულობდა მოპარულ ავტომანქანას, იგი ვერ გახდებოდა სადავო ავტომანქანის მესაკუთრე. გარდა ამისა, სკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოძრავი ნივთის შემძენი ვერ იქნება კეთილსინდისიერი, თუ მესაკუთრეს ეს ნივთი მოპარეს, ხოლო ზ. ცირდავას რომ აღნიშნული ავტომანქანა მოპარეს, დასტურდება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ 2001წ. 15 მარტის დადგენილებით.

კასატორებმა აღნიშნეს, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით გასული იყო სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, ვინაიდან, როგორც მოსარჩელე მიუთითებს, მისი უფლებები დაირღვა 1991 წელს, ხოლო მან სარჩელით სასამართლოს მიმართა 1998 წელს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორებმა ითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსთვის.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები შეაფასა არასწორად, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ შეფასება არ მისცა სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ წალენჯიხის რაიონის პროკურორის 2001წ. 15 მარტის კანონიერ ძალაში შესულ დადგენილებას, რომლითაც დადგენილია, რომ ე. ჟვანიას ვაჟმა, ფრიდონ ჟვანიამ, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, მის მიერ შეძენილი ზ. ც-ას კუთვნილი ავტომანქანიდან ამოჭრა ძარის ნომერი და მასში ჩააკერა მამის, ე. ჟ-ას, კუთვნილი ავტომანქანის ძარის ნომერი, ასევე ჩადგა ამავე მანქანის ძარის ბლოკი, ვინაიდან ე. ჟვანიას კუთვნილი ავტომანქანა ჩხოროწყუს რაიონის სოფ. ქვედაჩხოროწყუში 1990წ. 15 მარტს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, გამოსული იყო მწყობრიდან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილია, რომ ფ. ჟ-ამ ჩაიდინა იმ დროს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

აღნიშნულ დადგენილებაში მითითებულია, რომ საქმეზე წინასწარი გამოძიების მიმდინარეობისას ფრიდონ ჟვანიას მამა ე. ჟ-ამ პროკურატურას მიმართა საჩივრით, რომელშიც აღნიშნავს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მისი კუთვნილი ავტომანქანა ძარის მთლიანად მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ ააწყვეს მარტვილის რაიონის სოფ. ბანძაში მცხოვრები ა. კოტიასგან შეძენილი თეთრი ფერის იმავე მარკის ავტომანქანის ახალი ძარის ბაზაზე, რის გამოც ე. ჟვანიამ ითხოვა მისთვის ფრიდონ ჟვანიასგან ამოღებული ავტომანქანის დაბრუნება. აღნიშნული დადგენილებით უსაფუძვლოდ არის მიჩნეული ეფრემ ჟვანიას ეს მოთხოვნა, რადგანაც ე. ჟვანიამ ა. კოტიასგან 1990 წელს შეიძინა 1985 წელს ნაავარიევი, ხუთი წლის მანძილზე ღია ცის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ძარა და არა ახალი ძარა, ხოლო სადავო ავტომანქანა თუკი იქნებოდა ა. კ-ასგან შეძენილი თეთრი ფერის ძარის ბაზაზე აწყობილი, მაშინ სადავო ავტომანქანის ქარხნული, პირვანდელი ფერი უნდა ყოფილიყო თეთრი და არა “საფარი”, როგორც ეს დადგენილია ექსპერტიზის დასკვნით. “საფარი” კი ზ. ცირდავასთვის მოპარული ავტომანქანის ფერი იყო, რომელიც როგორც წინასწარი გამოძიებით არის დადგენილი, 1990წ. ივნისში ქ. წალენჯიხიდან მოიპარა ბ. კ-ამ და იგი გ. კ-ას მეშვეობით მიყიდა ფ. ჟ-ას.

წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ ფ. ჟვანიას მიერ ჩადენილი იყო სისხლის სამართლის დანაშაული, რომელსაც ითვალისწინებდა იმ დროს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლი და იგი იმსახურებდა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, მაგრამ საქმე წარმოებით შეწყდა დანაშაულზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ხანდაზმულობის ვადის გასვლისა და ფ. ჟ-აზე ამნისტიების გავრცელების გამო.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ ზემოთ აღნიშნულ კანონიერ ძალაში შესულ დადგენილებას, როგორც საქმეში არსებულ მტკიცებულებას, არ მისცა სრულყოფილი სამართლებრივი შეფასება, კერძოდ, აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა გაერკვია სადავო მანქანის კუთვნილების საკითხი, რის გამოც დაარღვია სსკ-ს 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სსკ-ს 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა კონკრეტულ შემთხვევაში წარმოადგენს მოცემული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს, რადგანაც ამ დარღვევის შედეგად საქმეზე მიღებულ იქნა არასწორი გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ფიფიასა და ს. შელიას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 29 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.