3გ-ად-160-კ-03 12 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: რელიგიისა და კულტურის საათების მიკუთვნება.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. კ.-მ სარჩელით მიმართა ხარაგაულის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების – ხარაგაულის რაიონის ...-ის განყოფილების, ხარაგაულის რაიონის სოფ. ...-ის სკოლის დირექტორის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებს დაკისრებოდათ გამოეცათ ბრძანება მისთვის “რელიგიისა და კულტურის” და “მითოლოგიის” საათების მიკუთვნების შესახებ.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ 1991 წლიდან მუშაობდა სოფ. ...-ის საშუალო სკოლაში ...-ის მასწავლებლად, არასრული დატვირთით (15 საათი) და ერთი საათი ასტრონომიაში. 2002წ. სექტემბრიდან სკოლაში განთავისუფლდა “რელიგიისა და კულტურის” და “მითოლოგიის” საგნის საათები. იმისათვის რომ აღნიშნული საათების მიღების უფლება მოეპოვებინა, საჭირო იყო სათანადო კურსების გავლა მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტში. სკოლის დირექტორის რეკომენდაციისა და ...-ის განყოფილების გამგის ვიზირების შემდეგ მან გაიარა მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტში და მიიღო ცნობა კურსის გავლის შესახებ. მისთვის ცნობილი გახდა, რომ სკოლის დირექტორის რეკომენდაციის საფუძველზე კურსები გაუვლია იმავე სკოლის მასწავლებელ ი. ყ.-საც, რომელიც სკოლაში ასწავლიდა ისტორიას.
...-ის განყოფილების გამგემ მითითება მისცა სკოლის დირექტორს რომ დაეწერა ბრძანება “რელიგიისა და კულტურის” და “მითოლოგიის” საათების მისთვის მიკუთვნების შესახებ, მაგრამ სკოლის დირექტორი მის მითითებას არ ასრულებდა, ამიტომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე ითხოვდა სოფ. ...-ის სკოლის დირექტორისათვის ქმედების განხორციელების დაკისრებას. “რელიგიისა და კულტურის” და “მითოლოგიის” საათების მისთვის ბრძანებით მიკუთვნების შესახებ.
მოპასუხე სოფ. ...-ის სკოლის დირექტორმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გამონთავისუფლებული საათები მან ორივე მასწავლებელზე გაანაწილა. მოსარჩელეს, რომლის დატვირთვა შეადგენდა 16 საათს მისცა 2 საათი “რელიგიასა და კულტურაში”, ხოლო მეორე მასწავლებელს, ი. ყ.-ს, რომელიც სკოლაში ისტორიას ასწავლიდა და მისი დატვირთვა შეადგენდა 11 სთ-ს, დამატებით მისცა 4 საათი. საათების განაწილებისას მან გაითვალისწინა, რომ ი. ყ.-ს უნივერსიტეტში სწავლისას გავლილი ჰქონდა “რელიგიისა და მითოლოგიის” სრული კურსი, სპეციალობით იყო პედაგოგი და უნივერსიტეტი დამთავრებული ჰქონდა წარჩინებით.
მოსარჩელის დატვირთვა (16+2) შეადგენდა ერთი საშტატო ერთეულის დატვირთვას, ამიტომ უსამართლოდ მიაჩნდა მისი მოთხოვნა რომ არაპედაგოგს ჰქონოდა 22 საათი და პეგდაგოგს ემუშავა 11 საათიანი დატვირთვით.
ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2002წ. 6 ნოემბრის განჩინებით საქმეზე მესამე პირად ჩართული იქნა ი. ყ.-ი.
ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2002წ. 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. კ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. კ.-ემ.
აპელანტი მიუთითებდა, რომ რაიონულმა სასამართლომ არ გაითვალისწინა ...-ის განყოფილების გამგის განმარტება, რომ “კულტურის და რელიგიის” და “მითოლიგიის” საათების სწავლებას არ ზღუდავს კანონი ამა თუ იმ საგნის პედაგოგისათვის. ასევე არ იქნა გათვალისწინებული, რომ მას პედაგოგად მუშაობის უფრო მეტი სტაჟი გააჩნდა ვიდრე მესამე პირს და ამიტომ აღნიშნული საგნის სწავლების უპირატესობაც მას უნდა მინიჭებოდა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 7 თებერვლის განჩინებით ნ. კ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
ნ. კ.-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც მისი სარჩელი დაკმაყოფილდება. კასატორს მიაჩნია, რომ სოფ. ...-ის სკოლის დირექტორმა უსაფუძვლოდ უთხრა უარი “რელიგიისა და კულტურის” და “მითოლოგიის” საათების მიკუთვნებაზე. შკკ-ს მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად “დაუსაბუთებული უარი სამუშაოდ მიღებაზე აკრძალულია”. მიაჩნია, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლომ არ გამოიყენა აღნიშნული მუხლი და არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა.
საქმის განხილვა საქართველოს უზენაესი სასამართლოში დანიშნული იყო 2003წ. 12 ივნისს, რის თაობაზეც მხარეები გაფრთხილებული იყვნენ კანონით დადგენილი წესით. სხდომაზე გამოცხადდა კასატორი ნ. კ.-ე, მოპასუხეები არ გამოცხადდნენ. კასატორმა თანხმობა გამოთქვა საქმის მხარეთა მონაწილეობის გარეშე განხილვაზე, საკასაციო პალატამ სსკ-ს 408-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, დაადგინა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. კ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 7 თებერვლის განჩინება.
სსკ-ს 407 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ქუთაისის საოლქო სასამართლოს მიერ დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ნ. კ.-ე და მესამე პირი ი. ყ.-ი მუშაობენ ხარაგაულის რაიონის სოფ. ...-ის საშუალო სკოლაში მასწავლებლად. კასატორი სპეციალობით არის გეოფიზიკოსი, ი. ყ.-ი – ისტორიკოსი. ...-ის საშუალო სკოლაში 2002წ. სექტემბრიდან გამონთავისუფლებული “რელიგიისა და კულტურის” და “მითოლოგიის” საათების მისაღებად აუცილებელი იყო სპეციალური კურსის გავლა მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტში. აღნიშნული კურსი გაიარა როგორც ნ. კ.-ემ, ისე ი. ყ.-მა, რის გამოც ორივე პედაგოგმა მოიპოვა უფლება “რელიგიისა და კულტურის” და “მითოლოგიის” საათების მისაღებად.
...-ის საშუალო სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებით ნ. კ.-ეს ფიზიკის 16 აკადემიურ საათზე დაემატა “რელიგიისა და კულტურის” და “მითოლოგიის” 2 საათი, მესამე პირს ი. ყ.-ს ისტორიის 11 აკადემიურ საათზე დაემატა 4 საათი. რის შემდეგაც მისი დატვირთვა გახდა 15 სთ.
კასატორი ნ. კ.-ე გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს შკკ-ს მე-17 მუხლის საფუძველზე და მიაჩნია, რომ ადმინისტრაციამ დაუსაბუთებელი უარი უთხრა სამუშაოზე მიღებაზე, ვინაიდან ი. ყ.-ზე ადრე მიმართა სკოლის დირექტორს “რელიგიისა და კულტურის” და “მითოლოგიის” საათების მოთხოვნით და უფრო ადრე აიღო შუამდგომლობა ხარაგაულის რაიონის ...-ის განყოფილებიდან, მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტში ატესტაციის გასავლელად.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას ...-ის სკოლის დირექტორის მიერ შკკ-ს მე-17 მუხლის დარღვევის შესახებ და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის თანახმად აკრძალულია დაუსაბუთებელი უარი სამუშაოდ მიღებაზე, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან ნ. კ.-ე უკვე მუშაობდა ...-ის საშუალო სკოლაში და “რელიგიისა და კულტურის” და “მითოლოგიის” საათების განაწილებით მისი სამუშაოზე მიღების საკითხი არ გადაწყვეტილა.
საკასაციო პალატის აზრით სააპელაციო პალატამ სწორად მიუთითა “განათლების შესახებ” კანონისა და “საგანმანათლებლო დაწესებულებათა ტიპიური დებულების” ნორმებზე, რომელთა თანახმად საგანმანათლებო დაწესებულების ხელმძღვანელი – დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას პედაგოგიური პერსონალისა და დამხმარე მოსამსახურეთა სამსახურში მიღებასა და განთავისუფლებაზე. სკოლის დირექტორი ანაწილებს საათებს პედაგოგებს შორის, რომელსაც ამტკიცებს პედაგოგიური საბჭო. ...-ის საშუალო სკოლის დირექტორმა თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღო გადაწყვეტილება “რელიგიისა და კულტურის” და “მითოლოგიის” საათების ორ პედაგოგს შორის განაწილების შესახებ, რაც წარმოადგენს სკოლის დირექტორის დისკრეციულ უფლებამოსილებას კანონმდებლობის საფუძველზე შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. საკასაციო პალატის აზრით ...-ის სკოლის დირექტორმა კონკრეტულ შემთხვევაში ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგადაც კასატორს საათების რაოდენობა შეევსო ერთი საშტატო ერთეულისათვის განსაზღვრული ოდენობით, (16+2), ხოლო დარჩენილი 4 საათი გადაეცა ი. ყ.-ს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. კ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. კ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 7 თებერვლის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.