Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-161-კ-03 25 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

03.09.99წ. თ. ა-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1981 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი. სტუნდეობისას იგი მუშაობდა ამავე ფაკულტეტის კათედრაზე რ. გ-ის ხელმძღვანელობით სახელშეკრულებო თემის თანამშრომლად, ხოლო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გახდა კათედრის ლაბორანტი და გააგრძელა სამეცნიერო მოღვაწეობა. ამ პერიოდიდან მოყოლებული მასსა და მის სამეცნიერო ხელმძღვანელ რ. გიგაურს შორის შეიქმნა კონფლიქტური დამოკიდებულება, რაც შემდგომში მწვავე დაპირისპირებაში გადაიზარდა. მოსარჩელის განცხადებით, რ. გიგაური სისტემატურად აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა თანამშრომლებისა და სტუდენტების თვალწინ, არ აძლევდა ლაბორატორიაში მუშაობის საშუალებას. ყოველივე ამან უარყოფითად იმოქმედა მასზე და გამოიწვია მისი ჯანმრთელობის მდგომაროების შერყევა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ რ. გ-ის საჩივრებისა და კატეგორიული წინააღმდეგობის მიუხედავად, მან შეძლო 1989 წელს საკანდიდატო დისერტაციის დაცვა, რის შედეგადაც გახდა ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი. 1990 წელს გაზეთ “თბილისის უნივერსიტეტში” გამოქვეყნდა ინფომაცია იმის შესახებ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებდა კონკურსს სხვადასხვა თანამდებობის, მათ შორის არაორგანული და ზოგადი ქიმიის კათედრის დოცენტის თანამდებობის დასაკვებლად ერთ საშტატო ერთეულზე. თ. ა-ის განმარტებით, მან ჯერ კიდევ კონკურსის გამოცხადებამდე განცხადებით მიმართა უნივერსიტეტის რექტორს და გამოთქვა ზემოაღნიშნული თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის სურვილი, მაგრამ რექტორატისაგან არ მიუღია პასუხი კონკურსის ჩატარების ან მისი გაუქმების შესახებ. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ არაორგანული და ზოგადი ქიმიის დოცენტის თანამდებობის დასკავებლად გამართულ კონკურსში მონაწილეობის მიღებაზე მხოლოდ მას ჰქონდა შეტანილი განცხადება, იგი უთუოდ დაიკავებდა ამ თანამდებობას, მაგრამ კონკურსს შემდომი მსვლელობა არ მისცემია. თ. ა-ის აზრით, რ. გიგაურის უკანონო ჩარევის გამო კონკურსი მხოლოდ შეჩერდა და არ გაუქმებულა. კონკურსის გაუქმებულად მიჩნევა შეუძლებელია, ვინაიდან ამის შესახებ არც ინფორმაცია გამოქვეყნებულა და არც ბრძანება გამოცემულა. ამასთან, 1990 წელს მოქმედი “უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებელთა თანამდებობის დაკავების წესის შესახებ” დებულების თანახმად, კონკურსის გაუქმება დასაშვები იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასში მონაწილეობაზე არცერთი განცხადება არ იქნებოდა შეტანილი. ვინაიდან მას შეტანილი ჰქონდა განცხადება, უნივერსიტეტის რექტორატი არ იყო უფლებამოსილი გაეუქმებინა კონკურსი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თ. ა-ემ თავის დაზუსტებულ სასაჩელო განცხადებაში მოითხოვა 1990 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ არაორგანული და ზოგადი ქიმიის კათედრაზე დოცენტის თანამდებობის მოსაპოვებლად გამოცხადებული კონკურსის დამთავრება იმ დროისათვის არსებული პირობების დაცვით (ე.ი. იმ პირობით, რომ კონკურსში მის გარდა სხვა არავინ იქნეს ჩაბმული). მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მისთვის მიყენებული მორალური ზიანის სანაცვლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორატისა და არაორგანული ქიმიის კათედრის გამგის რ. გიგაურისათვის 500000 ლარის დაკისრება.

სარჩელი არ ცნეს მოპასუხეებმა – რ. გ-მა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ლ. დ-მა. უკანასკნელის განმარტებით, მართალია გაზეთში გამოქვეყნებული იყო ინფორმაცია არაორგანული და ზოგადი ქიმიის კათედრაზე დოცენტის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების თაობაზე, მაგრამ კონკურსი გაუქმდა და არ ჩატარებულა, ვინაიდან კონკურსამდე გაირკვა, რომ არ არსებობდა მისი დანიშვნის საფუძველი. იგი დანიშნული იყო უკანონოდ, კერძოდ, კონკურსის ჩატარების აუცილებელი პირობაა კათედრაზე ვაკანსიის არსებობა და თავისუფალი სალექციო საათების გარკვეული რაოდენობა. ვინაიდან იმ პერიოდისათვის არაორგანული ქიმიის კათედრაზე ყველა სალექციო საათი დაკავბული იყო და არ არსებობდა ვაკანსია, კონკურსი არ უნდა გამოცხადებულიყო. კონკურსის არჩატარების შესახებ მოსარჩელისათვის იმთავითვე _ 1990 წელს გახდა ცნობილი, მიუხედავად ამისა თ. ა-ემ სასამართლოში სასარჩელო განცხადება 1999 წელს შეიტანა, რითაც გაუშვა სასარჩელო ხანდაზმულობის კანონით დადგენილი ვადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხემ მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 18.12.2000წ. განჩინებით დაკმაყოფილდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმოადგენლის ლ. დევდარიანის შუამდგომლობა, ცალ-ცალკე წარმოებად გაიყო თ. ა-ის სასარჩელო მოთხოვნები და დადგინდა, რომ თავდაპირველად ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილული იქნებოდა სასარჩელო მოთხოვნა კონკურსის გაგრძელებისა და დოცენტის თანამდებობაზე თ. ა-ის არჩევის შესახებ, ხოლო შემდეგ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განიხილებოდა სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის მორალური და მატერიალური ზიანის სახით 500000 ლარის დაკისრების შესახებ. აღნიშნული განჩინება თ. ა-ის მიერ არ გასაჩივრებულა.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 24.04.01წ. გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა თ. ა-ის მოთხოვნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ 1990 წელს არაორგანული და ზოგადი ქიმიის კათედრაზე დოცენტის საშტატო ერთეულზე გამოცხადებული კონკურსის გაგრძელებისა და აღნიშნულ თანამდებობაზე მისი არჩევის შესახებ. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ა-ემ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 05.02.2000წ. ახალი გადაწყვეტილებით თ. ა-ეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. სააპელაციო პალატამ სკ-ს 1507-ე მუხლზე დაყრდნობით მიუთითა, რომ ვინაიდან მხარეთა შორის ურთიერთობა წარმოშობილია სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ 1990 წელს გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით, მოცემული დავის გადასაწყვეტად გამოყენებული უნდა იქნეს იმ დროისათვის მოქმედი 1964წ. სამოქალაქო სამართლის კოდექსის ნორმები. აღნიშნული კოდექსის 75-ე მუხლის თანახმად, უფლების დაცვის საერთო ვადა შეადგენს 3 წელს, ხოლო მე-80 მუხლის მიხედვით, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იწყება უფლების წარმოშობის დღიდან, სარჩელის უფლება წარმოიშობა იმ დღეს, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო დარღვეული უფლების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ თ. ა-ისათვის კონკურსის დამთავრების შესახებ იმთავითვე იყო ცნობილი, ვინაიდან მან ამის თაობაზე 28.01.91წ. განცხადებით მიმართა უნივერსიტეტის რექტორს ნ. ამაღლობელს. მიუხედავად ამისა, თ. ა-ემ სასამართლოს სარჩელით 03.09.99წ. მიმართა, შესაქამისად გაცდენილად იქნა მიჩნეული კანონით დადგენილი 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა, რაც 1964წ. სკ-ს 84-ე მუხლის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში იქნა დატოვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 05.07.02წ. განჩინებით. საკასაციო სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად ასევე მიუთითა მოსარჩელის მიერ სასამართლოსათვის მიმართვის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაშვება.

29.07.02წ თ. ა-ემ განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს და სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” და “ვ” ქვეპუნქტებით, ასევე 430-ე და 431-ე მუხლების საფუძველზე მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო სააპელაციო სასამართლოს 05.02.02წ. გადაწყვეტილების, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 05.07.02წ. განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. ახლად აღმოჩენილ გარემოებად თ. ა-ემ მიიჩნია ის, რომ საქმეში არ მოიპოვება თბილისის საოლქო სასამართლოში მის მიერ შეტანილი 25.02.02წ, 11-12.03.02წ. განცხადებები, რითაც დადასტურდებოდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები. ამასთან, საოლქო სასამართლოს მიერ მოხდა სხდომის ოქმის გაყალება და ეს მისთვის ცნობილი გახდა ოქმის გაცნობის შემდეგ, რაც ასევე ახლად აღმოჩენილ გარემოებას წარმოადგენს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 24.02.03წ. განჩინებით უსაფუძვლობის მოტივით არ დაკმაყოფილდა თ. ა-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ოქმის არასრულყოფილება არ წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების გამომწვევ ახლად აღმოჩენილ გარემოებას. ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულად ჩათვალა პალატამ თ. ა-ის მოთხოვნა სსკ-ს 423-ე მუხლის ”გ” ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების განახლების შესახებ, რადგან არ არსებობს რაიმე მტკიცებულება სსკ-ს 423-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული გარემოებების დასადასტურებლად.

თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა თ. ა-ის მიერ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ხელახალი განხილვისათვის საქმის თბილისის საოლქო სასამართლოში დაბრუნებას. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ მოახდინა 05.02.02წ. სხდომის ოქმის გაყალბება, რაც საფუძვლად დაედო უკანონო გადაწყვეტილების გამოტანას, რადგან ოქმში არ მომხდარა იმ ფაქტებისა და გარემოებების ასახვა, რასაც ეფუძნებოდა სასარჩელო მოთხოვნა და რომლებიც განაპირობებდნენ 1999წ. სექტემბრამდე სასამართლოსათვის არ მიმართვას. სხდომის ოქმის გაყალბება, საქმის არაობიექტური, ზერელე განხილვა, კასატორის აზრით დასტურდება 25.02.02წ., 11-12.03.03წ. განცხადებებით, რომელთა გარეშეც მოხდა საქმის ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში გადაგზავნა, რამაც განაპირობა საკასაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა გაყალბებული სასამართლო სხდომის ოქმის და ოქმის გაყალბების მტკიცებულების გარეშე, რაც საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის შემდეგ გახდა ცნობილი. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვა მოვალეობის მოხდის მიზნით ჩატარდა, სააპელაციო პალატის მიერ იგნორირებულ იქნა ის გარემოება, რომ კასატორმა 28.01.91წ. განცხადებით მიმართა რექტორს, რაზედაც პასუხი არ მიუღია. იგივე ბედი ეწია რ. მეტრეველის სახელზე შედგენილ განცხადებას, რომლის რეზოლუცია მოვალეობის აღიარებას წარმოადგენდა. კასატორი თვლის, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ათვლა 1999წ. პროფკავშირების მიერ განცხადებაზე გაცემული პასუხის მიღებიდან უნდა აითვალოს, რომელშიც მითითებული იყო სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობა. კასატორის აზრით სასამართლოს არც ერთი ინსტანციის მიერ არ იქნა გათვალისწინებული, რომ სასარჩელო მოთხოვნა ეხებოდა არაქონებრივი უფლების დაცვას, რაზედაც 1964წ. სკ-ს 87-ე მუხლის თანახმად და მოქმედი სკ-ს 128.2 მუხლის თანახმად არ ვრცელდება სასარჩელო ხანდაზმულობა. კასატორი აღნიშნავს, რომ მოქმედებდა სსკ-ს და ”სახელმწიფო ორგანოებში, საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) განცხადებების, საჩივრებისა და მიმართვების განხილვის წესის შესახებ” კანონის თანახმად, ყველა სასამართლო ინსტანციის მიერ იგნორირებული იქნა ხანდაზმულობის შეჩერების და შეწყვეტის 1964წ. სკ-ს 82.1, 83-ე, მოქმედი სკ-ს 132-ე, 134-ე, 135-ე, 137-ე, 138-ე, 141-ე მუხლები.

სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული შუამდგომლობა საქმის ისეთი შემადგენლობით განხილვის შესახებ, რომლებსაც არ ჰქონდათ მიღებული მონაწილეობა საქმის განხილვაში, რაც გახდა მოსამართლეების ნ. ჭ-ის და მ. გ-ის მიმართ აცილების საფუძველი, აცილებას კანონის მოთხოვნათა დარღვევით ეთქვა უარი, სასკ-ს მე-7 მუხლში 25.10.02წ. კანონით ცვლილებების შეტანის მიუხედავად, აცილება სსკ-ს 31-ე მუხლის საფუძველზე უნდა დაკმაყოფილებულიყო. ამასთანავე, სასკ-ს მე-7 მუხლი აფართოებს მოსამართლის საქმის განხილვაში მონაწილეობის გამომრიცხავ გარემოებებს და საკმარისად მიიჩნევს საამისოდ საქმეში თუნდაც ერთხელ მოსამართლის მონაწილეობის ფაქტს. კასატორი თვლის, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სასკ-ს მე-7 მუხლი, საქმე განხილული იქნა ისეთი მოსამართლეების მონაწილეობით, რომლებსაც ადრე ჰქონდათ მიღებული საქმის განხილვაში. პალატამ უსაფუძვლოდ თქვა უარი აგრეთვე პროცესის მაგნიტოფირის საშუალებით ჩაწერაზე.

ზემოაღნიშნული ფაქტების გამო, კასატორმა განცხადებები შეიტანა მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური დევნის აღსაძვრელად, კასატორი ინფორმირებული იქნა საქმის დამთავრების შემდეგ განცხადებების განხილვის თაობაზე, რის გამო უსაფუძვლოა სსკ-ს 423-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლებაზე უარის თქმა.

კასატორი აღნიშნავს, რომ საქმის გაყალბების, 25.02.02წ., 11-12.03.02წ. განცხადებების საქმეში დაუცველობის შედეგად კასატორს მისი ბრალის გარეშე არ მიეცა ხანდაზმულობის გამომრიცხავ გარემოებებზე მსჯელობის შესაძლებლობა. პალატამ 10.03.03წ. განჩინებით უმართებულოდ არ გაიზიარა შენიშვნები სხდომის ოქმის მიმართ, რაც დასტურდება დამატებითი მტკიცებულებით, პროცესის მაგნიტოფირზე ჩანაწერით.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლას, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის და მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს 05.02.02წ. გადაწყვეტილებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 05.07.02წ. განჩინებით თ. ა-ეს უარი ეთქვა სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებაზე ხანდაზმულობის ვადის გაცდენის გამო. ამჟამად თ. ა-ე ითხოვს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას 423-ე მუხლის I-ლი ნაწილის “გ” და “ვ” ქვეპუნქტების საფუძველზე.

სსკ-ს 423-ე მუხლის I-ლი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ამ საფუძვლით საქმის წარმოების განახლება დასაშვებია თუ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენი, ან თუ სისხლის სამართლის პროცესის დაწყება და ჩატარება ვერ ხორციელდება არა მტკიცებულებათა უკმარისობის, არამედ რაიმე სხვა მიზეზით. თ. ა-ე უთითებს, რომ საქმის განხილვის დროს ადგილი ჰქონდა მოსამართლეების დანაშაულებრივ ქმედებას, კერძოდ მათ მიერ საქმიდან ამოღებულ იქნა მტკიცებულებები, გაყალბებულ იქნა სხდომის ოქმი. კასატორის მიერ სსკ-ს 423-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, ვერ იქნა წარმოდგენილი კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ან ცნობა საქმის განმხილველი მოსამართლეების მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების შესახებ. მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრის მოთხოვნით განცხადების შეტანა, საქმის განხილვამდე დისციპლინური აღძვრის საკითხის შესაძლებლობის გადაწყვეტის გადავადება არ წარმოადგენს სსკ-ს 423-ე მუხლის ”გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის დამადასტურებელ ფაქტორს, საქმის წარმოების განახლება სსკ-ს 423-ე მუხლის I ნაწილის ”გ” ქვეპუნქტის საფუძველზე დასაშვებია მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედების დადგენის შემთხვევაში, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს, საპროცესო კანონმდებლობის ხსენებული მოთხოვნა იმპერატიული ხასიათისაა და არავითარ კოლიზიას კანონმდებლობაში ამ მიმართებით ადგილი არა აქვს.

თ. ა-ე სსკ-ს 423-ე მუხლის I ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების განახლების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ საქმეში არ მოიპოვება თბილისის საოლქო სასამართლოში 25.02.01წ. 11-12.03.01წ. მის მიერ შეტანილი განცხადებები, რომლებიც წარმოადგენდნენ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის აღდგენის საფუძველს და ამ მტკიცებულების საქმეში არ არსებობა ადასტურებს სხდომის ოქმის გაყალბებას, რადგან პროცესზე არ მომხდარა მათი შეფასება. აღნიშნულ გარემოებას საკასაციო პალატა ვერ მიიჩნევს ახლად აღმოჩენილ გარემოებად, 05.02.02წ. აგრეთვე 11-12.03.02წ. განცხადებები ადასტურებენ არა ხანდაზმულობის ვადის ფარგლებში სასარჩელო განცხადებით სასამართლოსადმი მიმართვას, არამედ სხდომის ოქმის ტექსტის დაგვიანებით გადაცემას, რაც არ გამორიცხავდა 05.02.02წ. სხდომის ოქმის ტექსტისადმი შენიშვნების წარდგენის შესაძლებლობას, სსკ-ს 291-ე მუხლის მიხედვით სხდომის ოქმზე ხელმოწერის შემდეგ სამი დღის განმავლობაში მხარეებს და მათ წარმომადგენლებს შეუძლიათ წარმოადგინონ თავიანთი შენიშვნები ოქმის მიმართ, სსკ-ს 289.3 მუხლით განსაზღვრული ოქმის შედგენის ვადის გადაცილების მიუხედავად თ. ა-ეს ჰქონდა სსკ-ს 291-ე მუხლით გათვალისწინებული სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმზე შენიშვნების წარდგენის უფლება, რაც სსკ-ს 423-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, წარმოადგენს საქმის განახლების გამომრიცხავ გარემოებას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 05.03.02წ. გადაწყვეტილებით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 05.07.02წ. განჩინებით თ. ა-ეს უარი ეთქვა ხანდაზმულობის ვადის გაცდენის გამო. ის გარემოებები, რომლებიც სხდომის ოქმში არ ასახულა და კასატორის აზრით გამორიცხავენ ხანდაზმულობის ვადის გაცდენას, თავისი არსით არ წარმოადგენენ ახლად აღმოჩენილ გარემოებას, ვინაიდან ცნობილი იყვნენ საქმეზე არსებითი გადაწყვეტილებების მიღების დროს. ასე მაგ., ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაში და განსახილველ საკასაციო საჩივარში მითითება სხდომის ოქმის არასრულყოფილების, ოქმში ხანდაზმულობის ვადის გამომრიცხავი გარემოებების გაუთვალისწინებლობის, სხდომის ოქმის ტექსტის მოგვიანებით ჩაბარების შესახებ წარმოადგენდნენ სააპელაციო პალატის 05.02.02წ. გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მათ შესახებ ცნობილი იყო საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანისას და ამდენად ისინი ვერ იქნებიან მიჩნეულნი ახლად აღმოჩენილ გარემოებებად. სხდომის ოქმში საქმის გარემოებების არასრულყოფილი ასახვა არ წარმოადგენს ძალაში მყოფი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს, ვინაიდან თ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაცდენის და არა ოქმის არასრულფასოვნების გამო. ამასთანავე, გარემოებები, რომლებიც არ ასახულა სხდომის ოქმში (28.03.91წ. თსუ რექტორისადმი მიმართა, 18.03.91წ. საავადმყოფოში მოთავსება, დეკრეტულ შვებულებაში ყოფნა, 17.06.96წ. თსუ რექტორისადმი განცხადებით მიმართა და სხვ.) არ განეკუთვნებიან ხანდაზმულობის ვადის გაცდენის გამომრიცხავ გარემოებათა რიგს, ისინი ასევე სააპელაციო პალატის 05.02.02წ. გადაწყვეტილებაზე შეტანილი საკასაციო საჩივრის ნაწილს შეადგენენ და მაშასადამე არ წარმოადგენენ სსკ-ს 423-ე მუხლის ”ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ გარემოებას.

ზემოაღნიშნულთან ერთად, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საზედამხედველო წარმოების წესს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების და განხილვის წესი არ გულისხმობს კანონიერ ძალაში მყოფ გადაწყვეტილებაში სასამართლოს მიერ კანონმდებლობის ნორმის გამოყენების მართლზომიერების გადასინჯვის შესაძლებლობას. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების დროს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს არა ნორმის გამოყენების არამართლზომიერება, არამედ ისეთი გარემოებებისა და მტკიცებულებების არსებობის დადგენა, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში, გამოიწვევდა სხვაგვარი გადაწყვეტილების გამოტანას. ამდენად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების ფარგლებს სცილდება საკასაციო საჩივარში აღნიშნული ხანდაზმულობის ვადის გაცდენის გამომრიცხავ გარემოებებზე მითითება.

კასატორის მოსაზრება არასათანადო შემადგენლობის მიერ საქმის განხილვის შესახებ არ ითვალისწინებს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში 25.10.2000წ კანონით შეტანილ ცვლილებებს, საქმის განხილვის დროისათვის მოქმედი მე-7 მუხლის განახლებული რედაქცია არ ითვალისწინებდა საქმის განხილვაში იმ მოსამართლეთა მონაწილეობის აკრძალვას, რომლებსაც ადრე მონაწილეობა ჰქონდათ მიღებული ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. სასკ-ს მე-7 მუხლის ამჟამინდელი რედაქცია ითვალისწინებს საქმის განხილვაში იმ მოსამართლის მონაწილეობის აკრძალვას, რომელსაც საქმესთან დაკავშირებით მონაწილეობა აქვს მიღებული ადმინისტრაციულ წარმოებაში (ანუ ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, აგრეთვე ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის მიზნით (სზაკ-ს მე-2 მუხლის I ნაწილის ”კ” ქვეპუნქტი), და არა ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. არ არსებობს აგრეთვე სსკ-ს 428-ე მუხლით გათვალისწინებული მოსამართლის საქმის განხილვაში მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოება, ვინაიდან მითითებული ნორმა საქმის განხილვაში მონაწილეობის გამომრიცხავ გარემოებას უკავშირებს სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ”გ” ქვეპუნქტში გათვალისწინებულ გარემოებას, მოსამართლის დანაშაულებრივ ქმედებას, რაც სსკ-ს 423-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით არ არის დადასტურებული. მოსამართლის აცილების მოტივებს შორის კასატორი ვერ ასახელებს სასამართლო შემადგენლობის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის რაიმე სხვა გარემოებას (სსკ-ს 31-ე მუხ. ”დ” ქვეპუნქტი), რის გამოც არ არსებობდა მოსამართლეთა აცილების შესახებ განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი.

სსკ-ს 290-ე მუხლის თანახმად, ოქმის შედგენისათვის მაგნიტოფონის ან კომპიუტერის გამოყენება წარმოადგენს სასამართლოს უფლებას და არა ვალდებულებას. საკასაციო პალატა 24.02.03წ. სხდომის ოქმის ტექსტის და სხდომის ოქმზე შენიშვნების გაცნობის შედეგად თვლის, რომ ოქმის შინაარსი პასუხობს სსკ-ს 228-ე მუხლის მოთხოვნებს, ოქმი ასახავს საქმის განხილვის ყველა არსებით მომენტს. ოქმში თანმიმდევრულად აისახა თ. ა-ის მიერ დასმული მოსამართლეთა აცილების შესახებ განცხადების, პროცესის მსვლელობის ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ჩაწერის, უნივერსიტეტიდან კონკურსის შედეგების ამსახველი დოკუმენტაციის გამოთხოვის შესახებ შუამდომლობის დასმის და განხილვის, საქმის განხილვის მიმდინარეობის მსვლელობა. შენიშვნები 24.02.03წ. სხდომის ოქმის მიმართ ძირითადში არ პასუხობს სსკ-ს 291-ე მუხლის მოთხოვნებს, მათში არ არის კონკრეტულად მითითებული თუ რა აისახა სხდომის ოქმში უსწოროდ ან არასრულად, ამასთანავე სსკ-ს 228-ე მუხლის თანახმად, სხდომის სტენოგრაფიული ჩანაწერი არ დგება, ოქმში აისახება საქმის განხილვის ყველა არსებითი მომენტი. ამასთანავე, სხდომის ოქმზე წარმოდგენილი შენიშვნების გაზიარება არ გამოიწვევდა საქმეზე თ. ა-ისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინებები ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნებს, პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა კანონი, ამდენად არ არსებობს მათი გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 24.02.03წ. განჩინება მოსამართლეების ნ. ჭ-ის და მ. გ-ის აცილებაზე უარის თქმის შესახებ, 24.02.03წ. განჩინება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ, 10.03.03წ. განჩინება სხდომის ოქმზე შენიშვნების გაზიარებაზე უარის თქმის შესახებ.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.