Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-162-კ-03 18 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: კონკურსის შედეგების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა თ. კ-მა, რომლის საფუძველზეც მოითხოვა ქ. ქუთაისის მერიის 2000წ. 7 აგვისტოს ¹4 ბრძანების, ამ ბრძანების შესაბამისად მიღებული საკონკურსო კომისიის შესახებ დებულებისა და 2000წ. 29 აგვისტოს კონკურსის შედეგების ბათილად ცნობა. თავის მოთხოვნას მოსარჩელე აფუძნებდა შემდეგ გარემოებებზე: თ. კ-ი 1995 წლიდან მუშაობდა ქუთაისის ¹2 სამუსიკო სკოლაში საფორტეპიანო განყოფილებაში ...ად. სკოლის დირექტორის 2000წ. 25 თებერვლის ¹4 ბრძანებით, ამ უკანასკნელის ავადმყოფობის გამო, იგი დაინიშნა ...ის მოვალეობის შემსრულებლად. დირექტორის გარდაცვალების შემდეგ, 2000წ. 6 ივლისის ქუთაისის მერიის ¹141 განკარგულებით გაუქმდა 2000წ. 25 თებერვლის ¹4 ბრძანება და ის დაინიშნა ...ის მოვალეობის შემსრულებლად იმავე წლის 14 ივლისამდე, ხოლო 2000წ. 14 ივლისს ქალაქის მერის ¹146 განკარგულებით გათავისუფლდა ...ის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან.

2000წ. 7 აგვისტოს ქ. ქუთაისის მერის ¹4 ბრძანებით გამოცხადდა კონკურსი ზ. ფ-ის სახელობის ¹... სამუსიკო სკოლის დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე, რომლის საფუძველზეც ქ. ქუთაისის მერის 2000წ. 12 ნოემბრის ¹162 ,,კ” განკარგულებით აღნიშნული სკოლის ...ის თანამდებობაზე დაინიშნა ზ. კ-ე. მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ მერიას უფლება არ ჰქონდა დაენიშნა და ჩაეტარებინა კონკურსი. მიუხედავად ამისა კონკურსი ჩატარდა უხეში დარღვევით. კონკურსში გამარჯვებულად დასახელდა – ზ. კ-ე, რომელსაც არ გააჩნდა სამუსიკო სასწავლო დაწესებულებაში 5 წლის მუშაობის გამოცდილება, რაც საკონკურსო დებულების ერთ-ერთ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა.

საქმეში მესამე პირად ჩაბმული იქნა ზ. კ-ე.

მოპასუხემ – ქ. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მთავრობის წარმომადგენელმა და მესამე პირმა ზ. კ-ემ სარჩელი არ სცნეს და მოითხოვეს მისი უარყოფა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით თ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის ...ის სახელობის ¹... სამუსიკო სკოლის დირექტორის შესარჩევი 2000წ. 29 აგვისტოს კონკურსის შედეგები, ამ შედეგებიდან გამომდინარე ქ. ქუთაისის მერიის 2000წ. 13 ნოემბრის ¹162 განკარგულება ზ. კ-ის აღნიშნული სკოლის დირექტორად დანიშვნის შესახებ.

სარჩელს, ქუთაისის მერიის 2000წ. 7 აგვისტოს ¹4 ბრძანების და ამ ბრძანებით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის დებულების ბათილად ცნობის თაობაზე, ეთქვა უარი უსაფუძვლობის მოტივით.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრები შეიტანეს ქ. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს – მთავრობის წარმომადგენელმა და მესამე პირმა – ზ. კ-ემ. მათ მოითხოვეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 14 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ქ. ქუთაისის მერიის 2000წ. 29 აგვისტოს კონკურსის შედეგები და 2000წ. 13 ნოემბრის ¹162 განკარგულება ზ. კ-ის სკოლის დირექტორად დანიშვნის შესახებ.

გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეიტანა თ. კ-მა, რომელმაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სარჩელის მოთხოვნა ქუთაისის მერიის 2000წ. 7 აგვისტოს ¹4 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე. შეგებებული საჩივრით იგი ითხოვდა ახალი გადაწყვეტილების მიღებას და მისი სარჩელის მთლიანად დაკმაყოფილებას.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 იანვრის გადაწყვეტილებით ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მთავრობის და ზ. კ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრი; თ. კ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 14 აგვისტოს გადაწყვეტილება;

მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

თ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის ...ის სახელობის ¹... სამუსიკო სკოლის დირექტორის შესარჩევი 2000წ. 29 აგვისტოს კონკურსის შედეგები და ქ. ქუთაისის მერიის 2000წ. 13 ნოემბრის ¹162 განკარგულება აღნიშნული სკოლის ...ად ზ. კ-ის დანიშვნის შესახებ.

თ. კ-ის სარჩელს ქ. ქუთაისის მერიის 2000წ. 7 აგვისტოს ¹4 ბრძანებისა და ამ ბრძანებით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის დებულების ბათილად ცნობის თაობაზე ეთქვა უარი უსაფუძვლობის მოტივით.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ქ. ქუთაისის ადგილობივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მთავრობისა და მესამე პირის ზ. კ-ის მიერ საკასაციო წესით გასაჩივრებული იქნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

კასატორები აღნიშნავენ, რომ სასამართლო სხდომაზე ზ. კ-ის მიერ წარდგენილ იქნა რიგი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ იგი აკმაყოფილებდა საკონკურსო დებულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. კერძოდ, 1993წ. 1 სექტემბრიდან 1996წ. 1 ივლისამდე ის მუშაობდა თბილისის ვ. ს-ის სახელობის კონსერვატორიის ქუთაისის ფილიალში ...ად, 1996წ. 1 ივლისიდან 1997წ. სექტემბრამდე მუშაობდა თერჯოლის რაიონის სოფ. ...ის საშუალო სკოლასთან არსებულ მუსიკალურ სტუდიაში პედაგოგ ილუსტრატორად. ამავე დროს 1996წ. 2 ნოემბრიდან 1997წ. 1 იანვრამდე მუშაობდა მოსკოვის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრში. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებდა საკონკურსო დებულების მოთხოვნას, რადგან არ ჰქონდა სტაჟის შესაბამისი ოდენობა. მათ ჩათვალეს, რომ მისი შრომითი სტაჟი შეადგენდა 4 წელს და 10 თვეს, რაც სასამართლოს განმარტებით, უფლებას არ აძლევდა მონაწილეობა მიეღო ...ის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში და შესაბამისად, თანამდებობაზე მისი დანიშვნის ბრძანებაც ბათილად იქნა ცნობილი.

საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ არასწორი შეფასება მისცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს. სასამართლომ უგულვებელყო მოწმე ე. ც-ის ჩვენება, რომელმაც სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა, რომ თერჯოლის რაიონის სოფ. ...ის საშუალო სკოლასთან არსებულ მუსიკალურ სტუდიაში ზ. კ-ე სამუშაოდ დაუშვებელი იქნა 1996წ. 1 ივლისიდან. ეს დასტურდება მის მიერ წარდგენილ განცხადებაზე გაკეთებული რეზოლუციით.

შკკ-ს მე-19 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შრომის ხელშეკრულება დადებულად ითვლება მაშინაც, როცა ბრძანება ან განკარგულება არ იყო გაცემული, მაგრამ მუშაკი ფაქტობრივად დაშვებული იყო სამუშაოზე იმ თანამდებობის პირის მიერ, ვისაც ამ სამუშაოზე მიღების და განთავისუფლების უფლება აქვს. მიუხედავად აღნიშნულისა, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მას გააჩნდა პედაგოგიური მუშაობის არასრული სტაჟი და ...ის ვაკანტურ თანამდებობაზე მისი დანიშვნის ბრძანება ცნო ბათილად.

კასატორები ასევე თვლიან, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული და მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორები ითხოვენ ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 21 იანვრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას და მოსარჩელე თ. კ-ის სარჩელის მოთხოვნაზე მთლიანად უარის თქმას.

მოწინააღმდეგე მხარე არ დაეთანხმა საკასაციო საჩივარს და აღნიშნა, რომ ერთადერთი ფაქტობრივი გარემოება რაც კასატორმა სადავო გახადა, არის სტაჟის ნაკლებობა. საქმის მასალებით მთლიანად დადასტურებულია და პალატის მიერაც ეს ფაქტობრივი გარემოება დადგენილია, რომ მ. კ-ის პედაგოგიური მოღვაწეობის სტაჟი მთლიანად შეადგენს 4 წელსა და 10 თვეს.

კერძოდ: 1. 09.93წ. – 29.06.91 – 1 წ. 9 თვ. 28 დღ.

2. 09.96წ. – 1.09.97წ. – 1 წ.

3. 09.94წ. – 29.08.2000წ. – 11 თვ. 29 დღ.

ზ. კ-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ შეიძლება გაზიარებული იქნეს მის მიერ მითითებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ თითქოს ბრძანების დაშვების გარეშე ბარდუბნის საშუალო სკოლაში ილუსტრატორად მუშაობდა 1996წ. 1 ივლისიდან. ამის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი მის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე თ. კ-ი ითხოვდა ზ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ ყოფილიყო დაკმაყოფილებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საკასაციო საჩივრების საფუძვლებს, მოუსმინა მხარეთა ახსნა-განმარტებებსა და შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება, მიიჩნია რომ ქ. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოსა და ზ. კ-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილებული უნდა იქნეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 404-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. გამომდინარე იქედან რომ საკასაციო სასამართლოში დავის საგანს არ წარმოადგენს ქ. ქუთაისის მერიის 2000წ. 7 აგვისტოს ¹4 ბრძანება და მითითებული ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული საკონკურსო კომისიის დებულება, ზემოაღნიშნული მუხლის პრინციპებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს გადაწყვეტილების მითითებულ ნაწილზე და მიუთითებს, რომ გადაწყვეტილება ზემოაღნიშნულ ნაწილში დატოვებული უნდა ი. უცვლელად.

რაც შეეხება გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილს, საკასაციო სასამართლო მიუთითებს: ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 24 იანვრის გადაწყვეტილებით თ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ქ. ქუთაისის ზ. ფ-ის სახელობის ¹... სამუსიკო სკოლის დირექტორის შესარჩევი 2000წ. 29 აგვისტოს კონკურსის შედეგები და ქ. ქუთაისის მერიის 2000წ. 13 ნოემბრის ¹162 განკარგულება აღნიშნული სკოლის დირექტორად ზ. კ-ის დანიშვნის შესახებ.

საკასაციო სასამართლო საოლქო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სარჩელზე მოპასუხედ დასახელებულია მხოლოდ ქ. ქუთაისის მერია. სასარჩელო განცხადების ერთ-ერთ მოთხოვნას შეადგენს ზ. კ-ის ...ად დანიშვნის თაობაზე ბრძანების ბათილად ცნობა, რაც დაკმაყოფილებული იქნა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით. ამდენად, სარჩელის მითითებულ ნაწილზე მოპასუხეს წარმოადგენს ზ. კ-ე, რომელიც პროცესში მოწვეული არ ყოფილა მხარედ. აღნიშნული საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ საოლქო სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ს 85-ე მუხლი და მოსარჩელეს მითითებულ ნაწილში არ შესთავაზა სათანადო მოპასუხე.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილია ერთადერთი მოპასუხის ქ.ქუთაისის მერიის მიმართ, მაშინ, როდესაც გადაწყვეტილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი შედეგი დადგა ზ. კ-ისათვის, რომელიც არ წარმოადგენდა მხარეს და საქმეში ჩაბმული იყო მხოლოდ მე-3 პირის სტატუსით.

საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, სარჩელზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხარეს და არა მე-3 პირს, რომელიც თავისი პროცესუალური სტატუსიდან გამომდინარე, წარმოადგენს მხოლოდდამხოლოდ საქმის შედეგით დაინტერესებულ პირს ან იმ სამართალურთიერთობის მონაწილეს, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.

იმის გათვალისწინებით, რომ სახეზეა გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, კერძოდ, ერთ-ერთი მხარე საქმეში მოწვეული არ იქნა სათანადო წესით, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილით, სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოსა და ზ. კ-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინიტსრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 იანვრის გადაწყვეტილება ქ. ქუთაისის მერიის 2000წ. 13 ნოემბრის ¹162 განკარგულების ბათილად ცნობის ნაწილში და მითითებულ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.