გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-163-კ-03 12 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართვეოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: უკანონოდ დაკავებული ფართიდან გამოსახლება, მიუღებელი შემოსავლით მიყენებული ზარალისა და სარეკონსტრუქციო და კაპიტალური რემონტის სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
სახელმწიფო ქონების მართვის ჭიათურის სამმართველომ 2000წ. 17.07 სასარჩელო განცხადებით მიმართა ჭიათურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ...ის საქმეთა დეპარტამენტის ჭიათურის განყოფილების უფროსის ტ. ც-ის მიმართ და მოითხოვა ტ. ც-ის გამოსახლება უკანონოდ დაკავებული არასაცხოვრებელი ფართიდან შემდეგი საფუძვლებით:
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1998წ. 1 სექტემბერს ქ. ჭიათურის მერის 1998წ. 25 აგვისტოს ¹162 განკარგულების საფუძველზე სახელმწიფო ქონების მართვის ჭიათურის სამმართველოს და ...ის საქმეთა დეპარტამენტის ჭიათურის განყოფილებას შორის გაფორმდა უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეს გადაეცა ჭიათურის რაიონის გამგეობის სამეურნეო სამმართველოს ბალანსზე რიცხული ... მდებარე 240 მ2 არასაცხოვრებელი ფართი პირდაპირი დანიშნულებით გამოსაყენებლად.
საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 26 დეკემბრის ¹206 ბრძანებულებით დამტკიცებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურის შესაბამისად ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000წ. ¹83/ო ბრძანებით მოხდა ...ის საქმეთა დეპარტამენტისა და შესაბამისად მისი ტერიტორიული ერთეულების ლიკვიდაცია ე.ი. აღარ არსებობდა უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე კერძოდ, უზუფრუქტუარი.
2000წ. 15 მაისის ¹78 ბრძანებით სახელმწიფო ქონების მართვის ჭიათურის სამმართველომ შეწყვიტა ზემოაღნიშნული ხელშეკრულების მოქმედების ვადა უზუფრუქტის გაუქმების გამო. მიუხედავად ამისა ზემოაღნიშნული ფართი დაკავებული ჰქონდა ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის განყოფილების ყოფილ უფროსს ტ. ც-ეს და უარს აცხადებდა მის დაბრუნებაზე.
2000წ. 18 აგვისტოს მოპასუხე ტ. ც-ემ შეგებებული სარჩელით მიმართა ჭიათურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სახელმწიფო ქონების მართვის ჭიათურის სამმართველოს უფროსის თ. ს-ის მიმართ. იგი მიუთითებდა, რომ ცნობდა სარჩელის იმ ნაწილს, რომლითაც მოპასუხე მისგან ფართის გათავისუფლებას მოითხოვდა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მესაკუთრის თანხმობით ჩაატარა ფართის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, მოითხოვა მის მიერ შესრულებული უზუფრუქტის ხელშეკრულებით აღებული არასაცხოვრებელი ფართის კაპიტალური და სარეკონსტრუქციო სამუშაოების ღირებულების 2961 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.
მოსარჩელის, სახელმწიფო ქონების მართვის ჭიათურის სამმართველოს მოთხოვნას მხარი დაუჭირა მესამე პირმა – ჭიათურის რაიონის გამგეობის წარომადგენელმა ვ. კ-ემ.
ჭიათურის რაიონულმა სასამართლომ 2000წ. 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დააკმაყოფილა, ხოლო მოპასუხე ტ. ც-ის შეგებებული სარჩელი სარეკონსტრუქციო და კაპიტალური რემონტის სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
...ის საქმეთა დეპარტამენტის ჭიათურის განყოფილების უფროსმა ტ. ც-ემ სააპელაციო საჩივრით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას და მოითხოვა ჭიათურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლა გამოსახლების ნაწილში და მისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2000წ. 15 თებერვლის განჩინებით ტ. ც-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა: გააუქმა ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2000წ. 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა იმავე რაიონულ სასამრათლოს შემდეგი საფუძვლებით:
საოლქო სასამართლოს კოლეგიამ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილება იყო არასრულყოფილი და მისი აღსრულებით დავა გადაწყვეტილი ვერ იქნებოდა, რადგან სადავო 140 მ2 არასაცხოვრებელ ფართში ფუნქციონირებს კომერციული აფთიაქი და მას დაკავებული აქვს მხოლოდ 40მ2 ფართობი, რომელზეც გაფორმებულია ქირავნობის ხელშეკრულება და შესაბამისი ცვლილება შეტანილი იქნა ”უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულებაში”.
მხარეთა შორის 1998წ. 1 სექტემბერს გაფორმებული უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების მიხედვით უზუფრუქტუარს შეუძლია მესაკუთრესთან შეთანხმებით, საკუთარი ხარჯებით აწარმოოს სახელმწიფო ქონების მიმდინარე და კაპიტალური რემონტი, რაზედაც შეიძლება დამატებითი შეთანხმების დადება. დადგენილია, რომ ასეთი დამატებითი შეთანხმება დადებული არ არის, მაგრამ საინტერესოა ტ. ც-ის შეგებებული სარჩელის მოთხოვნა, სადაც აღნიშნულია, რომ მან ჩაატარა სარეკონსტრუქციო და კაპიტალური სამუშაოები. ამ ფაქტს არ უარყოფს აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, მაგრამ სასამართლომ ისე უთხრა უარი ტ. ც-ის შეგებებულ სარჩელს, არ მოიპოვა მისი უარყოფის ან საფუძვლიანობის დამატებითი მტკიცებულებები.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საქმის განხილვისას ჭიათურის რაიონულმა სასამრთლომ დაარღვია სსკ-ს სხვა მოთხოვნებიც, კერძოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავდა მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე.
2001წ. 5 სექტემბერს ჭიათურის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა სახელმწიფო ქონების მართვის ჭიათურის სამმართველომ ტ. ც-ის მიმართ და მოითხოვა ამ უკანასკნელისაგან მიუღებელი შემოსავლით მიყენებული ზიანის ანაზღაურება 1942 ლარის ოდენობით მის სასარგებლოდ.
...ის საქმეთა დეპარტამენტის ჭიათურის განყოფილების ყოფილმა უფროსმა ტ. ც-ემ შეგებებული სარჩელით მიმართა ჭიათურის რაიონულ სასამართლოს სახელმწიფო ქონების მართვის ჭიათურის სამმართველოს მიმართ, რომლითაც იგი სცნობდა სარჩელს მისი გამოსახლების ნაწილში, მაგრამ ითხოვდა მოპასუხისთვის მის მიერ სადავო ფართზე გაწეული კაპიტალური და სარეკონსტრუქციო სამუშაოების ღირებულების _ 2961 ლარის ოდენობით დაკისრებას.
ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2001წ. 12 ოქტომბრის განჩინებით საქმეები გაერთიანადა ერთ წარმოებად.
ჭიათურის რაიონულმა სასამართლომ 2002წ. 3 აპრილის განჩინებით ინდივიდუალური მეწარმე ლ. კ-ე საქმეში მესამე პირად ჩააბა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე.
2002წ. 3 მაისს ჭიათურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ჭიათურის სამმართველოს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ...ის საქმეთა დეპარტამენტის ჭიათურის განყოფილების ყოფილი უფროსი ტ. ც-ე და ინდივიდიალური მეწარმე ლ. კ-ეს გამოსახლებულნი იქნენ უნებართვოდ დაკავებული არასაცხოვრებელი ფართიდან. ხოლო მიუღებელი შემოსავლი მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ თანხით 1134 აშშ დოლარის ეკვივალენტი 2494,8 ლარის ოდენობით.
ტ. ც-ის შეგებებული სარჩელი სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების და კაპიტალური რემონტის ხარჯების ღირებულების ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ჭიათურის სამმართველოს მის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 2011 ლარი, ხოლო შეგებებული სარჩელის დანარჩენი ნაწილის დაკმაყოფილებაზე მას უარი ეთქვა.
საბოლოოდ, სკ-ს 442-ე მუხლის თანახმად მხარეებზე დაკისრებული თანხების ოდენობათა გათვალისწინებით ტ. ც-ეს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ჭიათურის სამმართველოს სასარგებლოდ დაეკისრა 484,8 ლარის გადახდა, მასვე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟი 12,09 ლარის ოდენობით.
ტ. ც-ემ და ლ. კ-ემ სააპელაციო საჩივრით მიმართეს ქ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაცოი პალატას და მოითხოვეს ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 3 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება, როგორც ფაქტიურ გარემოებებთან შეუსაბამო და უკანონო და საქმის ნებისმიერი რაიონის სასამართლოსათვის გადაცემა, გარდა ჭიათურისა და საჩხერის რაიონული სასამართლოებისა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ჭიათურის სამმართველომაც და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ჭიათურის სამმართველოს დაეკისრა 2011 ლარის გადახდა ტ. ც-ის სასარგებლოდ, ასევე უარის თქმა ამ უკანასკნელის შეგებებულ სარჩელზე სრულად. აპელანტმა მოითხოვა გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება იმ ნაწილში, რომელიც ეხებოდა ტ. ც-ის მიერ ჭიათურის სამმართველოს სასარგებლოდ 2494,8 ლარის გადახდას და მის გამოსახლებას სადავო ფართიდან.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ჭიათურის სამმართველოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. ტ. ც-ისა სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. გაუქმდა ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 3 მაისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა ტ. ც-ის შეგებებული სარჩელი და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ჭიათურის სამმართველოს დაეკისრა მის სასარგებლოდ რემონტის ხარჯის – 2011 ლარის გადახდა, ხოლო ტ. ც-ეს დაეკისრა ქონების მართვის რაიონული სამმართველოსათვის 2494,8 ლარის გადახდა.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ტ. ც-ის შეგებებული სარჩელის მოთხოვნა რემონტის ხარჯის ანაზღაურების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, ვინაიდან სკ-ს 245-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად უზუფრუქტუარი ვალდებულია აანაზღაუროს მიმდინარე ხარჯები, გაარემონტოს ნივთი, შესაბამისად არ იყო ვალდებული აენაზაურებინა გაწეული რემონტის ხარჯი.
პალატა ასევე არ დაეთანხმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას ტ. ც-ისათვის ქონების მართვის რაიგანყოფილების სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თანხის 2404,8 ლარის დაკისრების ნაწილში და მიუთითა, რომ სკ-ს თანახმად ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მოვალისათვის სავარაუდო ზიანი საქმის მასალებით არ დადასტურდა და იგი არც მოვალის ქმედების უშუალო შედეგს წარმოადგენდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ტ. ც-ემ და ლ. კ-ემ და მოითხოვეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 6 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება საოლქო სასამართლოში იმ მოტივით, რომ სახელმწიფო ქონების მართვის ჭიათურის სამმართველოს და ...ის საქმეთა დეპარტამენტის ჭიათურის განყოფილებას შორის დადებული უზუფრუქტის ხელშეკრულების რეგისტრაცია არ მომხდარა საჯარო რეესტრში, შესაბამისად არ წარმოშობილა უზუფრუქტი და ცხადია ვერც გაუქმდებოდა. კასატორი აზრით მათი გამოსახლება უზუფრუქტის გაუქმების გამო უკანონოა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ჭიათურის სამმართველომაც და მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 6 დეკემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება. კერძოდ, ტ. ც-ისათვის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ჭიათურის სამმართველოს სასარგებლოდ 2494,8 ლარის გადახდის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში იმ მოტივით, რომ სკ-ს თანახმად ზიანი უნდა აუნაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. კასატორი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში, თანხა რომელსაც ის ითხოვს, მიუღებელი შემოსავალია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ტ. ც-ისა და ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამრთლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 6 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ:
სკ-ს 243-ე მუხლის თანახმად, უზუფრუქტის დადგენის დროს გამოიყენა იგივე წესები, რაც უძრავი ნივთების შეძენის დროს ანუ უზუფრუქტის დადგენისას უნდა შესრულდეს ამავე კოდექსის 183-ე მუხლის მოთხოვნები, ანუ, უზუფრუქტის დასადგენად აუცილებელია სანატორო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. საქმეში წარმოდგენილი 1998წ. 1 სექტემბრის უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ იგი არ არის ნოტარიული წესით დამოწმებული და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა დაეფუძნებინა გადაწყვეტილება უზუფრუქტის ნორმებზე, ვინაიდან ფაქტობრივად უზუფრუქტის ხელშეკრულება არ არსებობდა.
სრულიად დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა ქონების მართვის რაიგანყოფილების სასარგებლოდ ტ. ც-ისათვის მიუღებული შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ამ საკითხთან მიმართებაში არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ვალდებულებითი ურთიერთობა მხარეებს შორის წარმოშობილი იყო უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რადგან, როგორც ზემოთ აღინიშნა, ასეთი ხელშეკრულება ფაქტობრივად არ არსებობდა. ამავე დროს, ე.წ. უზუფრუქტის ხელშეკრულების საფუძველზე დადებული 1999წ. 22 ნოემბრის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ ტ. ც-ეს წარმოეშვა ვალდებულება ფართის გამოთავისუფლებისა, რაც მისი მხრიდან არ იქნა შესრულებული. სკ-ს 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიღებული შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მითითებული 411-ე მუხლის მოქმედება არ შეიძლება გავრცელდეს ჭიათურის რაიონის ქონების მართვის სამმართვლოს მოთხოვნაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მთლიანად შეესაბამება აღნიშნულ ნორმას, რადგან მიუღებული შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს, რაოდენ მოსალოდნელი იყო მისი მიღება საქმეში არსებული ქირავნობის, ქვექირავნიბის და სხვა მტკიცებულობათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ ტ. ც-ე, რომელსაც მოსარჩელის კუთვნილი ფართი ქვექირავნობით გაქირავებული აქვს მესამე პირზე _ ინდივიდუალური მეწარმე ლ. კ-ეზე, იღებს სარგებელს, ხოლო მესაკუთრე, რომელსაც თავადვე შეეძლო გარკვეული სადავო ფართის გაქირავება მთელი ამ პერიოდის მანძილზე და სახსრების მიღება, შეეძლო ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩენა.
საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ ტ. ც-ემ საკასაციო სასამართლოს სხდომაზე აღიარა, რომ მას რაიმე ქირა მოსარჩელისათვის არ გადაუხდია, მაგრამ ქირის საკითხის გადახდა დაუკავშირა მოსარჩელის მხრიდან მისთვის მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტას, ანუ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ჭიათურის სამმართველოს სარჩელი ამ ნაწილში ფაქტობრივად სცნო.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება სააპელაციო სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რაც სკ-ს 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. შესაბამისად ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 6 დეკემბრის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ზემოაღნიშნული მითითებებით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 399-ე, 404-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ტ. ც-ის, ლ. კ-ისა საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ჭიათურის სამმართველოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 6 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
4. მხარეთათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.