გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-164-კ-03 19 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: 1. ქ.ფოთის ქონების მართვის სამმართველოს 1998წ. 17 დეკემბრის ¹129 ბრძანების გაუქმება; სახელწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით უპირატესი შესყიდვის უფლების აღდგენა; 2. უძრავი ქონების შ. მ-ზე ნატურით გადაცემის შესახებ 2002წ. 18 თებერვლის აქტისა და ამ აქტის საფუძველზე საავადმყოფო-პოლიკლინიკის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ბათილად ცნობა; 3. საკუთრების ხელყოფის, ქონების უკანონო მფლობელობის, ქონებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა.
აღწერილობითი ნაწილი:
1998წ. 8 სექტემბერს ფოთის მეზღვაურთა საავადმყოფო-პოლიკლინიკის თანამშრომლებმა ი. ჭ-ამ და სხვებმა ფოთის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრეს მოპასუხე ფოთის მეზღვაურთა საავადმყოფო-პოლიკლინიკის დირექტორის რ. პ-ასა და მარინა სანაიას მიმართ და ფოთის მეზღვაურთა საავადმყოფო-პოლიკლინიკის პრივატიზაციის ბათილად ცნობა და აღნიშნული ობიექტის სახელმწიფოსათვის დაბრუნება მოითხოვეს.
ამ სარჩელთან დაკავშირებით შ. მ-მა შეგებებული სარჩელი შეიტანა მოპასუხე ფოთის ქონების მართვის სამმართველოსა და მესამე პირების – ფოთის მეზღვაურთა საავადმყოფო-პოლიკლინიკის თანამშრომელთა ი. ჭ-ასა და სხვათა მიმართ და ფოთის ქონების მართვის სამმართველოსათვის მის სასარგებლოდ ფოთის მეზღვაურთა საავადმყოფო-პოლიკლინიკის პრივატიზაციის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 1998წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქ.ფოთის მეზღვაურთა საავადმყოფო-პოლიკლინიკის 1996წ. 27 ნოემბრის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება და 1996წ. 27 ნოემბერს გაცემული საკუთრების დამადასტურებელი ¹46/168 მოწმობა. მეზღვაურთა საავადმყოფო-პოლიკლინიკის დაცვა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ.ფოთის სამმართველოს დაევალა. შ. მ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ.ფოთის სამმართველოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ორი თვის განმავლობაში მის სასარგებლოდ 169934 ამერიკული დოლარის გადახდა დაეკისრა გადახდის დღისათვის არსებული ლარის კურსით.
1999წ. 12 თებერვალს ი. ჭ-ამ და სხვებმა ფოთის სასამართლოში მოპასუხე ფოთის ქონების მართვის სამმართველოს მიმართ სარჩელი შეიტანეს.
მოსარჩელეებმა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითეს:
1999წ. 16 იანვარს გაზეთ ,,ფ. უ.” გამოქვეყნდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ.ფოთის სამმართველოს 1998წ. 17 დეკემბრის ¹129 ბრძანება, რომლითაც ქ.ფოთის ნავსადგურის ყოფილი საავადმყოფო-პოლიკლინიკის გაყიდვის მიზნით კომერციული კონკურსი გამოცხადდა.
ამ ბრძანებით დაირღვა საავადმყოფო-პოლიკლინიკის კოლექტივის წევრთა უპირატესი შესყიდვის უფლება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, რაც კოლექტივის წევრებს 1995-1996 წლებში ობიექტის პრივატიზების დროს მოქმედი კანონმდებლობით ჰქონდათ მინიჭებული.
საავადმყოფოს ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, რომელიც ორმხრივ გარიგებას წარმოადგენს, ფოთის სასამართლომ სწორედ იმ მოტივით გააუქმა, რომ იგი პრივატიზაციის შესახებ კანონმდებლობის დარღვევით იყო დადებული. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 48-ე მუხლის მეორე აბზაცის საფუძველზე – ბათილი გარიგების თითოეული მხარე მოვალეა დაუბრუნოს მეორე მხარეს ყველაფერი, რაც გარიგებით მიიღო. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ქონება სახელმწიფომ დაიბრუნა, ქონებაში გადახდილი თანხა გადამხდელს უნდა დაუბრუნდეს. სასამართლომ 1998წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მიუთითა, რომ პრივატიზაცია კანონმდებლობის დარღვევით ჩატარდა. სასამართლოს 1998წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგი უნდა ყოფილიყო საავადმყოფოს კოლექტივის დარღვეული უფლების აღდგენა ანუ ფოთის ქონების მართვის სამმართველო ვალდებული იყო პირდაპირი მიყიდვის ფორმით უპირატესი შესყიდვის უფლების საფუძველზე საავადმყოფო კოლექტივისათვის მიეყიდა. თუ კოლექტივი ამ უფლებას არ ან ვერ გამოიყენებდა, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მომხდარიყო კომერციული კონკურსის გამოცხადება. კოლექტივის დარღვეული უფლების აღდგენა გულისხმობს არა მხოლოდ უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენებას, არამედ პირდაპირ მიყიდვას იმ ფასად, რაც საავადმყოფოს პრივატიზაციის დროს იყო დადგენილი ანუ 69851,66 აშშ დოლარად. წინააღმდეგ შემთხვევაში კოლექტივის დარღვეული უფლება სრულად არ აღდგება, რაც ფოთის სასამართლოს 1998წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილების დარღვევა იქნება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა ფოთის ქონების მართვის სამმართველოს 1998წ. 17 დეკემბრის ¹129 ბრძანების გაუქმება და ქ.ფოთის მეზღვაურთა საავადმყოფო-პოლიკლინიკის კოლექტივის მიერ ამ საავადმყოფოს პირდაპირი ფორმით უპირატესი შესყიდვის უფლების აღდგენა მოითხოვეს.
აღნიშნული სარჩელი ფოთის სასამართლოს 1999წ. 01 მარტის განჩინებით ბაჟის სახით 5000 ლარის გადაუხდელობის გამო უმოძრაოდ იქნა დატოვებული. მოსარჩელეებს ხარვეზის გამოსწორებისათვის 19 მარტამდე ვადა მიეცათ.
ამ განჩინებაზე მოსარჩელეებმა საკასაციო საჩივარი შეიტანეს.
საქმის განხილვა საქართველოს უზენაეს სასამართლოში 1999წ. 24 ივნისს დაინიშნა.
1999წ. 15 მაისს ახალი სასამართლო სისტემის ამოქმედების გამო, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო ინსტანციის შემოღების გამო, საქმე უზენაესი სასამართლოდან ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაეგზავნა.
სანამ ფოთის სასამართლოს 1999წ. 01 მარტის განჩინებაზე მოსარჩელეთა კერძო საჩივარი ზემდგომ სასამართლოს გადაეგზავნებოდა, 1999წ. 04 მარტს შ. მ-მა ფოთის სასამართლოში განცხადება შეიტანა, რომელშიც მიუთითა, რომ ფოთის სასამართლოს 1998წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ თანხის გადახდევინების შესახებ 1999წ. 01 მარტამდე უნდა აღსრულებილიყო. ამიტომ განმცხადებელმა, სსკ-ს 144-ე მუხლის შესაბამისად, ქონების მართვის სამმართველოსაგან გადასახდელი თანხის ნაცვლად საკუთრებაში მეზღვაურთა საავადმყოფო-პოლიკლინიკის ქონების ან სხვა ქონების გადაცემა მოითხოვა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 1999წ. 9 მარტის განჩინებით შ. მ-ის განცხადება დაკმაყოფილდა. სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახე მეორით შეიცვალა. შ. მ-ს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ.ფოთის სამმართველოსაგან მის სასარგებლოდ გადასახდელი 168157 დოლარის ნაცვლად საკუთრების უფლებით გადაეცა ამავე სამმართველოს გამგებლობაში მყოფი ქ.ფოთის მეზღვაურთა საავადმყოფო-პოლიკლინიკის ქონება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 1999წ. 25 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ი. ჭ-ასა და სხვათა კერძო საჩივარი. გაუქმდა ფოთის სასამართლოს 1999წ. 01 მარტის განჩინება სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის გადახდევინების გამო სარჩელის უმოძრაოდ დატოვების შესახებ.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 26 ივლისის განჩინებით ბათილად იქნა ცნობილი ქ.ფოთის სასამართლოს 1999წ. 9 მარტის განჩინება. 2001წ. 27 ივლისს შ. მ-მა განცხადება შეიტანა, რომლითაც ქ.ფოთის სასამართლოს 1998წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის ამოწერა მოითხოვა. იმავე დღეს სააღსრულებო ფურცელი წარდგენილ იქნა სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროში შ. მ-ის მიერ, რომელმაც ფოთის სასამართლოს 1998წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულება მოითხოვა.
2001წ. 31 ივლისს აღმასრულებელმა ფოთის ქონების მართვის სამმართველოს წინადადება მისცა გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა გადაეხადა. ფოთის ქონების მართვის სამმართველომ სააღსრულებო ბიუროს 2001წ. 01 აგვისტოს აცნობა, რომ ქონების მართვის სამმართველოს 169934 აშშ დოლარის შესატყვისი თანხის ლარებში გადახდის არანაირი საშუალება არ გააჩნდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ზ. ნ-ის 2001წ. 30 ოქტომბრის განკარგულებით 2001წ. 6 ნოემბერს 12 საათზე დანიშნულ აუქციონზე მეზღვაურთა საავადმყოფო-პოლიკლინიკის ქონება იქნა გატანილი. 2001წ. 6 ნოემბერს აღმასრულებელ ზ. ნ-ის მიერ შედგა ოქმი, რომ არ მოხდა საწყისი ფასის 262325 ლარის შემოთავაზება, რის გამოც საწყისი ფასი შემცირდა 30%-ით. აღნიშნულის გამო განმეორებითი აუქციონი დაინიშნა.
აღმასრულებელ ზ. ნ-ის მიერ 2002წ. 25 იანვარს შედგა ოქმი, რომლის მიხედვით არ მოხდა აუქციონზე გატანილი ქონების გაყიდვა.
2002წ. 28 იანვარს შ. მ-მა განცხადებით მიმართა სააღსრულებო ბიუროს და ფოთის მეზღვაურთა საავადმყოფო-პოლიკლინიკის უძრავ-მოძრავი ქონების სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 771-ე მუხლის საფუძველზე გადაცემა მოითხოვა.
უძრავი ქონების ნატურით გადაცემის შესახებ 2002წ. 18 თებერვლის აქტით შ. მ-ს აღსრულების მომენტისათვის არებული 183628 ლარის უძრავი ქონება ნატურით გადაეცა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამოდინარე შ. მ-მა შეგებებული სარჩელით საკუთრების ხელყოფის, ქონების უკანონო მფლობელობის, ქონებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა კონსტიტუციის 21-ე მუხლისა და სკ-ს 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მოითხოვა.
2002წ. 2 მაისის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეებმა თავიანთი სასარჩელო მოთხოვნა დააზუსტეს და ფოთის ქონების მართვის სამმართველოს 1998წ. 17 დეკემბრის ¹129 ბრძანების გაუქმება და ქ.ფოთის მეზღვაურთა საავადმყოფო-პოლიკლინიკის შრომითი კოლექტივის უპირატესი შესყიდვის უფლების აღდგენა მოითხოვეს.
2002წ. 30 მაისს მოსარჩელეებმა იმ მოტივით, რომ საავადმყოფო-პოლიკლინიკა საკუთრების უფლებით შ. მ-ის სახელზე იქნა გატარებული საჯარო რეესტრში, გაზარდეს თავიანთი სასარჩელო და დამატებით უძრავი ქონების ნატურით გადაცემის შესახებ 2002წ. 18 თებერვლის აქტისა და ამ აქტის საფუძველზე აღნიშნული ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ბათილად ცნობა მოითხოვეს.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 15 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. შ. მ-ის შეგებებული სარჩელი დაკაყოფილდა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 10 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. ჭ-ას, ნ. ჟ-ას, ქ. ს-ას, მ. ჭ-ას, ლ. ჯ-ას, ნ. თ-ას, ლ. კ-ას, ფ. ყ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 15 ივლისის გადაწყვეტილება გაუქმდა. მოსარჩელეების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი უძრავი ქონების ნატურით გადაცემის შესახებ 2002წ. 18 თებერვლის აქტი და ამ აქტის საფუძველზე საავადმყოფო-პოლიკლინიკის შ. მ-ის საკუთრებად 2002წ. რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. დანარჩენ ნაწილში ი. ჭ-ასა და სხვათა სარჩელი არ დაკმაყოფილდა. არ დაკმაყოფილდა შ. მ-ის შეგებებული სარჩელი.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ფოთის ქონების მართვის სამმართველოს 1998წ. 17 დეკემბრის ბრძანებით საავადმყოფო-პოლიკლინიკის კოლექტივის წევრთა უპირატესი შესყიდვის უფლება არ დარღვეულა, ვინაიდან იმ დროისათვის, როცა 1998წ. 17 დეკემბერს ფოთის ქონების მართვის სამმართველომ ¹129 ბრძანებით კომერციული კონკურსი გამოაცხადა, უკვე ძალადაკარგული იყო საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1995წ. 30 ივნისის ¹392 დადგენილება, რომელიც შრომითი კოლექტივის მიერ შექმნილ ამხანაგობას სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით უპირატესი შესყიდვის უფლებას ანიჭებდა.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ფოთის სასამართლოს 1998წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგი საავადმყოფო-პოლიკლინიკის სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნება იყო და არა პოლიკლინიკის თანამშრომელთა უპირატესი შესყიდვის უფლების აღდგენა. აღნიშნული უფლება ფოთის სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგი ვერც იქნებოდა, რადგან იგი არ ყოფილა სარჩელის საგანი.
საქმის მასალებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ფოთის მეზღვაურთა საავადმყოფო-პოლიკლინიკა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს წარმოადგენდა. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 92-ე მუხლის მიხედვით კი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიმართ იძულებითი აღსრულება შეიძლება მხოლოდ ოთხი კვირის შემდეგ იმ მომენტიდან დაწყებულიყო, როცა კრედიტორმა თავისი განზრახვა აღსრულების საქმის აღძვრის თაობაზე განუცხადა მოვალეს განუცხადა. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში აღსრულება ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 92-ე და 921 მუხლის, საქართველოს 2002წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ამავე კანონის 22-ე მუხლის 25-ე პუნქტის, ასევე მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის დარღვევით მოხდა, რაც უკანონოა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შ. მ-მა იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა, ი. ჭ-ასა და სხვათა სარჩელის დაკმაყოფილებისა და მის შეგებებულ სარჩელზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების გამოტანა მოითხოვა.
კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, “სააღსრულებო წაროებათა შესახებ” საქართველოს კანონის 92-ე და 921-ე მუხლები, რომლებიც საბიუჯეტო ორგანიზაციებზე ვრცელდება.
კასატორის მითითებით, ფოთის მეზღვაურთა საავადმყოფო-პოლიკლინიკა საერთოდ არ წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. ასეთი რამ არც მხარეებს უმტკიცებიათ და არც დოკუმენტი არ არსებობს საქმეში. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მტკიცება, რომ ფოთის მეზღვაურთა საავადმყოფო-პოლიკლინიკა საჯარო სამართლის იურიდიული პირია უსაფუძვლოა.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად გამოიყენა საქართველოს 2002წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის მე-16 და 22-ე მუხლები, რადგან ეს ნორმები მაშინ შეიძლებოდა გამოყენებულიყო, თუ საავადყოფო-პოლიკლინიკა საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნებოდა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით იმავე საფუძვლებით გაასაჩივრა აგრეთვე ფოთის მეზღვაურთა საავადმყოფო-პოლიკლინიკის თანამშრომლების: ი. ჭ-ას, ნ. ჟ-ას და სხვათა წარმომადგენელმა ლ. ს-ემ და გასაჩივრებული გაგადწყვეტილების გაუქმება მოითხოვა იმ ნაწილში, რომლითაც მათი სარჩელი არ დაკმაყოფილდა და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და თვლის, რომ შ. მ-ისა და ფოთის მეზღვაურთა საავადმყოფო-პოლიკლინიკის თანამშრომელთა საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 10 თებერვლის გადაწყვეტილება ფოთის ქონების მართვის სამმართველოს 1998წ. 17 დეკემბრის ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე ფოთის მეზღვაურთა საავადმყოფო-პოლიკლინიკის თანამშრომელთა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, უძრავი ქონების ნატურით გადაცემის შესახებ 2002წ. 18 თებერვლის აქტისა და ამ აქტის საფუძველზე საავადმყოფო-პოლიკლინიკის შ. მ-ის საკუთრებად რეგისტრაციის ბათილად ცნობის ნაწილში, ასევე შ. მ-ის სარჩელზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილებში საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 10 თებერვლის გადაწყვეტილება ფოთის მეზღვაურთა საავადმყოფო-პოლიკლინიკის თანამშრომელთა უპირატესი შესყიდვის უფლების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის შესახებ უარის თქმის ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით უდავოდაა დადგენილი შემდეგი სახის ფაქტობრივი გარემოებები:
ფოთის მეზღვაურთა საავადმყოფო-პოლიკლინიკის პრივატიზაცია პირდაპირი წესით ამ დაწესებულების მუშაკთა მიერ შექმნილ ამხანაგობაზე საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების პრივატიზაციის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995წ. 30 ივნისის ¹392 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო ობიექტების პრივატიზების სახელმწიფო პროგრამის” დარღვევით მოხდა, რის გამოც ფოთის საქალაქო სასამართლოს 1998წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ქ.ფოთის მეზღვაურთა საავადმყოფო-პოლიკლინიკის 1996წ. 27 ნოემბრის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება და 1996წ. 27 ნოემბერს გაცემული საკუთრების დამადასტურებელი ¹46/168 მოწმობა.
აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა. ფოთის მეზღვაურთა საავადმყოფო-პოლიკლინიკა კვლავ სახელმწიფო საკუთრებად გაოცხადდა.
ზემოთ მითითებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის პირველივე დღეს, 1998წ. 17 დეკემბერს ფოთის ქონების მართვის სამმართველომ გამოსცა ¹129 ბრძანება, ფოთის ნავსადგურის საავადმყოფო-პოლიკლინიკის კომერციული კონკურსის ფორმით გაყიდვის თაობაზე. ამ ბრძანების შესახებ გაზეთ ,,ფ. უ.” 1999წ. 16 იანვარს გამოქვეყნდა. საკასაციო სასამართლო აქვე დასძენს, რომ საინტერესოა, როგორ შეძლო ფოთის ქონების მართვის სამმართველომ, ფაქტიურად ფოთის საქალაქო სასამართლოს 1998წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილების გამოტანის დღესვე აღნიშნული ბრძანების მიღება.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ფოთის მეზღვაურთა საავადმყოფო-პოლიკლინიკის თანამშრომელთა უპირატესი შესყიდვის უფლების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის შესახებ უარის თქმის ნაწილში და ამასთან დაკავშირებით განმარტავს შემდეგს:
იმ დროისათვის, როცა 1998წ. 17 დეკემბერს ფოთის ქონების მართვის სამმართველომ ¹129 ბრძანებით ფოთის მეზღვაურთა საავადმყოფო-პოლიკლინიკის კომერციული კონკურსის ფორმით გაყიდვა გამოაცხადა, უკვე ძალადაკარგულად იყო გამოცხადებული საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1995წ. 30 ივნისის ¹392 დადგენილება, რომელიც შრომითი კოლექტივის მიერ შექმნილ ამხანაგობას უპირატესობას ანიჭებდა. აღნიშნული დადგენილება ძალადაკარგულად საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 29 დეკემბრის ¹776 ბრძანებულების მე-3 პუნქტის ,,ბ” პუნქტის საფუძველზე გამოცხადდა. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ფოთის სასამართლოს 1998წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგი საავადმყოფო-პოლიკლინიკის სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნება იყო და არა პოლიკლინიკის თანამშრომელთა უპირატესი შესყიდვის უფლების აღდგენა. აღნიშნული უფლება ფოთის სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგი ვერც იქნებოდა, რადგან იგი არ ყოფილა სარჩელის საგანი.
ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ფოთის მეზღვაურთა საავადმყოფო-პოლიკლინიკის თანამშრომელთა სასარჩელო მოთხოვნა სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით უპირატესი შესყიდვის უფლების აღდგენის შესახებ უსაფუძვლოა. საკასაციო სასამართლო ამასთან, თვლის, რომ საქმის ხელმეორედ განხილვისას, სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს უძრავი ქონების ნატურით გადაცემის შესახებ 2002წ. 18 თებერვლის აქტისა და ამ აქტის საფუძველზე საავადმყოფო-პოლიკლინიკის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დროს რამდენად იქნა გამოყენებული და დაცული ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” და ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები. კერძოდ, რამდენად კანონიერად მოხდა სადავო ქონების აუქციონზე გატანა და შემდგომში მისი ნატურით გადაცემა, მოხდა თუ არა ქონების შეფასება იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მხოლოდ ამ გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ შეუძლია სააპელაციო სასამართლოს იმსჯელოს დაირღვა თუ არა შ. მ-ის საკუთრების უფლება და აქვს თუ არა მას უფლება მოითხოვოს ქონებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ. მ-ისა და ფოთის მეზღვაურთა საავადმყოფო-პოლიკლინიკის თანამშრომელთა საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სასამართლოს და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 10 თებერვლის გადაწყვეტილება ფოთის ქონების მართვის სამმართველოს 1998წ. 17 დეკემბრის ¹ 129 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე ფოთის მეზღვაურთა საავადმყოფო-პოლიკლინიკის თანამშრომელთა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, უძრავი ქონების ნატურით გადაცემის შესახებ 2002წ. 18 თებერვლის აქტისა და ამ აქტის საფუძველზე საავადმყოფო-პოლიკლინიკის შ. მ-ის საკუთრებად 2002წ. 26 თებერვლის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ბათილად ცნობის ნაწილში, ასევე, შ. მ-ის სარჩელზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილებში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 10 თებერვლის გადაწყვეტილება უპირატესი შესყიდვის თაობაზე ფოთის მეზღვაურთა საავადმყოფო-პოლიკლინიკის თანამშრომელთა სასარჩელო მოთხოვნის შესახებ უარის თქმის ნაწილში.
4. სახელმწიფო ბაჟი შეჯამდეს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.