გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-166-კ-03 1 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
სარჩელის საგანი: რეკვიზირებული შენობის ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის 1993წ. 16 მარტის ¹189 განკარგულებით, საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოების, საკონსულოებისა და წარმომადგენლობების განთავსების მიზნით, საქართველოს რესპუბლიკის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად, რეკვიზირებულ იქნა ქ. თბილისში, ... მდებარე შენობა, რომელშიც განთავსებული იყო საქართველოს ბუნების დაცვის საზოგადოება. ამავე განკარგულებით დადგინდა, რომ რეკვიზირებული შენობის სანაცვლოდ საქართველოს ბუნების დაცვის საზოგადოებას უნდა გადასცემოდა ქ. თბილისში, ... მდებარე ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ყოფილი ისტორიის მუზეუმის შენობის ნაწილი (1800 კვ.მ).
აღსანიშნავია, რომ საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის 1992წ. 23 ივნისის ¹409გ განკარგულებით ზემოთ მითითებული შენობა მიმდებარე ტერიტორიით ბალანსიდან ბალანსზე უკვე გადაცემული ჰქონდა თბილისის სამხატვრო აკადემიას, მონუმენტური ხელოვნების კათედრის ბაზაზე თბილისის მონუმენტური ხელოვნების ინსტიტუტსა და ბავშვთა საერთაშორისო ცენტრის შესაქმნელად – საქართველოს ბავშვთა ფედერაციას.
საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 31 დეკემბრის ¹667 განკარგულების პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტით თბილისში თურქეთის საელჩოს განსათავსებლად საქართველოს ბუნების დაცვის საზოგადოების მუზეუმ-ლექტორიუმის შენობის რეკვიზირების მოწერიგების, მასში მონაწილე იურიდიული პირების ინტერესთა შესაძლოდ სრულად დაკმაყოფილებისა და მასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის მიზნით თბილისის მერიას სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან ერთად დაევალა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უმოკლეს ვადაში განეხილა და გადაეწყვიტა ქ. თბილისში, ... მდებარე ყოფილი აბრეშუმის საწარმოო გაერთიანების შენობის ნაწილის (5986 კვ.მ) ბუნების დაცვის საზოგადოებისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხი.
ამავე განკარგულების მე-2 პუნქტით საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის 1993წ. 16 მარტის ¹189 განკარგულებიდან ამოღებულ იქნა წინადადება: “რეკვიზირებული შენობის სანაცვლოდ ბუნების დაცვის საზოგადოებას გადაეცეს თბილისში, ... მდებარე ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ყოფილი ისტორიის მუზეუმის შენობის ნაწილი (1800 კვ.მ)”.
საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 31 დეკემბრის ¹667 განკარგულების შესაბამისად, ქ. თბილისის მერიამ განიხილა ქ. თბილისში, ... მდებარე ყოფილი აბრეშუმის საწარმოო გაერთიანების შენობის ნაწილის (5986 კვ.მ) ბუნების დაცვის საზოგადოებისათვის გადაცემის შესაძლებლობა და 1998წ. 29 აპრილის ¹60 განკარგულებით ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995წ. 7 დეკემბრის ¹26.22.1417 დადგენილება ... მდებარე ყოფილი აბრეშუმის საწარმოო გაერთიანების გამოთავისუფლებული შენობა-ნაგებობების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემისა და მასში ბუნების დაცვის საზოგადოების განთავსების შესახებ.
ქ. თბილისის მერიის ამავე გაკარგულებით ქ. თბილისში ... მდებარე შენობაზე აღდგენილ იქნა თბილისის სამხატვრო აკადემიის უფლებები მინისტრთა საბჭოს 1990წ. 15 იანვრის ¹389 განკარგულების შესაბამისად.
ბუნების დაცვის საზოგადოებამ 1998წ. 5 მაისს სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების: საქართველოს პრეზიდენტის, ქ. თბილისის მერიის მიმართ და ითხოვა ქ. თბილისის მერიის 1998წ. 29 აპრილის ¹60 განკარგულების, აგრეთვე, საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 31 დეკემბრის ¹667 განკარგულების პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის ნაწილობრივ და მე-2 პუნქტის პირველი აბზაცის ბათილად ცნობა.
საქმე არაერთხელ განიხილა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლომ და ბოლოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 1999წ. 18 მარტის დადგენილებით მოსარჩელე ბუნების დაცვის საზოგადოებას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნული დადგენილება შევიდა კანონიერ ძალაში.
მანამდე, 1997წ. 2 სექტემბერს, ბუნების დაცვის საზოგადოებამ სარჩელი აღძრა საქართველოს უზენაეს საარბიტრაჟო სასამართლოში მოპასუხე საქართველოს პრეზიდენტის, მესამე პირის _ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელე სარჩელში აღნიშნავდა, რომ უხეშად დაირღვა მისი უფლებები, რაც გამოიხატა რეკვიზირებული შენობის ღირებულების გადაუხდელობასა და არატოლფასი ღირებულების სხვა შენობით მოსარჩელის დაუკმაყოფილებლობაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ითხოვა მოპასუხისათვის რეკვიზირებული შენობის ღირებულების _ 2169702 აშშ დოლარის _ ანაზღაურება ან მოპასუხის დავალდებულება, გამოეყო მოსარჩელისათვის რეკვიზირებული შენობის ღირებულების ტოლფასი სხვა შენობა.
საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997წ. 25 სექტემბრის განჩინებით მოცემულ საქმეში თანამოპასუხედ ჩაერთო ფინანსთა სამინისტრო, როგორც საქართველოს ხაზინის ინტერესების გამომხატველი.
უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, ამავე სასამართლოს 1997წ. 24 ნოემბრის განჩინებით საქმის წარმოება შეჩერდა და საქმის მასალები გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომელმაც საქმე არსებითად განსახილველად გადასცა მთაწმინდის რაიონის სასამართლოს.
მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1998წ. 10 ივნისის განჩინებით მოცემულ საქმეზე დაინიშნა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა.
იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის კვლევითი ცენტრის 1998წ. 29 ივნისის დასკვნით ... მდებარე სადავო შენობის სამშენებლო სამუშაოთა ღირებულება რეკვიზირების პერიოდისათვის შენობის ტექნიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ადგილმდებარეობის პრიორიტეტული პირობების კოეფიციენტის გათვალისწინების გარეშე შეადგენდა 2030364 აშშ დოლარს. მუზეუმ-ლექტორიუმის შენობის რეკონსტრუქციის ღირებულება კი შენობის რეკვიზირების პერიოდისათვის შეადგენდა 350735 აშშ დოლარს.
მანამდე, 1997წ. ნოემბერში, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს სახაზინო საწარმო “მშენაღდგენამ” შეაფასა სადავო შენობა 1994წ. 1 მარტის მდგომარეობით მოქმედი ფასების მიხედვით და მისი ღირებულება განსაზღვრა 2765380 აშშ დოლარით ადგილმდებარეობის პრიორიტეტული პირობების კოეფიციენტის გათვალისწინების გარეშე.
მთაწმინდის რაიონის სასამართლომ 1998წ. 30 სექტემბერს განიხილა აღნიშნული საქმე და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც ბუნების დაცვის საზოგადოების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს – საქართველოს პრეზიდენტს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2891238 ლარი ან დაევალა ქ. თბილისში ტოლფასი ღირებულების შენობის გამოყოფა. მოსარჩელეს უარი ეთქვა მუზეუმ-ლექტორიუმის რეკვიზაციის დროს განადგურებული ექსპონატების აღდგენის ღირებულების თანხის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
1998წ. 29 დეკემბერს მთაწმინდის რაიონის სასამართლომ რეგისტრაციაში გაატარა ბუნების დაცვის კავშირი “ბუდეკი”, რომელიც გახდა ბუნების დაცვის საზოგადოების სამართალმემკვიდრე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 1999წ. 25 აგვისტოს განიხილა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს საზედამხედველო საჩივარი და გამოიტანა განჩინება, რომლითაც მოცემულ საქმეზე გაუქმდა თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1998წ. 30 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეცა თბილისის საოლქო სასამართლოს.
თბილისის საოლქო სასამართლოში საქმის განხილვისას ჩატარდა განმეორებითი საინჟინრო-ტექნიკური კომისიური ექსპერტიზა, რომლის 1999წ. 30 ნოემბრის დასკვნით დადგინდა, რომ საქმეში არსებული მასალების კამერალურად დამუშავებით სადავო შენობის ღირებულება რეკვიზირებამდე შეადგენდა 2030364 აშშ დოლარს, ხოლო მუზეუმ-ლექტორიუმის ღირებულება _ 350735 აშშ დოლარს. ექსპერტებმა შენობის სახარჯთაღრიცხვო ღირებულების განსაზღვრისას არ გამოიყენეს ზონალური კოეფიციენტი.
2000წ. 7 დეკემბერს ბუნების დაცვის კავშირმა “ბუდეკმა” დაზუსტებული სასარჩელო განცხადება შეიტანა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს პრეზიდენტის მიმართ, მესამე პირად მიუთითა ფინანსთა სამინისტროზე.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ ბუნების დაცვის კავშირ “ბუდეკს” საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის 1993წ. 16 მარტის ¹189გ განკარგულებით რეკვიზირებული სადავო შენობის სანაცვლო შენობა არ მიუღია. აგრეთვე, არ მომხდარა რეკვიზირებული შენობის ღირებულების ანაზღაურება იმ დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის შესაბამისად.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ შენობის საბოლოო ღირებულება უნდა განსაზღვრულიყო ზონალური კოეფიციენტის (3.2) გამოყენებით, რომელიც მოქმედებდა სადავო შენობის რეკვიზიციის მომენტისათვის, რადგანაც რეკვიზირებამდე შენობის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება კომისიურმა ექსპერტიზამ ზონალური კოეფიციენტის გარეშე განსაზღვრა 2030364 აშშ დოლარით, ხოლო მუზეუმ-ლექტორიუმისა _ 350735 აშშ დოლარით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ითხოვა მოპასუხეს დაკისრებოდა რეკვიზირებული შენობის ღირებულების _ 6091092 აშშ დოლარისა და მუზეუმ-ლექტორიუმის ღირებულების _ 350735 აშშ დოლარის _ ანაზღაურება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000წ. 11 დეკემბრის განჩინებით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო მოცემულ საქმეში ჩაბმული დარჩა მესამე პირად ფინანსთა სამინისტროსთან ერთად.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2001წ. 1 მარტს განიხილა მოცემული საქმე და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ ქ. თბილისში, ... მდებარე შენობის ღირებულების ერთი მესამედის _ 676788 აშშ დოლარისა და მუზეუმ-ლექტორიუმის ღირებულების _ 350735 აშშ დოლარის _ ეკვივალენტი ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა, როგორც ბუნების დაცვის კავშირმა “ბუდეკმა”, ისე საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
2001წ. 16 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ ბუნების დაცვის კავშირი “ბუდეკის” საკასაციო საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ; საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 1 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლომ “ბუდეკის” საკასაციო საჩივრის განხილვისას დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო შენობა მთლიანად არ აუშენებია ნებაყოფლობით საზოგადოება “ტყის მეგობარს”, რომლის უფლებამონაცვლეც არის ბუნების დაცვის კავშირი “ბუდეკი”, გარდა ამისა, საკასაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ქ. თბილისის მერიის საქალაქო კოლეგიის 1993წ. 27 მარტის ¹01.03.03 გადაწყვეტილებით დამტკიცებული დებულებით გათვალისწინებული ადგილმდებარეობის პრიორიტეტულობის ზონალური კოეფიციენტის (3,2) გამოყენება შენობის რეკვიზიციის შემთხვევაში, სადავო შენობის შეფასებისას, კანონსაწინააღმდეგო იყო. რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლის საკასაციო საჩივარს, საკასაციო სასამართლომ იგი დააკმაყოფილა იმ საფუძვლით, რომ მოცემულ საქმეში ფინანსთა სამინისტროს მოპასუხედ ჩართვის შესახებ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000წ. 20 ოქტომბრის საოქმო განჩინება კანონიერ ძალაში იყო და თუ მოსარჩელის სასარგებლოდ გარკვეული თანხა უნდა დაკისრებოდა მოპასუხეს, ეს მოპასუხე ფინანსთა სამინისტრო უნდა ყოფილიყო. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დაუსაბუთებელი იყო განადგურებული ნივთების ღირებულების – 350735 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.
2003წ. 18 თებერვალს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ განიხილა აღნიშნული საქმე და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ბუნების დაცვის კავშირი “ბუდეკის” სარჩელი; მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელისათვის ქ. თბილისში ... მდებარე შენობის ღირებულების ერთი მესამედის, 676788 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, ანაზღაურება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ იმ დროისათვის მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის შესაბამისად, რომელიც ქონების ჩამორთმევას ითვალისწინებდა მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის 1993წ. 16 მარტის ¹189გ განკარგულება თავისი შინაარსით წარმოადგენდა მხოლოდ მარეკვიზირებელ განკარგულებას.
სასამართლო კოლეგიამ დაასკვნა, რომ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1953წ. 18 თებერვლის ¹294 დადგენილებით დამტკიცდა საქართველოს ნებაყოფლობითი საზოგადოება “ტყის მეგობრის” მიერ წარდგენილი საპროექტო დავალება და 11400 კვ.მ ფართის შენობის მშენებლობის სახარჯთაღრიცხვო-საფინანსო გაანგარიშება 1986000 მანეთის ოდენობით.
საქართველოს საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ იხელმძღვანელა სრულიად საქართველოს ნებაყოფლობითი საზოგადოება “ტყის მეგობრის” 1948წ. 16 აგვისტოს მიღებული წესდების მეოთხე თავით, 22-ე და 26 მუხლებით და დაადგინა, რომ საზოგადოება ფინანსდებოდა საკუთარი სახსრებით, კერძოდ, საწევრო შენატანებით, საჯარო ლექციებით და მოხსენებებით მიღებული შემოსავლებით, და საკუთრებაში ჰქონდა ქონება, რაც ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ შენობის მშენებლობაზე დახარჯული თანხები წარმოადგენდა მის საკუთრებას და შესაბამისად, საკუთარი სახსრებით აშენებული შენობის 1/3 ნაწილი წარმოადგენდა საზოგადოების საკუთრებას. სასამართლო კოლეგიამ ქ. თბილისში, ... მდებარე შენობის ღირებულებად მიიჩნია იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის 1999წ. 30 ნოემბრის დასკვნით დადგენილი ოდენობა, 2030364 აშშ დოლარი, საიდანაც ბუნების დაცვის საზოგადოების კუთვნილი 1/3 წილის ღირებულება იქნებოდა 676788 აშშ დოლარი.
სასამართლო კოლეგიამ განმარტა, რომ ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1998წ. 29 დეკემბრის დადგენილებით, რომლითაც რეგისტრაციაში გატარდა ბუნების დაცვის კავშირი “ბუდეკი”, ეს უკანასკნელი წარმოადგენდა ბუნების დაცვის საზოგადეობის სამართალმემკვიდრეს. სასამართლო კოლეგიამ, შესაბამისად, უსაფუძვლოდ მიიჩნია მოპასუხის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სამართალმემკვიდრეობის საკითხი საქმის მასალებში არ იყო დადასტურებული.
თბილისის საოლქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ ფინანსთა სამინისტრო არ ეთანხმება თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 18 თებერვლის გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომლითაც ფინანსთა სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 676788 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. კასატორს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება უსაფუძვლოა, დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორი, ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ სადავო შენობის აშენებისათვის საზოგადოება “ტყის მეგობარს” დახარჯული ჰქონდა 815000 მანეთი, თუმცა სასამართლო კოლეგიას არ უმსჯელია, აღნიშნული თანხა წარმოადგენდა თუ არა საზოგადეობის საკუთრებას. სასამართლო კოლეგიამ ასევე დადგენილად ჩათვალა, რომ საზოგადეობა “ტყის მეგობარს” ჰქონდა საკუთარი სახსრები და რომ თითქოს შესაძლებელი იყო საზოგადოებას აღნიშნულ შენობაზე ჰქონოდა საკუთრების უფლება, რის დასტურადაც სასამართლო მიუთითებდა საზოგადოების წესდების 26-ე მუხლზე. კასატორი არ ეთანხმება სასამართლო კოლეგიის აღნიშნულ დასკვნას, ვინაიდან საზოგადოების წესდებაში არსად არ იყო აღნიშნული იმის თაობაზე, რომ საზოგადეობას საკუთრების უფლებით გააჩნდა რაიმე ქონების ფლობის უფლება. საზოგადოების წესდების 26‑ე მუხლის თანახმად კი, საზოგადოების ლიკვიდაციის შემთხვევაში დარჩენილი ქონების განკარგვა უნდა მომხდარიყო მთავრობის მითითებით, რაც კასატორის განმარტებით, მიგვანიშნებს იმაზე, რომ ქონების კანონიერი მესაკუთრე იყო არა საზოგადოება, არამედ მთავრობა, ხოლო საზოგადოება ქონებას ფლობდა მხოლოდ სარგებლობის უფლებით.
ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ საქმეში არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ ბუნების დაცვის საზოგადეობა “ბუდეკი” არის საზოგადოება “ტყის მეგობრის” სამართალმემკვიდრე, ხოლო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა ბუნების დაცვის კავშირი “ბუდეკის” სამართალმემკვიდრეობის საკითხს.
კასატორი ფინანსთა სამინისტრო არ იზიარებს სასამართლო კოლეგიის მითითებას იმის თაობაზე, რომ ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა ცნო სარჩელი, ვინაიდან სამინისტროს წარმომადგენელს სარჩელის ცნობის უფლება არ ჰქონდა, რაც აღნიშნული იყო სამინისტროს მიერ გაცემულ მინდობილობაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 18 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების გამოტანით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 18 თებერვლის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, აგრეთვე, გაასაჩივრა საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა.
საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლის საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ არ გამოიკვლია და არასწორი შეფასება მისცა საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს, რის გამოც გამოიტანა უკანონო გადაწყვეტილება.
კასატორი საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ თბილისის საოლქო სასამართლომ გამოიკვლია და დადგენილად ჩათვალა, რომ ბუნების დაცვის საზოგადეობას გააჩნდა საკუთარი სახსრები, მაგრამ მისი საკუთარი სახსრებით იყო თუ არა აშენებული სადავო შენობა გაურკვეველი დატოვა. თბილისის საოლქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1959წ. 12 დეკემბრის ¹1404გ განკარგულებაზე, რომლითაც დადგენილად მიიჩნია, რომ ბუნების დაცვის საზოგადოებამ შენობის ასაშენებლად დახარჯა 815000 მანეთი. კასატორს მიაჩნია, რომ აღნიშნული დოკუმენტით არ დასტურდება ვის სახსრებს იყენებდა საზოგადეობა შენობის ასაშენებლად. საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა 815000 მანეთის ვინმესადმი კუთვნილებას. შესაბამისად, კასატორს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ბუნების დაცვის კავშირ “ბუდეკის” მიერ 815000 მანეთის დახარჯვის ფაქტით არ დასტურდება მისი საკუთრების უფლება, ვინაიდან არ დასტურდება მის მიერ დახარჯული 815000 მანეთის მისი საკუთარი სახსრებიდან წარმოშობის ფაქტი, ანუ სასამართლომ არ დაადგინა 815000 მანეთის წარმოშობის წყარო.
კასატორი საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი განმარტავს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს საზოგადოების წესდება უნდა განემარტა მაშინ მოქმედ კანონმდებლობასთან ერთობლიობაში. საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ მაშინ მოქმედი 1937წ. კონსტიტუციის მე-5 მუხლი აღიარებდა: 1. სახელმწიფო საკუთრების (საყოველთაო-სახალხო კუთვნილება) და 2. კოოპერაციულ-საკოლმეურნეო საკუთრების ფორმას, ხოლო ამავე კონსტიტუციის 139-ე მუხლით გათვალისწინებული იყო საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობა. კასატორი აღნიშნავს, რომ საზოგადოებისათვის ქონების მიკუთვნება შესაძლებელი იყო მხოლოდ და მხოლოდ ზემოაღნიშნულ მე-5 მუხლში ჩამოთვლილი საკუთრების ფორმების ფარგლებში, ვინაიდან კონსტიტუციის მიხედვით აღიარებული იყო მხოლოდ ეს ფორმები.
კასატორი საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი არ ეთანხმება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას იმის თაობზე, რომ საზოგადოების წესდების 22-ე, 26-ე მუხლები და იქვე მითითებული შენიშვნა ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ საზოგადოების სახსრებს შეადგენდა მხოლოდ მისი საკუთარი სახსრები და მის მიერ მშენებლობაზე დახარჯული თანხებიც მის საკუთრებას წარმოადგენდა. იმავე წესდების 24-ე მუხლის მიხედვით, ბუნების დაცვის საზოგადოების მმართველობის ორგანოები მთელ თავიანთ სამუშაოს ახორციელებდნენ სათანადო საბჭოთა და პარტიულ ორგანიზაციებთან მჭიდრო კონტაქტითა და მათი ხელმძღვანელობით. ხოლო საზოგადოების მმართველობის ორგანოებს, ამავე წესდების მე-14 მუხლის მიხედვით, წარმოადგენდნენ ყრილობა, საბჭო, რომელსაც ირჩევდა ყრილობა, პრეზიდიუმი და სარევიზიო კომისია. კასატორ საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლის განმარტებით, სასამართლოს მითითება თანხების პროცენტულ გადარიცხვებთან დაკავშირებით, რომლითაც სასამართლო შეეცადა დაესაბუთებინა საზოგადეობის მიერ საკუთარი სახსრების ფლობა, ვერ გამოდგება ზემოაღნიშნული გარემოების დასადასტურებლად, ვინაიდან დასახელებული წესდების 24-ე მუხლის მიხედვით, საზოგადეობის მმართველობის ორგანოები მთელ თავიანთ საქმიანობას ახორციელებდნენ სახელმწიფო ორგანოების ხელმძღვანელობით.
საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლის საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სასამართლო კოლეგიამ არასწორად განმარტა საზოგადეობის წესდების 26-ე მუხლი, რომ იგი ითვალისწინებდა მხოლოდ მთავრობის მითითებას. კასატორი მიუთითებს, რომ თუ ქონება წარმოადგენდა ბუნების დაცვის საზოგადოების საკუთრებას, მაშინ წესდებაში არ იქნებოდა მითითებული, რომ ქონების განკარგვა მთავრობის მითითებით უნდა მომხდარიყო. ქონების განკარგვაზე მთავრობის მითითების აუცილებლობა ცალსახად ადასტურებს ქონების მესაკუთრის ვინაობას. კასატორი განმარტავს, რომ აღნიშნულ მუხლში ცალსახად წერია, რომ ქონებას განკარგავდა მთავრობა, რომელიც თავისი მითითებით განსაზღვრავდა, თუ ვის გადაეცემოდა დარჩენილი ქონება _ სახელმწიფოს თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციას.
საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელის საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბუნების დაცვის საზოგადეობას არ გააჩნდა საკუთარი სახსრები, საკუთრების ცნების ვიწრო გაგებით, ვინაიდან მთელ საქმიანობას, მათ შორის შემოსული თანხების განაწილებასა და მათ განკარგვას ხელმძღვანელობდა სახელმწიფო. კონსტიტუციით არ იყო განსაზღვრული საზოგადოებრივი ორგანიზაციის საკუთრების ფორმა, შესაბამისად, სადავო შენობაზე საზოგადოების მიერ დახარჯული თანხები არ წარმოადგენდა მის საკუთარ სახსრებს, ხოლო სადავო შენობის 1/3 არ წარმოადგენდა მის საკუთრებას. კასატორი მიუთითებს, რომ აღნიშნული გარემოება დასტურდება საქმეში არსებული ტექ. ბიუროს ცნობით, ტექ. ბიუროდან მოწვეული სპეციალისტის განმარტებებით და 1989წ. ¹117გ განკარგულებით, რომლებშიც არაფერია ნახსენები, არათუ მთელი შენობის საკუთრებაზე, არამედ მის 1/3 ნაწილზეც კი.
კასატორი საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ სასამართლო კოლეგია საერთოდ არ შეხებია 1937წ. კონსტიტუციას, რომელიც წარმოადგენდა მაშინ მოქმედ უმაღლეს კანონს, რომლის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო საზოგადოების უფლებების დადგენა. შესაბამისად, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 18 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებასა და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიისათვის საქმის დაბრუნებას ხელახლა განსახილველად.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 18 თებერვლის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ბუნების დაცვის ეროვნული კავშირი “ბუდეკმა”.
საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სასამართლო კოლეგიამ არასწორად მიიჩნია “ბუდეკი” სადავო შენობის მხოლოდ 1/3-ის მესაკუთრედ, რადგანაც საქმის მასალებით დადგენილია, სადავო შენობა მთლიანად აშენებული იყო ნებაყოფლობითი საზოგადოება “ტყის მეგობრის” სახსრებით. კასატორის განმარტებით, აღნიშნულს ადასტურებს საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის 1993წ. 16 მარტის ¹189 განკარგულება, რომლის თანახმად, უნდა მომხდარიყო მთლიანი შენობის და არა მისი ნაწილის რეკვიზიცია.
კასატორი მიუთითებს, რომ არასწორია სასამართლო კოლეგიის მიერ შენობის საბოლოო ღირებულების განსაზღვრისას შენობის რეკვიზიციის მომენტისთვის ადგილმდებარეობის პრიორიტეტულობის ზონალური კოეფიციენტის გამოუყენებლობა.
კასატორის განმარტებით, სასამართლო კოლეგიამ არასწორად უთხრა უარი “ბუდეკს” მუზეუმ-ლექტორიუმის ღირებულების ანაზღაურებაზე.
კასატორმა საკასაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 18 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა “ბუდეკის” სარჩელი და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით “ბუდეკის” სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა, მესამე პირის განმარტებებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ სრულიად საქართველოს ნებაყოფლობითი საზოგადოება “ტყის მეგობარი”, რომლის უფლებამონაცვლეც საბოლოოდ გახდა ბუნების დაცვის ეროვნული კავშირი „ბუდეკი“, ფინანსდებოდა საკუთარი სახსრებით, კერძოდ, საწევრო შენატანებით, საჯარო ლექციებითა და მოხსენებებით მიღებული შემოსავლებით და საკუთრებაში ჰქონდა ქონება, რაც ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ სადავო შენობის მშენებლობაზე დახარჯული თანხა წარმოადგენდა აღნიშნული საზოგადოების საკუთრებას, შესაბამისად, საკუთარი სახსრებით აშენებული შენობის 1/3 ნაწილიც წარმოადგენდა მის საკუთრებას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, რადგანაც კასატორებს – ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლებს საკასაციო სასამართლოსათვის არ მიუმართავთ დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიით.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორ “ბუდეკის” მოსაზრებას და იზიარებს სასამართლო კოლეგიის მოტივაციას, რომ “ქ. თბილისში მუნიციპალური საკუთრების შენობა-ნაგებობებში არასაცხოვრებელი ფართობის იჯარით და იჯარის უფლების აუქციონის (კონკურსის) წესით გადაცემის შესახებ” ქ. თბილისის მერიის საქალაქო კოლეგიის 1993წ. 27 მარტის ¹01.03.63 გადაწყვეტილებით დამტკიცებული დებულებით გათვალისწინებული ზონალური კოეფიციენტი არ უნდა იქნეს გამოყენებული სადავო შენობის ღირებულების განსაზღვრისას, რადგანაც ზონალური კოეფიციენტი გამოიყენებოდა არასაცხოვრებელი ფართის იჯარით, აუქციონის (კონკურსი) წესით გადაცემისას, ხოლო სადავო შენობა ზემოთ აღნიშნული არც ერთი წესით არ გაცემულა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლო კოლეგიამ სწორად ჩათვალა იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის 1999წ. 30 ნოემბრის დასკვნით დადგენილი 2030364 აშშ დოლარი სადავო შენობის ღირებულებად, საიდანაც ბუნების დაცვის ეროვნული კავშირი “ბუდეკის” კუთვნილი 1/3 წილის ღირებულება შეადგენს 676788 აშშ დოლარს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სასამართლო კოლეგიის მოტივაციას, რომ “ბუდეკმა” გაუშვა განადგურებული მუზეუმ-ლექტორიუმის ქონების ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის უფლებიდან გამომდინარე სასარჩელო ხანდაზმულობის ერთწლიანი ვადა, რომელიც გათვალისწინებული იყო იმ დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) 75-ე მუხლით.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ სწორად მიიჩნია ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფოს წარმომადგენლად საფინანსო ვალდებულებებში, რის გამოც თანხის ანაზღაურება დაეკისრა მხოლოდ მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორი გადაწყვეტილება გამოიტანა, რის გამოც მისი გაუქმების სსკ-ს 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული იურიდიული საფუძვლები არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელ ი. კაპანაძის, ფინანსთა სამინისტროსა და ბუნების დაცვის ეროვნული კავშირი “ბუდეკის” საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 18 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. ბუნების დაცვის ეროვნულ კავშირ “ბუდეკს” დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.