Facebook Twitter

643აპ. 31 იანვარი, 2007 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),

მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ტ. ც-სა და მისი დამცველის, ადვოკატ მ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საბრალდებო დასკვნის მიხედვით ტ. ც-ეს, ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტითა (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) და იმავე კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) გათვალისწინებული ისეთ ქმედებებში, როგორიცაა ყაჩაღობა, ჩადენილი არაერთგზის, ასევე, თაღლითობა, რომელთა ფაქტობრივი გარემოებები, რაც დადგენილად მიიჩნიეს ასევე პირველი ინსტანციისა და სააპელაციტო სასამართლოებმა, გამოიხატა შემდეგში:

ტ. ც-ემ 2005 წლის 13 ივლისს განიზრახა თაღლითური გზით, მოტყუებით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება. იგი, დაახლოებით 17 საათზე, ---ს ქ. ¹26-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში მივიდა, სადაც აღნიშნული სახლის პატრონი ე. ი-ძე იყო. ტ. ც-ემ ე. ი-ძე მოატყუა, რომ მეგობართან დაკავშირებაუნდოდა და ვითომდა დარეკვის მიზნით ტელეფონი სთხოვა. ე. ი-ძე ტ. ც-ეს იცნობდა, როგორც მათი უბნის ხშირ სტუმარს. ამიტომ მას ადვილად ენდო და “სამსუნგის” ფირმის მობილური ტელეფონი ათხოვა. აღნიშნულ ტელეფონში მოთავსებული იყო შპს “---ის” ქსელში ჩართული ე. ი-ზე რეგისტრირებული სიმბარათი ნომრით ---. ტ. ც-ემ ტელეფონიდან დარეკა და საუბარი დაიწყო, რათა ტელეფონის თხოვების მიზანი გაემყარებინა და ნდობა მოეპოვებინა. თ. ც-ემ ისარგებლა იმით, რომ ე. ი-ემ მას თვალი მოარიდა, შეუმჩნევლად გამოიპარა ეზოდან და თაღლითურად, მოტყუებით დაეუფლა 700 ლარად ღირებულ ე. ი-ის კუთვნილ მობილურ ტელეფონს მისი მართსლაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რითაც დაზარალებულს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

2005 წლის ნოემბრის თვეში, ტ. ც-ემ განიზრახა ყაჩაღური თავდასხმის გზით მართლსაწინააღმდეგოდ, არაერთგზის ლაუფლებოდა სხვის მოძრავ ნივთს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით 2005 წლის 4 ნოემბერს, დაახლოებით 15 საათზე, თბილისში ---ას ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოში მივიდა. აღნიშნულ ავტოსამრეცხაოში მუშაობდა გ. ნ-ლი, ტ. ც-ემ ამ უკანასკნელს, ვითომდა დარეკვის მიზნით, მობილური ტელეფონი მოსთხოვა. გ. ნ-მა ტ. ც-ეს უარი უთხრა იმის გამო, რომ მას ანგარიშზე თანხა არ ჰქონდა. ტ. ც-ემ მას აუხსნა, რომ თავის სიმბარათს ჩადებდა და ისე დარეკავდა, რაზედაც გ. ნ-ლი და თანხმდა წყარო გამოირთო. ტ. ც-ემ ტელეფონის დამუხტვის მიზნით გ. ნ-ლს შესთავაზა, რომ ---ას ქუჩაზე მეგობრის ბინაში დაუმუხტავდა. Uგ. ნ-ლი არ ენდო ტ. ც-ეს და მას თვითონაც გაჰყვა. ისინი ---ას ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში შევიდნენ. ტ. ც-ემ დანა ამოიღო და მას აფიშირება გაუკეთა, გ. ნა-ის აჩვენა და შეაფასებინა იგი, რის შემდეგაც ისევ შეინახა მე-8 სართულზე ტ. ც-ემ ერთ-ერთ ბინასთან დააკაკუნა, მაგრამ არავინ გამოეხმაურა. შემდეგ ორივენი ეზოში დაბრუნდნენ. ტ. ც-ემ გ. ნ-ლი კორპუსის წინ მოფარებულ ადგილას გაიყვანა და ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის მუქარით მოსთხოვა აღარ გაჰყოლოდა მას. მან ასევე უთხრა მისთვის მობილური ტელეფონი გაეტანებინა. გ. ნ-საგან კატეგოირული უარის მიღების შემდეგ იგი განმეორებით დაემუქრა მას ფიზიკური ძალადობითა და ცემით. აღნიშნულით შეშინებულ გ. ნ-ლს გაახსენდა, რომ ც-ეს თან ჰქონდა დანა, რმოელიც მას ლიფტში სპეციალურად აჩვენა. ცემისა და იმის შიშით, რომ მას დანა არ გამოეყენებინა და მისთვის სხეულის დაზიანება არ მიეყენებინა, გ. ნ-მა მისი კუთვნილი 300 ლარად ღირებული _ “სამსუნგის” ტელეფონი, ტ. ც-ეს დაუტოვა. აღნიშნული ტელეფონი ტ. ც-ემ მართსლაწინააღმდეგოდ გაიტაცა და მამის _ ა. ც-ის მეშვეობით ქ. თბილისში, ---ის ქ. ¹14\--ში მდებარე ლომბარდში 95 ლარად ჩააბარა.

საქმე განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ, რომელმაც 2006 წლის 7 აპრილის განაჩენით ტ. ც-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტიდან (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) გადააკვალიფიცირა იმავე კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ”, “დ” ქვეპუნქტებზე (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), რომელიც ამ ნაწილში შეაფასა როგორც ძარცვა, ჩადენილი არაერთგზის და ისეთი ძალადობის მუქარით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, ხოლო თაღლითობის ნაწილში მისი ქმედების კვალიფიკაცია, განსაზღვრული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), დატოვა უცვლელად. სასამართლომ მსჯავრდებულ ტ. ც-ეს, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, სასჯელის ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა. ლ-ემ და მსჯავრდებულ ტ. ც-ის დამცველმა, ადვოკატმა ზ. ჯ-მა. სახელმწიფო ბრალმდებელი თავისი საჩივრით ითხოვდა განაჩენის მსჯავრდებულისათვის საუარესოდ შებრუნებას, კერძოდ, ტ. ც-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ”, “დ” ქვეპუნქტებიდან (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) იმავე კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტზე (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) გადაკვალიფიცირებას, აგრეთვე, აღნიშნული ნორმის სანქციისა და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის სანქციის საფუძველზე, მის მიმართ სასჯელის ზომად 8 (რვა) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას, ვინაიდან მიიჩნია, რომ ტ. ც-ემ თაღლითობასთან ერთად ჩაიდინა ყაჩაღობა და არა ძარცვა, რაც დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით.

ადვოკატი ზ. ჯ-ლი თავისი საჩივრით ითხოვდა ტ. ც-ის მსჯავრდების თაობაზე გამოტანილი განაჩენის გაუქმებასა და თაღლითობის ნაწილში მის მიმართ საქმის შეწყვეტას იმ მოტივით, რომ დაზარალებულ ე. ი-ის განცხადებით მას მნიშვნელოვანი ზიანი არ განუცდია და შეურიგდა მსჯარვდებულს, რაც საფუძველს წარმოადგენს ამ უკანასკნელის მიმართ საქართველოს სსკ-ის 69-ე მუხლის გამოყენებისათვის. ამავე დროს, ადვოკატი თავისი საჩივრით ითხოვდა ტ. ც-ის გამრათლებას საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ”, “დ” ქვეპუნქტებით ბრალდების ნაწილში იმ მოტივით, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიერ საქმეზე დაზარალებულად ცნობილი გ. ნ-ის მიმართ განხორციელებული ქმედება წარმოადგენს სამოქალაქო დელიქტს და არა დანაშაულს, ვინაიდან მან დაარღვია ნივთის თხოვებასთან დაკავშირებით სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულება ნათხოვარი ნივთის კანონიერი მესაკუთრისათვის დაბრუნების თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2006 წლის 21 ივნისის განაჩენით დაცვის მხარის მიერ შეტანილი საჩივარი არ დააკმაყოფილა, ხოლო პროკურორ ა. ლ-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დააკმაყოფილა ნაწილობრივ, კერძოდ, ტ. ც-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ”, “დ” ქვეპუნქტებიდან (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) გადააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტზე (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) და, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის საფუძველზე, მას სასჯელის ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ტ. ც-ემ და მისმა დამცველმა, ადვოკატმა ზ. ჯ-მა საკასაციო საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამრათლის საქმეთა პალატას, რომლითაც კასატორები ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის აგუქმებასა და მსჯავრდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას გამამართლებელ საფუძველზე იმ მოტივით, რომ მას არც თაღლითობა ჩაუდენია და არც ყაჩაღობა, ხოლო ბრალდება, რომელიც მას განაჩენით შეერაცხა, ეყრდნობა საპრცოესო ნორმების დარღვევით მოპოვებულ არასარწმუნო მტკიცებულებებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ ტ. ც-ის მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილებები შემდეგ გარემოებათა გამო:

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით და 568-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ტ. ც-სა და მისი დამცველის, ადვოკატ ზ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივნისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ ტ. ც-ის ქმედება იმ ნაწილში, რმოელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ”, “დ” ქვეპუქნტებზე (2000 წლის 30 მაისის რედაქცია).

მსჯავრდებულ ტ. ც-ეს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ”, “დ” ქვეპუნქტების საფუძველზე სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული სასჯელი შეიკრიბოს მის მიმართ სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელთან და მას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.