Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-169-კ-03 8 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: მორალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 23 იანვარს თბილისის საოლქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართეს ფიზიკურმა პირებმა: ვ. შ-მა, ა. ნ-მა, ლ. დ-მა და ვ. გ-მ. მოსარჩელეები ითხოვდნენ მოპასუხე საქართვლოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს დაკისრებოდა მათთვის მიყენებული მორალური ზიანის საკომპენსაციოდ 600000 ლარის გადახდა თანაბარწილად თითოეულ მოსარჩელეზე.

2002წ. 27 სექტემბრის განჩინებით საქმის წარმოება დაწყებული ვ. შ-ის სარჩელის გამო საქართევლოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს მიმართ პატივისა და ღირსების შელახვით მიყენებული მორალური ზიანის, კომპენსაციის ნაწილში, შეწყდა ვ. შ-ის გარდაცვალების გამო.

2002წ. 30 სექტემბერს მოსარჩელეების ლ. დ-ის, ა. ნ-ისა და ვ. გ-ს წარმომადგენლის მიერ თბილისის საოლქო სასამართლოში შეტანილ იქნა დაზუსტებული სასარჩელო განცხადება მოპასუხე – ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო კომისიის, ფინანსთა სამინისტროს და მესამე პირის – ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს მიმართ. დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მოსარჩელეები ითხოვდნენ: მოპასუხეს _ ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო კომისიასა და ფინანსთა სამინისტროს-დაკისრებოდათ მათთვის მიყენებული მორალური ზიანისა და კომპენსაციის სახით სულ 600000 ლარის გადახდა თანაბარწილად, თითოეულ მოსარჩელეზე. მოპასუხეები თავიანთ სასარჩელო მოთხოვნას აფუძნებდნენ შემდეგ გარემოებებს:

1987წ. 12 ივნისს სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს საჰაერო ხომალდით ტუ-154.2-85359, ¹... რეისი თბილისი-ოდესის შესრულებისას 10600 მეტრის სიმაღლეზე მოხდა საჰაერო ხომალდის ჰერმეტიზაციის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჟანგბადის დაკარვა და წნევის ვარდნა. შექმნილ პირობებში ექსტრემალური და სიცოცხლისათვის საშიში ზომების მიღება მოუწიათ ეკიპაჟის წევრებს: ხომალდის მეთაურს – ვ. შ-ს, მეორე პილოტს – ა.ნ-ს, შტურმანს _ ვ.გ-ს და ბორტგამცილებელს – ლ.დ-ს, რათა გადაერჩინათ 167 მგზავრის სიცოცხლე და საჰაერო ხომალდი.

აღნიშნულ შემთხვევამდე ეკიპაჟის ყველა წევრი იყო აბსოლუტურად ჯანმრთელი და არცერთ სამედიცინო საფრენოსნო კომისიაზე რაიმე შენიშვნა არ დაფიქსირებულა. ავარიის შედეგმა, რაც ჟანგბადის, უჰაერობისა და წნევის ვარდნით ხასიათდებოდა, სავალალო და აშკარა გავლენა იქონია მათ ჯანმრთელობაზე, 100%-ით დაკარგეს პროფესიული შრომისუნარი და მიენიჭათ ინვალიდობის მეორე ჯგუფი. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ ეკუთვნოდათ სარჩოს დანიშვნა, მაგრამ საავიაციო ხელმძღვანელობის მხრიდან ნაცვლად თანადგომისა და დახმარებისა, მათ მიმართ დაიწყო დევნის, ცილისწამებისა და შეურაცხყოფის კომპანია. პრესის საშუალებით გამოქვეყნდა ცილისმწამებლური ინფორმაცია მათ შესახებ, ხოლო საქართევლოს სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს იმდროინდელმა უფროსმა – კ. კ-ემ მიიჩნია, რომ მოსარჩელეები უსაფუძვლოდ ღებულობდნენ სარჩოს და საქმე პროკურატურაში გადაგზავნა, რის შემდეგაც საერთოდ შეუწყვიტეს სარჩოს გადახდა. ბრალად დასდეს, თითქოს მათ შეცდომაში შეიყვანეს ხელმძღვანელობა და შესაბამისი აქტების, ფორმა ¹6-1, წარმოდგენის გარეშე დაენიშნათ სარჩო.

მიუხედავად იმისა, რომ ახალმა კანონმდებლობამ განსაზღვრა სარჩოს გაანგარიშების პრინციპები, ეკიპაჟის წევრებს ისევ უწევთ სასამართლოში თანხის გაანგარიშების თაობაზე სარჩელით მიმართვა და ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის წევრების მხრიდან წინააღმდეგობების გადალახვა.

ყოველი მისვლა სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციაში თანხის მიღების მიზნით, მთავრდება დაპირისპირებით და კონფლიქტით. არ კეთდება გადაანგარიშებები, კანონის მოთხოვნები არ სრულდება. ნაცვლად იმისა, რომ ავიაციის ადმინისტრაცია დახმარებოდა კანონით გათვალისწინებული თანხების დროულ მიღებაში და ავიაკატასტროფის შედეგად ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაში, რაც მათ უშუალო მოვალეობას შეადგენს, მათ პერმანენტული დაპირისპირება და ბრძოლა უწევთ თუნდაც ელემენტარული პრობლემის დასაკმაყოფილებლად, რაც, ცხადია, კარგს ვერაფერს შესძენს მოსარჩელეთა ჯანმრთელობას, მით უფრო, რომ მკურნალობისათვის საჭირო თანხები მათ არ გააჩნიათ.

ამდენად, მოსარჩელეებს მოპასუხე მხარის ხელმძღვანელ და პასუხისმებელ მუშაკთა მხრიდან მიადგათ ფიზიკური და მორალური ზიანი, რაც გამოიხატა მათი კანონიერი უფლებების უგულვებელყოფაში, პატივისა და ღირსების შელახვაში, შეურაცხმყოფელ და ცილისმწამებლურ განცხადებებში, მათ შორის პრესის მეშვეობითაც. აღნიშნულს შედეგად მოჰყვა მათი ფიზიკური ჯანმრთელობისა და ნერვული სისტემის რღვევა, იმედგაცრუება, პროფესიული ზრდის პერსპექტივისა და საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დაკარგა. მოსარჩელეები სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად უთითებდნენ სკ-ს მე-18, 419-ე და 1005-ე მუხლებს.

მოპასუხე – ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სარჩელს არ გააჩნია არავითარი სამართლებრივი საფუძველი და, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 12 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების ა. ნ-ის, ლ. დ-ის და ვ. გ-ს სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

მოსარჩელეებმა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

კასატორები თავიანთ საჩივარში ძირითადად მიუთითებდნენ იმავე გარემოებებს, რასაც სასარჩელო განცხადებაში. აქვე ისინი აღნიშნავდნენ, რომ სასამართლომ არ მისცა ობიექტური შეფასება სარჩელის სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებებს და არასწორად განმარტა სკ-ს მე-18, 413-ე და 1005 მუხლების დებულებები სასარჩელო დავის საგანთან მიმართებაში.

კერძოდ: კოლეგიამ მიღებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში დადგენილად მიაჩნია, რომ საავიაციო შემთხვევა ეკიპაჟის წევრების ბრალით არ იყო გამოწვეული, რის გამოც მათ დაენიშნათ პენსია. ეკიპაჟის წევრებს დაენიშნათ არა პენსია, არამედ კუთვნილი სარჩო, რასაც საფუძვლად დაედო პროფესიული შრომითი უნარის დაკარგვა, ჯანმრთელობის შერყევა და ცხოვრებისეული პერსპექტივის დაკარგვა.

მიუხედავად აღნიშნულისა, კასატორებს წლების მანძილზე უწევთ დავა და ბრძოლა სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელობასთან თავიანთი კანონიერი უფლებების განსახორციელებლად. ბოლო ხუთიწ. მანძილზე ათობით პროცესი აქვს ჩატარებული სასამართლოს ყველა იმ მიზნით, რათა აიძულოს ავიაციის ადმინისტრაცია გადაიხადოს სარჩო კანონით დადგენილი ოდენობით.

კოლეგიამ საკითხის განხილვისას შეფასება არ მისცა იმ გარემოებებს, რომელთა შესახებ საქმეში წარმოდგენილი იქნა შესაბამისი მტკიცებულებები და რომელიც შეეხებოდა ეკიპაჟის წევრთა პატივისა და ღირსების შელახვას.

სკ-ს მე-18 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, თუ დარღვევა გამოწვეული ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებაც.

ასევე ტენდენციურად შეაფასა სასამართლო კოლეგიამ სარჩელის მოთხოვნა სკ-ს ¹1005 მუხლთან მიმართებაში, ვინაიდან თვლის, რომ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება ხდება მხოლოდ რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის საქმეების სამართალმწარმოებელი ორგანოების უკანონო მოქმედებებისათვის. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორები ითხოვდნენ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 12 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებასა და მათი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, გააანალიზა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ კასატორები წარმოადგენენ იმ სამოქალაქაო საჰაერო თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებს, რომლის გერმოკაბინის გერმეტიზაციის დარღვევის შედეგად, 1987წ. 12 ივლისს, კასატორებმა მიიღეს გარკვეული სახის ტრავმა, რის შედეგადაც დაკარგეს პროფესიული შრომის უნარი.

სასამართლო გადაწყვეტილებებით, კასატორთა მოთხოვნების საფუძველზე, საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტს კასატორების სასარგებლოდ დაკისრებული აქვს შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

საქმის მასალებითა და საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებულია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2002წ. 26 ივნისის ¹872 განკარგულების მე-3 პუნქტის ”გ” ქვეპუნქტით, კასატორთათვის მითითებული თანხის დაფარვა დაევალა ფინანსთა სამინისტროს.

საქმეში წარმოდგენილი სარჩელის საფუძველზე კასატორები ითხოვენ პატივისა და ღირსების შელახვის შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებას, რომელიც გამოწვეულია ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელ პირთა უკანონო ქმედებების შედეგად.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საოლქო სასამართლოს შეფასებას და ადასტურებს, რომ კასატორთა მხრიდან ადგილი აქვს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლების არასწორ მითითებას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მორალური ზიანის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილი იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში. რასაც მართლაც ითვალისწინებს კასატორთა მიერ სარჩელში მითითებული ნორმები, კერძოდ სკ-ს მე-18, 413-ე და 1005-ე მუხლები.

სკ-ს მე-18 და 413-ე მუხლებთან მიმართებაში საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს საოლქო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ კასატორთა მიერ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ქმნიან აღნიშნული მუხლების შემადგენლობას, რის გამოც, იმთავითვე გამოირიცხება მოცემული მუხლების გამოყენების შესაძლებლობა. ხოლო რაც შეეხება სკ-ს 1005-ე მუხლს მითითებული მუხლის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, სახეზე უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანი, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი, რაშიც ბრალი უნდა მიუძღოდეს ზიანის მიმყენებელს. ამ პირობების ერთობლიობის არარსებობა, თავისთავად, გამორიცხავს ზემოაღნიშნული მუხლის გამოყენების დასაშვებობას.

საკასაციო სასამართლო კასატორთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მათი მხრიდან წარმოდგენილი და დადასტურებული ვერ იქნა მიზანშედეგობრივი კავშირის არსებობა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასა და მოწინააღმდეგე მხარის ქმედებას შორის, რის გამოც, საკასაციო სასამართლო დაუშვებლად მიიჩნევს ზემოაღნიშნული მუხლების გამოყენებას და თვლის, რომ არ არსებობს საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის მეორე ნაწილით სსკ-ს 390-ე, 399-ე, 408-ე მუხლის მესამე ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. დ-ის, ა. ნ-ის და ვ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად იქნეს დატოვებული თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 12 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.