Facebook Twitter

653აპ. 24 იანვარი, 2007 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),

ზაზა მეიშვილი, მაია ოშხარელი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. მ-ის დამცველის, ადვოკატ გ. ძ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 4 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. მ-ლი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) საფუძველზე, რის გამოც იმავე განაჩენით მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულ გ. მ-ლს მსჯავრი დაედო ყაჩაღობის ჯგუფურად ჩადენაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

იგი დანაშაულებრივად დაუკავშირდა თავის მეგობარს _ კ. მ-ლს და ვინმე შ. დ-ლს, რომლებმაც გადაწყვიტეს გ. მ-ის კლასელის _ ბ. მ-ის დაყაჩაღება. ისინი 2004 წლის 6 აგვისტოს ჩამოვიდნენ ქ. თბილისში და ესტუმრნენ ბ. მ-ლს, რომელმაც თავის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ. თბილისში, კორპუსი 201, ბინა ¹20-ში გაშალა სუფრა. ქეიფისას მიიღეს ალკოჰოლური სასმელები და, იმყოფებოდნენ რა არაფხიზელ მდგომარეობაში, განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, კ. მ-მა, საოჯახო დანის გამოყენებით, ბ. მ-ლს მიაყენა ჩხვლეტითი უმნიშვნელო ჭრილობები. გ. მ-ლი და შ. დ-ლი სცემდნენ და ურტყამდნენ მას, რითაც იგი ჩააყენეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიშ მდგომარეობაში, რა დროსაც დაზარალებულს მართლსაწინააღმდეგოდ გასტაცეს 200 ლარი; სპორტული ბოტასები, ღირებული 45 ლარად; მაისური, ღირებული 25 ლარად; მზის სათვალე, ღირებული 15 ლარად და პირსახოცი, ღირებული 5 ლარად. სულ დაზარალებულ ბ. მ-გან მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს 200 ლარი და 90 ლარის ღირებულების ნივთები.

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. მ-ის დამცველმა, ადვოკატმა გ. ღ-ამ, რომელიც საჩივრით ითხოვდა მის გამართლებას იმ მოტივით, რომ სასამართლოს განაჩენი არ ეყრდნობა სარწმუნო მტკიცებულებებს, ხოლო გ. მ-ის მიერ წინასწარი გამოძიებისას მიცემული აღიარებითი ჩვენება არ შეესაბამება სინამდვილეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2006 წლის 4 ივლისის განაჩენით არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და გ. მ-ის მიმართ უცვლელად დატოვა გორის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ გ. მ-ის დამცველმა, ადვოკატმა გ. ძ-ამ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვს აღნიშნული განაჩენის გაუქმებას, გ. მ-ის გამართლებასა და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას, ვინაიდან მიაჩნია, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ გაიზიარა დაზარალებულისა და ბრალდების მოწმის ჩვენება, ხოლო ამ უკანასკნელის ჩვენება ეწინააღმდეგება გ. მ-ის ქმედების თაობაზე ჩამოყალიბებულ ვერსიას, რომელიც პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების განაჩენებით დადასტურებულად არის მიჩნეული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ გ. მ-ის მიმართ, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში შეტანილ უნდა იქნეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას გ. მ-ის ბრალდების უსაფუძვლობის თაობაზე, რადგან მის მიერ სასამართლოს განაჩენით მისთვის შერაცხული ქმედების ჩადენა სხვა პირებთან ერთად ობიექტურად და სარწმუნოდ არის დადგენილი საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებებით. დაცვის მხარის მიერ წამოყენებულ ვერსიას, რომ გ. მ-ლს ჯგუფური ყაჩაღობა არ ჩაუდენია და რომ დაზარალებულისა და ბრალდების მოწმეთა ჩვენებები სინამდვილეს არ შეესაბამება, მოკლებულია რეალურ და დამაჯერებელ საფუძველს. ამიტომ, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა და მათ მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, ქმედების ჩადენის დროს მოქმედი კანონის მიხედვით. გარდა ამისა, საკასაციო პალატა სასამართლოს მიერ გ. მ-ის მიმართ დანიშნული სასჯელის ზომას თვლის სამართლიანად და დასაბუთებულად, რის გამოც სასჯელის ნაწილში განაჩენის შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

ამავე დროს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე, გასაჩივრებულ განაჩენში, კერძოდ, გ. მ-ის ქმედების კვალიფიკაციის ნაწილში, უნდა შევიდეს ცვლილება, რადგან ახალმა კანონმა შეამსუბუქა ამ ქმედებისათვის გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ზომა, რის გამოც შეიცვალა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეც, ხოლო საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, თუკი ახალი კანონი სასჯელს ამსუბუქებს, მას აქვს უკუძალა. აღნიშნულის შესაბამისად, გ. მ-ის მიერ ჩადენილი ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტიდან (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), ხოლო სხვა ნაწილში განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 4 ივლისის განაჩენში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება მსჯავრდებულ გ. მ-ის სასიკეთოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. მ-ის დამცველის, ადვოკატ გ. გ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 4 ივლისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ გ. მ-ის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაცია, განსაზღვრული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), შეიცვალოს და აღნიშნული ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).

იგივე განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე, მსჯავრდებულ გ. მ-ის მიმართ დანიშნული სასჯელი დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.