გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-173-კ-03 9 ოქტომბერი 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების უფლების მინიჭება.
ა წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სახაზინო საწარმო «ს.» 1998წ. 6 ივლისს სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების: ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა არასწორად ჩათვლილიყო საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მიერ საწარმოს პრივატიზაციაზე თანხმობის მიუცემლობა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დავალებოდა განეხორციელებინა სახაზინო საწარმო «ს.» 842 კვ.მ. ფართი შენობისა და სხვა ქონების პრივატიზება საწარმოს კოლექტივისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზების სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, საწარმოს კოლექტივმა 1994წ. 4 დეკემბერს ჩატარებულ კრებაზე მიიღო გადაწყვეტილება სახაზინო საწარმოს პრივატიზების შესახებ პირდაპირი შესყიდვის ფორმით და სათანადო მასალები წარადგინა ყოფილი არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა კომიტეტში და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში. მიუხედავად იმისა, რომ 1994წ. 4 თებერვალს და 5 ივლისს ყოფილი არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა კომიტეტმა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში წარადგინა პრივატიზების განხორციელების პროგრამა, რის მიხედვითაც კომიტეტის სისტემის ყველა საწარმო, მათ შორის მოსარჩელე სახაზინო საწარმოც, ექვემდებარებოდა პრივატიზებას, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ 1995წ. 7 თებერვლის ¹01-06/505 წერილით, დამატებით სთხოვა კომიტეტს დაედასტურებინა თავისი პოზიცია სახაზინო საწარმოს პრივატიზებაზე. საწარმოს ხელმძღვანელობამ 1995წ. 7 მარტს და 15 ივნისს განმეორებით სთხოვა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს განეხორციელებინა საწარმოს პრივატიზაცია. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ კვლავ მიმართა ყოფილი არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა კომიტეტს თავისი მოსაზრებების წარდგენა, საიდანაც მიღებული იქნა პასუხი, რომ ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ იყო სახაზინო საწარმოს პრივატიზება. 1996 წელს კვლავ დააყენეს საკითხი საწარმოს პრივატიზების შესახებ, მაგრამ ამჯერადაც უარყოფითი პასუხი მიიღეს.
სასარჩელო განცხადებით ითხოვდნენ შრომითი კოლექტივის შელახული უფლებების აღდგენას, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მიერ საწარმოს პრივატიზებაზე თანხმობის მიუცემლობის არასწორად ჩათვლას და ქონების მართვის სამინისტროს დავალებოდა განეხორციელებინა სახაზინო საწარმო «ს.»-ს 842 კვ.მეტრი ფართი შენობის და სხვა ქონების პრივატიზება საწარმოს კოლექტივის მიერ იჯარა-გამოსყიდვის ფორმით, ხოლო შემდეგ საქმის განხილვისას დააზუსტეს მოთხოვნა და მოითხოვეს პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების უფლების მინიჭება.
თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1998წ. 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით სახაზინო საწარმო «ს.» სარჩელი დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 1998წ. 10 ოქტომბრის განჩინებით და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1999წ. 1 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999წ. 22 ივნისის განჩინებით გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999წ. 8 ოქტომბრის განჩინებით გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას. სააპელაციო პალატის 1999წ. 9 დეკემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაბმული იქნენ «თ.» და რ. მ-ე, ხოლო 2000წ. 5 ივნისის განჩინებით საქმე განსახილველად გადაეცა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას 2003წ. 17 თებერვალს დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა ყოფილი სახაზინო საწარმო «ს.» შრომითი კოლექტივის ჯგუფმა და მოითხოვა საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994წ. 29 მაისის ¹178, 31 ივლისის ¹241, 23 სექტემბრის ¹325 და 3 ნოემბრის ¹351 ბრძანებულებისა და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაციის სახელმწიფო პროგრამის III თავის თანახმად სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დავალებოდა ყოფილი სახაზინო საწარმო «ს.» ბალანსზე რიცხული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 26 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრები. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1999წ. 1 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, ყოფილი სახაზინო საწარმო «ს.» შრომითი კოლექტივის ფიზიკურ პირთა ჯგუფის სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის მოტივით.
სააპელაციო სასამართლომ სკ-ს 1507-ე მუხლის საფუძველზე მიიჩნია, რომ სადაო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოყენებული უნდა ყოფილიყო 1964წ. სამოქალაქო კოდექსი და მიუთითა, რომ მოსარჩელეებს გაშვებული ჰქონდათ ზემოაღნიშნული კოდექსის 75-ე მუხლით დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ყოფილი სახაზინო საწარმო «ს.» შრომითი კოლექტივის ფიზიკურ პირთა ჯგუფის წარმომადგენელმა გ. თ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ყოფილი სახაზინო საწარმო «ს.» შრომითი კოლექტივის წევრების, ფიზიკურ პირთა ჯგუფის: ვ. უ-ის, ი. ხ-ის, თ. ფ-ის და სხვათა საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 26 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994წ. 29 მაისის ¹178 ბრძანებულებით დამტკიცდა «პრივატიზაციის პროცესში ვაჭრობის, საზოგადოებრივი კვებისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების სფეროს საწარმოების მუშაკთათვის ობიექტის პირდაპირი მიყიდვის შესახებ» დებულება, რომლის მე-3 მუხლის თანახმად, ობიექტის პირდაპირი მიყიდვა ხორციელდებოდა მხოლოდ მუშაკთა მიერ შექმნილ ამხანაგობებზე, რომელიც აერთიანებდა ობიექტში მომუშავეთა 50%-ზე მეტს.
საწარმო «ს.» შრომითმა კოლექტივმა 1994წ. 4 დეკემბერს ჩატარებულ კრებაზე მიიღო დადგენილება პირდაპირი მიყიდვის ფორმით საწარმოს პრივატიზების შესახებ და სათანადო მასალები წარადგინა ყოფილი არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა კომიტეტში და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში. სახელმწიფოს მეთაურის ¹178 ბრძანებულების მოქმედების პერიოდში საწარმოს შრომითმა კოლექტივმა რამდენჯერმე მიმართა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს, რათა ეცნობებინა კოლექტივისათვის საწარმოს პრივატიზების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა კომიტეტს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში წარდგენილი ჰქონდა პრივატიზების განხორციელების პროგრამა და თანახმა იყო შრომითი კოლექტივისათვის საწარმოს პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებაზე, საქმეზე დართული წერილებით დადგენილია, რომ სამინისტრო დამატებით სთხოვდა ამ უკანასკნელს, გამოექთვა თავისი მოსაზრება საწარმოს პრივატიზების შესახებ.
სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ 1995წ. 6 ნოემბერს აცნობა საწარმო « ს.», რომ აღნიშნულ ეტაპზე მიზანშეუწონლად მიაჩნდა პრივატიზაციის განხორციელება.
1964წ. სკ-ს 75-ე მუხლის თანახმად, საერთო ვადა უფლების დაცვისა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეული იყო შეადგენდა სამ წელს, ხოლო ამავე კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იწყება სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან. სარჩელის უფლება წარმოიშობა იმ დღეს, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევა.
საკასაციო პალატა არ ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს თავისი უფლების დარღვევის თაობაზე უნდა შეეტყო 1995წ. 29 მაისს, რადგან სახელმწიფოს მეთაურის ¹178 ბრძანებულება მოქმედებდა ამ დრომდე და სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაც 1995წ. 29 მაისიდან უნდა აითვალოს.
პალატას მიაჩნია, რომ «ს.» შრომითი კოლექტივის მიერ განაცხადი წარდგენილი იქნა ¹178 ბრძანებულების მოქმედების პერიოდში (1994წ. დეკემბერი), ანუ შრომითმა კოლექტივმა დებულებით განსაზღვრულ ვადაში განახორციელა დებულებით მინიჭებული უფლების რეალიზაცია და გამოთქვა სურვილი საწარმოს პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების თაობაზე, მაგრამ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ საწარმო «ს.» შრომითი კოლექტივის მიერ წარდგენილ განაცხადზე გადაწყვეტილება მიიღო და აცნობა მოსარჩელეს მხოლოდ 1995წ. 6 ნოემბერს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატის აზრით 1964წ. სკ-ს 80-ე მუხლის თანახმად თავისი უფლების დარღვევის შესახებ მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა 1995წ. 6 ნოემბერს, საიდანაც უნდა აითვალოს სასამართლოში სარჩელის წარდგენის (სასარჩელო ხანდაზმულობა) ვადა.
საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ¹178-ე ბრძანებულების თანახმად, ობიექტის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების უფლება ენიჭებოდა საწარმოს შრომითი კოლექტივის მიერ შექმნილ ამხანაგობას, რომელიც არ წარმოადგენს 1964წ. სკ-ს 75-ე მუხლის მეორე წინადადებით განსაზღვრულ სახელმწიფო ორგანიზაციას, კოლმეურნეობასა და სხვა კოოპერატიულ და საზოგადოებრივ ორგანიზაციას, რომელთა მიერ სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადა განისაზღვრებოდა ერთი წლით. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ მოცემული დავის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს და ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 1995წ. 6 ნოემბრიდან. აქედან გამომდინარე, სარჩელის სასასმართლოში წარდგენის დროისათვის (1998წ. ივლისი) სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის.
ვინაიდან სააპელაციო პალატამ ყოფილი სახაზინო საწარმო «ს.» შრომითი კოლექტივის წევრების, ფიზიკურ პირთა ჯგუფის ვ. უ-ის, ი. ხ-ის, თ. ფ-ის და სხვათა სარჩელის უარსაყოფად იმსჯელა მხოლოდ სასარჩელო ხანდაზმულობაზე და არსებითად არ გაურკვევია მოთხოვნის საფუძვლიანობა, ამიტომ საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას არსებითად იმსჯელოს სარჩელზე და მიიღოს გადაწყვეტილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს სააპელაციო პალატის 2003წ. 25 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ყოფილი სახაზინო საწარმო «ს.» შრომითი კოლექტივის წევრების ფიზიკურ პირთა ჯგუფის ვ. უ-ის, ივ. ხ-ის, თ. ფ-ის და სხვათა საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 26 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.