Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-174-კ-03 17 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: სახელფასო დავალიანების თანხის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

თ. გ-ემ 21.06.02წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე კონტროლის პალატის მიმართ. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ კონტროლის პალატის კახეთის ბიუროში მუშაობა დაიწყო 1994წ. 2 ნოემბრიდან თავდაპირველად უფროს ინსპექტორის, ხოლო 2001წ. იანვრიდან წამყვანი ინსპექტორის თანამდებობაზე. 29.08.01წ. გათავისუფლებულდა სამსახურიდან, ვინაიდან ჩატარებული ატესტაციის შედეგად ვერ დააგროვა ქულების საკმაო რაოდენობა. სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ მოპასუხეს მის მიმართ დარჩა სახელფასო და სამივლინებო დავალიანება 2139 ლარისა და 85 თეთრის ოდენობით, რომლის ანაზღაურება მოითხოვა თ. გ-ემ.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 22.07.02წ. გადაწყვეტილებით თ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, კონტროლის პალატას მის სასარგებლოდ დაეკისრა ხელფასის დავალიანების _ 2139 ლარისა და 85 თეთრის გადახდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა კონტროლის პალატის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა, საქართველოს კონტროლის პალატასთან ერთად, თ. გ-ის წინაშე არსებული სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაკისრება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ საქართველოს კონტროლის პალატის შუამდგომლობის საფუძველზე 23.12.02წ. განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩააბა ფინანსთა სამინისტრო. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 29.01.03წ. გადაწყვეტილებით კონტროლის პალატის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 22.07.02წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. კონტროლის პალატას დაეკისრა თ. გ-ის სასარგებლოდ 2139 ლარისა და 85 თეთრის გადახდა. სააპელაციო პალატამ, “საქართველოს 2002წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლზე მითითებით, ფინანსთა სამინისტრო არ მიიჩნია სოლიდარულად ვალდებულ პირად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა კონტროლის პალატის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით სახელფასო დავალიანების თანხის ფინანსთა სამინისტროსათვის დაკისრება. კასატორი აღნიშნავს, რომ კონტროლის პალატა არის საბიუჯეტო ორგანიზაცია, რომლის შენახვა ფინანსდება ცენტარლური ბიუჯეტიდან. სახელფასო დავალიანების წარმოშობის საფუძველი არის ის, რომ 1998-2000 წლებში, ფინანსთა სამინისტრომ ვერ დააფინანსა კონტროლის პალატა შესაბამისი წლების ბიუჯეტის კანონებით გათვალისწინებული ოდენობით. “საქართველოს 2003წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონის თანახმად საბიუჯეტო ორგანიზაციაში წინა პერიოდში წარმოქმნილი დავალიენებების დაფარვისათვის, მათ შორის, სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად სახელმწიფო სამსახურიდან დათხოვნილ მუშაკთა და მოსამსახურეთა საბოლოო ანგარიშსწორების და სხვა დავალიენებათა დასაფარავად, ცენტრალურ ბიუჯეტში გათვალისწინებულ იქნა 24 მლნ ლარის გამოყოფა, რომლის შესრულებაზეც პასუხისმგებელია ფინანსთა სამინისტრო. მიუხედავად ამისა, კონტროლის პალატას ამ მუხლით გათვალისწინებული არავითარი დაფინანსება არ მიუღია, რის გამო კონტროლის პალატა მოკლებულია შესაძლებლობას დაფაროს 1998-2000 წლებში წარმოქმნილი სახელფასო და სამივლინებო დავალიანებები. ამასთანავე, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონის შესაბამისად, საბიუჯეტო ორგანიზაციის მიმართ სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულება წარმოებს ფინანსთა სამინისტროს მიერ სააღსრულებო ფონდის სახსრებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის აზრით, სახელფასო დავალიანების თანხის გაცემა უნდა დაევალოს ფინანსთა სამინისტროს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივებისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

“საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 37-ე მუხლის, შკკ-ს 96-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო პალატას მართებულად მიაჩნია თ. გ-ის სარჩელის დაკმაყოფილება მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების ნაწილში. თ. გ-ისათვის სახელფასო და სამივლინებო დავალიანების თანხის ანაზღაურების მართლზომიერებას თვით კასატორიც აღიარებს. ამასთანავე, საკასაციო პალატა შეუძლებლად თვლის თ. გ-ის მიმართ არსებული დავალიანების ფინანსთა სამინისტროსათვის დაკისრებას. ის გარემოება, რომ კონტროლის პალატა არის საბიუჯეტო ორგანიზაცია, რომლის შენახვა “საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ" კანონის 28-ე მუხლის თანახმად ფინანსდება ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლებიდან, არ წარმოადგენს ფინანსთა სამინისტროსათვის ვალდებულების წარმოშობის საფუძველს. თ. გ-ე შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა კონტროლის პალატასთან და არა ფინანსთა სამინისტროსთან, ვალდებულებითი ურთიერთოიბები წარმოიშობა ერთმანეთთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფ სუბიექტებს შორის, თ. გ-ეს არ გააჩნია მოთხოვნის უფლება ფინანსთა სამინისტროსადმი. სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს კონტროლის პალატის დაფინანსება, ფინანსთა სამინისტროს (ისევე როგორც კონტროლის პალატის) უფლებამოსილებანი საბიუჯეტო პროცესის მიმართ თავისთავად არ ქმნის თ. გ-ის წინაშე ფინანსთა სამინისტროს ვალდებულებას აანაზღაუროს განაცდური სახელფასო და სამივლინებო თანხა თანხა. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სახელმწიფო ორგანოებს შორის კომპეტენციის გამიჯვნის, მათ მიერ დაკისრებული მოვალეობის სათანადო შესრულების საკითხები განეკუთვნებიან საჯარო და არა კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებს. სუბიექტთა სოლიდარული ვალდებულება უმეტესად დამახასიათებელია ისეთი ურთიერთობისათვის, როდესაც ურთიერთობის ერთ მხარეზეა რამდენიმე მოვალე, ხოლო მეორე მხარეს _ კრედიტორი. საქართველოს კონტროლის პალატა და ფინანსთა სამინისტრო წარმოადგენენ სახელმწიფოს, რომელიც სსკ-ს 24-ე მუხლის მიხედვით ურთიერთობაში გამოდის მისი ორგანოების მეშვეობით. ამდენად, ადგილი არ აქვს სოლიდარული პასუხისმგებლობისათვის სავალდებულო მოვალეთა სიმრავლეს ვალდებულებაში. აღნიშნულს არ ცვლის ის გარემოება, რომ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონის 28-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლო აღმასრულებელი სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე კრედიტორის განცხადების მიღებისთანავე მოვალეს _ სახელმწიფო დაწესებულებას და ფინანსთა სამინისტროს უგზავნის წინადადებას აღსრულების ფონდის სახსრებით გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი აღსრულების შესახებ. “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოებისა და ადმინისტრაციული ორგანოების თანამდებობის პირების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულების წესსა და პირობებს. აღნიშნული მუხლი, ქმნის ფინანსთა სამინისტროს სააღსრულებო წარმოების და არა უშუალოდ სადავო მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილედ მიჩნევის საფუძველს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფიელბის, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყევტილების გაუქმების საფუძველი. საკასაციო პალატა სსკ-ს 46.2 მუხლის, “სახელმწიფო ბაჟის შესახებ" კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის “ლ" და “უ" ქვეპუნქტების საფუძველზე თვლის, რომ კასატორს არ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 29.01.03წ. განჩინება.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.