გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹ 3გ-ად-175-კ-03 28 ივლისი, 2003 წ., ქ. .თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: სამსახურში აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 10 ოქტომბერს რ. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ზესტაფონის რაიონული ინსპექციის მიმართ, რომლის საფუძველზეც მოითხოვა სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ზესტაფონის რაიონული ინსპექციის უფროსის 2002წ. 23 აგვისტოს ¹61 და ამავეწ. 24 აგვისტოს ¹63 ბრძანებების გაუქმება.
მოსარჩელე თავის მოთხოვნას აფუძნებდა შემდეგ გარემოებებზე: იგი 1970 წლიდან მუშაობდა სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის რაიონულ ინსპექციაში კომუნალური ჰიგიენის ექიმ-...ად, 1996წ. 16 აგვისტოდან ადმინისტრაციამ მუშაკებთან გააფორმა შრომითი ხელშეკრულება, რომლის განახლებაც ხდებოდა ყოველ 6 თვეში ერთხელ.
2002წ. 24 აგვისტოს, ინსპექციის უფროსის ბრძანების საფუძველზე, ის გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან შრომის კანონთა კოდექსზე მითითებით, კონტრაქტის ვადის გასვლის გამო, მაშინ როდესაც მასთან მიმართებაში გამოყენებული უნდა ყოფილიყო “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ის ითვლებოდა სამუშაოზე განუსაზღვრელი ვადით მიღებულად, რადგან უწყვეტად მუშაობდა 1997 წლიდან და ხელშეკრულების მოშლა არცერთ მხარეს არ მოუთხოვია.
აქვე მოსაარჩელე მიუთითებდა, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა პროფკავშირების თანხმობის გარეშე, გათავისუფლების ბრძანება მიღებული იქნა ერთი თვით ადრე 2002წ. 23 აგვისტოს, ბრძანებაში, სამუშაოდან დათხოვნის თარიღად მიეთითა 26 სექტემბერი, რომელშიც ცვლილება შეტანილი იქნა 2002წ. 24 სექტემბერს და გათავისუფლების თარიღად დაფიქსირდა იმავე წლის 24 სექტემბერი.
ყოველივე აღნიშნული მოსარჩელეს მიაჩნდა კანონის უხეშ დარღვევად და ითხოვდა გასაჩივრებული ბრძანებების, როგორც უკანონო აქტების გაუქმებას და სამსახურში აღდგენას.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2002წ. 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით რ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 2002წ. 23 აგვისტოს ¹62 და ამავე წლის 24 აგვისტოს ¹63 ბრძანებები და რ. კ-ე აღდგენილი იქნა თანამდებობაზე.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებული იქნა სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის რაიონული ინსპექციის უფროსის მიერ, რომელმაც იმ მოტივზე მითითებით, რომ რ. კ-ესთან გაფორმებული იყო ვადიანი კონტრაქტი, რისი გასვლის შემდეგაც ის, როგორც ინსპექციის უფროსი, უფლებამოსილი იყო შეეწყვიტა ხელშეკრულება, მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით რ. კ-ის სარჩელზე უარის თქმა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 თებერვლის გადაწყვეტილებით სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ზესტაფონის რაიონული ინსპექციის უფროსის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2002წ. 6 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც რ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება ძირითადად დააფუძვნა იმ გარემოებას, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმება იყო ვადიანი და კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე, სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების მიღებით, ადმინისტრაციამ გამოხატა ნება, კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.
არ დაეთანხმა რა მითითებულ გადაწყვეტილებას რ. კ-ის მიერ წარმოდგენილი იქნა საკასაციო საჩივარი რომლის საფუძველზეც კასატორმა მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 20 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორი თავის მოთხოვნას ძირითადად აფუძნებდა იმავე გარემოებებს, რასაც სარჩელს და ამასთანავე მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითაY “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 94-ე მუხლზე, რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენს 23-ე მუხლის გამოძახილს. სასამართლომ ასევე არასწორად იმსჯელა ბაჟის დაკისრების საკითხზე, ვინაიდან, სამსახურებრივ დავებთან დაკავშირებით მხარეები გათავისუფლებული არის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, განიხილა საქმეში წარმოდგენილი მასალები და შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება, მიიჩმევს რომ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილებული უნდა იქნეს მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ რ. კ-ესა და სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ზესტაფონის რაიონულ ინსპექციას შორის დადებული იყო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადაც განისაზღვრა 2002წ. 24 მარტიდან 6 თვით.
კასატორთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა 2002წ. 24 სექტემბრიდან ე.ი. 6 თვიანი პერიოდის გასვლის შემდეგ.
ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებაზე ხელი მოწერილია კასატორის მიერ, მხარეს სადავოდ არ უქცევია, აგრეთვე ხელშეკრულების დადების პერიოდში სადავოდ არა ქცეულა კონტრაქტის კანონიერების საკითხი. რაც უდავოს ხდის იმ გარემოებას, რომ მხარისათვის ცნობილი იყო ის პირობები, რომელიც დადასტურებული იქნა მისივე ხელმოწერით.
აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო იზიარებს საოლქო სასამართლოს მითითებას “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 94-ე მუხლის I ნაწილზე და ადასტურებს, რომ მოცემული მუხლის შესაბამისად, სამსახურის ვადის გასვლასთან დაკავშირებით სამსახურიდან თავისუფლდება პირი, რომელიც თანამდებობაზე გარკვეული ვადით იყო არჩეული და დანიშნული.
ამდენად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემდეგ, ადმინისტრაცია უფლებამოსილი იყო კასატორთან შეეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება.
რაც შეეხება გასაჩივრებული ბრძანებების ერთი თვის წინსწრებით მიღების საკითხს საკასაციო სასამართლოს მიერ აღნიშნული ვერ იქნება მიჩნეული კანონის დარღვევად, ვინაიდან კონტრაქტის ვადის ამოწურვამდის სამუშაოდან გათავისუფლების შესახეს ბრძანების მიღებით ადმინისტრაციამ გამოხატა ნება, ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე, რაც სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, წარმოადგენს მხარის უფლებას.
რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტის პრინციპების გათვალისწინებით, შრომის სამართლებრივი ურთიერთობებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით მხარეები გათავისუფლებული უნდა იყვნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. რაც, თავის მხრივ საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიიღოს ახალი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. რ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. რ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.