Facebook Twitter

3გ-ად-177-კ-03 18 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: დავალიანების გადახდევინება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 23 მაისს შპს “ს.-ის” დირექტორმა გ. დ.-მ ჭიათურის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა მოპასუხე ჭიათურის რაიონის გამგეობის მიმართ.

მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:

1990 წელს შეიქმნა კოოპერატივი “ს.-ი”. 1990-91 წლებში აღნიშნულ კოოპერატივსა და ჭიათურის აღმასკომის საბინაო-კომუნალურ მეურნეობას შორის ხელშეკრულება დაიდო, რომლის საგანსაც სამონტაჟო სამუშაოების შესრულება წარმოადგენდა. დამკვეთი იყო ჭიათურის აღმასკომის საბინაო-კომუნალური მეურნეობა. კოოპერატივმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა, რასაც შესრულებული სამუშაოს შესახებ მხარეთა შორის გაფორმებული აქტები ადასტურებს. მითითებული აქტების შესაბამისად კოოპერატივის მიერ 132047 რუსული მანეთის ღირებულების სამუშაოები იქნა შესრულებული. ამ დავალიანების გადახდევინება დღემდე არ მომხდარა. 1997 წელს კოოპერატივი “ს.-ი” შპს-ად გარდაიქმნა, რომელიც კოოპერატივის სამართალმემკვიდრეა, ხოლო საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამართალმემკვიდრეს ჭიათურის რაიონის გამგეობა წარმოადგენს.

მოპასუხე მხარემ – ჭიათურის რაიონის გამგეობამ თითქმის 10 წლის შემდეგ ნაწილობრივ აღიარა დავალიანება, კერძოდ იგი გადაიყვანა 1X5, 81 დოლარის კურსზე და გაითვალისწინა რაიონის 2001-2002 წლების ბიუჯეტში, მაგრამ მითითებულ გაანგარიშებას მოსარჩელე არ დაეთანხმა და ჭიათურის რაიონის გამგეობისათვის 224659 აშშ დოლარის და ადვოკატის ხარჯების, ამ თანხის 4%-ის დაკისრება მოითხოვა.

ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ჭიათურის რაიონის გამგეობას შპს “ს.-ის” სასარგებლოდ 45455 ლარი და ადვოკატის ხარჯების 454,55 ლარის გადახდა დაეკისრა.

აღნიშნული გადაწყვეტილება შპს “ს.-ის” წარმომადგენელმა გ. ძ.-ემ სააპელაციო წესით იმავე საფუძვლებით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და მოპასუხისათვის 224659 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 10 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 9 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ განჩინება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:

სკ-ს 389-ე მუხლის მიხედვით, თუ გადახდის ვადის დადგომამდე გაიზარდა ან შემცირდა ფულის ერთეული (კურსი), ან შეიცვალა ვალუტა, მოვალე ვალდებულია გადაიხადოს იმ კურსით, რომელიც ვალდებულების წარმოშობის დროს შეესაბამება. ვალუტის შეცვლისას გადაცვლით ურთიერობებს საფუძვლად უნდა დაედოს ის კურსი, რომელიც ვალუტის შეცვლის დღეს არსებობდა. მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის ვალდებულება რუსული მანეთის დროს წარმოიშვა. 1995 წელს რუსული მანეთი კუპონით, ხოლო ეს უკანასკნელი ლარით შეიცვალა. ამ დროისათვის 1 მილიონი კუპონი 1 ლარს უდრიდა. სწორედ ამ გაანგარიშებით უნდა მოხდეს ვალდებულების შესრულება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს “ს.-ის” წარმომადგენელმა გ. ძ.-მ იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ შპს “ს.-ის” საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 10 თებერვლის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში საპროცესო ნორმების მოთხოვნათა დაცვით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოება:

1990-1991 წლებში კოოპერატივ “ს.-სა” და ჭიათურის აღმასკომის საბინაო-კომუნალურ მეურნეობას შორის ხელშეკრულება დაიდო, რომლის საგანსაც სამონტაჟო სამუშაოების შესრულება წარმოადგენდა. დამკვეთი იყო ჭიათურის საბინაო-კომუნალური მეურნეობა. შესრულებული სამუშაოს შესახებ მხარეთა შორის გაფორმებული აქტებით დასტურდება, რომ კოოპერატივის მიერ 132047 რუსული მანეთის სამუშაოები იქნა შესრულებული. 1997 წელს კოოპერატივი “ს.-ი” შპს-ად გარდაიქმნა, რომელიც კოოპერატივის სამართალმემკვიდრეა, ხოლო საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამართალმემკვიდრეს ჭიათურის რაიონის გამგეობა წარმოადგენს.

თითქმის 10 წლის შემდეგ ჭიათურის რაიონის გამგეობამ შპს “ს.-ის” მიმართ ვალის არსებობა აღიარა, რაც იმაში გამოიხატა, რომ დავალიანების თანხები 2001-2002 წლების რაიონის ბიუჯეტით იქნა გათვალისწინებული.

საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა ძველი სამოქალაქო სამართლის კოდექსის მოქმედების პერიოდში წარმოიშვა, რომლის 75-ე მუხლის შესაბამისადაც საერთო ვადა უფლების დაცვისა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეულია (სასარჩელო ხანდაზმულობა) სამი წლით განისაზღვრებოდა, ხოლო სახელმწიფო ორგანიზაციების, კოლმეურნეობებისა და სხვა კოოპერაციული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ურთიერთშორის სარჩელებისათვის – ერთი წლით. მოცემულ შემთხვევაში მართალია კასატორი თავისი უფლების დასაცავად სხვადასხვა ინსტანციებს მიმართავდა, მაგრამ სასარჩელო წესით ვალის დაბრუნება არ მოუთხოვია. ამდენად, მან გაუშვა ძველი სამოქალაქო სამართლის კოდექსით დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, მაგრამ საგულისხმოა ისიც, რომ მას შემდეგ, რაც ჭიათურის რაიონის გამგეობამ შპს “ს.-ის” მიმართ არსებული დავალიანების თანხები 2001-2002 წლების რაიონის ბიუჯეტით გაითვალისწინა, ანუ ვალის არსებობა აღიარა, მხარეთა შორის ახალი ურთიერთობა დაიწყო.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სკ-ს 341-ე მუხლის შესაბამისად, ვალის არსებობის აღიარება დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან, რომლის არსებობა მხარეებისათვის შეიძლება სადავოც კი იყო. ვალის არსებობის აღიარება ქმნის ახალ დამოუკიდებელ მოთხოვნას, რომლის მიზანი არ არის ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნა.

საკასაციო სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ვალის არსებობის აღიარების ნამდვილობისათვის არ არის საკმარისი მხარის მიერ მარტოოდენ ნების გამოვლენა, აუცილებელია ისიც, რომ რეალურად ადგილი ჰქონდეს ვალის გადახდის დაპირებას, რომელიც მოცემულ შემთხვევაში ჭიათურის რაიონის გამგეობის მიერ დავალიანების თანხების რაიონის ბიუჯეტში გათვალისწინებით გამოიხატა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მართალია თავდაპირველი ვალის დაბრუნების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გასულია, მაგრამ მოთხოვნა იმ ნაწილში, რომელიც მოწინააღმდეგე მხარემ აღიარა საფუძვლიანია და რაიონული და სააპელაციო სასამართლოების მიერ დაკმაყოფილდა კიდეც. კერძოდ, ჭიათურის რაიონის გამგეობას შპს “ს.-ის” სასარგებლოდ 45455 ლარის გადახდა დაეკისრა. ამაზე უფრო მეტის მოთხოვნის სასამართლოსათვის მიმართვის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, როგორც ზემოთ აღინიშნა კასატორს გაშვებული აქვს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება არსებითად სწორია, არ არსებობს მისი გაუქმების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი და იგი დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “ს.-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 10 თებერვლის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.