Facebook Twitter

¹3გ-ად-178-კ-03 10 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: 21070 აშშ დოლარის ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ქუთაისის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამმართველოს 1994წ. 26 დეკემბრის ¹564 ნებართვით ერთი პირის საწარმო “გ-ის” ნება დაერთო ქალაქის ..... საავადმყოფოს ადმინისტრაციის თანხმობისა და ქალაქის მთავარ არქიტექტორთან შეთანხმებული პროექტის საფუძველზე განეთავსებინა საწვავის გასამართი სადგური ახალგაზრდობის პროსპექტზე მდებარე ..... საავადმყოფოს ტერიტორიის სამხრეთ მხარეს, გამწვანებისაგან თავისუფალ მონაკვეთში.

ქუთაისის მერის მიერ 1995წ. 18 ივლისის ¹553 განკარგულებით “...... საავადმყოფოს ტერიტორიაზე ავტოგასამართი სადგურის მშენებლობის ნებართვის უკანონოდ გაცემის ფაქტის შესწავლის შესახებ” დადგინდა, რომ ...... საავადმყოფოს ტერიტორიაზე ავტოგასამართი სადგური აგებული იქნა არსებული წესებისა და ნორმების დარღვევით და მშენებლობის მიზეზების გამოკვლევისა და შესაბამის პირთა პასუხისმგებლობის საკითხის განსაზღვრის მიზნით შეიქმნა კომისია, რომლის სხდომის ოქმითაც განისაზღვრა, რომ აღნიშნული მშენებლობით დაირღვა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მიერ 1991 წელს მიღებული სამშენებლო ნორმებითა და წესებით განსაზღვრული პირობა ჯანმრთელობის ობიექტის მიწის ნაკვეთის საზღვრიდან ავტოგასამართი სადგურის 25 მეტრით დაშორების შესახებ. კომისიამ აღნიშნა, რომ მითითებული ნორმის დარღვევით მოხდა პროექტის გაცემა არქიტექტურის სამმართველოს მიერ, რის გამოც მას დაეკისრა ფირმა “გ-ის” მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება.

2000წ. 7 აგვისტოს ფირმა “გ-ის” პრეზიდენტმა ა. ლ-მა სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა ქუთაისის არქიტექტურის სამმართველოსათვის მათ სასარგებლოდ 21070 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დაკისრება. მოსარჩელის მითითებით, მათ მიმართეს არქიტექტურის სამმართველოს, რათა მიეცათ მუშაობის ნებართვა ან სათანადო ანაზღაურება მიყენებული ზარალისათვის, მაგრამ მათი მოთხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული.

ა. ლ-ის სარჩელი არ ცნო არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველომ და შესაგებელით მოითხოვა მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, უსაფუძვლობის გამო. შესაგებელის ავტორმა განმარტა, რომ ქუთაისის მერის 1994წ. 12 აპრილის ¹257 განკარგულებით “ქუთაისში ბენზინით ვაჭრობის ღონისძიებების შესახებ”, გამოყოფილი იქნა დროებითი ადგილები კონტეინერული ტიპის ავტოგასამართი სადგურების (აგს-ის) მოსაწყობად. აღნიშნულ ჩამონათვალში შედიოდა ...... საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაც. ქუთაისის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამმართველოს მიერ 1994წ. 26 დეკემბრის ¹564 წერილით ფირმა “გ-ის” ნება დაერთო აეგო დროებითი ნაგებობა “აგს”-ის მოსაწყობად, რომელიც დამზადებული იქნებოდა ლითონის დათბუნებული კონსტრუქციისაგან. ამდენად, ზემოთ აღნიშნული ტერიტორია გამოყოფილი იყო დროებით კონტეინერული ტიპის “აგს”-ის მოსაწყობად და არა კაპიტალური შენობის ასაგებად, რისი ნებართვაც არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამმართველოს ფირმა “გ-ისათვის” არ მიუცია. გარდა ამისა, ქუთაისის მერის 1995წ. 23 თებერვლის ¹168 განკარგულების მე-2 პუნქტით გაუქმდა კონტეინერული ტიპის “აგს”-ის ფუნქციონირებისათვის დროებით გამოყოფილი ადგილები, მათ შორის ...... საავადმყოფოს აღმოსავლეთით არსებულ ტერიტორიაზეც. აღნიშნული განკარგულების საფუძველზე ა. ლ-ს უნდა შეეწყვიტა ყოველგვარი მშენებლობა, რაც არ იქნა შესრულებული. ამიტომ სკ-ს 415-ე მუხლის შესაბამისად, ზიანის ანაზღაურება არ უნდა დაეკისროს არქიტექტურის სამმართველოს. ამასთან, მოსარჩელეს გაშვებული აქვს სკ-ს 1008-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 17 აპრილის განჩინებით ქუთაისის არქიტექტურის სამმართველო მიჩნეული იქნა არასათანადო მოპასუხედ და შეიცვალა სათანადო მოპასუხით, ქ. ქუთაისის მერიით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 17 ივლისის გადაწყვეტილებით ა. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ქუთაისის მერიასა და არქიტექტურის სამმართველოს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 20957 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, რაც სააპელაციო წესით იქნა გასაჩივრებული ქუთაისის მერიის მიერ. აპელანტმა მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 17 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო. საქმე რამდენჯერმე იქნა განხილული სააპელაციო-საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ.

ბოლოს, ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 21 იანვრის გადაწყვეტილებით ქუთაისის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 17 ივლისის გადაწყვეტილება და მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე შემდეგი მოტივით:

1. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის მერიის 1994წ. 12 აპრილის ¹357 განკარგულებით განისაზღვრა ქალაქის ტერიტორიაზე ბენზინით ვაჭრობის კონკრეტული ადგილები და არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამმართველოს დაევალა მერიის განკარგულებით განსაზღვრულ მონაკვეთებზე გენგეგმის დამუშავების უზრუნველყოფა – ავტომანქანებისა და კონტეინერების დროებითი განთავსების ადგილების ზუსტი ჩვენებით. ამ განკარგულების მე-3 პუნქტის 3.7 ქვეპუნქტში ბენზინით ვაჭრობის ერთ-ერთ ადგილად მითითებული იყო ....... საავადმყოფოს აღმოსავლეთი ტერიტორია. ქალაქის მთავარი არქიტექტორის მიერ ა. ლ-ს ნება დაერთო საწვავის გასამართი სადგური განეთავსებინა საავადმყოფოს სამხრეთ მხარეს. აღნიშნული ნებართვის შესაბამისად მომზადდა პროექტი, რომლის თანახმად ..... საავადმყოფოს ტერიტორიაზე, სამხრეთ ნაწილში უნდა განთავსებულიყო ლითონის დათბუნებული კონსტრუქცია. საქმეზე დანიშნული საინჟინრო-სამშენებლო ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ფირმა “გ-ის” მიერ აგებული ავტოგასამართი სადგური აგებული იქნა ესკიზის მიხედვით, მაგრამ შენობის კედლები, ნაცვლად პროექტით გათვალისწინებული ლითონის დათბუნული ფილებისა, აგებული იქნა აგურით, რაც არც მოსარჩელემ უარყო;

2. სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად დაასკვნა, რომ ა. ლ-ის მიერ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა განხორციელდა არქიტექტურის სამსახურის ნებართვით, მაგრამ შედგენილი პროექტის მოთხოვნათა დარღვევით. “არქიტექტურული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, არქიტექტურული პროექტი, წარმოადგენს სავალდებულო დოკუმენტს არქიტექტურული პროექტის რეალიზაციაში მონაწილე ყველა სუბიექტისთვის. პროექტის დაცვა სავალდებულო იყო ფირმა “გ-ისთვის” და მას უფლება არ ჰქონდა მშენებელთან დაედო ხელშეკრულება კაპიტალური ნაგებობის მშენებლობაზე;

3. სააპელაციო სასამართლომ, სკ-ს 75-ე მუხლის თანახმად, მოცემული დავა მიიჩნია ხანდაზმულად და აღნიშნა, რომ ქუთაისის მერიის 1995წ. 23 თებერვლის განკარგულებით გაუქმდა ფირმა “გ-ის” ბენზინგასამართი სადგურის ფუნქციონირების შესახებ გაცემული ნებართვა, 1995წ. 22 დეკემბერს ფირმა “გ-ის” პრეზიდენტმა თხოვნით მიმართა ქუთაისის მერს გამონაკლისის სახით ერთი ან ორი წლის ვადით ფუნქციონირების უფლების მიცემაზე. სადავო საკითხის შემსწავლელი კომისიის დასკვნა მიღებული იქნა 1995წ. 25 ივლისს. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 1995წ. ივლისიდან მოსარჩელე ლ-ისათვის ცნობილი იყო მისი დარღვეული უფლების შესახებ და შეეძლო მიემართა სასამართლოსათვის. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ლ-ის განმარტება, რომ საქმეში არსებული მისი განცხადება მოპასუხე ორგანოებისადმი ზიანის ანაზღაურებაზე არის 1999წ. ივნისით დათარიღებული და მასზე შესაბამისი პასუხის გაუცემლობით დარწმუნდა თავისი უფლების დარღვევაში, რაც სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებად არ მიიჩნია, ვინაიდან საქმეში არსებული განცხადების ქსეროასლი არ არის იგივე რიცხვით დათარიღებული და ამასთან, არქიტექტურის სამმართველოს განმარტებით, მათ ასეთი წერილი არც მიუღიათ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფირმა “გ-ის” პრეზიდენტმა ა. ლ-მა და მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 21 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და სკ-ს 1005-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ახალი გადაწყვეტილებით ქუთაისის მერიისა და არქიტექტურის სამმართველოსათვის 21070 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლით:

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ გამოიყენა მატერიალური სამართლის ნორმები, გარდა ხანდაზმულობისა, რაც არასწორად იქნა გამოყენებული გადაწყვეტილებაში. ასევე არასწორად აისახა ფაქტობრივი გარემოებები. სამოტივაციო ნაწილში არსებული გარემოებები არ შეესაბამება სინამდვილეს. კერძოდ, საქმეში არსებული, არქიტექტურის სამმართველოს მიერ გაცემულ ნებართვაში აღნიშნულია, რომ საწვავით გასამართი სადგური უნდა განთავსდეს ახალგაზრდობის პროსპექტზე მდებარე ...... საავადმყოფოს ტერიტორიის სამხერთ მხარეს. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა მერიის 1994წ. 12 აპრილის ¹357-ე განკარგულების მე-3 პუნქტის 3.7 ქვეპუნქტზე, სადაც საუბარია ბენზინით ვაჭრობისათვის კონტეინერების დასადგამი ადგილების გამოყოფაზე და ასეთ ადგილად მითითებულია ..... საავადმყოფოს აღმოსავლეთი ტერიტორია.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად სასამართლო ვალდებული იყო თავად გამოეკვლია მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებები, რაზეც მიუთითა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ. კერძოდ, დაედგინა სწორედ 1994წ. 12 დეკემბრის ¹257 განკარგულებით გამოყოფილ ტერიტორიაზე განათავსა თუ არა ფირმა “გ-იმ” ბენზინგასამართი სადგური და ეხებოდა თუ არა მის გაუქმებას ¹168 განკარგულება. ასევე სააპელაციო სასამართლოს უნდა დაედგინა, თუ რომელი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე გამოეყო ფირმა “გ-ის” ბენზინგასამართი სადგურის ასაშენებლად ტერიტორია.

კასატორის განმარტებით, ქუთაისის მერის 1994წ. 27 სექტემბრის ¹782 განკარგულებით მთავარ არქიტექტორს უშუალოდ შეეძლო გაეცა თანხმობა ობიექტის მშენებლობაზე, რომელიც ასევე გასცემდა პროექტს. აქედან გამომდინარე, საავადმყოფოს ადმინისტრაციის თანხმობით, მთავარ არქიტექტორს უფლება ჰქონდა გაეცა ნებართვა, ამიტომ ცალკე ადმინისტრაციული აქტი მშენებლობასა და ტერიტორიის გამოყოფაზე ნებართვის შესახებ, საჭირო არ იყო.

ამასთან, მერიამ აღიარა, რომ ნებართვა არსებობდა, მაგრამ მშენებლობა წარიმართა სამშენებლო პროექტის დარღვევით. კერძოდ, ლითონის დათბუნებული კონსტრუქციის ნაცვლად, კედლები აგებული იყო აგურით. ასევე ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ადგილი ჰქონდა უმნიშვნელო დარღვევას, რამაც მშენებლობის ღირებულება უმნიშვნელოდ გაზარდა.

კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ მის მიერ გაშვებული არ იყო სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, ვინაიდან უძრავ ნივთებთან დაკავშირებული ხანდაზმულობის ვადაა 6 წელი, მის მიერ კი სარჩელი შეტანილია 2000 წელს.

ა. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ ცნო მესამე პირმა ქუთაისის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველომ და შესაგებელით მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 21 იანვრის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება და ა. ლ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

2003წ. 3 ივლისის სასამართლო სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, ა. ლილაშვილის საკასაციო საჩივარი განხილულ იქნა მხარეთა დასწრების გარეშე, თანახმად სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილისა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ლ-ის საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 21 იანვრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სააპელაციო პალატამ უარი უთხრა კასატორ ა. ლ-ს ქ. ქუთაისის მერიის მიმართ 21070 აშშ დოლარის ზიანის ანაზღაურების დაკისრებაზე სარჩელის ხანდაზმულობის ვადის დარღვევით აღძვრის გამო, რასაც სრულად იზიარებს საკასაციო პალატა და დაუსაბუთებლობის მოტივით ვერ დაეთანხმება კასატორის მოსაზრებას სკ-ს 1005-ე და 129-ე მუხლებიდან გამომდინარე, მათ სარჩელზე 6-წლიანი ხანდაზმულობის ვადის გავრცელების შესახებ.

სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო პალატის მიერ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: “ქ. ქუთაისში ბენზინით ვაჭრობის ღონისძიებების გაუმჯობესების შესახებ” ქ. ქუთაისის მერის 1994წ. 12 აპრილის ¹257 განკარგულების 3.7 პუნქტით კონტეინერული ტიპის საწვავით გასამართი სადგურის მოწყობისათვის განისაზღვრა ქუთაისის ...... საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორია. ქუთაისის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამმართველოს 1994წ. 26 დეკემბრის ¹564 ნებართვით ერთი პირის საწარმო ფირმა “გ-ის” ნება დაერთო ქალაქის ...... საავადმყოფოს ადმინისტრაციის თანხმობისა და ქალაქის მთავარ არქიტექტორთან შეთანხმებული პროექტის საფუძველზე განეთავსებინა საწვავის გასამართი სადგური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, გამწვანებისაგან თავისუფალ მონაკვეთში. ქალაქის მთავარ არქიტექტორთან შეთანხმებული პროექტის მიხედვით, ავტოგასამართი ნაგებობა წარმოადგენს ლითონის დათბუნებულ კონსტრუქციას. 1995წ. 17 იანვარს ერთი პირის საწარმო ფირმა “გ-ის” და გ. ს-ეს შორის დაიდო ხელშეკრულება ქუთაისის ...... საავადმყოფოს მიმდებარედ საწვავის გასამართი სადგურის კაპიტალური ნაგებობის მშენებლობაზე, ნაცვლად პროექტით გათვალისწინებული ლითონის დათბუნებული კონსტრუქციისა. “ქალაქში კონტეინერული ტიპის ავტოგასამართი სადგურების ფუნქციონირების შესახებ” ქ. ქუთაისის მერის 1995წ. 23 თებერვლის ¹168 განკარგულების მე-2 პუნქტით გაუქმდა კონტეინერული ტიპის ავტოგასამართი სადგურების ფუნქციონირებისათვის დროებით გამოყოფილი ადგილები. ქ. ქუთაისის მერიის 1995წ. 18 ივლისის ¹553 განკარგულებით შექმნილი ...... საავადმყოფოს ტერიტორიაზე ავტოგასამართი სადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემის ფაქტის შემსწავლელი კომისიის 1995წ. 25 ივლისის ოქმის მიხედვით, კომისიამ მიიჩნია, რომ ერთი პირის საწარმო ფირმა “გ-ის” მიერ საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე ქალაქის მთავარ არქიტექტორთან შეთანხმებული პროექტის საფუძველზე აშენებული ავტოგასამართი სადგური არ აკმაყოფილებდა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მიერ 1991 წელს მიღებულ სამშენებლო ნორმებითა და წესებით განსაზღვრულ პირობას ჯანდაცვის ობიექტის მიწის ნაკვეთის საზღვრიდან ავტოგასამართი სადგურის 25 მეტრის დაშორების შესახებ, რადგან სადგური განთავსებული იყო საავადმყოფოდან 20 მ-ის დაშორებით. კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილებით არქიტექტურის სამმართველოს დაევალა ავტოგასამართი სადგურის მშენებელ ფირმა “გ-ისათვის” სადგურის მშენებლობაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება. სააპელაციო პალატის მიერ ასევე დადგენილია, რომ კომისიის ზემოაღნიშნული დასკვნის შედეგად ფირმა “გ-ის” მიერ აშენებულ ავტოსადგომს არ უმუშავია. მშენებლობაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების მიზნით, ერთი პირის საწარმო ფირმა “გ-ის” პრეზიდენტი ა. ლ-ი 1995წ. 22 დეკემბრის ¹555 წერილით ქუთაისის მერისა და არქიტექტურის დეპარტამენტისაგან ითხოვდა ნებართვას 1-2 წლით გასამართი სადგურის ექსპლოატაციაში გაშვების შესახებ. ამდენად, საკასაციო პალატას უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ ავტოგასამართი სადგურის მშენებლობის კანონიერების საკითხის შემსწავლელი კომისიის 1995წ. 25 ივლისის საოქმო გადაწყვეტილების შესახებ ერთი პირის საწარმო ფირმა “გ-ისათვის” თავიდანვე იყო ცნობილი, მაგრამ არქიტექტურის სამმართველოს მშენებლობაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნით, მოსარჩელე ა. ლ-მა ქუთაისის სასამართლოს ხანდაზმულობის ვადის დარღვევით მიმართა 2000წ. 7 აგვისტოს. ამიტომ საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ, რადგან სადავო ურთიერთობის წარმოშობის მომენტისათვის მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) მე-80 მუხლის თანახმად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იწყება სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლებების დარღვევის შესახებ. ერთი პირის საწარმო ფირმა “გ-ის” 1995წ. 22 დეკემბრის ¹555 წერილით დასტურდება, რომ ფირმა “გ-ისათვის” ცნობილია ავტოგასამართი სადგურის მშენებლობაზე ნებართვის გაცემის კანონიერების შემსწავლელი კომისიის 1995წ. 25 ივლისის საოქმო გადაწყვეტილების შესახებ და ფირმა “გ-ის” უფლება ჰქონდა საოქმო გადაწყვეტილების შესაბამისად, ქალაქის არქიტექტურის დეპარტამენტის ან ქ. ქუთაისის მერიის მიმართ აღეძრა სარჩელი ზიანის ანაზღაურების შესახებ, იმჟამად მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადაში, რაც იურიდიულ პირებს შორის დავაზე 1 წელს შეადგენდა, მაგრამ მოსარჩელემ სარჩელი აღძრა 2000 წელს, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, რაც ამავე სსკ-ს 84-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უდავო საფუძველია.

რაც შეეხება საკასაციო საჩივარში გამოთქმულ არგუმენტს, რომ ა. ლ-მა დარღვეული უფლებების შესახებ შეიტყო 1999 წლიდან და მას ხანდაზმულობის ვადა არ გაუშვია, საკასაციო პალატა აღნიშნულ მოტივს, დაუსაბუთებლობის გამო, ვერ გაიზიარებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ფირმა “გ-ის” პრეზიდენტის ა. ლ-ის წერილი ქუთაისის არქიტექტურის სამმართველოსადმი, ავტოსადგომის მშენებლობაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების შესახებ სარჩელის ხანდაზმულობის საკითხის გარკვევისას არ შეიძლება სარწმუნო მტკიცებულებად ჩაითვალოს, რადგან 101-ე ფურცელზე წარმოდგენილი წერილის დედანი, მართალია, დათარიღებულია 1999წ. ივნისის თვით (რიცხვისა და წერილის ნომრის მიუთითებლად), მაგრამ საქმეში წარმოდგენილ ასლზე თარიღი არ არის მითითებული. მოსარჩელის განმარტებით, დარღვეული უფლების შესახებ ისინი დარწმუნდნენ აღნიშნულ წერილზე არქიტექტურის სამმართველოს მხრიდან პასუხის გაუცემლობის შემდეგ. წერილის ადრესატის _ არქიტექტურის სამმართველოს განმარტებით კი ამგვარი წერილი მათ არც მიუღიათ, ხოლო მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი არქიტექტურის სამსახურისათვის მითითებული წერილის ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება.

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა ა. ლ-ის საკასაციო საჩივარს, სსკ-ს 410-ე მუხლის თანახმად, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, ვერ გაიზიარებს. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ფაქტობრივ გარემოებათა სრული და ყოველმხრივი გამოკვლევა-დადგენითა და სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლის მართებული გამოყენებით, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ა. ლ-ის სარჩელს და გამოიტანა კანონიერი გადაწყვეტილება ხანდაზმულობის ვადის გადაცილების გამო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რაც უცვლელი უნდა დარჩეს, რადგან საკასაციო საჩივარში მართებულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 21 იანვრის გადაწყვეტილება;

3. ა. ლ-ს საკასაციო საჩივარზე დაეკისროს 1686 ლარის გადახდა;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.